კორონავირუსის მსოფლიო პანდემიამ, ადამიანის არა მხოლოდ ყოველდღიური საქმიანობა შეაჩერა, პირველ რიგში, მის ჯანმრთელობას შეუქმნა საფრთხე და ქვეყნები სასურსათო მოთხოვნისა და მიწოდების რისკის წინაშე დააყენა. საზღვრების ჩაკეტვასთან ერთად, დიდმა ქვეყნებმა საკუთარი მარაგების დაზოგვაზე დაიწყეს ზრუნვა, უფრო მცირე და ღარიბი ქვეყნები კი სასურსათო კრიზისის რისკის წინაშე აღმოჩნდნენ.
ხორბლის ექსპორტი შეამცირა რუსეთმაც და 7 მილიონ ტონა ხორბალზე, პირველი აპრილიდან, 3-თვიანი კვოტირების მექანიზმი დააწესა. ამდენად, რუსეთიდან ხორბლის გამოტანა არ შეწყვეტილა, უბრალოდ, 3 თვის განმავლობაში, კონკრეტული რაოდენობის რუსულ ხორბალს ის ქვეყნები და კომპანიები შეიძენენ, რომლებმაც საბუთის აღება მოასწრეს. მათ შორის არის საქართველოც.
მსოფლიო პანდემიის გამწვავების ფონზე, რასაც დიდი ადამიანური მსხვერპლი მოჰყვა, საქართველოს მთავრობაში ხორბალზე ფასების მოსალოდნელი ზრდა ივარაუდეს და 9 დასახელების პროდუქტს შორის, პირველ რიგში ხორბლის სუბსიდირების პროგრამა შეიმუშავეს. გამოცხადდა ტენდერი 40 000 ტონა ხორბლის შეძენაზე და მალე, რუსეთიდან საქართველოში, ხორბლის ახალი პარტია შემოვა.
როგორც Dalma News-ს “ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ განუცხადა, კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოს სასურსათო ხორბლის კრიზისი არ ემუქრება. ქვეყანას 2 თვის მარაგი აქვს, კიდევ 70 000 ტონა – 40 000 რუსული და 30 000 ამერიკული ხორბალი გზაშია.
რაც შეეხება რუსეთის მიერ ხორბალზე კვოტირების გამოცხადებას, სილაგავას განმარტებით, კვოტირება არის პირველ ივლისამდე. ეს არის ის მიჯნა, როცა ძველი მარკეტინგული წელი – 2019/2020 მთავრდება და იწყება ახალი – 2020/2021 წწ. ივნის-ივლისში იწყება ახალი მოსავლის აღების პერიოდი, შესაბამისად, საქართველო ზაფხულში, ხორბლის ახალ მოსავალს შეიძენს. როგორც ლევან სილაგავამ Dalma News-თან საუბრისას აღნიშნა, ახალი მოსავალი რუსეთს ყოველთვის საკმაოდ კარგი აქვს, შესაბამისად მათი მიზანია, მოსავლამდე გარკვეული მარაგებით მისულიყვნენ.
საქართველო წელიწადში 600-700 ათას ტონა სასურსათო ხორბალს მოიხმარს. ყველაზე მეტი ხორბალი რუსეთიდან შემოდის. ადგილობრივი წარმოების სასურსათო ხორბალი ქვეყანას მხოლოდ 2 თვის განმავლობაში ჰყოფნის, უფრო მეტია საფურაჟე მოსავალი, რომელიც მეცხოველეობასა და მეფრინველეობაში გამოიყენება. ქართული ხორბალი საერთო მოხმარების მხოლოდ 10-15 %-ს შეადგენს, ძალიან მცირეა ყაზახური და უკრაინული ხორბლის წილიც.
“ჩვენი ჯაჭვი არის ასეთი – ადგილზე ხორბალი, გზაში ხორბალი და ახალი კონტრაქტი. საქართველოში 2 თვის მარაგი გვაქვს. გზაშიც მოდის დაკონტრაქტებული ტვირთი და ახალ კონტრაქტებზეც მიდის მუშაობა. მსოფლიოში არის არაორდინალური სიტუაცია. დიდმა ქვეყნებმა, არა მარტო ხორბალზე, არამედ სხვა სურსათზეც დაიწყეს ზრუნვა, რომ თვითონ შეინარჩუნონ მარაგები და, რაც შეიძლება ნაკლები გავიდეს ექსპორტზე. იმავეს აკეთებს ყაზახეთი, უკრაინა, რუმინეთი ევროპაში, გერმანიისა და საფრანგეთის შემდეგ, ხორბლის დიდი ექსპორტიორია. რუმინეთის გადაწყვეტილებაზე ევროკავშირმა პროტესტი გამოთქვა და რუმინეთმაც მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის მოხსნა შეზღუდვა. ანუ, მის ფარგლებს გარეთ აღარ გაიტანს”, – ამბობს ლევან სილაგავა.
მისივე ინფორმაციით, ამერიკულ მხარესთან, რამდენიმე დღის წინ დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ამერიკიდან 30 000 ტონა ხორბალი წამოვა, რომელიც საქართველოში მაქსიმუმ თვენახევარში იქნება. ფქვილის ფასს რაც შეეხება, სილაგავას თქმით, ხორბალზე ფასმა დღეს, ყველგან მოიმატა. თუ მარტის შუა რიცხვებში ფოთში შემოტანილი ხორბალი 210 აშშ დოლარი ღირდა, დღეს 250 აშშ დოლარად შემოვა. მაგრამ საქართველოში მოქმედებს სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა, რაც იმას გულისხმობს, რომ პროგრამაში მონაწილე კომპანიები – ძირითადად წისქვილ-კომბინატები იღებენ ვალდებულებას, რომ ამ პროგრამით დაფქვილი ხორბლის ფასი 51 ლარს (1 ტომარა) არ აღემატებოდეს, შესაბამისად, პური არ გაძვირდეს.
საქართველო ხორბლის არა მხოლოდ ერთ-ერთი აქტიური მომხმარებელია, არამედ ხორბლის კულტურის უძველესი კერაა ენდემიზმის მაღალი დონით. ისტორიული წყაროებით, ხორბალი საქართველოში, ჯერ კიდევ ნეოლითსა და ადრებრინჯაოს პერიოდებიდან არის ცნობილი. მსოფლიოში ცნობილი ხორბლის 20 სახეობიდან 12 სახეობის სამშობლოა წინა აზია, ხოლო 8 სახეობა წარმოიშვა სამხრეთ კავკასიიდან, მათგან 5 — საქართველოს ენდემია. სულ საქართველოში აღწერილია ხორბლის 14 სახეობა, 150-ზე მეტი სახესხვაობა, ფორმა და აბორიგენული ჯიში. აღსანიშნავია, რომ ქართული ხორბალი სხვა სახეობებისგან მთელი რიგი თვისებებით გამოირჩევა, კერძოდ, სოკოვანი დაავადებების მიმართ მაღალი კომპლექსური იმუნიტეტით, გარემოსადმი ადაპტაციის მაღალი უნარით, პურცხობის და სხვ. საუკეთესო თვისებებით.
ლევან სილაგავას მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა, მას აქვს პოტენციალი, რომ ხორბლის მოსავლი 3-4-ჯერ გაზარდოს. ამისთვის საჭიროა მეცნიერული კვლევა, ჯიშთა გამოცდა, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, აგროცოდნა.
“მცირემიწიანი ქვეყანა ვართ, მაგრამ ერთ ჰექტარ მიწაზე მოწეული ხორბლის მოსავალი ჩვენთან არის 2 ტონა, მაშინ, როცა მსოფლიოში არის სტანდარტი 5-დან 7 ტონამდე. ზოგს 8 და 9 ტონა აქვს. ჩვენ თუ გავზრდით ხორბლის მოსავალს, უფრო უსაფრთხოდ ვიგრძნობთ თავს, შეგვიძლია მომარაგების 40%-ზეც ავიდეთ”, – განუცხადა Dalma News-ს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ.
პანდემიის უარყოფითი შედეგების დაძლევის მიზნით შემუშავებული მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის იმ ნაწილის განხილვისას, რომელიც სოფლის მეურნეობას პრიორიტეტად აცხადებს და ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ სექტორს მნიშვნელოვან საგრანტო-საფინანსო მექანიზმებს სთავაზობს, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ნიკა შენგელია ამბობს, რომ საქართველოსთვის აგროსამრეწველო სექტორში აუცილებელია შეღავათიანი კრედიტები, ქვეყანა სხვაგვარად ვერ განვითარდება.
მისივე თქმით, საჭიროა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა. ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად აქ უნდა ჩაიდოს სწორედ სახელმწიფოს მხრიდან გამოყოფილი შეღავათიანი თანხები, იქნება ეს ხორცის წარმოება, რძის წარმოება, ბოსტნეულისა და მარცვლოვანი კულტურების წარმოება, ან სხვა სექტორები, სადაც შევკვეცავთ იმპორტს. პარალელურად, ასევე სერიოზულად უნდა მიეხედოს წიაღირსეულისა და ნედლეულის გადამუშავების ტექნოლოგიების შეძენას, შემოტანასა და დანერგვას.
როგორც Dalma News-ს ნიკა შენგელიამ განუცხადა, საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ სასურსათო ხორბლის ადგილობრივი მოსავალი 400 000 ტონამდე გაიზარდოს.
კორონავირუსმა საქართველოში ბევრი პრობლემა კიდევ უფრო თვალსაჩინო გადახადა და ყველაზე მოწყვლადი ადგილები წარმოაჩინა, მათ შორის ის, რომ საჭიროა სახელმწიფოს საკუთარი მარაგები ჰქონდეს და მთლიანად კერძო სექტორზე არ იყოს დამოკიდებული. ამ მოსაზრებას იზიარებს ექსპერტი ნიკა შენგელია და აცხადებს, რომ სახელმწიფოს ყოველთვის უნდა გააჩნდეს პირველადი მოხმარების საქონლის გარკვეული მარაგები.
ნიკა შენგელიას თქმით, სასწრაფოდ აუცილებელია სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის აღდგენა – ამუშავება. არის მაღალი ალბათობა იმისა, რომ იმპორტიორმა ქვეყნებმა პროდუქტებზე ფასები გაზარდონ, ან გარკვეული ლიმიტები დააწესონ. ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე მიმართა ამ გზას. რამდენი ხანი გაგრძელდება კრიზისი ზუსტად ჯერ ვერავინ იტყვის.
“რაც შეეხება ხორბლის წარმოებას, ხორბლის საკუთარი რესურსი შეადგენს 133,0 (16,1%),ათას ტონას, იმპორტი-647.0 (78,1%), მთლიანი რესურსი (მარაგის ჩათვლით) კი 828.0. დღეს ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით საქართველო მოიხმარს 110 კგ ხორბალს, საიდანაც ადგილზე მხოლოდ 18 კგ იწარმოება”, – განუცხადა ნიკა შენგელიამ Dalma News-ს.
მისივე თქმით, ინფლაციასთან ბრძოლის ყველაზე კარგი საშუალება- მეცნიერულ ტექნიკური პროგრესი, ახალი ტექნოლოგიების შემოტანა მრეწველობაში, საქონლის ხარისხის გაუმჯობესება და საქონლის ასორტიმენტის გაზრდა. ამისთვის კი, ინვესტიციებთან ერთად, საჭიროა დაბალ პროცენტიანი კრედიტები.
შორენა პაპაშვილი