იუნესკოს მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხას, ქართული ანბანის, ქართული მრავალხმიანობისა და ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციული მეთოდს ქართული ჭიდაობაც შეემატა. ისტორიული გადაწყვეტილება მავრიკის ქალაქ პორტ-ლუისში, იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მთავრობათაშორისი კომიტეტის სხდომაზე 29 ნოემბერს მიიღეს.
ამ ფაქტს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ეს ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რაოდენ დიდი წვლილი მიუძღვით ქართველებს მსოფლიო ცივილიზაციაში.
“იუნესკომ ქართული ჭიდაობა მსოფლიო არამატერიალურ კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა. ეს გახლავთ კიდევ ერთი ნათელი დასტური იმისა, რომ ჩვენ ქართველებს და ჩვენს წინაპრებს რა მასშტაბის კონტრიბუცია გვაქვს შეტანილი მსოფლიო ცივილიზაციაში”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
როგორც Dalma News-ს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით, 2014 წელს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, ქართულ ჭიდაობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. 2016 წელს, კი პრემიერ-მინისტრის დადგენილებით, ქართულ ჭიდაობას ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. მესამე ნაბიჯი კი მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში მოხვედრა იყო. ამისთვის ქართულმა მხარემ იუნესკოს 2016 წელს მიმართა. ჩატარდა სრულფასოვანი მეცნიერული კვლევა, შეისწავლეს, რაში მდგომარეობდა ქართული ჭიდაობის განსაკუთრებულობა და საკითხი დადებითად გადაწყდა.
“დარბაზში ერთი კითხვაც კი არ დასმულა. გადაწყვეტილება ერთსულოვნად მიიღეს”, – აცხადებენ სამინისტროში.
ჭიდაობა სპორტის უძველესი სახეობაა, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოში. მისი, როგორც სპორტის ეროვნული სახეობის სიძველეზე მეტყველებს “ალავერდის” კედელზე შესრულებული ჭიდაობის სცენაც, სადაც აღბეჭდილი პერსონაჟთა სახეები, სამოსი და მოძრაობის პლასტიკა. ეს ერთმნიშვნელოვნად მიანიშნებს ქართულ ტრადიციულ საჭიდაო ხელოვნებაზე. მსგავსი შეჯიბრება საქართველოში თან სდევდა რელიგიურ დღესასწაულებს.
ქართული ჭიდაობის მუსიკა საკუთრივ სპორტის ამ სახეობისთვის არის ოდითგანვე შექმნილი. მისი სამშობლო ქართლ-კახეთია. ცნობილმა ქართველმა კომპოზიტორმა, რევაზ ლაღიძემ, ქართულ საჭიდაოზე სიმფონიური ორკესტრისთვის ნაწარმოები შექმნა. ამით მან, ქართველ ერს შემოუნახა საკუთრივ ჭიდაობისთვის შექმნილი მელოდია, რათა წლების შემდეგ რომელიმე სხვა ერს არ გამოეთქვა ამ ცნობილ მელოდიაზე პრეტენზია.
ესტრადის მსახიობი, მუსიკოსი თემურ პაპაშვილი უკვე თითქმის 20 წელია ქართულ ჭიდაობას მუსიკალურად აფორმებს ანსამბლ “ლომისის” სხვა წევრებთან ერთად. შეჯიბრისას ქართულ საჭიდაოს ასრულებს 2 ზურნა და დაფი. მან ქართულ ჭიდაობას ჰიმნიც კი მიუძღვნა, რომელიც ცნობილმა მომღერალმა თემურ წიკლაურმა შეასრულა. სიმღერაში ერთგვარად მოთხრობილია ქართული ჭიდაობის წესების შესახებ:
“ჩოხით დადექ ბრძოლის ხაზზე, დაცემულ კაცს ხელს ნუ ახლებ. მოგვერდი და თან კისრული ჩქარა, მალე. ზურნისა და დაფის ხმაზე შენი ერი ასახელე შენ”.
მისი თქმით, ქართული ჭიდაობა ყველაზე უფრო ჯენტლმენურია, ფალავანებს ეკრძალებათ ერთმანეთისთვის ხელის წელს ქვემოთ წავლება. მოწინააღმდეგე, რომ წაიჩოქებს, ან წაიქცევა მისთვის ხელის ხლება აღარ შეიძლება, ჭიდაობა მთავრდება. მაგრამ თუ მოწინააღმდეგე ამას განგებ გააკეთებს, ის ჯარიმდება.
ქართველმა პროფესორმა, აწ გარდაცვლილმა დიმიტრი დუნდუამ წლების წინ ჩაუყარა საფუძველი ქართული ჭიდაობების საქართველოს მოსაზღვრე, მაგრამ ისტორიულად ქართულ რეგიონებში გამართვას. წმინდა გიორგობის, თუ სხვა რელიგიურ დღესასწაულებზე, ქართველი მოჭიდავეები აქტიურად სტუმრობდნენ კახის რეგიონს, სადაც ეთნიკურად ქართველი მოსახლეობისთვის ჭიდაობებს მართავდნენ. ქართული ჭიდაობით აქტიურად ინტერესებოდნენ ადგილობრივი აზერბაიჯანელებიც, რომლებიც სხვადასხვა ილეთის შესწავლის სურვილს გამოთქვამდნენ.
“დიმიტრი დუნდუას დამსახურებით ნამდვილად ეროვნული საქმე კეთდებოდა. ქართულ ჭიდაობებს, ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში ვმართავდით, – ქუთაისში, ონში, სამეგრელოში, იმერეთში და ა.შ. მხოლოდ აჭარაში არ ჩავსულვართ, რადგან დიმიტრი დუნდუა მოულოდნელად გარდაიცვალა და ყველაფერი ჩამოიშალა. ასევე თურქეთში, შავშვეთის ტერიტორიაზე გამართულ ფესტივალში ვმონაწილეობდით. მოვინახულეთ ძირძველი ქართული ეკლესიები კაბადოკიამდე. შევადგინეთ საქართველოს უძველესი ძელგების რუკა, რომლებიც ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზეა”, – განუცხადა Dalma News-ს თემურ პაპაშვილმა.
ანსამბლ “ლომისის” წევრებმა არაერთხელ მიმართეს თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებს დახმარების თხოვნით, რომ ჭიდაობის ფესტივალები მიზერული თანხით დაეფინანსებინათ, რადგან ქართულ დიასპორებთან კავშირი არ გაეწყვიტათ და ტრადიციაც შეენარჩუნებინათ, მაგრამ უშედეგოდ. უსახსრობის გამო, რამდენიმე მიწვევაზე უარის თქმა მოუხდათ.
Dalma News-სთან საუბრისას თემურ პაპაშვილი, ალიბეგროში გამართულ სპორტულ შეჯიბრს -იხსენებს:
“ადგილობრივი ქართველები სიხარულით გვღებულობდნენ. ჭიდაობის შემდეგ, გურჯაანის ხალხური სიმღერის ანსამბლმა ადგილობრივი ქართული მოსახლეობისთვის კონცერტი გაიმართა. აზერბაიჯანელი სამართალდამცველები მოვიდნენ და მოგვთხოვეს, სიტყვა “მრავალჟამიერი” გვეთარგმნა მათთვის და ხომ არ შეიცავდა ის აგიტაციას. ჩვენ ვუთხარით რომ მრავალჟამიერ დიდხანს სიცოცხლეს ნიშნავს”, – ამბობს მუსიკოსი.
სპორტის უძველესი ეროვნული სახეობა – ქართული ჭიდაობა, (XV საუკუნე) ძირითადად, საქართველოს სოფლებში – საერო და საეკლესიო დღესასწაულებზე იმართებოდა. თავდაპირველად მას საბრძოლო დანიშნულება ჰქონდა და სამხედრო მომზადების ერთ-ერთ საფუძვლად იყო მიჩნეული.
XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან ქართული ჭიდაობა ქალაქებშიც დამკვიდრდა. შეჯიბრი იმართებოდა თბილისში, ბათუმში, ფოთში, ქუთაისში, გორსა და თელავში. თბილისის თითქმის ყველა უბანს თავისი საჭიდაო ჰქონდა. საჭიდაო “კრუგები” იყო მოწყობილი მთაწმინდაზე, ფიქრის გორაზე, ავლაბარში, დიდუბეში და ხუდადოვის ტყეში, სადაც საასპარეზოდ გამოდიოდნენ საქვეყნოდ ცნობილი ფალავნები: დათა ხიზამბარელი, კულა გლდანელი, ნესტორ ესებუა, კოსტა მაისურაძე, დათა ავლაბრელი, იოსებ ცერაძე, ალექსანდრე ეგნატაშვილი, ვანო ქიზიყელი (“კამბეჩუა”), ვანო მიდელაური, სანდრო კანდელაკი, ვანო აბულაშვილი, ირაკლი კახელი, შაშო და გიორგი ვერელები, კოლია ქვარიანი, გიორგი ჯიბგირი, მიხა ქურხული და სხვები. თბილისში საჭიდაოდ ჩამოდიოდნენ.
საჭიდაო სარბიელია ნახერხმოყრილი მოედანი, მოჭიდავეს აცვია უსახელო, მოკლე ჩოხა, ტრუსები, ბანდაჟი, რბილი ტყავისგან შეკერილი უძირო ფეხსაცმელი, შეუძლია ფეხშიშველმაც იჭიდაოს.
შეჯიბრების მონაწილენი იყოფიან ოთხ ასაკობრივ ჯგუფად: მოზარდები (13-14 წ.); ჭაბუკები (15-18 წწ. და 17-18 წ.) და კაცები, 18 წელს ზევით. ქართულ ჭიდაობაში პირველობაში დაიშვებიან უძლიერესი მოჭიდავეები დაწყებული საშუალო წონით.
ორთაბრძოლა იწყება და მთავრდება არბიტრის სასტვენის ხმაზე. თუ რომელიმე მოჭიდავე დაშავდა ან ტანსაცმელი აქვს მოსაწესრიგებელი, შეჭიდება შეჩერდება არაუმეტეს 5 წუთისა. აკრძალულია: დაცემულთან ჭიდაობა, ქამარს ქვევით ხელის ჩავლება, ზურგშექცეული მოწინააღმდეგისთვის ხელის ტაცება, ცალ თეძოსთან ორივე ხელის ტყუპად ჩავლება, მკლავით, ხელით ან ჩოხით ყელში წაჭერა, ფეხზე ფეხის მირტყმა, ხელებით თავის მოგრეხა, მოწინააღმდეგისთვის თავის დარტყმა, ცალი ხელით კისრის დაჭერა ან ხელით კისერზე დაწოლა, ხელის მუცელში მიბჯენა, მაჯის, თითებისა და მკლავის მოგრეხა, მეტოქესთან ან მსაჯებთან შელაპარაკება.
ქართული ჭიდაობა 200-მდე ილეთსა და კონტრილეთს ითვლის. აქ კლასიფიცირებულია ექვსი ძირითადი ჯგუფი: ცერულები, სარმები, თეძოები, მოგვერდები, კაურები, კისრულები და ორი დამხმარე – ბრუნები და ღოჯურები. მათგან თითოეული უამრავ ფანდს შეიცავს.
შ. ქარჩავა