საქართველოში პატრიოტიზმი კვლავ აქტუალური თემაა. უკანონო მიგრაციის წინააღდეგ, თბილისში დაწყებული მოძრაობა “ქართული მარში”, თანდათან ძალებს იკრებს და მოთხოვნების არეალს აფართოებს. მარშის დარტყმის ობიექტი ამჯერად, ამერიკელი ფინანსისტი ჯორჯ სოროსი და “ქართული ოცნებაა”. პირველს საქართველოს ინტერესების საზიანოდ მოქმედებაში, მეორეს კი, სასოფლო-სამურნეო მიწების უცხოელებისთვის მიყიდვის მცდელობის გამო აკრიტიკებენ.
რა მიზნები ამოძრავებს “ქართულ მარშს” და ჩამოყალიბდება თუ არა პოლიტიკურ პარტიად, ამის შესახებ Dalma News-ს მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე ესაუბრა.
– როგორ დაიბადა “ქართული მარშის” იდეა?
– ქართული მარში არის საზოგადოებრივი მოძრაობა, ყოველგვარი სტრუქტურებისა და უფროს – უმცროსობის გარეშე. ეს არის თანამოაზრეთა ჯგუფი, რომლებიც ეროვნული, ქართული სახელმწიფოებრივი საკითხების გადაწყვეტისთვის იბრძვიან, რაც ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია. ჩვენი მოძრაობის მიზანია, ეროვნული იდენტობის დაცვა და ქართული თვითმყოფადობის შენარჩუნება. “ქართული მარშის” იდეა სპონტანურად გაჩნდა, თანდათან გავფართოვდით. ახლა საკმაოდ ბევრი ადამიანია ჩვენს რიგებში.
– თქვენი გაერთიანების მიზეზი არალეგალური მიგრაციაა?
– ასეთი პროცესები უცხო არ არის დასავლეთისთვის. ევროპაში იგივე პროცესებმა შვა მარი ლე პენი, საფრანგეთის ეროვნული ფრონტის პრეზიდენტი, ავსტრიაში – ჰაინც-კრისტიან შტრახე, ავსტრიის თავისუფლების პარტიის თავმჯდომარე, ხოლო აშშ-ში ამჟამინდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც იგივე მიგრაციის თემის მიმართ ბევრად რადიკალურია ვიდრე ჩვენ.
ეს არის კონსერვატორული იდეების გარშემო გაერთიანება, რომლებიც ყველასთვის მისაღებია. ჩვენ ვებრძვით საქართველოს მოღალატეებს, სამშობლოს მტრებს, იმ ლიბერალისტებს, რომლებმაც 24 წლის განმავლობაში დაანგრიეს და დააქციეს ჩვენი ქვეყანა. რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ქართული იდენტობა წაშლილიყო, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისთვის მიეყენებინათ ზიანი და ყველაფერი წმინდა და ეროვნული, რომელიც მოგვდგამს საუკუნეებით, წაშლილიყო. სწორედ ასეთი ძალების საწინააღმდეგოდ არის ეს ორგანიზაცია შექმნილი. რაც შეეხება მიგრანტებს, ისინი ძირითადად შემოდიან აზიის ქვეყნებიდან. ევროპიდან ჩვენთან მუდმივად საცხოვრებლად, თან არალეგალურად არავინ მოდის, პირიქით ქართველები მიდიან ევროპაში.
– “ქართული მარში” გზა და გზა ახალ-ახალ მოთხოვნებსაც აყენებს…
– მიგრანტების თემა “ქართული მარშის” ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ჩვენი მიზანია ხელი შევუშალოთ საქართველოში დემოგრაფიული ვითარების შეცვლას. ამიტომ გადავდივართ ბრძოლის ახალ ეტაპზე, ეს არის სისტემური ცვლილებები. მიგვაჩნია, რომ სისტემა უნდა შეიცვალოს, რადგან ამ სისტემით ჩვენი სახელმწიფო ვერასოდეს მიაღწევს წარმატებას. სწორედ ამ თემებზე მიდის ქართული მარშის წევრებს შორის მსჯელობა და დაახლოებით ერთი კვირის ვადაში, უკვე მძლავრ საპროტესტო აქციებს დავიწყებთ თბილისში. ვისაც უნდა მამულის, ქართული იდენტობის დაცვა, ვინც მხარს არ უჭერს ჰომოსექსუალებისა და ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას, ყველას ვეპატიჟებით ამ აქციებზე.
– სოროსს რატომ ებრძვით?
– სოროსი არის ქართველებისა და საქართველოს ყველაზე დიდი მტერი. ის პერსონა ნონგრატად არის გამოცხადებული ბევრ ქვეყანაში. მას აკრძალული აქვს მოღვაწეობა თავის ორ ისტორიულ სამშობლოში – უნგერთსა და ისრაელში. სოროსი არის სიმსივნე, რომელიც უნდა მოიკვეთოს საქართველოდან. სოროსს არ აქვს უფლება ერეოდეს საქართველოს საშინაო საქმეებში, თუმცა დღემდე აკეთებს ამას. მართავს საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის დიდ ნაწილს. ის არის 2003 წლის “ვარდების რევოლუციის” ძირითადი შემოქმედი, რის შედეგადაც პრეზიდენტად მიხეილ სააკაშვილი მოგვევლინა. დიდი უბედურება იყო სააკაშვილის ხელისუფლებაში მოყვანა. სოროსმა შეაღწია არა მარტო ქართულ პოლიტიკაში, არამედ მედიაში. მედია დავალებულია სოროსისგან, იმიტომ, რომ ის გრანტებს უყოფს, ფულს აძლევს. სწორედ ამიტომ, ქართულ მედიაში მიმდინარეობს ეკლესიის გინება, საქართველოს გინება, ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა და ყველაფერი სისაძაგლე.
უნგრეთის ტერიტორიაზე ფაქტობრივად აკრძალულია სოროსის საქმიანობა, ისევე, როგორც ისრაელში. ანუ აკრძალეს უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ორბანი აღიარებული ევროპული ლიდერია, ეს ქვეყანა ევროკავშირის წევრია და იქ არავინ დაუშვებს იმას, რომ მედია იყოს შეზღუდული. სოროსი ებრძვის დონალდ ტრამპსაც, ერევა მაკედონიის შიდა საქმეებში. მაკედონიაში მიმდინარეობს გამოძიება, თუ სოროსი კორუფციული შავი ფულით მაკედონიაში გარკვეული პოლიტიკურ პროცესებს როგორ აფინანსებდა და წარმართავდა.
– კონკრეტულად რას ითხოვთ და რა ეფექტს ელით სოროსის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიისგან?
– მოვითხოვთ, ისრაელის მსგავსად საქართველომაც მიიღოს კანონი და აიკრძალოს უცხოეთიდან დაფინანსებული ანტიქართული არასამთავრობო ორგანიზაციები. როდესაც ადამიანი უცხო ქვეყნიდან ღებულობს დაფინანსებას, ის არის უცხო ქვეყნის ინტერესების გამომხატველი და არა საქართველოს ინტერესების დამცველი. დღეს ჩვენ ყველანი კარგად ვხედავთ, რომ ხელისუფლების სათავეში მყოფი პირები რეალურად არ არიან ქვეყნის მმართველები. მიდის მარჩიელობა და მსჯელობა იმაზე, თუ ვინ მართავს ჩვენს ქვეყანას. ზოგი ამბობს, რომ აშშ-ს ელჩი, ზოგის აზრით, სოროსი მართავს საქართველოს, ზოგი ბიძინა ივანიშვილიო. მაგრამ ყველანი ვთანხმდებით ერთ რამეზე, რომ ქვეყანაში არის არაფორმალური მმართველობა. ჩვენ არ ვიწყებთ იმის გარჩევას, რეალურად ვინ მართავს ჩვენს ქვეყანას კულისებიდან.
ჩვენ ვაცხადებთ, რომ არაფორმალური მმართველობა, რომელიც არის თავისთავად კრიმინალური ხასიათის შემცველი და ყველანაირი პროგრესის შემაფერხებელი, უნდა შეწყდეს და ქვეყანაში უნდა იყოს დემოკრატიული, ცივილიზებული მმართველობის ფორმა. ჩვენ თუ გვინდა საქართველო სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს, უნდა იმართებოდეს იმ ადამიანების მიერ, რომლებიც მიიღებენ ამომრჩევლის ხმებს. სწორედ ამიტომ ვებრძვით იმ მავნე სისტემას, რომელიც დანერგა მიხეილ სააკაშვილმა და სამწუხაროდ ამ სისტემას განაგრძობს “ქართული ოცნების” ხელისუფლება.
– თქვენ ასევე, მოითხოვთ ექსპრეზიდენტ სააკშვილის პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვას?
– რა თქმა უნდა, ეს პარტია უნდა აიკრძალოს. ის არის დამნაშავე რეჟიმის შემქმნელი პოლიტიკური ძალა, რომელმაც საკმაოდ დიდი უბედურება მოუტანა ქვეყანას. “ნაციონალური მოძრაობა” აუცილებლად უნდა გასამართლდეს. ძალიან დიდი დანაშაული იყო კოჰაბიტაცია და კიდევ უფრო დიდი დანაშაულია, როდესაც პარლამენტშია წარმოდგენილი “ნაციონალური მოძრაობა”, როგორც პოლიტიკური ძალა. რაც შეეხება ნაციონალების იმ ნაწილს, რომლებიც “ოცნებამ” იყიდა, ვგულისხმობ ვაშაძეს და “გირჩს”, ესენი “ნაციონალური მოძრაობის” ნამსხვრევებია. ჩვენ შეიძლება მათ სიტყვით გამოსვლა ვერ ავუკრძალოთ მაგრამ, ფაქტი ფაქტად რჩება, ეს პარტია თუ გასამართლდება, მათ ქართულ საზოგადოებრივ- პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის არანაირი მორალური უფლება არ ექნებათ. დამნაშავე უნდა იყოს ციხეში და არა პარლამენტში, ეს არის მარტივი ჭეშმარიტება.
– ერთ-ერთ ინტერვიუში ბრძანეთ, რომ “ქართული მარში” არ გადაიქცევა პოლიტიკურ პარტიად. როდემდე გაგრძელდება აქციები და რა შემთხვევაში ამოწურავს “ქართული მარში” საკუთარ თავს?
– ჩვენი მრავალრიცხოვანი და რადიკალური აქციები გაგრძელდება მანამდე, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება. თუ ყველა მოთხოვნა შესრულდება და ქართული სახელმწიფო წავა რეალური განვითარების გზით, რა თქმა უნდა ჩვენი თვითმიზანი არ არის საპროტესტო აქციების გამართვა, აქედან გამომდინარე ღმერთმა ქნას, რომ შესრულდეს ჩვენი მოთხოვნები და მე პირობას დავდებ, რომ საერთოდ აღარ ჩავერევი პოლიტიკაში.
– მიწის გასხვისებას რაც შეეხება, რა სიტყვიერ გარანტიებს ითხოვთ “ქართული ოცნებისგან”? ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ მიწა არ გასხვისდება და ეს კონსტიტუციაში ჩაიწერება.
– “ქართული ოცნების” წარმომადგენლები იმდენ ტყუილს ამბობენ, რომ თვითონვე დაიბნენ თავიანთ ტყუილებში. ქართული მიწის დაცვის გუნდმა, რომლის ბაზაზეც ჩამოყალიბდა “ქართული მარში”, მოვითხოვეთ თავის დროზე, კონსტიტუციაში შესულიყო ცვლილება მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით. ახალი საკანონმდებლო ცვლილებით, ქვეყნის მთავრობა მიწების 65 %-ის გასხვისების უფლებას იკანონებს, რაც თავის თავად, არის ფარისევლობა და საკონსტიტუციო ჩანაწერის დევალვაცია. აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ, ეს კანონპროექტი გამოიტანონ პარლამენტიდან და არ დაიწყოს მისი საკონსტიტუციო განხილვა.
“ქართული ოცნების” ხელისუფლება მწარედ ატყუებს ხალხს, რადგან მათ გადაწყვეტილი აქვთ გურიისა და სამეგრელოს მიწების უცხოელებზე გასხვისება. “საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელ დირექტორ დავით საგანელიძეს, რომლის ფონდი ელოდება დაახლოებით ნახევარი მილიარდი აშშ დოლარს, რათა საქართველოს მიწები გადასცეს ჩინელებს ჩაის პლანტაციების გასაშენებლად. საუბარია 12 000 ჰექტარზე. შემდეგ ჩინელები გურიასა და სამეგრელოში ჩამოიყვანენ თავიანთ ტექნოლოგებს და მუშა ხელს. თქვენ კარგად იცით ჩინელების გამრავლების ტემპი და 5-10 წელიწადში, ამ რეგიონებში დემოგრაფიული ვითარება კატასტროფულ მაჩვენებლამდე შეიცვლება. შესაძლოა ქართული მოსახლეობა, გურულები და მეგრელები ეროვნულ უმცირესობად იქცნენ. ეს არის ის რეალობა, რომლის დაფარვასაც ცდილობს “ქართული ოცნება”. გამოწვევა მიღებულია, ეს იყო ჟურნალი და მძაფრსიუჟეტიანი ფილმი აწი იწყება, რომელიც “ჰეფი ენდით” დასრულდება.
– რა იგულისხმება “ჰეფი ენდში”?
– ქართველი ხალხის გამარჯვება გაზულუქებულ ჩინოვნიკებზე. ვიბრძოლებთ კონსტიტუციური, მაგრამ რადიკალური ზომებით.
ესაუბრა შ. ქარჩავა