საბჭოთა ხელისუფლების დასრულებას საქართველოში იმ ეპოქის ძეგლებისა და შენობების ნგრევაც მოჰყვა. ქვეყნის დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ხელგაწვდილი ლენინის ძეგლის პიედესტალიდან ჩამოგდების ეპიზოდი ჯერ კიდევ ახსოვთ თბილისელებს. მას მიჰყვა დედაქალაქში არსებული სხვა ქანდაკებებიც. დასანგრევი, თუ შესანარჩუნებელი ერთიანად გასწორდა მიწასთან გასული საუკუნის 90 – იან წლებში, სამოქალაქო ომის დროს.
ამასობაში ქვეყანაში პოლიტიკური დინებები იცვლებოდა, დროის დიდი ინტერვალებით ხელისუფალნიც ცვლიდნენ ერთმანეთს. თითქოს დადგა ძველის გაფრთხილების და უკეთესის შექმნის დროც, მაგრამ “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, როცა ხელისუფლებაში პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მოვიდა, ქუთაისში, XX საუკუნის ბოლოს აღმართული გამარჯვების მემორიალი დაანგრიეს. ცნობილი მოქანდაკის, მერაბ ბერძენიშვილის მემორიალი ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას ეძღვნებოდა.
მემორიალის ადგილას პარლამენტის ახალი შენობის დადგმა გადაწყდა. მანამდე გაიძარცვა მემორიალის რელიეფი. მემორიალის კომპოზიციის ცენტრალურ ნაწილში განთავსებული დედის სიმბოლოს მკერდი გამოფატრეს, გამარჯვებულ მზეჭაბუკს კი ხმალი მოჰპარეს.
“დღეს ზნედაცემული ადამიანი, რომელსაც არ აქვს უნარი, აღიქვას მემორიალის მნიშვნელობა, ანადგურებს, ძარცვავს, ანგრევს ძეგლს, რომელიც მომავალ თაობებს ეკუთვნის. ეს უბრალოდ ავაზაკობაა, ხოლო ასეთი ქმედებისადმი გულგრილი დამოკიდებულება დანაშაულია, დიდი უპატივცემულობა იმ მამაცი ვაჟკაცების მიმართ, რომლებიც ბრძოლის ველზე დაეცნენ, უპატივცემულობაა იმ დედებისადმი, რომლებმაც სამშობლოს ჭეშმარიტი ვაჟკაცები აღუზარდეს. ქუთაისში, მე მეგონა, იყო ხალხი, რომლებიც მე მიყვარდა და რომლებსაც ეს ძეგლი მივუძღვენი”, – განაცხადა წლების წინ მერაბ ბერძენიშვილმა.
ისტორიკოსი ქეთევან პავლიაშვილი მიიჩნევს, რომ სხვა ეპოქების მსგავსად, საბჭოთა ეპოქასაც გამორჩეული კულტურა და ხელოვნება აქვს. ამაზე კი ყველაზე უკეთ კულტურის ობიექტები მეტყველებს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სოციალიზმის დროინდელ ქართულ კულტურასაც აქვს თავისი ხიბლი. ისტორიკოსის აზრით, საქართველოში მან ხაზგასმით შეინარჩუნა ეროვნული მოტივი. ძეგლებთან “ომი” კი ხელისუფლების უსუსურობაზე მეტყველებს და ქვეყნის ისტორიული მეხსიერების წაშლის მცდელობის მაუწყებელია.
“ნებისმიერი ეპოქისთვის კულტურის ობიექტები მეტყველებენ იმ ეპოქის ქვეყნის ისტორიულ ცხოვრებაზე; ისინი უკვე ისტორიული არტეფაქტებია. ჩვენი ქვეყანა უცხოელისათვის საინტერესოა მისი თავისებურებებით, თუნდაც იმ ეპოქით, რომელიც სხვა საბჭოთა რესპუბლიკებთან ერთად ჩვენც გავიარეთ. უცხოეთში განსაკუთრებული ინტერესით იკვლევენ საბჭოურ სისტემას, ცალკე მეცნიერული მიმართულებაც კი გაჩნდა სახელწოდებით “სოვიეტიკა”. ამ უკანასკნელისადმი ინტერესი დღევანდელ საქართველოშიც გაიზარდა, თუმც კვლევები ჯერ კიდევ სუსტია და წლები სჭირდება ამ ეპოქის სათანადოდ შესწავლას”, – აცხადებს ქეთევან პავლიაშვილი.
მისი აზრით, საბჭოთა ეპოქა ძალიან საინტერესო და დამაინტრიგებელია უცხოელისთვის, ხოლო ჩვენთვის ერთობ საჭირო, რადგან მიაჩნია, რომ ქართველი ერი ჯერ კიდევ არ გამოსულა საბჭოური მენტალობიდან, რასაც დიდი დრო და თაობათა მონაცვლეობა სჭირდება.
ქანდაკებების მიმართ სიყვარული საქართველოში ჯერ კიდევ ბოლშევიკური ხელისუფლების დამყარებამდე არსებობდა. განსაკუთრებით კარგად იყო განვითარებული საფასადე ქანდაკებების ხელოვნება. ქვეყნის ძველ ქალაქებში, განსაკუთრებით კი თბილისში, ჯერ კიდევ შეხვდებით ქანდაკებებით გაფორმებულ შენობებს, რომლებიც ამ ქალაქის ისტორიის თავისი ეპიზოდის შესახებ გიამბობენ. ბევრი მათგანი სიძველის გამო ნადგურდება, ბევრი კი დაუდევარი ადამიანის ხელს, ბევრს კი ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების ბიზნესინტერესს ეწირება.
საფასადო ქანდაკებებს მოგვიანებით, საბჭოთა სიმბოლიკა შეემატა. იმ დროს აშენებული ხიდები და შენობები ამის ნათელი დადასტურებაა. თბილისში დღესაც არის შემორჩენილი რამდენიმე შენობა და ხიდი, სადაც დაკვირვებული თვალი საბჭოთა სიმბოლოებს: ნამგალსა და უროს, ხუთქიმიან ვარსკვლავს, ან სულაც ხორბლის თავთავებს შეამჩნევს, რაც სოციალისტური წყობის იდეოლოგიის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი იყო. XX საუკუნის 70-80-იან წლებში ასევე განვითარებული იყო დეკორატიული მოზაიკის ხელოვნება, რომლის შემორჩენილი ნიმუშები დღესაც გვხვდება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში, ძირითადად საჯარო სივრცეებში. მრავალი ასეთ მოზაიკას განადგურება ემუქრება. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დავიწყებას მიეცა მონუმენტური მოზაიკის დარგიც. შემორჩენილ ძეგლებს კი ან ფასადური შელამაზებისად შლიან, ან უბრალოდ ანგრევენ.
ცნობილი ქართველი მოქანდაკე გია ჯაფარიძე დაუშვებლად მიიჩნევს ხელოვნების ნაწარმოების განადგურებას, რომელ ეპოქასაც არ უნდა განეკუთვნებოდეს იგი და როგორი ხელისუფლებაც არ უნდა მოვიდეს ქვეყანაში. მისი შეფასებით, ნებისმიერი ქანდაკება ისტორიის ნაწილია და გარდა თავისი ღირებულებისა, ის არის შემოქმედების შედეგი.
“დასავლეთის ქვეყნებში ასე ხელაღებით არ ანგრევენ ძეგლებს, როგორც ქუთაისში ააფეთქეს და დაანგრიეს მერაბ ბერძენიშვილის შესანიშნავი მემორიალი. ეს მე დანაშაულად მიმაჩნია. ამას საზოგადოების მხრიდან პროტესტი უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ ყველაფერი ისე უცებ მოხდა, ალბათ, ხალხმა კონსოლიდაცია ვერ მოასწრო. ფაქტის წინაშე დადგა საქართველოს მოსახლეობა. შესანიშნავი ქანდაკება იყო და არც ფორმით, არც შინაარსით საერთო არაფერი ჰქონდა საბჭოთა იდეოლოგიასთან. მოხერხდა იმ დროს, რომ ასეთი ქანდაკება დადგმულიყო და ჩვენ ქართველები დავეტაკეთ და დავანგრიეთ”, – აცხადებს გია ჯაფარიძე.
საბჭოთა ეპოქაში ერთობ პოპულარული იყო ბელადების ქანდაკებების აღმართვა. სტალინის გიგანტური ქანდაკების დადგმა თბილისში, მთაწმინდაზეც იგეგმებოდა, მაგრამ ეს იდეა იმ ეპოქაშივე ვერ განხორციელდა. დღეს იმ ადგილას, სადაც დიდი ბელადის ძეგლი უნდა აღმართულიყო, თბილისის სატელევიზიო ანძა დგას.
როგორც Dalma News-სთან საუბრისას მოქანდაკე გია ჯაფარიძემ განაცხადა, ცხადია საბჭოთა ბელადების ქანდაკებები მიუღებელია თანამედროვე, დამოუკიდებელი ქვეყნისთვის, თუმცა, აქაც შეიძლება უმტკივნეულო გამოსავლის მონახვა ისე, რომ ქალაქი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს ტურისტებისთვის. ეს უკანასკნელები კი ასეთი სიმბოლოების მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ. ძველი შენობა-ნაგებობის ფასადზე საბჭოთა სიმბოლიკის აღმოჩენისას ჩერდებიან, ფოტოებს იღებენ, აკვირდებიან.
“ბალტიისპირეთის ქვეყნებში მშვენივრად მოაგვარეს ეს საკითხი. ძველ ძეგლებს კი არ ანგრევენ და ამტვრევენ, ერთ პარკში მიუჩინეს ადგილი და არის გამოფენილი ტურისტებისთვის. საბჭოთა ეპოქაში იდგმებოდა მემორიალები, მაგრამ ამავე დროს ისეთი ქანდაკებებიც იქმნებოდა, რომლებსაც არ ჰქონდა პოლიტიკური დატვირთვა. მაგალითად, სპორტულ თემაზე შექმნილი ქანდაკებები ამშვენებდნენ სტადიონებს, იდგმებოდა საპარკე ქანდაკებები და სხვა”, – აცხადებს ხელოვანი.
მისივე თქმით, ევროპის ქვეყნებში ქანდაკების ხელოვნება ფართოდ განვითარებულია, იმდენად, რომ ცოცხალი ადამიანების ქანდაკებებს დგამენ, მაშინ როდესაც, საქართველოში გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს. თუ ცნობილი ადამიანი 20-25 წლის გარდაცვლილი არ არის, მისი ქანდაკების დადგმის უფლებას არ იძლევიან. გია ჯაფარიძის აზრით, კანონი საჭიროებს ცვლილებას, რომელიც სფეროს სპეციალისტებთან კონსულტაციის შედეგად უნდა შესწორდეს.
“ჩვენ ძალიან ბევრი კარგი მოქანდაკე გვყავს, ძალიან მდიდრები ვართ ამ მხრივ, მაგრამ ამ ადამიანებს მუშაობის საშუალება უნდა მივცეთ. ასევე მოზაიკა. დღეს ფაქტობრივად ნადგურდება ხელოვნების ეს დარგი. ეს ჩვენი ისტორიაა, ასახავს იმ პერიოდს. ისინი შემოქმედი ადამიანების შრომის, ფიქრის და წვალების შედეგია”, – აცხადებს გია ჯაფარიძე და დასძენს, რომ ამ ყველაფრის შენარჩუნებას, სწორი პოლიტიკა სჭირდება.
საქართველოში სკულპტურული ძეგლების მოთხოვნილება XIX საუკუნის შუახანებიდან ჩნდება. თბილისში დადგმული პირველი სკულპტურების ავტორები უცხოელი მოქანდაკეები იყვნენ. 1867 წელს თბილისში, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ვორონცოვის ხიდის ბოლოს, პატარა მოედანზე მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის ძეგლი დაიდგა. ქანდაკება 1922 წელს, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ აიღეს. თბილისში ვორონცოვის ძეგლი მხოლოდ ძველ ფოტოებს შემორჩა.
ქართულ სოციალურ ქსელში დღეს, ინტერნეტმომხმარებლები ხშირად გამოთქვამენ სამდურავს რუსეთის მეფისნაცვალ ვორონცოვის ძეგლის აღების გამო და აღნიშნავენ, რომ მან ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა თბილისისთვის. მოქალაქეების ნაწილი კი ქვეყანაში საბჭოთა პერიოდის არქიტექტურის შენარჩუნების მომხრეა. მათი აზრით, იმ ეპოქაშიც იყო ისეთი დეტალები, რომელთა განადგურების გამო გული სწყდებათ.
“მაგალითად, ხიდების დეტალები. ეს ხიდები საბჭოთა პერიოდის არქიტექტურის ძეგლებია და მათ დიზაინში ძალიან კარგად იჯდა ნამგალი და ურო, ახლა კი მომტვრეულია და ვერავითარ ესთეტიკას ვერ ვხედავ. სულ რომ ამოვძირკვოთ ყველაფერი, მაინც ორჯონიკიძის, ბერიას და ედიკას ქვეყანა ვართ. გრანიტის და მარმარილოს ფიგურები და ბარელიეფები არაფერ შუაშია”, – წერს დავით მიქელაძე.
საბჭოთა ეპოქის არქიტექტურის შენარჩუნების მომხრეა მეცნიერი ვიქტორია ჯუღელი. როგორც მან Dalma News-ს განუცხადა, ეს ქვეყნის ისტორიაა, ხოლო ისტორიას მხოლოდ ვანდალები ანგრევენ. მით უფრო, რომ ბევრი ასეთი ძეგლი, ქართული კულტურის ნაწილია.
“მეცნიერებათა აკადემიის შენობის თავზე საბჭოთა სიმბოლო იყო განთავსებული, რომელიც მოხსნეს. ახლა მის ადგილას ზემოთ აშვერილი რკინის ძელი მოსჩანს, რომელიც არაესთეტიური დასანახია”, – აცხადებს ქართველი მეცნიერი.
ცხადია ნაგებობა, რომელიც გამოსულია მწყობრიდან და ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის, უნდა დაინგრეს, მაგრამ ქანდაკება, თუ მოზაიკა, რომელზეც ისტორიასთან ერთად შემოქმედი ადამიანის ნიჭი იკითხება, ხელისუფლების პოლიტიკური ინტერესების მიუხედავად უნდა გადარჩეს.
შ. ქარჩავა