Illustration: huaweiarmenia.am

შეგვიძლია წარმოიდგინოთ, რომ ერევანი ოდესმე “ჭკვიანი ქალაქების” ოჯახის ნაწილი გახდება? რა თქმა უნდა! დღესდღეობით სომხეთი განვითარებული IT სფეროს მქონე და smart პროექტების “სამჭედლო” ქვეყნად არის მიჩნეული. ბოლო წლებში, არაერთი ასეთი პროგრამა წარედგინა მთავრობას და ამ უკანასკნელმა დაამტკიცა კიდევაც. მთავარია, ეს ყველაფერი რეალობად როდის იქცევა, რადგანაც მშვენიერი მომავლისკენ გზა ვიწრო და ძვირია.

“ჭკვიანი ქალაქის” კონცეფციას დღეს მსოფლიოში 2500-ზე მეტი ქალაქი ახორციელებს. მათ შორისაა: ნიუ-იორკი, სეული, ვატერლოო, ონტარიო, ტაიბეი, გლაზგო, სეული, სინგაპური, ბარსელონა და სხვა მეგაპოლისები, რომლებიც გამუდმებით ნერგავენ ინოვაციურ ეკოსისტემას, მართვის ავტომატურ სისტემას. ერევნის ამ ქალაქების სიაში ხილვის ძალიან დიდი სურვილი არსებობს, თუმცა ჯერჯერობით ეს მხოლოდ სამომავლო გეგმაა.

ერევანში მომავლის პარკი გაჩნდება

კომპანია “გალაქსის” ჯგუფი IT სფეროს წარმომადგენლებთან ერთად ერევანში ინოვაციების და ტექნოლოგიების პირველი რეგიონალური პარკის აშენებას გეგმავს. პროექტის დაგეგმვას ორ წელიწადზე მეტი დასჭირდა. მასშტაბური პროექტის დეტალები მალე გამოქვეყნდება. პარკში დასაქმდება სულ მცირე 6 ათასი მოწინავე პროფესიონალი, რომლებიც ხელს შეუწყობენ ეკონომიკის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით ტექნოლოგიური და ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვას.

პროექტის ავტორები გვპირდებიან, რომ ინოვაციების და ტექნოლოგიების პარკი თავისი განსაკუთრებულობით და მასშტაბებით გამორჩეული იქნება. პარკი, რომელიც ერევანში შენდება, დსთ-ს და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში არსებულ პარკებს შორის პირველი იქნება თავისი სხვადასხვაგვარი მიმართულებებით, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ მასში წარმოდგენილ IT სფეროს და კომპანიის გეოგრაფიის ერთობლიობას.

ინოვაციების და ტექნოლოგიების პარკს საფუძვლად უდევს ისეთი “ეკოსისტემის“ შექმნა, სადაც წარმოიშვება ინოვაციები ჩართულობის და კოოპერაციის, საგანმანათლებლო, კვლევითი ინსტიტუტების, ასევე, ისეთი სტრუქტურების გზით, რომლებიც განვითარების მასშტაბურ პროგრამებს შეიმუშავებენ.

პარკში ასევე წარმოდგენილი იქნება სტარტაპები და ვენჩურული ფონდები, განხორციელდება საინკუბაციო და ასკელერაციული პროგრამები. ერთი სიტყვით, ის იქნება ადგილი, სადაც მთავარ სფეროებში IT ტექნოლოგიების დანერგვა განსაზღვრავს ინოვაციურ პროდუქტებს და მომავალი თაობის სერვისებს, იქცევა სომხეთის სავიზიტო ბარათად და სომხურ ინოვაციურ იდეად მსოფლიოში.

ბოლო წლებში მომავლის ტექნოლოგიების მიმართულებით მომუშავე ბევრმა კომპანიამ, აღნიშნული პარკის შესაქმნელად სომხეთის საინჟინრო ქალაქებში სხვადასხვაგვარი პროგრამა წარადგინა. ორიოდე წლის წინათ, “საინჟინრო ქალაქის” პროექტს, პრემიერ-მინისტრმა კარენ კარაპეტიანმა მხარი დაუჭირა და მისთვის ბაგრევანდის ქუჩა შეარჩია, რომლის ფართობიც სამ ჰექტარს აღწევს. მაშინ, ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ “საინჟინრო ქალაქის” მთავარი ამოცანა სომხეთის იმ ქვეყნად გადაქცევა იქნება, რომელიც მსოფლიო ბაზარზე საინჟინრო და მაღალტექნოლოგიური პროდუქტების და მომსახურების ექსპორტირებას დაიწყებს. ჩანაფიქრის მიხედვით, პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება 1500 IT-სპეციალისტი, შეიქმნება 2000 სამუშაო ადგილი, დაფუძნდება დაახლოებით 20 IT კომპანია და სხვა.. რადგანაც კარენ კარაპეტიანის ტექნოკრატების მთავრობა წარსულს ჩაჰბარდა და როგორც ისინი მაშინ ამბობდნენ, -Smart City-ს იდეა დროში ვერ იქნება შეზღუდული, ხოლო „ჭკვიანი ქალაქის“ კონცეფციის დანერგვა – გრძელვადიანი პროცესია, – გაურკვეველია აქედან რომელი გეგმა და როდის განხორციელდება.

როგორ დაიწყო ყველაფერი?

ჭკვიანი ქალაქისკენ მიმავალი გზის საწყისი წერტილი 2017 წლის 23 ოქტომბერია. სწორედ იმ დღით, ერევნის მერიამ, კომპანია Вива Селл-МТС-მა და საინფორმაციო-კომუნიკაციური ტექნოლოგიების დამსაქმებლების კავშირმა, სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმს  მოაწერეს ხელი. ამით მათ, ასევე მზადყოფნა გამოხატეს ერთობლივი ძალისხმევით შეუწყონ ხელი სტრატეგიული პროგრამა “ერევანი-ჭკვიანი ქალაქის” განხორციელებას.

მაშინ, ჯერ კიდევ ერევნის მერმა, ტარონ მარგარიანმა მზადყოფნა გამოთქვა პროგრამა “ერევანი – ჭკვიანი ქალაქის” შემუშავების და განხორციელების საკითხებში მომუშავე კომისიის ძალისხმევით მოკლევადიანი და გრძელვადიანი ღონისძიებების ორგანიზებაზე, რაც ქალაქის მეურნეობის მართვის ყველა სფეროში ინოვაციური გადაწყვეტილებების შემუშავებას მოემსახურებოდა. თვის მხრივ, კომპანია ВиваСелл-МТС სოციალური ინვესტიციების თავისი პროგრამით პროექტ “ერევანი-ჭკვიანი ქალაქით” გათვალისწინებული ერთობლივი პროგრამების განხორციელებას შეუწყობს ხელს. ეს ყველაფერი კი, თავის მხრივ, ინოვაციური ინფრასტრუქტურის შექმნის გზით, ერევნის შემდგომ განვითარებას წაადგება.

“შეუძლებელია თანამედროვე ტექნიკურ გადაწყვეტილებებზე დაფუძნებული თანამედროვე ქალაქის ინფრასტრუქტურის გარეშე წარმოდგენა. რთულია ქალაქის მეურნეობის განვითარებაში ინფორმაციული და ტელესაკომუნიკაციო ტექნოლოგიების როლის არ დაფასება. ეს ტექნოლოგიების ქალაქის მოსახლეობას უნდა მოემსახუროს, უნდა უზრუნველყოს შედარებით უფრო კომფორტული პირობები”, – განაცხადა კომპანიის გენდირექტორმა რალფ ირიკიანმა.

Illustration: huaweiarmenia.am

იმავე წელს, ერევანში სომხეთის ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის და ინფორმაციული ტექნოლოგიების მინისტრ ვაგან მარტიროსიანის და მსოფლიოში ცნობილი კომპანიის Huawei technologies-ის დირექტორის მოადგილე ცაო ჩუნომის შეხვედრაზე, “ჭკვიანი ქალაქის” პილოტირებული პროექტის განხორციელების მემორანდუმი გაფორმდა. “ჭკვიანი ქალაქის” იდეა ჩინურ კომპანია Huawei-ს ეკუთვნის, რომლის მიზანია ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მეშვეობით ქალაქის მოსახლეობის ცხოვრება შედარებით მარტივი, ხელმისაწვდომი და უსაფრთხო გახადოს, ასევე უზრუნველყოს შედარებით მაღალი დონის მუნიციპალური მომსახურებები. “ჭკვიანი ქალაქის” კონცეფციას საფუძვლად უდევს ქალაქის მართვის ინტელექტუალიზაციის იდეოლოგია.

დღეს, ამ თარიღიდან წელიწადნახევრის გასვლის, “ხავერდოვანი რევოლუციისა” და მერის თანამდებობაზე ახალი კანდიდატის არჩევის შემდეგ, რთულია იმაზე საუბარი, რამდენად შესრულდება ეს ამბიციური, თანამედროვე რეალიებისთვის შესატყვისი იდეები და იქცევა თუ არა ისინი ჩვენს რეალობად. როგორც Dalma News-მა გაარკვია, ჯერჯერობით მხოლოდ სხვადასხვა კონფერენციების და სპეციალისტთა შეხვედრების ჩატარებაზეა საუბარი, რათა გამოვლინდეს ქალაქის მეურნეობის სფეროში ესა თუ ის პრობლემები, რომლის საფუძველზეც შეიქმნება კონცეფცია და რომელმაც შესაძლოა, ოდესმე “ჭკვიანი ქალაქისკენ” წაგვიყვანოს. ამჯერად, ეს მხოლოდ გეგმებია…

ავტორი: ლინა მაკარიანი

თარგმანი: ხათუნა პაპაშვილი