ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ზაზა სოფრომაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროსა და კერძო სექტორის მუშაობის შედეგად, შემოდგომიდან ძირითად მედიკამენტებზე ფასის შემცირება იგეგმება. თუმცა, არ აკონკრეტებს რამდენით შემცირდება მედიკამენტებზე ფასი.
ზაზა სოფრომაძის თქმით, მედიკამენტზე ღირებულების კლებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია და შემოდგომიდან ძირითადი მოხმარების მედიკამენტებსა და გადაუდებელი მოხმარების წამლებზე ფასები დაწევა და გარკვეული შეღავათების დაწესება იგეგმება.
შემოდგომაზე 200-მდე ძირითად მედიკამენტზე ფასების შემცირების შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, თუმცა, როგორც მისი მოადგილე ამბობს, მედიკამენტებზე ფასების შემცირების დაწყების ნიშნულად კონკრეტულად პირველი სექტემბერი არ ყოფილა შერჩეული.
“თუ რა ფორმით მოხდება ეს და რამდენით შემცირდება ამ მედიკამენტებზე ფასი, ბუნებრივია, ამაზე საუბარი ნაადრევია. ამ პრობლემაზე მუშაობა მიმდინარეობს და წლის ბოლომდე აუცილებლად მოხერხდება ფასების დაწევა. გარდა ამისა, ალბათ ნახავდით, რომ ყოველდღიური მუშაობა მიმდინარეობს შესაბამისი სამსახურების მიერ და სწორედ ამის შედეგია ის, რომ ძირითად გამოყენების მედიკამენტებზე ფასების რადიკალური ზრდა ქვეყანაში არ მომხდარა. ეს გახლავთ არა მხოლოდ რომელიმე კერძო სექტორის ინიციატივა, არამედ ორივე მხარის – ჯანდაცვის სამინისტროსა და კერძო სექტორის ურთიერთშეთანხმებული მუშაობის შედეგი,” – განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.