სომხეთში ფეხბურთის დღესასწაული მოეწყო, რომლის ორგანიზატორი რუსი ბიზნესმენი, ერევნის საფეხბურთო კლუბ “პიუნიკის” მფლობელი არტურ სოგომონიანი იყო.
ღონისძიების ფარგლებში მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდების მატჩი ჩატარდა, ასევე ერევნის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე გაიხსნა “ფან-ზონა”, სადაც სომეხი და რუსი ვარსკვლავების მონაწილეობით, სხვადასხვა შოუპროგრამები და წარსულში ფეხბურთის ვარსკვლავების მასტერკლასები ჩატარდა, ხოლო დიდ ეკრანზე მსოფლიო პირველობის მატჩების ჩვენება მოეწყო, ცნობილი რუსი კომენტატორების: მიხეილ პოლენოვის, რომან გუტცაიტის, კონსტანტინ გენიჩისა და ევგენი ლოვჩევის კომენტარების თანხლებით.
“ფაქტობრივად გვსურს, სომხეთში მსოფლიო ჩემპიონატის სამი დღით ჩამოტანა, რათა სომხეთი რამდენიმე დღით ამ დღესასწაულის მონაწილე გახდეს“, – განაცხადა სოგომონიანმა ერთი თვის წინ ჟურნალისტებთან საუბრისას.
თავის მხრივ, ერევანში ჩასულმა ვარსკვლავებმა განაცხადეს, რომ სომეხი გულშემატკივრებისთვის დღესასწაულის მოწყობა სურთ. ასევე, საფრანგეთის ნაკრების ცნობილი ფეხბურთელის, მსოფლიო ჩემპიონის, იური ჯორკაეფის მიერ, მსოფლიო ფეხბურთში სომხეთის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილ წვლილზეც ისაუბრეს.
„სომხეთში პირველად არ ვარ. ჩემს მეგობარს, იური ჯორკაეფს მის შესახებ ბევრს ვესაუბრები და ხვალინდელ მატჩზე დიდ იმედებს ვამყარებ… ხვალ არ იქნება მეტოქეობა, ხვალ ფეხბურთის დღესასწაული იქნება. თქვენთვის, სტადიონზე მოსული გულშემატკივრებისთვის ვითამაშებთ“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას “ბარსელონას” და ბულგარეთის ნაკრების ლეგენდარულმა ფორვარდმა, ქრისტო სტოიჩკოვმა.
“მადლობა ორგანიზატორებს. გულშემატკივრებისთვის, რომლებიც ხვალ სტადიონზე მოვლენ, სიხარულის მოტანა გვსურს. ჯორკაეიფს არასოდეს დავიწყნია თავისი ფესვები და ჩვენ სომხეთზე ვსაუბრობდით”, – განაცხადა საფრანგეთის ნაკრების ჩემპიონთა შემადგენლობაში ჯორკაეფის პარტნიორმა, ვენსან კანდელამ.
“მოხარულები ვართ, რომ სომხეთში ვიმყოფებით. გვიხარია მეგობრების ხილვა. შედეგი მნიშვნელოვანი არ არის. მნიშვნელოვანია სომეხ ხალხს და ყველა გულშემატკივარს სიხარული მივანიჭოთ”, – განაცხადა ბრაზილიის და “რომის” ნაკრების ლეგენდარულმა მცველმა, ორგზის მსოფლიო ჩემპიონმა კაფუმ.
მატჩის მეორე დღეს, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ პაშინიანი, მსოფლიოში ცნობილ, სომხური წარმოშობის ფეხბურთელს, იური ჯორკაეფს შეხვდა. ამის შესახებ პრემიერმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა:
“სამუშაო დღე სომხური წარმოშობის მსოფლიოში ცნობილ ფეხბურთელ იური ჯორკაეფთან შეხვედრით დაიწყო. მან თქვა, რომ შთაგონებულია სომხური რევოლუციით და მზად არის სერიოზულად დაეხმაროს სომხეთს და სომხურ ფეხბურთს”.
რაც შეეხება თავად მატჩის ლეგენდებს, ერთმანეთს შეხვდნენ ევროპის და სამხრეთ ამერიკის ნაკრებები. ევროპის სახელით სტადიონზე გამოვიდნენ: ლიუშ ფიგუ, პაოლო მალდინი, იური ჯორკაეფი, იარი ლიტმანენი, არისტო სტოიჩკოვი, კახა კალაძე, რაიან გიგზი, ლუდოვიკ ჟიული, დემეტრიო ალბერტინი, ვენსან კანდელა, ბენიტო კარბონე, მარკო შიმიჩი, ლუიჯი დი ბიაჯო, მიგელ ანხელი, კრისტოფერ დიუგარი, ქრისტიან კარამბიო, რომან ბერეზოვსკი, იური კოვტუნი, ალექსანდრე ფილიმონოვი და სხვები. ამ გუნდის მწვრთნელად წარსდგა იტალიის ნაკრების და “მილანას” ლეგენდარული მცველი პაოლო მალდინი.
ლათინური ამერიკის გუნდის შემადგენლობაში ითამაშეს: რივალდომ, ერნან კრესპომ, გაბრიელ ბატისტუტამ, ხავიერ სავიოლამ, დიდა კაფუმ, ჟულიანო ბელეტიმ, ანტონიო ზაგომ, ფრანსისკო ლიმამ, ბებეტომ და სხვებმა. ასევე, ლეგიონერმა ჩრდილოეთ ამერიკიდან, კანადის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო თავდამსხმელი დუეინ დე როზარიომ. გუნდის მწვრთნელი იყო ლეგენდარული ბრაზილიელი ფორვარდი რონალდო.
ვაზგენ სარგსიანის სახელობის რესპუბლიკის სტადიონზე საკმაოდ საინტერესო მატჩი ჩატარდა. ლათინური ამერიკის გუნდმა ანგარიშით 5:2 მოიგო. ევროპის ნაკრებში თავი გამოიჩინეს ლუიშ ფიგუმ და იური ჯარკოეფმა, ხოლო ამერიკის ნაკრებში – გაბრიელ ბატისტუტამ, ხავიერ სავიოლამ, ბებეტომ და დუეინ დე როზარიომ. კანადელი ფორვარდი განსაკუთრებით აქტიურობდა და თითქოს მეგობრული მატჩის ფარგლებს გასცდა და ევროპის ნაკრები სერიოზულად დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ მატჩს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ პაშინიანი და ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი არტურ ვანეციანი ესწრებოდნენ. სომეხი გულშემატკივარი პაშინიანს ისეთი ოვაციებით შეხვდა, რომ სტადიონზე გასულ მოთამაშეებსაც კი შეშურდებოდათ. ფეხბურთის დღესასწაული ისეთი ფეიერვერკით დასრულდა, რომელიც არაფრით ჩამოუვარდებოდა ეროვნული დღესასწაულის ფეიერვერკს.
აიკ ხალათიანი