მას შემდეგ, რაც ოფიციალურად დადასტურდა, რომ 2020 წლის 18 აგვისტოს, პოლიტიკური გაერთიანება “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები – ირმა ინაშვილი და გიორგი ლომია, აფხაზეთში იმყოფებოდნენ და ილორის ტაძარს ღვთისმშობლის ხატი შესწირეს, ქართულ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში პანიკური ხმაური ატყდა. ოპოზიციონერმა ლიდერებმა “პატრიოტებს” ლამის ერთიანი ფრონტით შეუტიეს, ზოგმა “პატრიოტთა ალიანსის” ფინანსებთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარება, ზოგმა კი, მათი ოქტომბრის არჩევნებიდან მოხსნა მოთხოვა.

პატრიოტების აფხაზეთში ვიზიტის კვალდაკვალ, მათ წინააღმდეგ ახალი კომპრომატები გამოქვეყნდა. კერძოდ, საუბარია მიხაილ ხოდორკოვსკის მიერ დაარსებული საგამოძიებო ჟურნალისტური პლატფორმა “დოსიეს” მიერ მოპოვებულ დოკუმენტებზე, რომლითაც, თითქოს დგინდება, რომ “პატრიოტთა ალიანსი” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, 8 430 625 აშშ დოლარის დაფინანსებას კრემლისგან მიიღებს. ამ თანხიდან “პატრიოტთა ალიანსი” 700,000 აშშ დოლარს საკონსულტაციო ფირმა Politsecrets-ს გადაუხდის, რომლის დამფუძნებელსა და პოლიტტექნოლოგს უშიშროების ოფიცრები კურირებენ. ამასთან, 8 მლნ დოლარი გათვლილია 4-თვიან ხარჯზე, მაჟორიტარულ ოლქებში მეორე ტურის შემთხვევაში, დამატებითი დაფინანსება გამოიყოფა, თუმცა დაფინანსების წყარო, დაუზუსტებელია.

“დოსიეს” ინფორმაციით, 166 ათასი აშშ დოლარი გამოყოფილია სხვადასხვა ნივთის: მაისურების, სუვენირების, დროშების და ა.შ შესაძენად. ასევე, “პატრიოტთა ალიანსს” დაწვრილებით ასწავლიან ნეიტრალური ამომრჩევლის მიმხრობის ტექნილოგიას. განსაკუთრებით აქცენტი კეთდება “ნაციონალური მოძრაობის”, “ევროპული საქართველოს” და “ქართული ოცნებისთვის” ხმების წართმევასა და ქვეყანაში საპროტესტო განწყობის გაღვივებაზე.

როგორ იტყვიან, ფიცი გვწამს, ბოლო გვაკვირვებს. მთელი ამ დროის განმავლობაში, თუ ვინმე საუბრობს ქვეყანაში საპროტესტო განწყობების გაღვივებასა და რევოლუციურ სცენარზე, 2012 წელს ხელისუფლებას ჩამოცილებული “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და მასთან გაერთიანებაში მყოფი პოლიტიკური ძალები. გარდა ამისა, “დოსიეს” მიერ გასაჯაროვებული დოკუმენტები ყველაზე უკეთ ნაციონალებისა და ევრონაცების (“ევროპული საქართველო”) სამოქმედო გეგმას უფრო ჰგავს და მათი მოქმედების სტილს მიესადაგება. კერძოდ, მესიჯები, რომლებიც “დოსიეს” მტკიცებით კრემლმა “პატრიოტთა ალიანსს” შეურჩია ამგვარად ჟღერს:

“თუ ჩვენ არ შევცვლით პოლიტიკურ სისტემას, საახალწლოდ ვნახავთ უმუშევრობისა და მოსახლეობის გადინების პიკს. ქართველები კვლავ გახდებიან არალეგალური მიგრანტები ევროკავშირში”

“თუ ნაციონალური მოძრაობა/ევროპული საქართველო მოვა ხელისუფლებაში, რუსეთი გაგზავნის ტურისტებს თურქეთში, ხელს შეუწყობს სოხუმის და ცხინვალის ნაბიჯებს, რათა კიდევ უფრო დისტანცირდნენ და გაწევრიანდნენ რუსეთის ფედერაციაში”

“ამერიკელებისგან მატერიალური დახმარების მისაღებად მათი მომხრეები თანხმდებიან ბავშვებზე ექსპერიმენტებს “ადრეული სექსუალური აღზრდის” სახით, ხელს უწყობენ ლგბტ ადამიანების მიმართ ტოლერანტულ დამოკიდებულებას”

რაც შეეხება სამოქმედო გეგმას, ის სიტყვა-სიტყვით აღწერს პოლიტიკური ბრძოლის იმ მეთოდებს, რასაც ნაციონალები და მისი ლიდერი, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი აქტიურად მიმართავდა 2003 წლის “ვარდების რევოლუციამდე”, შემდგომ კი უკრაინაში:

“უამბეთ ამომრჩეველს ევროპული საქართველოს, ნაციონალურ მოძრაობის, ქართული ოცნების წარმომადგენლების შესახებ — რას ჭამენ, რას სვამენ, რა აცვიათ, რა მანქანებს მართავენ, სად ისვენებენ, სად სწავლობენ მათი შვილები … სად მკურნალობენ, რა საბანკო ანგარიშები აქვთ, რა ღირს მათი სამკაულები, ანტიკვარული ნივთები, ნახატები… ქვეყნის საერთო სიღარიბის ფონზე მოხდეს დემონსტრირება: მათი ავტომობილის ერთი საბურავის ფასი უდრის ერთი გამყიდველის 6 თვის ხელფასს; ერთი ანტიკვარული სკამის ღირებულება უდრის საშუალო მოქალაქის სახლის ღირებულებას”…

საუბარია ოპოზიციური პარტიების გაყოფის გზაზეც, ამომრჩევლისთვის იმის გამეორებით, რომ ისინი “აგრესიულები არიან, არ შეუძლიათ მოლაპარაკება, სძულთ ერთმანეთი და შეუძლიათ, ნებისმიერ მომენტში უღალატონ ერთმანეთს” და ა.შ.

ირმა ინაშვილი

Dalma News-ის, რამდენიმედღიანი მცდელობის მიუხედავად, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ბრალდებაზე “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერების შეფასებები მიგვეღო, მათ ჩვენს ჟურნალისტთან დაკონტაქტება არ ისურვეს, ამიტომ საიტის ერთგულ მკითხველს პატრიოტების ლიდერის, ირმა ინაშვილის იმ მწირ კომენტარს ვთავაზობთ, რომელიც მან სოციალურ ქსელში განათავსა.

როგორც ირმა ინაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, ეს ყოველივე, ცრუ ბრალდებები და იაფფასიანი აფერაა, რომლის ავტორები სააკაშვილი და ბოკერია არიან.


“ეს არის აფერა, ეს არის სპექტაკლი, თავად სააკაშვილმა და ბოკერიამ ინტერნეტგვერდზე დააწერინეს ტყუილი, მერე თავის აგენტს, ვინმე კუროპტევს გააკეთებინებს ტყუილი კომენტარი, შემდეგ თავის ტელევიზიებს ტყუილ კომენტარზე გააკეთებინეს ტყუილი სიუჟეტები და ახლა ტყუილ სიუჟეტებზე დაწერილი ტყუილი განცხადება შედის პროკურატურაში. ეს თეატრი, ეს სპექტაკლი რატომ დაიდგა? იმიტომ, რომ 1%-ზე ნაკლები აქვს ბოკერიას, 3,5%-ზე ნაკლები აქვს სააკაშვილს და ეს დაადასტურა 750 000 აუდიოჩანაწერმა, რაც ჩვენ ხელთ გვაქვს და ეს ხდება იმიტომ, რომ ჩვენ ნამდვილად ვიყავით აფხაზეთში, ხოლო ამ ხალხმა კოდორი და ახალგორი ჩააბარა! სხვათა შორის, იმ ინტერნეტგვერდზე პირდაპირ წერია, რომ ამ გვერდზე განთავსებული მასალების ნამდვილობაზე პასუხს არავინ არ აგებს”


“დოსიეს” მასალებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას უკვე მიმართა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ.

ნინო ბურჯანაძე

კრიტიკა გაისმია “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის, ნინო ბურჯანაძის მხრიდანაც. მისი თქმით, ნორმალური ქვეყანა უკვე დაიწყებდა გამოძიებას. მარტო იმიტომ, რომ უცხო სახელმწიფოდან დაფინანსების მიღება კანონით აკრძალულია.

“თავად “პატრიოტთა ალიანსი” უნდა იყოს დაინტერესებული იმაში, რომ ნათელი მოეფინოს ბრალდებას”, – მიაჩნია ბურჯანაძეს.

“პარტიოტთა ალიანსის” ლიდერების აფხაზეთში ჰუმანიტარულ ვიზიტთან დაკავშირებით Dalma News -ი მათ ყოფილ თანაპარტიელს, პარლამენტის დეპუტატ ემზარ კვიციანს ესაუბრა. მან აღნიშნული ფაქტი დადებითად შეაფასა და გულისტკივილი გამოთქვა, რომ ამასთან დაკავშირებით მას არაფერი უთხრეს.

ემზარ კვიციანი

მისივე ინფორმაციით, ინაშვილმა და ლომიამ ილორის ეკლესიაში ჩააბრძანეს ხატი, რომელიც დიდი ალბათობით, “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერის, დავით თარხან -მოურავის შექმნილია. როგორც ემზარ კვიციანმა გვითხრა, პოლიტიკოსობის გარდა, თარხან-მოურავი ხატმწერიც არის და პატრიარქის კურთხევით ხატებს წერს. მის მიერ დაწერილი ერთ-ერთი ხატი სვანეთშიც არსებობს.

“ეს არის ძალიან სწორი და მართებული ნაბიჯი. რატომ აქოთქოთდა ასე ქვეყნის მტერი – მასმედია და პოლიტიკოსები? აფხაზეთი საქართველოა. ე.ი. ის ხალხი, ვინც მათ იქ ჩასვლას ნეგატიურად უყურებს, არ აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. აფხაზები და ოსები არიან ჩვენი ძმები და ერთმანეთთან უნდა ვიაროთ, ჩვენ ვაწყენინეთ ერთმანეთს, ერთმანეთს ძმები მოვუკალით, მაგრამ ეს ცალმხრივი არ ყოფილა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ შევრიგდეთ, მაგრამ ამას გარკვეული ძალები არ დაუშვებენ”, – განუცხადა Dalma News-ს ემზარ კვიციანმა.

მისივე თქმით, იმის ნაცვლად, ამ ვიზიტისთვის “პატრიოტთა ალიანსს” მთელმა საქართველომ მადლობა გადაუხადოს, რომ მათ გარისკეს და წავიდნენ, ზურგში მახვილი ჩაარტყეს.

“ე.წ პროდასავლური ძალები აკეთებენ ამას. ხადარკოვსკი და მისი სააგენტოს საქციელი არის პირდაპირ იგორ გიორგაძის ხელწერა. 8 წელი ვცხოვრობდი რუსეთში და შესწავლილი მაქვს ყველაფერი. თითქოს იგორ გიორგაძე არ ურთიერთობს ქართველებთან, მაგრამ აგენტებს ამუშავებს და მერე ზურგში ურტყამს საქართველოს მახვილს, რათა “ნაციონალური მოძრაობა” გააძლიეროს”, – აცხადებს კვიციანი.

ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ ქართველი პატრიოტების აფხაზეთში ვიზიტი, გარკვეულ წილად წინასაარჩვენო მიზნებსაც ემსახურებოდეს, რადგან წარმოჩინდეს, რომ სწორედ “პატრიოტთა ალიანსი” არის ის პოლიტიკური ძალა საქართველოში, რომელსაც მიესვლება აფხაზებთან, შეუძლია მათთან საერთო ენის გამონახვა, დიალოგი. ეს ქართველი ამომრჩევლისთვის, რომელსაც სურს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, კარგი მოტივაციაა საიმისოდ, რომ ამ პოლიტიკურ ძალას დაუჭიროს მხარი.

ზაალ ანჯაფარიძე, არც იმას გამორიცხავს, რომ ეს კეთილშობილური მიზნებით გაკეთებული აქცია იყოს, რომ ხელი შეუწყონ ქართულ და აფხაზურ საზოგადოებას, პოლიტიკურ ისტებლიშმენტს შორის ურთიერთობების აღდგენას, მით უმეტეს, იმ ჟესტების შემდეგ, რაც ბოლო პერიოდში აფხაზური მხარიდან წამოვიდა საქართველოს მისამართით.

“ალბათ პატრიოტებმა ჩათვალეს, რომ ეს ჟესტები უპასუხოდ არ უნდა დარჩენილიყო. შესაძლოა რუსული ფაქტორიც იყო გარეული და სწორედ რუსული მხარის ორგანიზებით შემდგარიყო ეს ვიზიტი. განაცხადა კიდეც მათმა მასპინძელმა მხარემ, ლაშა საქანიამ (დეფაქტო პრეზიდენტის თანაშემწე), რომ ეს რუსი მეგობრების თხოვნით მოხდაო, მისი სიტყვების დაჯერება ცოტა რთულია. ერთხელ საერთოდ უარყო ამ შეხვედრის არსებობა, მერე დაადასტურა. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ აფხაზური მხარე ქართულ მხარესთან ნებისმიერ კონტაქტს სიფრთხილით ეკიდება”, – აცხადებს ექსპერტი.

მისივე შეფასებით, ქართული ოპოზიციის რეაქცია იყო აბსოლუტურად არაადეკვატური. ისინი შეეცადნენ “პატრიოტთა ალიანსი” მორიგ ჯერზე წარმოეჩინა პრორუსულ ძალად.

ზაალ ანჯაფარიძის თქმით, რომ არა რუსული კონტაქტები და რუსული მხრიდან ხელშეწყობა, ალბათ, პატრიოტებს გაუჭირდებოდათ აფხაზეთში ვიზიტის ორგანიზება. რუსეთი, თუ მოისურვებდა ამ ვიზიტს დაბლოკავდა. ერთი რამ ფაქტია, “პატრიოტთა ალიანსის” გარდა, დღეს, სხვა, არც ერთი პოლიტიკური ძალა არ გამოდის რუსეთთან დიალოგის აღდგენის ღია განცხადებით. შსაძლოა სხვებსაც სურთ, მაგრამ ვერ ბედავენ.

P.S. რამდენად წაადგება “პატრიოტთა ალიანსს” 2020 წლის არჩევნებში ილორის ტაძრის მოლოცვა, დრო გვიჩვენებს, თუმცა, მანამდე საინტერესოა, რას მოიმოქმედებენ “დოსიეს” ბრალდებებთან დაკავშირებით, მიმართავენ, თუ არა საგამოძიებო ორგანოებს, რათა მათ წინააღმდეგ კომპრომატებს ნათელი მოეფინოს. სამწუხაროდ Dalma News-მა, ვერც ამ კითხვაზე მიიღო მათგან პასუხი, ჩვენც ისღა დაგვრჩენია, მოვლენებს შორიდან დავაკვირდეთ. 

გიორგი მესხი