საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას მრავალსაუკუნოვანი ფესვები აქვს. გარკვეული ხელისშემშლელი ფაქტორების, თუ ხშირ შემთხვევაში ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობის მიუხედავად, ქართველი მეცნიერები ცდილობენ მსოფლიოს სამეცნიერო მაჯისცემას არ ჩამორჩნენ და თანამედროვე გამოწვევებს სათანადოდ უპასუხონ, ამა თუ იმ პრობლემის გადასაჭრელად გარკვეული გამოსავალი მონახონ და საჭირო რეკომენდაციები ხელისუფლებას მიაწოდონ. აკადემია აქტიურად მონაწილეობს მეცნიერებისა და ინოვაციის საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც წელს უკვე მესამედ ჩატარდა. Dalma News-ი მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის “ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის” ხელმძღვანელს, აკადემიკოს ირაკლი ჟორდანიას ესაუბრა.
– წელს რა ღონისძიებებით წარსდექით ფესტივალზე?
– მეცნიერებათა აკადემია ფესტივალში მისი დაარსების დღიდან მონაწილეობს. ვმართავთ გამოფენებს, სამეცნიერო ლექციებს. 2017 წელს საკმაოდ საინტერესო თემები წარმოადგინეს ჩვენმა აკადემიკოსებმა: “ინოვაციური ტექნოლოგიები არაორგანულ მასალათმცოდნეობაში”; „ინოვაციური პროექტი ექსტრემალურ სიტუაციებში სწრაფად ასაგები მრავალჯერადი გამოყენების მექანიზებული ხიდისა”; “საქართველოში კრიზისების რისკის შემცირების სტრატეგია”.
“ინოვაციური ტექნოლოგიები მიწისქვეშა ნაგებობების მშენებლობის სფეროში” საკუთარი აღმოჩენები წარმოადგინა აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა ლევან ჯაფარიძემ. განსაკუთრებული მსჯელობა მოჰყვა პროფესორ ნიკოლოზ ჩიხრაძის კვლევას – “მიწისქვეშა სივრცეებში ხანძრის აფეთქების დეტექტირება და დაცვის ინოვაციური მეთოდები”. მათ ეს შეასრულეს ნატოს დაფინანსებით და მათი თხოვნით. გამოგონება აშშ-ში დაპატენტდება. ნაშრომს რამდენიმე ავტორი ყავს და დარწმუნებული ვარ უცხო ქვეყნებში გავა აუცილებლად საქართველოს სახელით.
სიმპოზიუმზე ასევე, განვიხილეთ თანამედროვე მცირე გაბარიტის მობილური მანქანების ინოვაციური პროექტები და ტრიბოტექნიკის თანამედროვე პრობლემები სატრანსპორტო მანქანებში და მათი გადაჭრის ინოვაციური გზები.
– თბილისში გაიმართა თვითგავრცელებადი მაღალტემპერატურული სინთეზისადმი მიძღვნილი XIV საერთაშორისო სიმპოზიუმი. რა მიღწევები აქვს საქართველოს?
– საქართველო იმ ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც ერთ-ერთმა პირველებმა დაიწყეს თვითგავრცელებადი მაღალტემპერატურული სინთეზის მეცნიერული საფუძვლების და ტექნოლოგიების განვითარება. ეს არის ენერგოდამზოგი, ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების შემუშავება. ტექნოლოგია საშუალებას იძლევა მცირე ენერგოდანახარჯებისა და მარტივი აპარატურის გამოყენებით მივიღოთ უნიკალური თვისებების მქონე მასალები. 1980 წელს, ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის ბაზაზე, შეიქმნა თმს-ის ლაბორატორია, სადაც ფართო ფრონტით მიმდინარეობს კვლევები. ამ მიმართულებით ჩატარებული მეცნიერული კვლევებისთვის ინსტიტუტის თანამშრომლებს ორჯერ მიენიჭათ საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერების დარგში, 2013 წელს, გიორგი ნიკოლაძის სახელობითი აკადემიური პრემია, ხოლო 2016 წელს, ინსტიტუტის თანამშრომელს მიენიჭა უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის უმაღლესი სამეცნიერო ჯილდო, აკადემიკოს ვერნადსკის ოქროს მედალი.
1985 წელს, ქალაქ ქუთაისში ჩატარდა კონფერენცია ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების მეცნიერთა მონაწილეობით, რომელიც მიეძღვნა თვითგავრცელებადი მაღალტემპერატურული სინთეზის და მასალათმცოდნეობის ერთობლივ საკითხებს, ხოლო 2005 წელს თბილისში ჩატარებული საერთაშორისო ვორკშოპი – სამხრეთ კავკასიაში თმს-ის განვითარების პრობლემებს. ინსტიტუტის თანამშრომელთა სამეცნიერო სტატიები იბეჭდება რეიტინგულ უცხოურ ჟურნალებში, ხოლო მონოგრაფიები გამოცემულია აშშ-ში და ჩინეთში. ყოველივე ამან ინსტიტუტს საერთაშორისო აღიარება მოუტანა. ინსტიტუტს გააჩნია მეცნიერული კავშირები, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის, ასევე სხვა საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრებთან.
თვითგავრცელებადი მაღალტემპერატურული სინთეზი ერთ-ერთი პრიორიტეტული სამეცნიერო-ტექნოლოგიური მიმართულებაა თანამედროვე მასალათმცოდნეობაში. ამჟამად ამ მიმართულებით სამეცნიერო-კვლევითი და ტექნოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს მსოფლიოს 51 ქვეყანაში. XIV საერთაშორისო სიმპოზიუმის თბილისში ჩატარება ქართული თმს სკოლის აღიარებაა. ასეთ სიმპოზიუმებზე საქართველოს მეცნიერული და ტექნოლოგიური პოტენციალის წარმოჩენა, უთუოდ შეუწყობს ხელს საქართველოში მაღალი ტექნოლოგიების დანერგვას და განვითარებას.
– რამდენად გაქვთ სახელმწიფოსგან ხელშეწყობა?
– არ შემიძლია ვთქვა, რომ დიდი და რევოლუციური გადატრიალება მოხდა ამ სფეროში, მაგრამ მიდგომები პრინციპში ნელ-ნელა უმჯობესდება და მთავრობა ყურადღებით ეპყრობა ჩვენს მუშაობას. ჩვენი მოხსენებები და პროექტები ხშირად იხილება პარლამენტსა და მთავრობაში, არის შესაბამისი მხარდაჭერა.
– საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას მრავალსაუკუნოვანი ფესვები აქვს…
– საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია არის უძველესი ქართული აკადემიების – გელათისა და იყალთოს აკადემიების მემკვიდრე, სახელმწიფოს მაღალი დონის ინტელექტუალური განვითარების ატრიბუტი, მთავრობის მეცნიერული მრჩეველი, საერთაშორისო მნიშვნელობის სამეცნიერო მიღწევებისა და მაღალი სამეცნიერო და სამოქალაქო ავტორიტეტის მქონე პირთა გაერთიანება. აკადემიის მიზანია, ფეხი აუწყოს მსოფლიოს სამეცნიერო მიღწევებს და ჩვენი ინტელექტუალური შესაძლებლობები და პროფესიონალური კადრები წარმოვაჩინოთ საერთაშორისო ასპარეზზე. ხელი შევუწყოთ ფუნდამენტურ და გამოყენებით მეცნიერულ კვლევებს. ვამუშავებთ რეკომენდაციებს საქართველოში და უცხო ქვეყნებში მიმდინარე ეკონომიკური და სოციალური პროექტების მოსალოდნელი შედეგებზე.
– როგორია მეცნიერებათა აკადემიის საერთაშორისო პრაქტიკა?
– საზღვარგარეთის ქვეყნებთან და საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციებთან აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა მიმართულებით. ყველა ეს მასალა, რომელიც უკანასკნელი 3-4 წლის განმავლობაში დაგვიგროვდა ერთ წიგნში მოიყრის თავს. წიგნი თითქმის უკვე მზად არის და დაახლოებით ერთ თვეში გამოვცემთ. შემიძლია გითხრათ, რომ აშშ-ს სენატის ენერგეტიკული კომისიიდან მოგვმართეს წერილით, სადაც თანამშრომლობას გვთხოვენ ხელოვნური საწვავის შექმნის პროცესებში. გარდა ამისა, მიგვიწვია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ და ქალაქ იანტაიში, სადაც განთავსებულია ჩინეთის უდიდესი სამეცნიერო ცენტრი, გაიხსნა ქართულ-ჩინური ლაბორატორია, რომელსაც დიდი გამოძახილი ჰქონდა ჩინეთის ცენტრალურ პრესასა და ტელევიზიაში. ეს არის ურთიერთთანამშრომლობის შესანიშნავი მაგალითი. მსგავსი პრეცედენტი ჯერ არც ერთ სფეროში არ ყოფილა, რომ ქართველი მეცნიერი წაეყვანათ და მისთვის ლაბორატორია გაეხსნათ.
ეს არის პირველი პრეცედენტი და ჩვენი მეცნიერები იქ მუდმივ რეჟიმში მუშაობენ. ძალიან მძიმე მდგომარეობა არის ჩეჩნეთში, სადაც ნავთობის ნარჩენებია ნიადაგში გამჯდარი და მოსავალი არის ეკოლოგიურად მიუღებელი და კაცეროგენული. ამ საქმეში დასახმარებლად ჩვენს მეცნიერებს იწვევენ.
– ჩინელები თავად აოცებენ მსოფლიოს თავიანთი მეცნიერული მიღწევებით…
– ჩინელები ასევე დაინტერესებულნი არიან შენი მიღწევებითაც. მთელს მსოფლიოში კრებენ ინფორმაციას და სადაც რამე მოსწონთ ძალიან მაღალ დონეზე იყენებენ. ჩვენი მეცნიერებათა აკადემიის თითქმის ყველა აკადემიკოსი დაკავშირებულია უცხოეთთან. გვყავს ისეთებიც, რომლებიც მუდმივად უცხოეთში მუშაობენ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემია უშუალოდ თანამშრომლობს გაეროსთან კატასტროფების რისკების შემცირების საკითხში. მსოფლიოში ძალიან გახშირდა ბუნებრივი კატასტროფები, მიწისძვრები, ქარიშხლები და ცალკეულმა სახელმწიფოებმა მიმართეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას დახმარებისთვის. გაეროში შექმნა სპეციალური სტრუქტურა, რომელიც თვალყურს ადევნებს კატასტროფებს და რეგულარულად აქვს ჩვენთან კონტაქტი, ყოველ კვირაში ვღებულობთ მათგან ინფორმაციას. როდესაც სახელმწიფოებმა მიმართეს გაეროს, მან მიმართა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მეცნიერებათა აკადემიას და სულ 12 შეარჩია თანამშრომლობისთვის. შერჩეულთა შორის, ინგლისისა და საფრანგეთის გვერდით საქართველოც მოხვდა.
– საქართველოსგან რას ელოდებიან?
– ერთად მუშაობას პროგნოზირებაში, ლიკვიდირებაში… ბუნებრივ კატასტროფებს მოაქვს მძიმე შედეგები. მარტო უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში ერთი მლნ ადამიანია დაზიანებული მთელს მსოფლიოში. არის ნგრევები. მექსიკაში მოხდა ამ ბოლო ხანებში დამანგრეველი მიწისძვრა, ამერიკას გრიგალი “ირმა” დაატყდა თავს და დაანგრია ნახევარი ამერიკა.
– საქართველოს ტექნოპარკის მუშაობას როგორ შეაფასებთ?
– ტექნოპარკთან აქტიურად თანამშრომლობენ ჩვენი მეცნიერები. ის მეცნიერული კვლევების რეალიზაციისთვის ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულ ფორმად მიმაჩნია.
– ამჟამად რაზე მუშაობთ საქართველოში?
– ძალიან სერიოზულ საკითხზე. რაღაც მწერები შემოვიდა და მოსპეს მთლიანად თხილი საქართველოში და ახლა გადავიდნენ სიმინდზე, ამასთან დაკავშირებით დავიწყეთ მუშაობა, რა ქიმიური საშუალებები დავუპირისპიროთ მას.
– ხელოვნურად არის შემოყვანილი ეს მწერი?
– მაგას მნიშვნელობა არ აქვს, ხელოვნურად არის თუ ბუნებრივი გზით. მათი წარმომავლობა არ ვიცით. ამ დღეებში განვიხილეთ ეს საკითხი. გამოვიკვლევთ ამ მწერის წარმოშობის მიზეზს, სად გაჩნდა პირველად, როგორ გავრცელდა, რა ჭირთ იმ ქვეყნებს სადაც ის გაჩნდა. რუსთაველის ფონდიდან, ალბათ, გამოიყოფა თანხები და დაგვაფინანსებენ. გვინდა ამ მავნებელს დავუპირისპიროთ სხვა მწერი, ან ისევ ქიმიური საშუალება. მაგრამ, სამწუხაროდ საქართველოს არ გააჩნია ვერტმფრენები, რომ მისი მეშვეობით შევწამლოთ დიდი ტერიტორიები, აქ სხვა ბევრი პრობლემაც არის. არ არის სრულფასოვანი შეწამვლა, ამიტომ ახალი რეაქტივებით უნდა მოხდეს შეწამვლა.
– ალბათ, ეს რამდენიმეწლიანი პროცესი იქნება?
– როდესღაც ხომ უნდა შეუდგე ამ საქმეს. უნდა დაიწყო კვალიფიციურად, მაღალ დონეზე და არა ყურმოკვრით, კადრების მომზადება და შესაბამისი ტექნიკა არის საჭირო. თურქეთში ვერ გაიხარეს ამ მწერებმა, აქ კი ისეა მოდებული, რომ ამას ერთი და ორი წელი არ უშველის.
ესაუბრა შ.ქარჩავა