საქართველო – ქვეყანა, სადაც უამრავი ლეგენდა არსებობს, სადაც წინაპართა საგმირო საქმენი დაუჯერებელ, ზღაპრად მონათხრობ ამბავს ჰყავს. რა ვიცით ჩვენი წინაპრების შესახებ? როგორ ცხოვრობდნენ ქართველი მეფეები? რა იყო მათი ბრძოლისა და თავდადების მიზეზი? კინოსტუდია “ხომლმა” გადაწყვიტა დახატოს ქართველ მეფეთა პორტრეტები და მაყურებელს მხატვრულ-დოკუმენტური ფილმების სახით გააცნოს ლეგენდებად ქცეული დიდებული მმართველების ცხოვრება. მათი სახეები ფრესკებიდან ასე, თუ ისე ვიცით, მაგრამ ბოლომდე მაინც უცნობია მათი ცხოვრება. მაყურებელი გაივლის გზას ისტორიიდან თანამედროვე მხატვრის სახელოსნომდე და ეს გზა თამარ მეფით დაიწყება.
2013 წელს თამარ მეფის გარდაცვალებიდან 800 წელი შესრულდა, კინოსტუდია “ხომლის” შემოქმედებითი ჯგუფი იმედოვნებდა, რომ ფილმის გადაღებას ერთ წელიწადში დაასრულებდნენ და საიუბილეო თარიღს მიუძღვნიდნენ. მაგრამ ფინანსების სიმცირის გამო გადაღებები გაჭიანურდა და 2015 წელს დასრულდა. თამარს მეფობა საქართველოს ისტორიის “ოქროს ხანაში” მოუწია, ცხადია იმ ეპოქის მხატვრულ ფილმში გაცოცხლებასა და თანამედროვე მაყურებლისთვის დამაჯერებელი სურათის შექმნას, საკმაოდ სერიოზული თანხები დასჭირდებოდა. ერთი მხრივ იღებდნენ “ოქროს ხანას”, მაგრამ ამ სიმდიდრის ჩვენება გადაჭარბებული არ უნდა იყოს. ქართველმა კინოხელოვანებმა გამოსავლი მონახეს და ფილმი მხატვრულ-დოკუმენტურ ჟანრში მოათავსეს.
კვლავ თამარ მეფეს (1166-1213) დავუბრუნდეთ. ის 1184 წელს გამეფდა, იყო ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის წარმომადგენელი და იწოდებოდა – “მეფეთ მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა მფლობელი”.
თანამედროვე თბილისელი მხატვარი მოგზაურობს საქართველოს ისტორიულ ადგილებში, ეძებს არტეფაქტებს და ცდილობს დახატოს მეფეთა პორტრეტები. იწყებს თამარით, ეძებს მინიშნებებს, რომლებიც თამარის პორტრეტის შექმნაში დაეხმარება, ციხე-სიმაგრეში, ტაძარებში, მონასტრებში თუ სხვაგან. ფილმის განმავლობაში წერს ვიდეოდღიურს და მაყურებლის თვალწინ ნახატი ნელ-ნელა ცოცხლდება. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია საიდუმლო, რომლითაც მოცულია თამარ მეფის ცხოვრება, ქორწინებით დაწყებული გარდაცვალებით დასრულებული. დღემდე უცნობია მისი საფლავი. ვიცით მხოლოდ, რომ სვეტიცხოვლის ეკლესიიდან შვიდი სასახლე გაიტანეს სხვადასხვა მიმართულებით და არავინ იცის, მათგან, რომელში ესვენა თამარი. მის შესახებ თითო ლეგენდა საქართველოს ყველა სოფელში ცოცხლობს. ამ ლეგენდების ამოხსნაა ფილმის მისიაცა და მიზანიც.
როგორც ფილმის სცენარის ავტორმა ნინო სადღობელაშვილმა გვითხრა, საქართველოს ისტორიაში ალბათ, არ არსებობს უფრო ცნობილი ადამიანი ვიდრე თამარია, მაგრამ პარადოქსია, რომ მის შესახებ დღემდე არ გვაქვს ფილმი, მნიშვნელოვანი ხელოვნების ნიმუში, რომ მსოფლიოს გავაცნოთ იგი, არა მხოლოდ იმიტომ, რომ იყო ქალი მეფე და განსაკუთარებული პიროვნული თვისებებით შემკული, არამედ იმიტომ, რომ მის ეპოქას ბევრი მნიშვნელოვანი ნოვაციური პოლიტიკური გარდაქმნა უკავშირდება.
“როდესაც ვსაუბრობთ ევროპულ ორიენტაციაზე, როგორ დავალეპარაკოთ დანარჩენ სამყაროს და რა მოდელი შეგვიძლია მათ შევთავაზოთ, ეს ფიქრები და ეს ნაბიჯები 12-ე საუკუნეში თამარ მეფის მეფობის ჟამს გადაიდგა. ამ თემასთან შეჭიდება შესაძლოა ვინმემ დიდ თავხედობად, ან დიდ გაბედულებად შეგვიფასოს, მაგრამ ჩემის მხრიდან ეს იყო ძალიან დიდი სიყვარული ამ ადამიანის, წმინდანის მიმართ, როგორ იცხოვრა მან”,- ამბობს ნინო სადღობელაშვილი.
დარწმუნებული ვარ ქართველი მაყურებლისთვის უდიდესს ინტერესს იწვევს მთავარი როლის შემსრულებელი. ვის შესწევს უნარი გააცოცხლოს ლეგენდად ქცეული ულამაზესი თამარ მეფის სახე, რომელიც უამრავი პოეტის შთაგონების წყაროდ იქცა. სწორედ მას ეძღვნება შოთა რუსთაველის უკვდავი პოემა “ვეფხისტყაოსანიც”. ახალგაზრდა რეჟისორმა ლევან ლომაშვილმა არჩევანი მსახიობ ანა მატუაშვილზე შეაჩერა. ყუთლუ-ასლანს მსახიობი გივი ჩუგუაშვილი ანსახიერებს, მამიდას – დარეჯან ხარშილაძე. ეკრანზე გამოჩნდება თამარ მეფის ორივე მეუღლე იური რუსი და დავით სოსლანი. ძირითადი სცენები უფრო მეტად პორტრეტულია, დიალოგის გარეშე.
“როგორც კი “თამარ მეფის” გადაღების იდეა გაჩნდა, გონებაში მაშინვე ანას სახე ამომიტივტივდა. ჩემს წარმოსახვაში თამარი სწორედ ასეთი იყო: მომხიბვლელი და ძლიერი, ყველაფერში ზომიერი, დამაჯერებელი საუბრით. თამარის როლის შემსრულებელს უნდა ჰქონოდა გამორჩეული ხმის ტემბრი და ანა ამ მხრივაც ზუსტად მოერგო როლს”, – გვითხრა რეჟისორმა.
თავად ანასთვის კი ეს როლი უდიდესი პასუხისმგებლობა და გამოწვევაა, რადგან იცის, რომ ქართველი მაყურებელი განსაკუთარებული ყურადღებით ეკიდება ისტორიული პერსონაჟებისა, თუ წმინდანების თემებს. მსახიობი ბრმად ენდო რეჟისორს, ბოლომდე დაიხარჯა და მზად არის მთელს შემოქმედებით ჯგუფთან ერთად გაუძლოს კრიტიკასაც და მათთან გაიზიაროს სიხარულიც.
“იმდენად სხვანაირი სიყვარული ვიგრძენი შემოქმედებითი ჯგუფის მხრიდან თამარ მეფის მიმართ, შევშინდი კიდეც. არ ვიცი მაყურებელს მოეწონება თუ არა, მაგრამ, მე ბრმად ვენდე რეჟისორს”, – ამბობს ანა.
თამარ მეფე წმინდანი იყო და ძალიან ასკეტურად ცხოვრობდა. ეს ფაქტი ფილმშიც გამოკვეთილია. სურათის მხატვრულ ნაწილში ყველაფერი გამოგონილია. თუმცა, როგორც რეჟისორი ამბობს, თამარის სახე იმდენად შესისხლხორცებული აქვს, ზუსტად ხვდება, როგორ ჩაატარებდა საეკლესიო კრებას, რა ურთიერთობა ექნებოდა ადამიანებთან, როგორ გაუმკლავდებოდა პრობლემებს. თუმცა, რასაკვირველია ეს მისეული ხედვაა და ერთგვარი ბეწვის ხიდია მაყურებლის გულებამდე.
ფილმისთვის საგანგებოდ შეიქმნა კოსტიუმები. მხატვარმა ხათუნა გიგუაშვილმა თამარ მეფის ორი ძირითადი კოსტიუმი ხელით შეკერა და დეკორატიული თვლებით გააფორმა. გადაღებები მიმდინარეობდა სოფელ ვაშლოვანში, ძირითადი ნაწილი კი თბილისში, სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთ დარბაზშია გადაღებული.
მოკლედ გეტყვით, რომ კინოსტუდია “ხომლი” 2011 წელს შეიქმნა და ჯგუფის წევრებს სურთ საქართველოს 13 მეფეზე შექმნან შემეცნებითი ხასიათის ფილმების ციკლი და ბავშვებს ეს ისტორიები თამაშ-თამაშით მოუთხრონ. მათი მიზანია, ფილმები სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესში ჩართონ და სკოლებისთვის ერთგვარ დამხმარე სახელმძღვანელოდ იქცეს, რათა ბავშვებმა არა მხოლოდ წიგნიდან, ვიზუალური თვალსაჩინოებით გაიცნონ თამარ მეფე და მისი ეპოქა. საამისოდ განათლების სამინისტროს თანხმობა უკვე აქვთ. Dalma News-ი წარმატებებს უსურვებს ფილმის ავტორებს, ასეთ რთულ და საპასუხისმგებლო თემასთან ჭიდილში. მთავარი მაინც ის, არის, რომ საქართველოს ერთადერთი მეფე ქალის, თამარის შესახებ ფილმი, საუკუნეების შემდეგ პირველად გადაიღეს.
შორენა პაპაშვილი