ცნობილი გამონათქვამი კინოფილმიდან “მოერიდე ავტომობილს”: ავტომობილის მფლობელს ცხოვრებაში ორი ბედნიერი დღე აქვს, პირველი- როცა იყიდა და მეორე – როცა გაყიდა ავტომობილი.
როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში ეს ფრაზა საქართველოში ძალზედ აქტუალური გახდება. საქმე იმაშია, რომ ქვეყნის მთავრობა ბიუჯეტის შევსებას სწორედ ავტომფლობელების წყალობით აპირებს. ამგვარად, საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეიტანეს ცვლილებები, რომლის თანახმადაც, რამდენიმეჯერ უნდა გაიზარდოს აქციზების ფასი უცხოური ავტომობილების, საწვავის და ტექნიკური ზეთის შემოტანაზე. მთავრობა იმედოვნებს, რომ ამ ღონისძიების წყალობით უკვე 2017 წლისთვის ბიუჯეტში დამატებით 300 მილიონი ლარი აღმოჩნდება.
მთავრობას კეთილი განზრახვა აქვს: ნავთობპროდუქტების გაძვირება მათზე მოთხოვნის შემცირებას გამოიწვევს, ხოლო ავტომობილების შემოყვანაზე გადასახადის გაზრდა, მისაღები დოზით შეამცირებს მათ რაოდენობას, რაც გააუმჯობესებს ქვეყანაში გზებზე არსებულ ვითარებას და დადებითად იმოქმედებს ეკოლოგიაზე.
“გაიზრდება იმპორტირებული ავტომობილების აქციზების ფასი და აღსანიშნავია, რომ რეგიონში არსებულ ქვეყნებს შორის ეს ყველაზე დაბალი ფასი იქნება. ასევე მოიმატებს ნავთობპროდუქტების აქციზის ფასიც. ნავთობპროდუქტების მოხმარება ქვეყანაში ავტომობილების რაოდენობის მატებას უკავშირდება, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ეკოლოგიურ ვითარებაზე და დიდ ქალაქებში თავისუფლად გადაადგილებას ართულებს”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის მიერ შეთავაზებულ ინიციატივასთან დაკავშირებით.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სწორედ მსუბუქი ავტომობილები და ნავთობპროდუქტებია ის მთავარი საქონელი, რომლებიც საქართველოში იმპორტის სახით შემოდის. 2016 წლის 10 თვის განმავლობაში ქვეყანაში 374,3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილები შემოვიდა, ხოლო ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 476 მილიონი აშშ დოლარის.
საქართველოში რუსთავის ავტობაზრობა AUTOPAPA ფუნქციონირებს, რომელიც კავკასიაში ყველაზე დიდი თანამედროვე და კეთილმოწყობილი ბაზრობაა. იგი 5000-ზე მეტ ავტომობილს იტევს, არის 2000 ავტომობილზე გათვლილი საბაჟო კონტროლის ზონა, სერვისცენტრები, ტექნიკური მომსახურეობის სადგურები, ავტოსამრეცხაოები, სასტუმრო, მაღაზიები და კვების ობიექტები.
ავტოკომპლექსი AUTOPAPA თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილზე მდებარეობს, რომელიც საქართველოს სომხეთთან და აზერბაიჯანთან აკავშირებს. უშუალოდ ავტობაზრობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მდებარეობს, სადაც ავტომობილების იმპორტის, ექსპორტის და რეექსპორტისთვის აუცილებელი ყველა დოკუმენტი ფორმდება. გარდა ამისა, მიმდინარეობს სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო რეგისტრაცია, საქართველოს ტერიტორიაზე დროებით შემოყვანილი ტრანსპორტის საბაჟო დეკლარაციის გაფორმება, ექსპორტული და რეექსპორტული თანმხლები დოკუმენტების და სხვათა გაფორმება.
ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ავტოკომპლექსი ყოველდღიურად ძალიან ბევრ ადამიანს ემსახურება, მათ შორის მეზობელი ქვეყნების მოქალაქეებსაც. ავტომობილებზე სწორედ დაბალი გადასახადების არსებობამ გამოიწვია ერთობ პარადოქსული ვითარება, რადგან ავტომობილები საქართველოდან სომხეთში, აზერბაიჯანსა და სხვა ქვეყანაში რეექსპორტით გადიოდა.
საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა მაღალ სატრანზიტო დატვირთვასაც უზრუნველყოფს. ამ საკითხში მთავრობამ შესაშური დელიკატურობა გამოავლინა, რადგანაც გადასახადების მომატება არ შეეხება რეექსპორტს, ტრანზიტს და სპეცტრანსპორტს. საქართველოს მოქალაქეებს კი, გაზრდილი გადასახადების გადახდა მოუწევთ. განსაკუთრებით რთულ ვითარებაში აღმოჩნდებიან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მფლობელები და ისინი, ვინც მათი შემოტანა-გასაღებით არის დაკავებულები.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა განაცხადა, რომ მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე პირდაპირი აკრძალვები არ იქნება.
“ჩვენი ინიციატივა ითვალისწინებდა მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვას, მაგრამ ფინანსთა სამინისტრომ აქციზის გაძვირება შემოგვთავაზა. ჩვენთვის მთავარი ის იყო, რომ შეგვეჩერებინა კატასტროფული ზრდა და შეგვემცირებინა მარჯვენასაჭიანი ავტომობილების წილი საერთოდ საქართველოში არსებულ ავტომობილებს შორის. გარკვეულწილად, ამის მიღწევა აქციზის გაძვირებითაც არის შესაძლებელი. ასე, რომ ორივე ინიციატივა ერთი შედეგისკენ არის მიმართული და სწორედ ამიტომ დავუჭირეთ მხარი ფინანსთა სამინისტროს ინიციატივას”, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
შსს-სგან განსხვავებით ფინანსთა სამინისტრო სხვაგვარი, მაგრამ არანაკლებ ეფექტიანი მეთოდით მოქმედებს.
ავტომობილების ასობით მფლობელმა ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ, იმ დროს, როდესაც პარლამენტარები 2017 წლის ბიუჯეტს განიხილავდნენ, საპროტესტო აქცია გამართეს.
“ის, რაც ახლა ხდება, კიდევ უფრო დაამძიმებს ხალხის, განსაკუთრებით კი მძღოლების ფინანსურ მდგომარეობას. ვგულისხმობ საწვავის გაძვირებას და მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე აქციზის შემოღებას”, – განაცხადა აქციის მონაწილე თამაზ ბაკურაძემ.
აქციას ქვეყნის სხვადასხვა რაიონიდან ჩასული მძღოლებიც შეუერთდნენ. ისინი დეპუტატებთან შეხვედრას მოითხოვდნენ, რათა მათთვის საკუთარი პოზიცია გაეცნოთ. ანალოგიური აქცია აჭარაშიც გაიმართა. ამგვარად, პროტესტის ნიშნად მძღოლებმა, ხმამაღალი სიგნალებით, ორგანიზებულად ჩაიარეს ბათუმის ქუჩებში. მათი თქმით, აქციები პერმანენტულად მანამდე გაგრძელდება, სანამ მთავრობა ვითარებას არ გამოასწორებს.
აბსოლუტურად ცხადია, რომ მთავრობის წინაშე მთელი რიგი ურთულესი ამოცანები დგას. ეს ეხება, როგორც ეკონომიკის გამოცოცხლებას, ისე ეროვნული ვალუტის კურსის გამყარებას, რომელიც ბოლო დროს ძალიან სწრაფად უფასურდება. ძნელია იმის პროგნოზირება, ამ ამოცანების ამოსახსნელად გაამართლებს თუ არა ისეთი ძველი და ბანალური მეთოდი როგორიც გადასახადების გაზრდაა.
სამწუხაროდ, მსოფლიო ეკონომიკის ისტორიაში არსებობს ძალიან ბევრი მაგალითი იმისა, რომ მსგავსი ზომები შედეგად უკუეფექტს იწვევს. ეს კი გამოწვეულია შიდაპოლიტიკური დაძაბულობით, რასაც ბოლოს და ბოლოს სოციალური აფეთქება მოჰყვება.
ყველამ კარგად იცის, რომ რთულ ვითარებაში ხელისუფლება იძულებულია არაპოპულარულ ზომებს მიმართოს. იმავდროულად კი, ადამიანები, რომელთა მხრებსაც უნდა დააწვეს დამძიმებული საგადასახადო უღელი, უნდა დაარწმუნონ, რომ ეს დროებითი ზომები მთელი ქვეყნისთვის და ერისთვის სასარგებლო იქნება. სწორედ ამაში მდგომარეობს მთავრობის მთავარი და ყველაზე რთული ამოცანა.
ირაკლი ჩხეიძე