კორონავირუსის მსოფლიო პანდემიასთან ერთად, საქართველოს საპარლამენტო კრიზისთან გამკლავება უწევს. COVID-19-ის წინააღმდეგ პარტია “ქართული ოცნების” ხელისუფლების ბრძოლა დასავლეთელი პარტნიორების მიერ წარმატებულად შეფასდა და პარტიის შიდა რეიტინგზეც დადებითად აისახა. რეიტინგის ვარდნის საფრთხე იგრძნო გაერთიანებულმა ოპოზიციამ და პოლიტპატიმრების თემით მანიპულირება დაიწყო. კორონავირუსის გამო ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად ოპოზიციამ თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი არ შეცვალა და ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმება აუფრიალა.
მაშინ, როცა დასავლეთის პრესა კორონავირუსთან გამკლავების ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითად საქართველოს ასახელებს, საფრთხის წინაშე დადგა საქართველოს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს იმიჯი. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და მასთან გაერთიანებული პარტიები საერთაშორისო საზოგადოებას არწმუნებენ იმაში, რომ საქართველოში მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა, რომ სასამართლო პოლიტიზებულია და ქვეყანაში პოლიტპატიმრები გვყავს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი მაღალჩინოსნების სახით. “ენმ” და “ევროპული საქართველო” იმუქრებიან, რომ მხარს არ დაუჭერენ არჩევნებთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს.
საუბარია მილიონობით ლარის სახელმწიფო ქონების მითვისებასა და სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით დაკავებულ ადამიანებზე. ოპოზიციას მხარს უჭერენ დასავლეთელი დიპლომატებიც, ამდენად, ქართული მართლმსაჯულების იმიჯი და პრესტიჟი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.
გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას პატიმრობიდან გათავისუფლების ვალდებულება ხელისუფლებამ სწორედ იმ 8 მარტის შეთანხმებით იკისრა, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით შედგა. მმართველი პარტიის ლიდერები კი საწინააღმდეგოში გვარწმუნებენ.
2020 წლის 8 მარტს, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე, ოპოზიცია და ხელისუფლება არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდა. დოკუმენტში საუბარია იმაზეც, რომ სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია თავიდან უნდა იქნეს აცილებული. საამისოდ კი, მისასლმებელია პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო უფლებამოსილების გამოყენება.
“მიუხედავად განსხვავებული აზრისა, ყველანი ვთანხმდებით, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნას, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესები არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული. მივესალმებით პრეზიდენტის წინადადებას, მისი საკონსტიტუციო უფლებამოსილების ფარგლებში, თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის ხელშეწყობასთან დაკავშირებით”, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც პარტია “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, ხელისუფლება მზად არის 8 მარტის ხელშეკრულების ყველა პუნქტი შეასრულოს, თუმცა, ამ შეთანხმებაში პოლიტპატიმრები ნახსენები არ ყოფილან.
მისივე თქმით, საარჩევნო სისტემის ცვლილება “ოცნებისთვისაც” მნიშვნელოვანია და კანონპროექტს მათი გუნდის უკლებლივ ყველა წევრი დაუჭერს მხარს, მაგრამ საკონსტიტუციო ცვლილება მაინც თუ ჩავარდება, პასუხისმგებლობა ოპოზიციას დაეკისრება.
იმის დასამტკიცებლად, რომ სასამართლო სისტემა არ არის პოლიტიზებული, ოპოზიციამ და ევროპელმა შუამავლებმაც იმ სამი პირის (უგულავა, ოქრუაშვილი, რურუა) გათავისუფლება მოითხოვეს, რომელთა მიმართაც ოპოზიციის მტკიცებით, პოლიტიკურ ანგარიშსწორებას აქვს ადგილი.
აღსანიშნავია, რომ თბილისის ყოფილ მერს, პარტია “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას სახელმწიფო ბრალდება თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება. “ენმ”-ს თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მასობრივი ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მონაწილეობის ბრალდებით, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა; ხოლო ტელეკომპანია “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი გიორგი რურუა 2019 წელს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებით არის დაკავებული.
საკონსტიტუციო ცვლილებების ბედი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ჯერი პრეზიდეტზე მიდგა. იმის დასამტკიცებლად, რომ საქართველოში დემოკრატიას საფრთხე არ ემუქრება და ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, პრეზიდენტმა კონსტიტუციური უფლებამოსილება გამოიყენა და საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნის თანახმად, 15 მაისს, უგულავა და ოქრუაშვილი ამნისტიის საფუძველზე შეიწყალა. ამ შეწყალებას კი ისეთი პროლოგი წარუმძღვარა წინ, რომ თავმოყვარე ადამიანი დაფიქრდებოდა, დამადლებული თავისუფლების მიღებაზე.
სანამ შეწყალებულები ციხის კედლებს დატოვებდნენ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებისთვის საგანგებო მიმართვა გაავრცელა, სადაც შეეცადა მოსახლეობისთვის აეხსნა მიღებული გადაწყვეტილების სიმძიმე, რომელიც შესაძლოა, ხალხმა ვერ აპატიოს.
როგორც პრეზიდენტმა განმარტა, 15 მაისის ამნისტიით, ის არ იწყალებს პოლიტპატიმრებს და მიაჩნია, რომ საქართველოს ეროვნული მოძრაობის ლიდერების, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას, ასევე, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მმართველობის შემდეგ, როცა ასეულობით პოლიტპატიმრით ციხეები იყო გადავსებული, დღეს, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ. ხოლო პოლიტიკოსს, რომელიც სასჯელს სისხლის სამართლის დანაშაულისთვის იხდის, პოლიტპატიმარი არ ეწოდება, ის დამნაშავე პოლიტიკოსია. ოპოზიციის მიერ ამ თემით სპეკულირება კი, ქვეყნის დისკრედიტაციას ემსახურება.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ იწყალებენ დამნაშავეებს და არა უდანაშაულო ადამიანებს. შეწყალება არ ნიშნავს დამნაშავის გამართლებას. ამგვარად პრეზიდენტმა უგულავა და ოქრუაშვილი სასჯელისგან გაათავისუფლა და არა დანაშაულისგან.
“დამნაშავე რჩება დამნაშავედ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა 8 მარტის შეთანხმების ხელმომწერი მხარეებიც გააკრიტიკა და პოლიტიკური შეცდომა უწოდა დამნაშავეების ბედის პირდაპირ, თუ ირიბად, საკონსტიტუციო თუ საარჩევნო შეთანხმების ფარგლებში განხილვას. ასევე, მიაჩნია, რომ პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებაზე მის გარეშე არ უნდა მსჯელობდნენ.
“ვერ დავუშვებ, რომ ორი დამნაშავის გამო, სიტუაცია გამძაფრდეს. ვერ დავუშვებ ახალ პოლარიზაციას და დაპირისპირებას. რომ ამათ გამო, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული შეთანხმება არ შესრულდეს. სხვა შემთხვევაში ქვეყანა ვერ გაუმკლავდება ვერც კორონას, ვერც ეკონომიკურ და ვერც სოციალურ გამოწვევებს. ჩვენი სტაბილური, დემოკრატიული და ევროპული მომავალი ამ სასწორზე დევს! რადაც არ უნდა მიღირდეს – და მერწმუნეთ ეს ნაბიჯი ჩემი მანდატის ერთ-ერთ ურთულეს გადაწყვეტილებად დარჩება – მე ორ ადამიანს ქვეყნის მომავალს ვერ გადავაყოლებ”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებით სურს ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდეს საქართველო იმ წარსულისგან, რომელიც ქვეყანას წინსვლაში აფერხებს და საფრთხეს უქმნის მის მომავალს.
ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორები პრეზიდენტის მიერ უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალებას მიესალმნენ და ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება 8 მარტის შეთანხმების შესრულებაში შეტანილი უმთავრესი წვლილია. ევროპელმა დიპლომატებმა მოუწოდეს მხარეებს, უზრუნველყონ საკონსტიტუციო ცვლილებებისა და საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობის წარმატებით მიღება შემოდგომით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.
მიუხედავად იმისა, რომ “ქართული ოცნების” ლიდერები ოპერატიულად გაემიჯნენ პრეზიდენტის მიერ გამოცემულ შეწყალების აქტს, საზოგადოების ძალიან დიდმა ნაწილმა მომხდარს სპექტაკლი უწოდა, ხელისუფლებას კი – ლაჩარი.
პოლიტოლოგ ზაალ ანჯაფარიძის აზრით, ეჭვგარეშეა, რომ პრეზიდენტი ევროპელი ელჩების ზემოქმედებას განიცდიდა. მან შეასრულა 8 მარტის დოკუმენტის პირობა, სადაც აღნიშნულია, რომ საპარლამენტო კრიზისის დასაძლევად სწორედ პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილება უნდა ყოფილიყო გამოყენებული.
ანალიტიკოსის მოსაზრებით, სავარაუდოდ გიორგი რურუასაც გამოუშვებენ საპატიმროდან, თუმცა რა მექანიზმით, ამას უკვე პრინციპული მნიშვნელობა აღარ აქვს. მთავარი ის არის, რომ ოპოზიციას აღარ აქვს არანაირი არგუმენტი იმისთვის, რომ ნორმალურ ცივილურ პროცესს ხელი შეუშალოს და საპროტესტო აქციები მოაწყოს. ერთადერთი დარჩენია, შევიდეს პარლამენტში, მიიღოს მონაწილეობა კენჭისყრაში და მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რასაც მისგან ელოდებიან დასავლელი პარტნიორები.
“მაგრამ ამ დღეებში მოვისმინე ოპოზიციის, რამდენიმე თვალსაჩინო წარმომადგენლის განცხადება და მენიშნა, რომ ისინი, უკვე თვლიან, რომ შეწყალების აქტი მათთვის ხელისუფლების გადაბარების პირველი ეტაპია”, – განუცხადა Dalma News-ს ზაალ ანჯაფარიძემ.
მისივე თქმით, ოპოზიცია უკვე აღარ ელოდება იმას, თუ როგორი იქნება ხალხის ნება ოქტომბრის არჩევნებზე. ისინი ხელისუფლების გადაბარებაზე და ხელისუფლების ცვლილებაზე საუბრობენ, როგორც შემდგარ ფაქტზე, რაც იმას ნიშნავს, რომ არასასურველ სცენარს არ მიიღებენ.
“ოპოზიციის ლიდერების მიერ, უკვე დღეს გაკეთებული განცხადებებიდან იგრძნობა, რომ ისინი მხოლოდ ერთი სცენარისთვის ემზადებიან – ჩაიბარონ ხელისუფლება”, – მიაჩნია ზაალ ანჯაფარიძეს.
მეორე მხრივ ამომრჩეველი, რომელმაც 2012 წელს ხელისუფლებიდან, მშვიდობიანად გაისტუმრა “ნაციონალური მოძრაობა” და მხარი დაუჭრია კოალიცია “ქართულ ოცნებას” დღეს ასევე გაბრაზებულია მმართველ გუნდზე. ცხადია ამომრჩეველთა ამ ეს კატეგორია, კვლავ ნაციონალებისკენ არ შებრუნდება, მაგრამ ის ასევე ეცდება “ქართულ ოცნების” დასჯას. ბევრმა მოქალაქემ “ოცნება” იმაშიც კი დაადანაშაულა, რომ ისინი “მოძალადე პარტიასთან ბრძოლაში მიატოვა”.
პრეზიდენტის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი და მიაჩნია, რომ ამით ქვეყანაში პოლიტიკური სიმშვიდე დაისადგურებს.
“14 ნოემბერს “ქართულმა ოცნებამ” ხალხი მოატყუა, სპექტაკლი დადგა პარლამენტში, როცა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ჩააგდო. შემდეგ მიხვდა, რომ ჩიხში შევიდა. მას ჩვენი მოკავშირე სახელმწიფოები დაეხმარნენ ჩიხიდან გამოსვლაში. გამოვიდა მდგომარეობიდან, თანაც კორონავირუსის პანდემიამაც კარგი პირობები შეუქმნა და ახლა უცხოელების გადაგდება მოინდომეს, რაც აღარ გამოუვიდათ”, – განუცხადა Dalma News-ს პაატა ზაქარეიშვილმა.
მისი შეფასებით 8 მარტის დოკუმენტი, ქართულ დიპლომატიაში ერთ-ერთი საუკეთესო და უნიკალური დოკუმენტია, რომლის პირობების შესრულება პრეზიდენტის უფლებამოსილების გამოყენების გარეშე ვერ მოხერხდებოდა. სწორედ ამის გამო პოლიტიკური პროცესი ჩიხში შევიდა.
“მმართველ პარტიას პირდაპირ უთხრეს, პოლიტპატიმრები გყავთო. “ქართულმა ოცნებამ” განიცადა რეპუტაციული ზარალი, მაგრამ სახელმწიფო გადაარჩინა. ამიტომ ყველას უნდა ვუთხრათ მადლობა. დანარჩენი არის სპექტაკლი, როცა “ქართული ოცნების” ლიდერები უწუნებდნენ პრეზიდენტს ამნისტიას”, – მიაჩნია ზაქარეიშვილს.
P.S. პრეზიდენტის ნაძალადევი შეწყალების შედეგი: გაერთიანებული ოპოზიცია უკვე ზეიმობს ხელისუფლებაში დაბრუნებას, ევროპელი ელჩები კმაყოფილნი არიან, ქართველი ამომრჩეველი კი განაწყენებული. წინ მეტად საინტერესო არჩევნები გველის, მიიღებს თუ არა “ქართული ოცნება” ქართველი ხალხისგან მესამე შანსს, დრო გვიჩვენებს.
გიორგი მესხი