მომაკვდინებელი მსოფლიო პანდემია COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების ბრძოლა საერთაშორისო აღიარების საგნად იქცა. ქართველი ექიმების მიერ გაწეული ტოტალური სამუშაო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაშიც აღნიშნეს. უცხოური პრესა წერს, რომ ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ვირუსის გადაცემის ტემპის მაქსიმალურად შენელებისთვის საქართველომ 2 კვირა მოიგო. ხელისუფლებამ საჭესთან პროფესიონალები დააყენა, რაც ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილება იყო.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელებისა და ქართველი ექიმების დამსახურებასთან ერთად, დღეს, გვერდს ვერ უვლიან თავად ქვეყნის პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ გაწეულ სამუშაოს.
როგორც პრემიერი აცხადებს, საქართველოსთვის დღეს, ნომერ პირველი პრიორიტეტი არის ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. მეორე ადგილზე დგას ეკონომიკა და მაქსიმალური უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მასზე დარტყმა შერბილდეს; მესამე პრიორიტეტია ქვეყანაში არსებული მარაგების მართვა და ლოჯისტიკა, ხოლო მეოთხე – სამოქალაქო წესრიგი. ამ 4 პრიორიტეტის მიხედვით გამოყოფილნი არიან პასუხისმგებელი ადამიანები, რათა სახელმწიფოს მოქალაქეები თანაბრად იყვნენ დაცულნი.
კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლვევლად საქართველოში სასწრაფო წესით შეიქმნა სპეციალური პლატფორმა – ფონდი StopCov, სადაც პირველივე დღებში, 20-მდე მილიონი ლარი შეგროვდა. ქართულმა კომპანიებმა თუ ცალკეულმა პირებმა, მათ შორის პარლამენტის დეპუტატებმა ფონდში მსხვილი შენატანები განახორციელეს. ფონდში აკუმულირებული თანხები კი, საჭიროებების მიხედვით დაიხარჯება.
2020 წელი საქართველოში საარჩევნო წელია. კორონავირუსის გამო კი, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. გაჩნდა მოლოდინი, რომ შესაძლოა საპარლამენტო არჩევნები გადაიდოს. თუმცა, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ პროცესები კონსტიტუციის ფარგლებში წარიმართება და საქართველო არჩევნების გადადების საჭიროების წინაშე არ აღმოჩნდება. მაგრამ გამორიცხული არაფერია. ფაქტი ერთია, რომ რამდენადაც ამომრჩეველი მმართველი პარტიის კოორდინირებულ მუშაობასა და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვას ხედავს, მით მეტად ჩნდება განცდა, რომ ამომრჩევლის მადლიერება “ქართული ოცნების” რეიტინგზე დადებითად აისახება.
ამ საშიშროებას კარგად გრძნობენ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებიც და საკუთარი ელექტორატის შენარჩუნებას ნებისმიერ ფასად ცდილობენ.
პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილ თუ არსებულ წევრებს, ხან ექიმების მუშაობა არ მოსწონთ, რომლებიც დღემდე ახერხებენ იმას, რომ საქართველოს არც ერთი ლეტალური შემთხვევა არ აქვს, ხან ისეთ პროვოკაციაზე მიდიან, რაც შესაძლებელია მოსახლეობაში ვირუსის გავრცელების მიზეზი გახდეს. ნაციონალებმა ახალი სახელწოდება – “კორონაცები” შეიძინეს. ასეთი შეფასებას მიეცა “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ზუგდიდში გამართულ აქციას, სადაც მოსახლეობას პირბადეები დაურიგეს. მოსახლეობის შეკრების ადგილას არ იყო დაცული სოციალური დისტანცია.
საქართველოს ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილი უკმაყოფილოა, მოსახლეობის მხრიდან გიორგი გახარიას მთავრობის მიმართ შემრიგებლური პოზიციით და საზოგადოების შეურაცხყოფასაც არ ერიდება. მისი აზრით, საქართველოს მოსახლეობა კორონაზე საშინელი ვირუსით არის დაავადებული, რასაც კორონა-ბიძინა ჰქვია.
“საზოგადოება, რომელიც კორონავირუსის შიშით ისე ჩაიშარდავს, რომ მზადაა დაივიწყოს და ხელისუფლებას აპატიოს ყველა ჩადენილი საშინელება ის კორონაზე საშინელი ვირუსითაა დაავადებული განუკურნებლად და სამუდამოდ. ვკითხულობ ხელისუფლებისადმი შემრიგებლურ პოსტებს და მიპყრობს შეგრძნება, რომ კიდევ მრავალი წელი დავრჩებით იმ ბოსელში, სადაც შეგვყარეს. რა მნიშვნელობა აქვს, კორონავირუსი მოგვკლავს, თუ კორონა-ბიძინა?”, – წერს ნათელაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
პარტია “ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, ნიკა გვარამიას ტელევიზიის – “მთავარი არხის” ეთერით ულტიმატუმი წაუყენა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორ ამირან გამყრელიძე და კარანტინის ერთ კვირაში დასრულება მოითხოვა. მისივე თქმით, ამ ვითარებაში ბიუჯეტში ფული არ შედის.
“ყოველდღე ბიუჯეტში უნდა შედიოდეს გადასახადი. შემოსავალზე თუ არ ვიფიქრეთ, საიდან უნდა დავხარჯოთ ფული?! ამხელა რეზერვი სად გვაქვს??! კარანტინიდან სწრაფად თუ არ გამოვიყვანთ ხალხს, შიმშილი გვემუქრება!”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
კვლავ რევოლუციურ სცენარზე საუბრობს პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე და ექსპრეზიდენტ სააკაშვილს ერთგულებას უდასტურებს. სანიკიძე მსოფლიო კრიზისულ ვითარებაში საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ეფექტიან მუშაობას აღიარებს, თუმცა ამას “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დამსახურებად მიიჩნევს.
“რევოლუციის შანსებს ზრდის ვირუსი, საერთოდ ეს ცნობილია. წლის ბოლოს ეს ხელისუფლება უნდა გამოვცვალოთ, ეს არი ჭეშმარიტებაა, ცის გახსნაა. მიშას გაკეთებული ჯანდაცვის და სახელმწიფო სისტემა აღმოჩნდა ყველაზე ეფექტური. ვირუსი და ბიძინა უნდა გავუშვათ”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში.
თუმცა, აღმოჩნდნენ გონიერი პარტიებიც, რომლებმაც, არსებულ ვითარებაში, ან საერთოდ გაჩუმება და ჩრდილიდან თვალის დევნება არჩიეს, ან კორონავირუსთან ბრძოლის მიმართულებით ჰუმანიტარული ღონისძიებები დაიწყეს. ხელისუფლებასთან ოპონირება დროებით შეწყვიტა პოლიტიკურმა გაერთიანება “საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა” და სხვადასხვა ჰუმანიტარული აქტივობები დაიწყეს.
“ახლა ისეთი ვითარებაა მთელს მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში, როცა არაა ჩასაფრების და ხელისუფლების კრიტიკის დრო. პირიქით, ჩვენ შეძლებისდაგვარად უნდა დავეხმაროთ ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენს ხალხს. ვცდილობთ, დავეხმაროთ ხალხს, განსაკუთრებით, სოციალურად დაუცველ ოჯახებს”, – განაცხადა პატრიოტების ერთ-ერთი ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხში პროფესორი ვახტანგ მაისაია, პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეულ სამუშაოს დადებითად აფასებს, თუმცა მიიჩნევს, რომ უწყებათაშორის საგანგებო შტაბს თავდაცვის კომპონენტი უნდა დაემატოს. შეიქნას ბიოლოგიური განადგურების შენაერთები, სულ მცირე, ბატალიონი მაინც და სფეროს სპეციალისტებით დაკომპლექტებული შტაბები. ასევე, თავდაცვის სამინისტროში უნდა შეიქმნას ფსიქოლოგიური ოპერაციების ცენტრი, რომელიც საინფორმაციო – პროპაგანდისტულ თავდაცვას უზრუნველყოფს.
როგორც Dalma News-ს ვახტანგ მაისაიამ განუცხადა, Covid-19-ის სახით საქმე გვაქვს გლობალურ გამოწვევასთან. საქართველო ჩართულია ბაქტეოროლოგიურ ომში, რომელიც გამოწვეულია არა ადამიანური ფაქტორით, არამედ ბუნებრივი საფრთხით. მისივე თქმით, კორონავირუსი საკმაოდ დიდი ზომის ბაქტერიაა, რომელიც ზომით გრიპის ბაქტერიას, რამდენჯერმე აღემატება. მისი ადამიანის ორგანიზმში მოხვედრა იწვევს შიდა უჯრედულ ომებს. ეს კი, უკვე სამხედრო ბიოლოგებისა და მასობრივი განადგურების სპეციალისტების მუშაობის სფეროა. ეს არის ასიმეტრიული სამხედრო გამოწვევა.
“დღეს, უკვე დადგენილია, რომ Covid-19 უფრო ბიოლოგიური აგენტია, ვიდრე გრიპის ვირუსი. რუსეთის, ჩინეთისა და აშშ-ს სამხედრო სპეციალისტები და ექსპერტები, ამ პანდემიას ბიოლოგიური ომის შეფასებას აძლევენ. ეს არ არის ჩვეულებრივი ტიპის გამოწვევა. ამ ვირუსის შტამს გააჩნია ბევრად უფრო დიდი პოტენციალი, ვიდრე გრიპის ვირუსს. შესაძლოა სიმპტომებით ჰგავდეს, მაგრამ გრიპი ნამდვილად არ არის. ეს არის ცალკე მდგომი ეპიდემიოლოგიური და ბაქტეოროლოგიური ტიპის საშიში აგენტი”, – აცხადებს ვახტანგ მაისაია.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ პრემიერ გახარიასა და მთლიანად სახელისუფლებო გუნდის კარგი მუშაობით, “ენმ” და მისი ანასხლეტი პარტიები, საკმაოდ გაღიზიანებული არიან. მათი რეიტინგი დღითი დღე ეცემა, ამიტომ დესტრუქციაზე მიდიან.
“როგორც ჩანს კორონავირუსმა იმაზე მეტი დარტყმა მიაყენა ოპოზიციას, ვიდრე ისინი მოელოდნენ, იმიტომ, რომ მთავრობა და ხელისუფლება, დღეს, როგორც არასდროს არის მობილიზებული და ეს საერთაშორისოდაც აღიარებულია. დღეს ვებრძვით საშინელ ვირუსს, რომ კითხვის ნიშნები არ დადგეს არჩევნებთან დაკავშირებით”, – განუცხადა Dalma News-ს გია აბაშიძემ.
მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნები ხვალ რომ ჩატარდეს, “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო უმრავლესობის აღებას შეძლებდა. Dalma News-ის კითხვაზე, არსებობს თუ არა საპარლამენტო არჩევნების გადადების საფრთხე, ანალიტიკოსის აზრით, ამჯერად ყველაფერი მოსახლეობაზეა დამოკიდებულია, თუ როგორ შეასრულებენ ისინი ხელისუფლებისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს, რათა დროზე მოიხსნას შეზღუდვები.
“არჩევნების ბედი დამოკიდებულია იმაზე თუ, როგორ გაგრძელდება საგანგებო რეჟიმი. დამოკიდებულია პანდემიაზე და ჩვენს საზოგადოებაზე. დავიცვათ ჰიგიენის ნორმები. პოლიტიკური ორიენტაციის მიუხედავად ვირუსი არავის ინდობს”, – აცხადებს გია აბაშიძე.
ოპოზიციურ პარტიებს ხელისუფლებასთან კონსტრუქციული ოპონირებისკენ პირველივე დღეებიდან მოუწოდებს ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე. მისი შეფასებით, ხალხი პოლიტიკური ძალებისგან ქმედით ნაბიჯებს ელოდება. ისინი ხედავენ, რომ ხელისუფლება არ ტოვებს მათ უყურადღებოდ. ამ ვითარებაში კი ის პოლიტიკური პარტიები შეძლებენ თავის გადარჩენას, რომლებიც ულტიმატუმის ტონს კონსტრუქციული ოპონირების ტონით შეცვლიან.
“ოპოზიციური პარტიის ლიდერი რომ ვიყო ასეთ დროს, ან ვირუსის საპირისპირო მხარეს დავდგებოდი, ან საერთოდ გავჩუმდებოდი, ან კიდევ ხელისუფლებას კონსტრუქციულ რჩევებს მივცემდი და ამით გადავარჩენდი პარტიას. “ენმ”-ს აქვს სახელმწიფო მართვის გამოცდილება, პარტიაში ჰყავთ ყოფილი მინისტრები, დირექტორები და ა.შ. ამ პარტიაში ახლა დუღილის პროცესი უნდა იყოს, მმართველ პარტიას კვალიფიციურ რჩევებს უნდა აძლევდნენ და საქმიანად აკრიტიკებდნენ. ამას დაინახავდა ხალხი, ხალხი ბრძენია. მედიკოსებისგან ხალხმა დაინახა ყოველდღიური ზრუნვა და დააფასეს. პოლიტიკოსებსაც დააფასებდნენ”, – განუცხადა Dalma News-ს ამირან სალუქვაძემ.
როგორ გაართმევს “ქართული ოცნება” მსოფლიო პრობლემასთან გამკლავებას თავს, დრო გვიჩვენებს. ფაქტია, რომ ამ ბრძოლაში საქართველო ასე თუ ისე წინ მიიწევს. ის სხვა ქვეყნებისთვისაც მისაბაძი გახდა, ეს კი იმის შედეგია, რომ ხელისუფლება კომპეტენტური პირების ყველა რეკომენდაციას მომენტალურად ითვალისწინებს. თავად მედიკოსებიც აღიარებენ, რომ ცალკე სამედიცინო სექტორი ვერაფერს გახდებოდა, ხელისუფლების მხარდაჭერა რომ არა.
შორენა პაპაშვილი