საქართველოში თამბაქოს მოწევა დასჯადი გახდა. პირველი მაისიდან სიგარეტის მოწევა მთელ რიგ დაწესებულებებში აიკრძალა, კანონის დამრღვევებს კი 50-დან 100 ლარის ჯარიმა ემუქრებათ. თამბაქოს მოწევა იკრძალება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, გარდა ტაქსისა და კატერისა; ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, იგულისხმება შენობა, რომელსაც აქვს იატაკი, სახურავი ან ჭერი და არანაკლებ 1/2-ზე აქვს ნებისმიერი სახის ან მასალის მოძრავი ან უძრავი კედლები, მათ შორის, ღია ან დახურული ფანჯარა და კარი.
მოწევა იკრძალება კაფე-ბარებსა და რესტორნებშიც, რომ აღარაფერი ვთქვათ საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებზე, ბიბლიოთეკებში, მოსწავლე- ახალგაზრდობის ბანაკებში, ბავშვთა გასართობ ცენტრებსა და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ სხვა დაწესებულებებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, აგრეთვე 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე; სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე.
მწეველებს სიფრთხილის გამოჩენა მოუწევთ ბენზინგასამართ, გაზგასამართ და გაზგამანაწილებელ სადგურებზე, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება.
მოწევა შესაძლებელია…
ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილას; თამბაქოს კვამლის შემსწავლელ სპეციალიზებულ ლაბორატორიულ დანადგარში; პენიტენციალურ დაწესებულებაში, სადაც მოწევის პირობებს განსაზღვრავს შესაბამისი მინისტრი; წინასწარი დაკავების იზოლატორში; კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვის საფუძველზე მოწყობილ სიგარაბარში; სამორინეში; აეროპორტის სატრანზიტო ზონაში სპეციალურად გამოყოფილ მოსაწევ ოთახში; სტაციონარული ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისთვის განკუთვნილ დაწესებულებებში თამბაქოს მოწევა ნებადართულია შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის სპეციალური ბრძანებით დადგენილი წესით.
2020 წლის პირველ იანვრამდე, სიგარეტის მოწევა დასაშვებია სტადიონის ტერიტორიაზე და სასტუმროს ნომრების 20%-ში.
რა სანქციები ემუქრებათ მწეველებს…
წესების დარღვევის შემთხვევაში დაწესებულება 500 ლარით დაჯარიმდება, განმეორებისას კი 1000 ლარით; ფიზიკური პირის შემთხვევაში ჯარიმა 100 ლარია. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირი მოწევს მრავალბინიანი სახლის იმ ნაწილში, რომელიც საერთო ქონებაა მაგალითად, ვესტიბიულში, სადარბაზოში, დერეფანში, კიბის უჯრედში, სარდაფში, სახურავზე, ლიფტში და სხვა, იგი დაჯარიმდება 50 ლარით, განმეორების შემთხვევაში 100 ლარით; სანქცია გათვალისწინებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებისთვისაც, რაც 500 ლარიდან 1000 ლარამდე საჯარიმო სანქციით განისაზღვრება. ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრი თუ მოწევს, მას 100 ლარით დააჯარიმებენ. რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მესაკუთრის, ან მფლობელის მიერ შესაბამის სატრანსპორტო საშუალებაში მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობა, გამოიწვევს მის დაჯარიმებას 500 ლარით, განმეორებისას – 1000 ლარით;
ახალმა კანონმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. მწეველები პროტესტის ნიშნად, სოციალურ ქსელში სიგარეტით ხელში გადაღებულ ფოტოებს ავრცელებენ და უკმაყოფილო სტატუსებს წერენ. სამაგიეროდ კმაყოფილები არიან არამწეველები, რომლებიც აქამდე იძულებულნი იყვნენ, ოფისებში, მწეველი თანამშრომლების სიმრავლის გამო, მოთმინებით აეტანათ უუფლებო მდგომარეობა.
ახალი კანონი დადებითად შეაფასა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და განაცხადა, რომ პირველი მაისიდან ამოქმედებული “თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონის წყალობით, საქართველო რეგიონში მოწინავე ქვეყანა ხდება, სადაც ცხოვრების ჯანსაღი წესი ყოველდღიურობაში ჯანსაღად ინერგება.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მაშინ, როდესაც მსოფლიოში თამბაქოსგან გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 10%-ია, საქართველოში ეს რიცხვი 22%-ს შეადგენს. ეს არის კატასტროფული მდგომარეობა. ამიტომ, მოუწოდებს მოქალაქეებს, გაგებით მოეკიდონ აღნიშნულ კანონს და დაიცვან თამბაქოს კვამლისგან თანამოქალაქენი, განსაკუთრებით კი ბავშვები.
პრემიერ-მინისტრი მოუწოდებს შსს-საც, ეფექტიანად განახორციელოს კანონის აღსრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი.
“მსოფლიოში ემპირიულად დადგენილია, რომ ასეთ კანონის მოქმედება მკვეთრად ამცირებს თამბაქოს მოხმარებას. ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას, გაგებით მოვეკიდოთ, განსაკუთრებით – ბიზნესსუბიექტებს, რომლებსაც ეს ეხებათ. მოქალაქეების მხრიდან ამ პრობლემის გაგება და თანამშრომლობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მისი ეფექტისთვის”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
Vox populi
ჟურნალისტი ბექა ღიბრაძე 14 წლიდან ეწევა. ასაკისა და ფინანსური სახსრების შესაბამისად, ხშირად უწევდა სასურველი ფირმის სიგარეტის, სხვა ფირმით ჩანაცვლება. თუმცა, როგორც Dalma News-თან საუბრისას განაცხადა, კარგია, როცა მწეველი სიგარეტს რეგულარულად ცვლის. ახალგაზრდა მამაკაცი კანონს დადებითად აფასებს, თუმცა ეჭვობს, მან რეალურად იმუშაოს. კანონის ხარვეზად მიაჩნია, ისიც, რომ მწეველებს, ფაქტობრივად, არ დარჩათ დახურული სივრცე საკუთარი სახლის გარდა.
“მწყინს, მაგრამ ვფიქრობ, კარგია, როცა ნაკლებად მექნება შესაძლებლობა, მე, როგორც მწეველმა სიგარეტის კვამლით სხვა შევაწუხო. როგორც წესი, ადამიანებს შინაგანი პასუხისმგებლობა არ “აიძულებთ”, დახურულ საერთო სივრცეში არამწეველებისთვის დისკომფორტის შექმნას ყურადღება მიაქციონ და თავად მოძებნონ ისეთი ადგილი, სადაც სხვა არ შეწუხდება. ახლა კი ამ ყველაფერს კანონი გაიძულებს. ვფიქრობ, პოზიტიური ნაბიჯია და იმის თქმა, რომ ავტომობილის გამონაბოლქვი უფრო მავნეა, ქუჩებში ხე არ დარჩა ან ათასი უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა გვაქვს, რომელსაც უნდა მივხედოთ, რბილად რომ ვთქვათ, სისულელეა”, – ამბობს ბექა ღიბრაძე.
მისივე თქმით, ცუდი ის არის, რომ მწეველებს არ აქვთ უფლება სიგარეტი მოწიონ საკუთარი სახლის აივანზეც კი, რომელიც ოთხივე მხრიდან არ არის ღია. გარდა ამისა, აღარ იქნება კაფე-ბარის მსგავსი ტიპის დაწესებულება, სადაც მისვლა, მოწევა და ერთმანეთთან საუბარი შეეძლებათ. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ მავნე ჩვევები არ უნდა წაახალისოს, მთლად ასე უხეშად მოქცევა არ შეიძლებაო, – ამბობს ბექა და დასძენს, რომ ნაბიჯი, რომელიც შეიძლება, ძალიან კარგი ყოფილიყო, გააფუჭეს და ნეგატიურად დატვირთეს, რაც სამართლიან გაღიზიანებას იწვევს.
“მოკლედ რომ ვთქვათ, შინაარსი კარგია, ფორმა – საშინელი”, – ამბობს იგი.
ახალი კანონით უკმაყოფილოა ბიზნესმენი ლევან ჯიბღაშვილი, სიგარეტის და ჩილიმის აკრძალვის პირველივე დღეს სტუმრების რაოდენობა ყველა ჩემ რესტორანში იმის მესამედი იყო ვიდრე სხვა დღეებშიო, – წერს სოციალურ ქსელში.
ბიზნესმენს სხვებიც გამოეხმაურნენ. მწეველები თავიანთი შეზღუდული უფლებების გამო სწუხან, არამწეველები კი ჯიბღაშვილისთვის რჩევებს არ იშურებენ,- მწეველების ოთახები ცალკე გააკეთე და ერთი სამად გაიზრდება კლიენტურა. ან მწეველებისა და არამწეველების ჩაიხანა გახსენი, ვისაც სად უნდა, იქ წავიდესო…
P.S. “თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონის ინიციატორი, პარლამენტის დეპუტატი გუგული მაღრაძეა. მას შემდეგ რაც ახალი კანონი საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოიწონეს და დააკანონეს, მან ახალი ინიციატივა დააანონსა. საუბარია, არც მეტი, არც ნაკლები ჭარბი წონის წინააღმდეგ ბრძოლაზე. დეპუტატის თქმით, ეს თემა აქტუალურია მთელს მსოფლიოში და საქართველოც მათ რიცხვს უნდა შეუერთდესო. “ჭარბწონიანობა პრობლემაა მოსწავლეებშიც. უნდა ვიფიქროთ, როგორი უნდა იყოს კვება სკოლებში, ბაღებში. ვთქვათ, ტკბილეულის ნაწარმზე, როგორი უნდა იყოს ფასი და გადასახადი”, – აცხადებს გუგული მაღრაძე. ახალი ინიციატივის მისამართით უკვე გაისმა კრიტიკა, ზოგმა ქალბატონ დეპუტატს, კანონის მიღებამდე დიეტის დაცვა და საკუთარ წონაზე დაფიქრება ურჩია.
შორენა პაპაშვილი