17 მაისს, როცა მსოფლიო ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, საქართველოში ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე იზეიმეს. სექსუალური უმცირესობებისთვის ეს თარიღი წელს უხმაურო გამოდგა. ისინი თბილისში, XIX საუკუნის, ქართველი რომანტიკოსი პოეტის, ნ.ბარათაშვილის სახელობის ხიდზე ცისარტყელას ფერებიანი დროშის, რამდენიმე წუთით გადმოკიდებით შემოიფარგლნენ. ასევე, ქალაქის ქუჩებში გააკრეს სტიკერები წარწერით, – “მე ვარ შენი მეზობელი”. ლგბტ თემის წარმომადგენლებმა საზოგადოებასთან კავშირის ამ ფორმით სცადეს, რადგან მიაჩნიათ, რომ მათ არ ეძლევათ საშუალება იდენტობის დაუფარავად, თავდასხმის შიშის გარეშე იცხოვრონ. ამბობენ, რომ წლეულს, 17 მაისს, სწორედ ამ შიშის გამო ვერ შეიკრიბნენ, თუმცა, ორგანიზაცია “თბილისი პრაიდი” ე.წ ღირსების მარშის გამართვის იდეაზე უარს არ ამბობს და ფართომასშტაბიან ღონისძიებას ერთი თვის შემდეგ, 18 ივნისს გეგმავს.
17 მაისს, მათ ასევე, სურდათ ანტიჰომოფობიური ბანერების განთავსება ქალაქში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში – მეტროსადგურებთან და ავტობუსის გაჩერებებზე, თუმცა თბილისის მერიისგან ნებართვა ვერ მიიღეს.
ოჯახის სიწმინდის დაცვის დღედ 17 მაისი საქართველოში, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ინიციატივით, 2014 წელს გამოცხადდა. ღონისძიება დედაქალაქის ცენტრში, რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობა მოეწყო. მასში მონაწილეობდნენ სასულიერო პირები, ეკლესიის მრევლი, სხვადასხვა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები. რამდენიმე ათასიანმა მსვლელობამ თბილისის ცენტრალურ გამზირზე ექსცესების გარეშე ჩაიარა. დედაქალაქის ცენტრალურ გამზირსა და ავლაბარს პოლიცია, გაძლიერებული შემადგენლობით აკონტროლებდა.
მსვლელობა ავლაბარში, სამების საკათედრო ტაძრის ეზოში კონცერტით დასრულდა. მასში მონაწილეობდნენ, როგორც ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ჯგუფები (“სუხიშვილები”, “ერისიონი”, “რუსთავი” და სხვ), ასევე, ცალკეული შემსრულებლები.
“აქამდე რომ მოვედით, ქრისტეს დამსახურებაა და ამის მერეც ქრისტეს ჯვრით მივდივართ. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მომავალი. ჩვენი მიზანია ამ დღემ ბედნიერება მოუტანოს ყველას”, – აცხადებდნენ მსვლელობის მონაწილენი.
17 მაისის კონცერტი, რომელიც საპატრიარქოს ორგანიზებით გაიმართა, რამდენიმე ხნით ადრე დაანონსდა. ბევრმა ცნობილმა მომღერალმა ამ კონცერტში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, საპასუხოდ კი, საზოგადოების დიდი ნაწილის კრიტიკა მიიღეს. სექსუალური უმცირესობების დამცველი ორგანიზაციების ხელმძღვანელები, საპატრიარქოს კონცერტში მონაწილეობაზე უარის თქმისკენ ქართული ეროვნული ცეკვების ანსამბლ “სუხიშვილებსაც” მოუწოდებდნენ. ამაზე ანსამბლის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ნინო სუხიშვილმა განაცხადა, რომ მისთვის სიმბოლურია ამ თარიღთან დაკავშირებით გამართულ კონცერტში მონაწილეობა, რადგან მათი ანსამბლიც ოჯახის მიერ არის შექმნილი და ოჯახის სიწმინდის დაცვა მნიშვნელოვანია. ანსამბლი კონცერტზე მაყურებლის წინაშე ახალი კომპოზიციით – ელექტრონულ მუსიკაზე შესრულებული ძველი არქაული ფერხულით წარსდგა.
როგორც ნინო სუხიშვილი აცხადებს, თავად ის ყველანაირი აგრესიისა და ძალადობის წინააღმდეგია. სამების სავანე კი, მისთვის სწორედ სულიერების, ძალადობისგან თავისუფალი, კულტურული მემკვიდრეობის აღორძინების ადგილია.
“მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ და თამამად ვაცხადებ, რომ ვდგავარ იქ, სადაც ჩემი ეკლესია დგას. ტოლერანტულები ვართ ყველას და ყველაფრის მიმართ. ჩემთვის ეკლესია არის სიკეთე და სიყვარული, ღმერთი არის სიყვარული და არ მესმის რატომ მოიაზრება ეს აგრესიად”, – განაცხადა მან.
“სუხიშვილების” კიდევ ერთმა ხელმძღვანელმა, ქორეოგრაფმა ილიკო სუხიშვილმა კი გამოთქვა სურვილი, 17 მაისს, “ოჯახის სიწმინდის დღეს” მისი ანსამბლის ცეკვა ტრადიციად დამკვიდრდეს. თავის მხრივ კი ისინი მაყურებელს, ყოველ წელს ახალ ცეკვას შესთავაზებენ.
პრესასთან საკუთარი პოზიცია პოლიტიკოსებმაც დააფიქსირეს. პარტია “თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე კახა კუკავას მოსაზრებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ აქციაში ყოველწიურად, სულ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს, რადგან სერიოზული წნეხი მიმდინარეობს საქართველოზე და უამრავი ფული იხარჯება იმაზე, რომ დაინგრეს ტრადიციული ფასეულობები.
ოჯახის სიწმინდის დაცვის დღესთან დაკავშირებით მოქალაქეები მთავრობის ადმინისტრაციასთანაც შეიკრიბნენ, სადაც აქცია მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილმა კანდიდატმა კობა დავითაშვილმა გამართა. პოლიტიკოსმა ლგბტ თემს საკუთარი მოთხოვნები წაუყენა და განაცხადა, რომ პირადად ის, არავის უვარდება სახლში, მაგრამ ასევე, არ სურს, მის შვილებს ლგბტ აქტივისტები ასწავლიდნენ ცხოვრების წესს.
“არავის ცემა არ გვინდა, დაანებონ თავი ჩვენს შვილებს. არ გვინდა, ჩვენს შვილებს, სკოლებში, ბაღებში თუ საზაფხულო ბანაკებში, ლგბტ აქტივისტები ასწავლიდნენ ცხოვრების წესს. მიუღებელია საკუთარი სექსუალური ცხოვრების წესის დემონსტრირება. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის მე-11 მუხლი საშუალებას გვაძლევს, შევზღუდოთ შეკრების თავისუფლება და ისეთი აქციები, რომლებიც ვნებათაღელვას იწვევს, დაპირისპირებას უნდა შეიზღუდოს”, – განაცხადა კობა დავითაშვილმა აქციაზე.
“თბილისი პრაიდის” მიერ დაანონსებული ე.წ ღირსების მარშის შესახებ საზოგადოებას, ერთ-ერთმა პირველმა, მოძრაობა “ქართული მარშის” ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ აცნობა და კონტრაქციაც დააანონსა. იგი, წლევანდელი 17 მაისით კმაყოფილია და ამბობს, რომ, ამგვარად, საქართველო ქრისტიანულ სამყაროში ერთადერთ ქვეყნად დარჩა, სადაც ვერ ჩაატარეს “გარყვნილების რეიდი”, ანუ გეი-აღლუმი. მისივე თქმით, აქციაში აქტიურად მონაწილეობდნენ ახალგაზრდები, რომლებმაც მთელს მსოფლიოს დაანახეს, რომ ქართველები არასოდეს შეურიგდებიან ქვეყანაში გარყვნილების პროპაგანდას.
“ჩვენ ვართ უძველესი ცივილიზაციისა და ქრისტიანული კულტურის ერი, რომელიც მაგალითის მიმცემი ხდება მთელი მსოფლიოსთვის თუ, როგორ უნდა დავიცვათ კულტურა, ზნეობა და მორალი. დარწმუნებული ვარ, რომ ევროპელები აღფრთოვანებულნი არიან იმ ზნეობითა და მორალით, რომელიც ქართველმა ერთმა დღემდე შემოინახა. იმ ახალგაზრდებმა, რომლებიც საპატრიარქოს მიერ ორგანიზებულ აქციას შეუერთდნენ, მთელს მსოფლიოს დაანახეს, რომ საქართველოს მომავალი არის არა ნარკომანია და გარყვნილება, არამედ ცხოვრების ჯანსაღი წესი”, – განუცხადა სანდრო ბრეგაძემ Dalma News-ს.
17 მაისის ღონისძიებამდე, რამდენიმე დღით ადრე, მან სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ხელისუფლებას პირდაპირი მითითება აქვს, ჩატარდეს გეი-აღლუმი. Dalma News-ის კითხვაზე, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის თარიღის საქართველოში არაღნიშვნით დაზარალდა თუ არა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი, სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, რომ საქართველოს მიზანი არ არის, რომელიც სხვა ერს უკარნახოს, როგორი მორალისა და ზნეობის უნდა იყოს ის, მაგრამ იმავდროულად, მისთვის მიუღებელია სხვამ მიუთითოს არაზნეობრივი მორალისკენ.
მისი თქმით, მთავარი ბრძოლა 18 ივნისს იქნება, როცა “გეი-პრაიდის” გამართვა იგეგმება.
“ვიძლევით პირობას, რომ გარყვნილების კვირეულს საქართველოში ვერ ჩაატარებენ”, – აცხადებს სანდრო ბრეგაძე.
მისივე შეფასებით, ქართული მედია მამათმავლური ტერორის ქვეშ იმყოფება და ამის გამო, ვერ ბედავს გააშუქოს ევროპაში მიმდინარე პროცესებს, როცა საფრანგეთში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში, უდიდესი უპირატესობით, ეროვნული ძალები იმარჯვებენ, ლიბერალური დიქტატურა კი ემხობა, ისევე, როგორც ეს მოხდა აშშ-ში, პრეზიდენტ ტრამპის მოსვლის შემდეგ.
რაც შეეხება თავად სექსუალური უმცირესობების მიმართ “ქართული მარშის” ლიდერის პიროვნულ დამოკიდებულებას, სანდრო ბრეგაძის მოსაზრებით, ლგბტ თემის წარმომადგენლები საზოგადოების სრულფასოვანი წევრნი არიან, მათ უნდა ჰქონდეთ თავიანთი ნიჭისა და შესაძლებლობების რეალიზების საშუალება. მაგრამ იმავდროულად, მისთვის მიუღებელია, ასეთმა ადამიანებმა განსაზღვრონ ქვეყნის პოლიტიკა.
მისივე თქმით, ხელისუფლებაში მორალურად მდგრადი ზნეობის ადამიანები უნდა იყვნენ, რომლებიც თავიანთი ცხოვრების წესითა და მორალით მისაბაძნი იქნებიან.
“ჩემს ზიზღს იმსახურებენ ის პოლიტიკოსები და ორგანიზაციები, რომლებიც ლგბტ ადამიანების უბედურების ხარჯზე მილიონებს შოულობენ და გრანტების მოლოდინში არიან. ჩვენ ლგბტ ადამიანებს არაფერს ვერჩით. ეს ადამიანები თავად აღიარებენ, რომ ჰორმონალური დარღვევა აქვთ. ძალიან ძნელი წარმოსადგენია, როცა ადამიანი კაცია და ქალად გრძნობს თავს, ან პირიქით. ახლა რა ვქნათ, ეს ვაქციოთ სასურველ მოვლენად? ასეთი ადამიანები ხელისუფლებაში არ უნდა იყვნენ, მაგრამ მათ განვითარების საშუალება უნდა ჰქონდეთ. ძალადობის წინააღმდეგი ვართ, მაგრამ დაუშვებლად მიგვაჩნია ეს ჯგუფები თავზე მოასხდეს ქვეყანას. მათი გზა არის გზა არსაით და არ დავუშვებთ მათ ქვეყანა თავისი გზით ატარონ. მთელს მსოფლიოში ჩაატარეს გეი-აღლუმები, მაგრამ საქართველოში ვერ შეძლეს”, – განუცხადა Dalma News-ს სანდრო ბრეგაძემ.
როგორც “თბილისი პრაიდის” წევრები აცხადებენ, საჯარო სივრცე მათაც ეკუთვნით და ისინი არ დათმობენ მას, თუნდაც საფრთხის გამო. “თბილისი პრაიდის” წევრ მარიამ კვარაცხელიას განმარტებით, ეს არ იქნება თბილისის ქუჩებში მოსეირნე შიშველი ადამიანების კარნავალი, ეს იქნება მსვლელობა ღირსებისთვის, თანასწორობისთვის.
ლგბტ თემის წარმომადგენლებმა მსვლელობა საქართველოში პირველად 2012 წელს მოაწყეს, მაშინ აქცია დაპირისპირებით დასრულდა, წინააღმდეგობირივი იყო მათი აქციები შემდგომ წლებშიც. 2014 წლიდან, საპატრიარქომ 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღე დააწესა.
“ლგბტ თემი ერთადერთი ჯგუფია, ვინც ისე დემონიზებული და მარგინალიზებულია, რომ ქუჩაში არ გაესვლება. “ღირსების მარშში” მონაწილეობას ის ადამიანები და მათი მხარდამჭერები მიიღებენ, ვისთვისაც ადამიანის უფლებები და თანასწორობა მნიშვნელოვანია. მსვლელობას აუცილებლად ჩავატარებთ. შსს ვალდებულია დაგვიცვას”, – აცხადებს მარიამ კვარაცხელია, თუმცა მარშის გამართვის ადგილს არ აკონკრეტებს.
17 მაისთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოში ოჯახს და ოჯახურ ფასეულობებს ყოველთვის ჰქონდა ყველაზე მნიშვნელოვანი როლი. ეს ასე იყო, არის და მომავალშიც იქნება. მისივე თქმით, საქართველოში ნებისმიერი მოქალაქის უფლება კანონით დაცულია.
17 მაისს, საქართველოში აშშ-ს საელჩოს ვებგვერდზე, საქართველოში არსებულ ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს (ლგბტ+) საზოგადოების მიმართ მხარდამჭერი განცხადება გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნულია, რომ ლგბტ+ ადამიანები საქართველოში ყოველდღიურად განიცდიან ჩაგვრას, დისკრიმინაციას, ღირსების შემლახავ მოპყრობას, ხდებიან სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი. ეს კი მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება საქართველოს ტოლერანტობის ტრადიციებს.
შორენა პაპაშვილი