საქართველოს ვიცე-პრემიერ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას იდეას, საჯარო სკოლებში კვირაში ერთხელ ბავშვებს დაურიგდეთ ვაშლი, საზოგადოებაში ქილიკი მოჰყვა. მინისტრის სიტყვები ზოგმა ხუმრობად შეაფასა, ზოგმა საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად ხარჯვის კიდევ ერთ საშუალებად, სოციალური ქსელის მომხმარებელი მშობლების ნაწილი კი განათლების მინისტრს ურჩევს სასწავლო პროგრამის დახვეწასა და სკოლის სახელმძღვანელოების გაუმჯობესებაზე იზრუნოს, ხოლო საკუთარ შვილებს ჯანსაღ რაციონს თავად შეურჩევენ.

რეალურად ვაშლის თემა, განათლების მინისტრის ვრცელი ბრიფინგის მხოლოდ მცირე დეტალი იყო, რომელიც მთელმა ქართულმა მედიამ და ინტერნეტგამოცემებმა ელვის სისწრაფით აიტაცეს და ქილიკის საგნად აქციეს. მინისტრმა ისაუბრა განათლების სისტემაში უკვე განხორციელებულ და ახლო მომავალში გასატარებელ რეფორმებზე, ზოგადი და პროფესიული განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად წამოწყებულ ახალ პროექტებზე. მასმედიის წარმომადგენლებს გააცნო მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაზე გაწერილი ახალი პროექტი “ჩვენი სკოლა 20-20”, რომლის განხორციელება, ყველა სკოლას თანაბარ პირობებში ჩააყენებს.

21457621_1848056922191190_4409923666359751691_oსკოლებში ინფრასტრუქტურისა და სასკოლო სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად ალექსანდრე ჯეჯელავამ, სკოლის პედაგოგების კვალიფიკაციის ასამაღლებლად გასატარებელ აქტივობებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, გაიზარდა გამოცდებზე გამსვლელ პედაგოგთა რაოდენობა, რომელთაც განვითარების მეტი მოტივაცია გაუჩნდათ. გარდა ამისა, სამინისტროს განაგრძობს საბაკალავრო პროგრამა “1+4” კურსდამთავრებული ორენოვანი ახალგაზრდა კადრების ხელშეწყობას, რომლებიც ეროვნული უმცირესობების სკოლებში, დამხმარე მასწავლებლად მუშაობენ. 2017-2018 სასწავლო წლებში არაქართულენოვან მცირე სკოლებში 53 ორენოვანი დამხმარე მასწავლებელი იმუშავებს.

“ახალგაზრდები, რომლებიც პედაგოგიურ ფაკულტეტს წარმატებით დაამთავრებენ, განსაკუთრებით სოფლებისა და ეროვნული უმცირესობების სკოლაში, მათ ექნებათ გარანტირებული საგაკვეთილო საათები. კერძოდ, ისინი გაკვეთილებს სკოლის მასწავლებლებთან ერთად ჩაატარებენ”, – განაცხადა ალ. ჯეჯელავამ.

განათლების მინისტრის ინფორმაციით, საშუალო საფეხურზე შეიცვლება ეროვნული სასწავლო გეგმა, ანუ მეტი აქცენტი გაკეთდება პრაქტიკულ აქტივობებსა და საპროექტო სწავლებებზე. ფორმალური გაკვეთილები ჩატარდეს არასაგაკვეთილო სივრცეში, მაგალითად ექსკურსიები მუზეუმებში, სამეცნიერო დაწესებულებებში თუ სხვა. გაორმაგდება უკვე დანერგილი თავისუფალი გაკვეთილები, ხოლო ზამთრისა და ზაფხულის ბანაკებში, გაცილებით მეტი ბავშვი დაისვენებს. მცირეკონტინგენტიანი სკოლების მოსწავლეებისთვის თემატურ ექსკურსიებს სახელმწიფო სრულად დააფინანსებს.

სასწავლო პროცესი აქტიური და საინტერესო რომ გახდეს, ახალი სასწავლო წლიდან, საწყის ეტაპზე მცირეკონტიგენტიან სკოლებში საპილოტე რეჟიმში სამაგიდო თამაშის შეტანა იგეგმება, რაც მინისტრის აზრით, მოსწავლეს განუვითარებს გუნდურობის შეგრძნებას, აამაღლებს სწავლისადმი ინტერესსა და მოტივაციას. გარდა ამისა.

“საექსკურსიო პროგრამის ფარგლებში, შეიქმნება ერთიანი სივრცე საექსკურსიო ადგილების შესახებ, რაც ერთის მხრივ მასწავლებლებს მისცემს საშუალებას უფრო ნაყოფიერად დაგეგმონ დრო, მეორეს მხრივ წაახალისებს სერვისის პროვაიდერებს. უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის გაიზრდება დისტანციური ქართული ენის გაკვეთილები და გაფართოვდება ქვეყნების ქსელიც. ამ ეტაპზე, 500-მდე გაკვეთილი 21 ქვეყანაში ჩატარდა, რომელშიც 200 ბავშვი და 35 მასწავლებელია ჩართული. გაკვეთილები ტარდება როგორც დიდ ბრიტანეთში, ასევე გერმანიაში, ავსტრიაში, ჩეხეთში, შვეიცარიაში, დანიაში, იტალიაში, ესპანეთსა და ა.შ”, – განაცხადა განათლების მინისტრმა.

ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სკოლებში ასევე უნდა აღდგეს შრომის გაკვეთილები, რომელიც სასწავლო საათებიდან წლების წინათ, საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად გაქრა. და რაც ყველაზე მთავარია, საქართველოს სკოლებში ჯანსაღი კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის მიზნით, ახალი სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში აიკრძალება წასახემსებელი საკვების: “ჩიფსების”, “სუხარიკების”, “ჟელიბონების”, ასევე, ტკბილეულის – კანფეტების, შოკოლადის და გაზიანი მინერალური წყლის გარდა სხვა გაზიანი სასმელების გაყიდვა.

21776168-Clock-Apple-and-Stack-of-Books-on-A-Desk-for-Back-to-School-Stock-Photo

როგორც საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ჯანსაღი ცხოვრების კამპანიის ფარგლებში, ექიმ-ნუტრიციოლოგების რეკომენდაციითა და ევროპულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, თბილისის რამდენიმე დიდ სკოლაში, საპილოტე პროექტს განახორციელებს, რომლის თანახმად, კვირაში ერთხელ მოსწავლეები დასვენებაზე ვაშლს უფასოდ მიიღებენ. პროექტი სექტემბრიდან დაიწყება და დეკემბრამდე გასტანს.

“თბილისის სკოლებში სადაც 1000-ზე მეტი მოსწავლეა, შემოდგომაზე დავიწყებთ კვირაში ერთხელ ვაშლის დარიგების კამპანიას. რთული პროექტია, ძვირადღირებული. მეორე მხრივ, მიგვაჩნია, რომ ამ საკითხში რთული და ძვირი არაფერს დაგვაკლებს. პროექტის მიზანია, შესვენებაზე ბავშვმა შეჭამოს ვაშლი”, – განაცხადა ჯეჯელავამ.

მისივე თქმით, ასეთი მოსწავლეების რაოდენობა დაახლოებით 40 000 – 60 000 იქნება.

ორგანიზაცია “საქართველოს განათლების ლიგის” პრეზიდენტი მანანა ნიკოლაიშვილი, დადებითად აფასებს განათლების მინისტრის ინიციატივას და აცხადებს, რომ თანამედროვე ბავშვებს არასწორი კვების შედეგად, ძალიან დაუზიანდათ ჯანმრთელობა. გარდა ამისა, განათლების მინისტრს ურჩევს სკოლებსა და სასწავლო დაწესებულებებში სწავლის 9 საათის ნაცვლად 7-8 საათზე დაწყებაზეც იზრუნოს, რადგან მოსწავლე 14:00 საათზე უკვე სახლში იყოს და ცხელი საკვები დროულად მიიღოს.

“ევროპაში თუ გვინდა შესვლა, სკოლებმა და სასწავლო დაწესებულებებმა მუშაობა უნდა დაიწყონ 7 საათზე, საქართველოს კი სძინავს 9-10 საათამდე და ასე ძილი არ შეიძლება. რაც შეეხება ვაშლს. მე თვითონ ქიმიკოსი ვარ და ვიცი რა ქიმიური პროცესები მიმდინარეობს ადამიანის ორგანიზმში. არ შეიძლება ბავშვი დილის 9 საათიდან, 14:00-15:00 საათამდე მტვრიან სკოლაში გააჩერო და არ აჭამო საკვები. ამიტომ მინისტრის ინიციატივა ვაშლის საკვებ რაციონში დამატებასთან დაკავშირებით წინ გადადგმული ნაბიჯია და საზოგადოების მხრიდან ამაზე ქილიკი უცოდინრობის ნიშანია”, – მიაჩნია მანანა ნიკოლეიშვილს.

მისივე თქმით, ვაშლი არის უვნებელი და ყველაზე მოსახერხებელი პროდუქტი, რომელიც შეიძლება მშობელმა ბავშვს ჩანთაში ჩაუდო და ყოველი 2 გაკვეთილის შემდეგ შეჭამოს.

“ცომეულის ჭამას ნამდვილად სჯობს ვაშლის მირთმევა. გაოცებული ვკითხულობდი სოციალურ ქსელებში ადამიანების არაკომპეტენტურ კომენტარებს”, – განუცხადა Dalma News-ს ექსპერტმა.

მანანა ნიკოლეიშვილი დარწმუნებულია, რომ სანამ, განათლების მინისტრი ვაშლის სკოლებში უფასოდ დარიგების იდეაზე საჯაროდ განაცხადებდა, ყველა საჭირო კონსულტაციას გაივლიდა ამ სფეროს სპეციალისტებთან. ექსპერტის აზრით, სწორ კვებას, პირდაპირი კავშირი აქვს ბავშვის ცოდნის ხარისხთან და ათვისების უნართან.

яблоки

ვაშლის დადებით თვისებებზე საყოველთაოდ ცნობილია. გარდა ამისა, საქართველოში მებაღეობა ფართოდ გავრცელებულია და ვაშლი აქ დეფიციტური ხილი ნამდვილად არ არის. თუმცა საინტერესოა, მინისტრის იდეაში ადგილობრივი წარმოების ვაშლი იყო ნაგულისხმევი, თუ იმპორტირებული. ვაშლის თემამ, თბილისელებს ბევრი სახალისო ტერმინი თუ ციტატა გაახსენა: “განხეთქილების ვაშლი”, “მიჩურინის ვაშლი”, “უკვდავების ვაშლი”, “ცოდვის ვაშლი”, ასევე, ვაშლის თემა ცნობილი ზღაპრებიდან, ბოროტი დედინაცვლის ხელით მიწვდილი ვაშლით მოწამლული ფიფქია და სხვა მრავალი.

ეს ხუმრობით, მაგრამ ვაშლი მართლაც სასწაულმოქმედი ხილია, მთავარია ის ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღ პირობებში იყოს მოყვანილი, რაც თანამედროვე ცხოვრებაში უკვე იშვიათობაა. ფრანგმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ფლავონოიდი, რომელიც მხოლოდ ვაშლში გვხვდება, ზრდის ძვლების სიმკვრივეს, ხოლო ბორონი აძლიერებს ძვლებს. კვლევის შედეგად დასტურდება, რომ ბავშვებში, რომელთა დედები ორსულობის პერიოდში ბევრ ვაშლს მიირთმევენ, ნაკლებად დგანან ასთმის რისკის წინაშე.

ვაშლში შემცველი ქერცეტინი იცავს ტვინის უჯრედებს თავისუფალი რადიკალების დაზიანებისგან, რაც იწვევს ალცჰაიმერის დაავადებას. ვაშლის შემადგენელი პექტინი აქვეითებს LDL-ს (დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინი) ე.წ. ცუდ ქოლესტერინს. ადამიანი, რომელიც დღეში ორ ვაშლს მიირთმევს 16%–ით შეამცირებს სისხლში ქოლესტერინს.

ვაშლი ხელს უწყობს საჭმლის მონელების ნორმალიზაციას. მასში შემავალი ბოჭკოები ხელს უშლის ყაბზობას. პექტინი კურნავს დიარეას. ტრადიციულად ვაშლი უებარ საშუალებად ითვლება კუჭის გაღიზიანების წინააღმდეგ.

სასარგებლოა ვაშლის კურკაც, რომელიც თურმე, დიდი რაოდენობით იოდს შეიცავს და დღეში 5-6 ცალი ვაშლის კურკის მირთმევით ორგანიზმი სრულად ივსებს იოდის დღე–ღამის ნორმას. ექიმები ასევე გვირჩევენ არ გავთალოთ ვაშლი, რადგან მის კანში არის პექტინი და დიდი რაოდენობით ბოჭკო. ახლად გამოწურული ვაშლის წვენი სასარგებლოა გულ–სისხლძარღვთა სისტემისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გონებრივად შრომობენ.

ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, 260 000 ერთეული ვაშლის შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 78 ათასი ლარით განისაზღვრა. თითოეული ვაშლი დაახლოებით 150 გრამს უნდა იწონიდეს, ის უნდა იყოს გარეცხილი და სპეციალურ ჭურჭელში მოთავსებული. ასევე, აუცილებელი პირობაა, რომ ​სხვადასხვა ჯიშის ვაშლის შეთავაზების შემთხვევაში, მიმწოდებელმა  ვაშლის ჯიშები ყოველკვირეულად შეცვალოს, მაგრამ ერთი კვირის განმავლობაში, თბილისის ათივე საჯარო სკოლას ერთი ჯიშის ვაშლი უნდა მიაწოდოს. ვაშლი უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის, საღი, მწიფე, ჭკნობის ნიშნების, მავნებლებისა და მექანიკური დაზიანებების გარეშე.

შორენა პაპაშვილი