იმერეთის რეგიონში, უბისის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურა ეწყობა. პროექტი 1 300 000 (1 320,159) ლარზე მეტია გათვალისწინებული. სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ახორციელება.
როგორც Dalma News-ს რეგიონული განვითარების სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, პროექტის მიზანია წვლილი შეიტანოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებაში და ხელი შეუწყოს საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.
მათივე ინფორმაციით, პროექტის ძირითადი ბენეფიციარები არიან ადგილობრივი მოსახლეობა, ტურიზმის განვითარებამ მათი სოციალური მდგომარეობა უნდა გააუმჯობესოს. რეგიონში ჩასულ ტურისტებს კი შესაძლებლობა ექნებათ, გაუმჯობესებულ პირობებში გაეცნონ იმერეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს და ისარგებლონ ძეგლების მიმდებარედ გამართული ინფრასტრუქტურით.მიმდინარე პროექტით გათვალისწინებულია: საინფორმაციო ცენტრის, საპირფარეშოების, ავტოსადგომის და მისასვლელი გზის მშენებლობა.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი – ჯუანშერ ბურჭულაძე, ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე დავით ტაბიძე და მსოფლიო ბანკის მდგრადი განვითარების პროგრამების კოორდინატორი სამხრეთ კავკასიაში – აჰმედ აივეიდა გაეცნენ. ამ დროისთვის, სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ადგილზე 20-მდე ადამიანია დასაქმებული. სამუშაოები დეკემბერში დასრულდება.
უბისის მონასტერს ასევე ესაჭიროება რესტავრაცია, რაც ასევე გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის რეგიონული განვითარების პროექტით. ამჟამად, მუშაობა მიმდინარეობს საკონსერვაციო-სარესტავრატაციო სამუშაოების პროექტზე.