ინტერპოლმა მიხეილ სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადებაზე უარი თქვა. ასევე გაუქმდა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის მიმართ გამოცემული წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა.
ინტერპოლმა წევრი სახელმწიფოების შესაბამის უწყებებში დააგზავნა შეტყობინება, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტის ძებნა ინტერპოლის კონსტიტუციასა და ნორმებს ეწინააღმდეგება. ასევე, განადგურებას ექვემდებარება ყველა ფაილი, რომელიც საქართველოს პროკურატურამ ინტერპოლში მიხეილ სააკაშვილზე ძებნის გამოცხადებასთან დაკავშირებით გააგზავნა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა. უწყება გეგმავს მიმართოს ინტერპოლის შესაბამის დანაყოფს და არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მოითხოვოს მიხეილ სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადება, ხოლო დავით კეზერაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნის აღდგენა.
“მნიშვნელოვანია ასევე ის გარემოება, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ამჟამად დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სასამართლო განიხილავს დავით კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადიციის საკითხს. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარი პროკურატურა აქტიურად თანამშრომლობს გაერთიანებული სამეფოს კომპეტენტურ ორგანოებთან და ექსტრადიციის საკითხის წარმატებით დასრულების მიზნით მოთხოვნისამებრ აწვდის მათ ყველა საჭირო ინფორმაციასა და მასალებს”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ინტერპოლის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამ საკითში ზედმეტი აჟიოტაჟის საფუძველს ვერ ხედავს, რადგან მიიჩნევს, რომ ის ინტერპოლში მეთოდოლოგიურ ცვლილებას უკავშირდება.
“პროკურატურამ გააკეთა განცხადება და მეც მოვისმინე მედიასაშუალებებით, რომ ინტერპოლში გარკვეული მეთოდოლოგია შეიცვალა”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ ინტერპოლის ძებნილთა სიიდან უკრაინის ექს-პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩიც ამოიღეს.