ავტომოპასუხეები მეცხრამეტე საუკუნეშიც არსებობდა და მეოცეშიც, თუმცა განსხვავებული ფორმით. ეს ზუსტად ვიცი, რადგანაც ისეთ ადგილზე ვნახე, სადაც ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი – ცნობილი სომეხი პოეტის, მწერლის და საზოგადო მოღვაწის ოვანეს თუმანიანის სახლ-მუზეუმში.
თუმანიანის სიცოცხლეში მის პიანინოზე მარჯნის პატარა ყუთი იდო. როდესაც მეგობრები, ნაცნობები და ახლობლები ესტუმრებოდნენ, პოეტი კი სახლში არ დახვდებოდათ, ამ ყუთში პატარა შეტყობინებებს ტოვებდნენ. სახლში დაბრუნებული თუმანიანი აუცილებლად ხსნიდა ყუთს და შეტყობინებებს კითხულობდა. განა, ეს ავტომოპასუხე არ არის?
ნივთები, რომლებიც თუმანიანს უშუალოდ უკავშირდება, ზემოთ აღნიშნული ყუთის გარდა, თბილისში, ამაღლების ქუჩაზე მდებარე სახლში თითქმის აღარ დარჩა. დიდი მისაღები ოთახის კედელში ჩაშენებულია კაფელიანი ღუმელი. ამბობენ, თუმანიანის გარდაცვალების შემდეგ, მის მეუღლეს, ოლგას ღუმელი აღარასოდეს აუნთია. ოთახში განთავსებული ძველებული სარკე და დანარჩენი ნივთები, მოგვიანებით შეიძინეს იმ წლების სინამდვილის აღსადგენად.
მაგალითად, დიდი ე.წ. სამოვარი, რომელიც საგანგებოდ მოწყობილ ჩაის მაგიდაზე დგას, რა თქმა უნდა, ის არ არის, რომლითაც ამ სახლის მკვიდრნი სარგებლობდნენ, თუმცა ზუსტად იმ ეპოქისაა.
როგორც ადგილობრივმა გიდმა, გოარმა მომითხრო, აქ დიდი სუფრა იშლებოდა, ჩაის სმასთან ერთად აუცილებელი დესერტი ქიშმიში და მოხალული თხილი იყო. ჩაის სმის რიტუალში ბავშვები აუცილებლად მონაწილეობდნენ. თუმანიანს სულ 10 შვილი ყავდა, მათგან 6 გოგონა იყო. იმისთვის, რომ ეს ოჯახური ტრადიცია მომავალ თაობაშიც გაგრძელებულიყო, ოვანესმა თავის ქალიშვილებს ქათქათა, ლამაზი წინსაფრები შეუძინა. როგორც ჩანს, იგი ნამდვილი ესთეტიკოსი იყო, ძალიან მოსწონდა ყველაფრისთვის ლამაზი ფორმების შეძენა. ჩაის სმის პროცესი თუმანიანების ოჯახში საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა.
პოეტის ოჯახმა ამაღლების ქუჩაზე 14 წელიწადს იცხოვრა. ოჯახის თავის გარდაცვალების შემდეგ კი, ერევანში გადავიდა. ამის შემდეგ, თბილისის სახლში ოვანეს თუმანიანის სახელობის ბიბლიოთეკა გაიხსნა, რომელმაც საკმაოდ დიდხანს იარსება. ბიბლიოთეკა დაახლოებით 2007 წელს დაიხურა. ამბობენ სახლი კერძო მესაკუთრემ შეიძინა და ბინის სწრაფად დაცლის მიზნით, ძალიან ბევრი წიგნი გადაყარეს. 2015 წელს, სომხეთის მწერალთა კავშირის აწ-გარდაცვლილი თავმჯდომარე, ლევონ ანანიანის და ქალაქ გიუმრის ყოფილი მერის, ვარდან გუსაკიანის ძალისხმევით, სახლი გამოისყიდეს. იქ შესაბამისი სარემონტო სამუშაოები ჩატარდა და გაიხსნა სამეცნიერო-კულტურული ცენტრი “ოვანეს თუმანიანის სახლი”.
რაც შეეხება, ზემოთ აღნიშნულ “ავტომოპასუხეს”, იგი თუმანიანის სახლს პოეტის შვილთაშვილმა ალიონა კოლესნიკოვამ თუმანიანის შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნების პრეზენტაციასთან დაკავშირებით გადასცა. ცენტრს ასევე გადაეცა საინფორმაციო სააგენტო “არმენპრესის” უნიკალური საარქივო ფოტომასალა. სააგენტოს არქივში დაცული მასალა, თუმანიანის პრაქტიკულად მთელ ცხოვრებაზე მოგვითხრობს, რომელიც ჩრდილოეთ სომხეთის ერთ-ერთი სოფლიდან – სცეხიდან იწყება. ბავშვობაში ოვანესი გაცივდა, რაც შემდეგ გაურთულდა და ფილტვების პრობლემებში გადაეზარდა. ამის გამო, მკურნალობის მიზნით ძალიან ხშირად სტუმრობდა აბასთუმანს.
ამგვარად, მის ფოტოარქივში ძალიან ბევრია აბასთუმანში, ბორჯომში, თეთრიწყაროში, ახალციხეში გადაღებული ფოტოები. თუმცა, დედამისი ამბობდა, რომ ოვანესისთვის ყველაზე სასარგებლო მშობლიური მხარის – ლორიისის ჰაერი იყო. ამას ადასტურებს ის ფოტოები, რომელშიც ოვანეს თუმანიანი თავის პატარა თანასოფლელებთან ერთად პოზირებს.
მაღალი და მიმზიდველი, ბოლო მოდაზე ჩაცმული მამაკაცი, კინომსახიობს უფრო ჰგავს, ვიდრე პოეტს. თუმანიანს თურმე სამი ფოტოაპარატი ჰქონდა. ერთი ყოველთვის თან დაჰქონდა და იღებდა ყველაფერს, რაც მის ყურადღებას მიიპყრობდა. უყვარდა ახალი ადგილების ფირზე აღბეჭდვა. მეორე – ყოველთვის სახლში იდო და სახლში მომხდარ მოვლენებს აფიქსირებდა. მესამეს კი, ვიღაცას ათხოვებდა ხოლმე.
დაწყებითი განათლება თუმანიანმა სოფლის სკოლაში მიიღო. სწავლა ტფილისში, ნერსესიანის სემინარიაში განაგრძო. სხვა მრავალ ფოტოსთან ერთად 1883 წელს ტფილისში, მისი პირველი მოგზაურობის დროს გადაღებული ფოტოებიც არის. მოგვიანებით, იგი ტფილისს ადარებს დიდ სუფრას, ბრძნულ სადღეგრძელოებს, დუდუკის კვნესასა და მრავალხმიან სიმღერებს. ტფილისში ჩასული ოვანესი ავლაბარში დასახლდა.
ნერსესიანის სემინარიაში გადაღებულ ფოტოებში, მომავალი პოეტი ყველაზე მაღალია. სამწუხაროდ, თანხების უქონლობის გამო, ოვანესმა სემინარიაში სწავლა შეწყვიტა, თუმცა თვითგანათლებას განაგრძობდა. პოეზიაში ფეხი საკმაოდ ადრე აიდგა. 16 წლის ასაკში ლორიისის ერთ-ერთი გაზეთის რედაქციაში თავისი პირველი პოემა “კატა და ძაღლი” მიიტანა. რედაქტორი მასალას გაეცნო და ახალგაზრდა მწერალს განუცხადა, რომ ცხოველები მსგავსი ნაწარმოების გმირები ვერ იქნებოდნენ.
ცხოვრება თავისი დინებით მიდიოდა, ახალგაზრდა ნიჭიერ ადამიანს ცხოვრების გზაზე ბევრი სირთულის გადალახვა უწევდა. თუმანიანმა ოჯახი საკმაოდ ადრე შექმნა. რთული მატერიალური მდგომარეობის გამო, იძულებული იყო ისეთი საქმე ეკეთებინა, რომლითაც ნამდვილად არ იხიბლებოდა. ოვანესმა მუშაობა ტფილისის სომხურ სახალხო სასამართლოში დაიწყო, შემდეგ – სომხეთის საგამომცემლო კავშირში. სამსახურში იძულებით, ოჯახის გამოკვების მიზნით დადიოდა, თუმცა 90-იან წლებში თუმანიანი სამსახურს სამუდამოდ ტოვებს და თავს მთლიანად ლიტერატურას უძღვნის.
მის კალამს ეკუთვნის ზღაპრები, ლექსები, მოთხრობები, პოემები, სადაც ყოველთვის “პატარა”, უბრალო ადამიანის პრობლემებზე მოგვითხრობს. თუმანიანზე ამბობენ, რომ ის არის პოეტი, რომელმაც პოეზია ხალხს მიუახლოვა. პოეტის თანამედროვეობის სურათის ამსახველი ყველაზე პოპულარული ნაწარმოებია პოემა “ანუში”. პოემა ახალგაზრდა მწყემსის – საროს ანუშისადმი ამაღელვებელი სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს. ნაწარმოების გმირების სულიერი სამყაროს აღწერისას თუმანიანი უბრალო ხალხის წეს-ჩვეულებებზე, სიხარულსა და მწუხარებაზე, მსოფლმხედველობაზე მოგვითხრობს, გვიხატავს მათ ეროვნულ ხასიათს და ფსიქოლოგიას. უამრავ ფოტოსურათს შორის, არის ასევე, თუმანიანის და ანუშის როლის შემსრულებლის პირველი ერთობლივი ფოტო. „პოეტთან ურთიერთობა უფრო მეტ ცოდნას გაძლევს სომხეთის და მისი ცხოვრების შესახებ, ვიდრე სპეციალური კვლევების სქელი ტომები“,- წერდა პოემა „ანუშის“ შესახებ პოეტი ვალერი ბრიუსოვი.
ლიტერატურის ნიჭმა და ღრმა ადამიანურმა ბუნებამ თუმანიანი თავის თანამოძმე მწერლებს შორის სწრაფად აქცია ლიდერად. მის სახლში, ბებუთოვზე, (ახლანდელი ასათიანი) სადაც იმ დროისთვის ცხოვრობდა, ხშირად იყრიდა თავს მაშინდელი ლიტერატურული ბომონდი. ლიტერატურული საღამოები ტრადიციულად ოთხშაბათობით და შაბათობით ეწყობოდა. შემოსავლიანი სახლის, სადაც თუმანიანი თავის ოჯახთან ერთად ქირით ცხოვრობდა, მფლობელი კოჩარიანის მეუღლე, ჟოზეფინა აღფრთოვანებული იყო პოეტის ბინაში არსებული ატმოსფეროთი და შეკრებებს თავადაც ესწრებოდა. გარდა ამისა, უარი თქვა მისგან ქირის აღებაზე.
სხვადასხვა პერიოდის უამრავ ფოტოს შორის, არის მეტეხის ციხის ფოტოსურათიც, რომელიც პოეტის ცხოვრების დრამატულ ფურცელს ინახავს. 1908 წელს, ოვანეს თუმანიანს დაშნაკურ მოძრაობასთან კავშირში დასდეს ბრალი და ის და მისი ვაჟი დააპატიმრეს. ერთი წლის შემდეგ, თუმანიანი საცხოვრებლად თავისი ოჯახთან ერთად, ამაღლების ქუჩაზე გადავიდა და თავისი ცხოვრების ბოლო წლები იქ გაატარა.
თუმანიანის სახლში ერთი მნიშვნელოვანი ადგილი – ვერანდაა, საიდანაც შესანიშნავი ხედი იშლება. იმ დროს, როდესაც თუმანიანი აქ დასახლდა, ეს ადგილი ცივილიზაციისგან ხელუხლებელი იყო. უფრო მეტიც, ის მიდამოები, მას მშობლიურ სოფელს, დსეკს აგონებდა. ცხოვრებისეული განსაცდელებით დამძიმებული ოვანესი სიმშვიდესა და სიწყნარეს მხოლოდ აქ ჰპოვებდა…
ეკატერინე მინასიანი