“ამ ვეტოსაც უპრობლემოდ დავძლევთ”, – ამგვარად გამოეხმაურა საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ვეტოს, რომელიც ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტს ეხება.
“ვეტო არის დემოკრატიული პროცესი და ეს, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის გადასაწყვეტია. რამდენად ვეთანხმებით ან არ ვეთანხმებით – ეს ჩვენი პირადი შეხედულებაა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის პრეზიდენტის კომპეტენცია და მისი გადაწყვეტილება იყო. ისე, როგორც სხვა ვეტოები დავძლიეთ, ამ ვეტოსაც დავძლევთ უპრობლემოდ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტს ვეტო 31 ივლისს დაადო.
აღნიშნული კანონპროექტი ეროვნული ბანკისგან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფასა და მის ცალკე სააგენტოდ ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.