სამოსი ხალხების ეროვნული კულტურის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია, რომელიც იქმნება ეროვნული ხასიათის, ცხოვრების წესისა და ბიო-გეოგრაფიული გარემო-პირობების საფუძველზე. ამასთანავე, სამოსის სახესა და სტილს განაპირობებს ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური ვითარება, ამიტომაც არის, რომ სამოსის ფორმა, მისი ძირითადი სახე და ფუნქცია გარკვეული ეთნოსისთვისაა დამახასიათებელი.

12325145_10206224951165999_168456061_n

 

მსოფლიოში ბევრი ქვეყანა ვიცით, რომლებიც დღემდე ინარჩუნებენ ეროვნულ სამოსს და თანამედროვე კოსტიუმების გვერდით, საკმაოდ კომფორტულად გრძნობენ თავს ეროვნულ სამოსშიც. არიან ისეთი ქვეყნებიც, რომლებსაც ეროვნული სამოსი სამუზეუმო ექსპონატად უქცევიათ და მხოლოდ განსაკუთრებულ დროს გამოამზეურებენ ხოლმე.

ეროვნული სამოსის მიმართ აზიის ქვეყნებში განსაკუთრებული დამოკიდებულება არსებობს. მაგალითად იაპონია ცნობილია კიმანოთი, რომელიც საუკუნეების წინათ და ახლაც ამ ქვეყნის საუკეთესო სავიზიტო ბარათია. თავდაპირველად იაპონელებმა ჩინელების ეროვნული სამოსიდან – „ჰანფუდან“ აიღეს მაგალთი, ხოლო შემდგომ კიმანომ თანამედროვე სახე მიიღო და უკვე 794 წლიდან იაპოანიის ეროვნულ სამოსად იქცა.

კიმანოს ჩაცმა მთელ რიგ სირთულეებთან არის დაკავშირებული, რასაც მხოლოდ ერთი ადამიანი ვერ უმკლავდება ხოლმე, შესაძლოა ამიტომ არჩიეს იაპონელებმა ევროპული სამოსი, თუმცა იაპონელი ერი ტრადიციების მოყვარულია და ეროვნულ სამოსს განსაკუთარებულ სადღესასწაულო დღეებში უბრუნდებიან.

მათგან განსხვავებით ეროვნული ჩაცმის სტილი ინდოელებს შესისხლხორცებული აქვთ და მას ყოველდღიურობიდან განდევნა კიდევ დიდი ხნის განმავლობაში არ ემუქრება. სარი ქალის სამოსია, 4-5- მეტრის სხვადასხვა ფერის, არაჩვეულებრივი ორნამენტებით მოქარგული ქსოვილები გარკვეული წესით იხვევა ტანზე. არა მხოლოდ ინდოელებს, სარის ჩაცმის სურვილი ძალიან ბევრ ევროპელ ქალბატონსაც გასჩენია.

სხვა ქვეყნების ეროვნული სამოსის მსგავსად ქართული ეროვნული ტანსაცმელიც საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა და ამავე დროს სერიოზულ ცვლილებებს განიცდიდა, როგორც თავისი ბუნებრივი განვითარების საფუძველზე, ისე მეზობელ ხალხებთან ურთიერთობის შედეგად. შეიძლება ითქვას, რომ ქართულმა სამოსმა მთელი თავისი ისტორიის მანძილზე, ეტაპობრივად რამდენიმე ძირითადი ხასიათის ცვლილება განიცადა; საბოლოოდ კი, ფეოდალური წყობილების დასრულებასთან ერთად, დაკარგა თავისი მნიშვნელობა და ფაქტობრივად, განიდევნა ხმარებიდან.

იგი შეცვალა თანამედროვე და მოხერხებული სტილის ევროპულმა კოსტიუმმა, თუმცა კიდევ დიდხანს განაგრძობდა საქართველოში ქართული ჩოხა ევროპულ სამოსთან თანაარსებობას. დღეს კი იგი მხოლოდ ეროვნულ, დეკორატიულ სამოსად იქცა და ცეკვის ეროვნული ანსამბლების ცქერისას ვტკბებით ქართული სამოსის სიდიადით.

12804579_10206224943645811_2019096995_n

 

მაგრამ ქართველი ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა გადაწყვიტა, ქართულ ეროვნულ სამოსს განსაკუთრებული ფუნქცია შესძინონ და მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება, იმისთვის, რომ 18 მაისი საქართველოში “ეროვნული სამოსის დღედ” გამოცხადდეს და უქმე იყოს.

 

12325244_10206225018447681_795797604_n

 

ინიციატივის მხარდასაჭერად მათ საქართველოს რამდენიმე ქალაქში, ერთდროულად ჩაატარეს ხელმოწერების მასშტაბური აქცია. იმისათვის, რომ პარლამენტმა ახალგაზრდების ეს ინიციატივა განიხილოს და ეროვნული სამოსის დღე ოფიციალურ დღესასწაულად გამოაცხადოს, სპეციალური დადგენილების მისაღებად პარლამენტში 30 000 ხელმოწერა უნდა შევიდეს.

 

«ჩვენი სურვილია, რომ ეს არ მოიცავდეს, მხოლოდ ქართულ ეროვნულ სამოსს. ამაში მონაწილეობას მიიღებენ სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც. მათ საშუალება ექნებათ საკუთარი ღირშესანიშნაობები გამოიტანონ და განახლებული ისტორია ანახონ საზოგადოებას. ეს მიმზიდველი სანახაობა იქნება ტურისტებისთვისაც. 18 მაისი საქართველოში გვინდა იყოს ზეიმის დღე, როდესაც შევძლებთ გაცოცხლებულ ისტორიაში მოხვედრას, ანუ საქართველო დაემსგავსოს პავილიონს, სადაც ადამიანები გამოვლენ თავიანთი კუთხის ეროვნულ სამოსში. იქნება ცეკვები და სიმღერები, გაიმართება თეატრალიზებული წარმოდგნელები და სხვა. ეს არის კონკრეტულად ხალხის ინიციატივა, ამაში ჩართულები არიან პოლიტიკური ორგანიზაციებიც და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებიც. სოციალურ ქსელში, რამდენიმე ასეული წერილი მოდის. აინტერესებს ხალხს, როდის დაწესდება ეს დღე,» – ამბობს საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი არჩილ შველიძე.

მათივე განმარტებით, ძალიან ბევრი სახელმწიფო საკუთარი კულტურისა და ისტორიის მსოფლიო მასშტაბით პოპულარიზაციას კოსტიუმირებული დღესასწაულებით ცდილობს. თუ გავითვალისწინებთ, საქართველოში რამდენად მრავალფეროვანი და მაღალი კულტურული ღირებულების ეროვნული სამოსი არსებობს, ეროვნული სამოსის დღე საინტერესო და მიმზიდველი იქნება – როგორც ქართველებისთვის, ასევე უცხოელებისთვისაც.

“უცხოელი ტურისტები ერთ სივრცეში შეძლებენ საქართველოს გაცოცხლებული ისტორიისა და კულტურის გაცნობას. ამასთან, ეროვნული სამოსის დღე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყველა იმ ქვეყანაში უნდა გაიმართოს, სადაც ქართული ემიგრაცია ცხოვრობს, რაც ასევე ზრდის ქართული კულტურის პოპულარიზაციის არეალს”, – განუცხადეს საინიციატივო ჯგუფის წევრებმა Dalma News-ს.

ეროვნული სამოსის დღის დაწესების შესახებ პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვებას, არა მხოლოდ სოციალურ ქსელში, მთელი ქვეყნის მასშტაბით დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რამდენიმე ათასი ხელმოწერა უკვე შეაგროვეს, თუმცა მოქალაქეების დიდი ნაწილისთვის ონლაინ გზით საკუთარი ხელმოწერის დაფიქსირება გარკვეულ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული, რის გამოც ხელმოწერების შესაგროვებლად საყოველთაო ხელმოწერის დღე დაგეგმეს.

მათივე შეფასებით, სხვადასხვა ქვეყნის მაგალითი, სადაც მსგავსი დღე აღინიშნება, ცხადჰყოფს, რომ ამ ქვეყნის კულტურული ღირებულებებისადმი დაინტერესება იზრდება და ხელი ეწყობა მის მსოფლიო მასშტაბით პოპულარიზაციას, ასევე ტურისტების მოზიდვას.

12272649_10206224945125848_367721802_nსაქართველოს თითოეულ კუთხესა, თუ ქალაქს საკუთარი დამახასიათებელი სამოსი აქვს, რომელიც მდიდარია ეროვნული მოტივებით. სამოსში გარკვეული ეპოქის შესაბამისად, უშუალოდ ქვეყნისა და საზოგადოების ყოფა-ცხოვრება, მისი პოლიტიკურ-ისტორიული ღირებულებები იკვეთება. ამიტომ აღნიშნული პროექტი (ეროვნული სამოსის დღე) არ მოიცავს მხოლოდ დედაქალაქს, ის გათვლილია რეგიონებზე, რათა რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობაც აქტიურად ჩაერთოს ამ ღონისძიებებში.

“სხვადასხვა რეგიონს საშუალება მიეცემათ, სააშკარაოზე გამოიტანონ საკუთარი შესაძლებლობები, ამასთან, ფოლკლორისა, თუ ქორეოგრაფიის, მხატვრობის და სხვა მსგავს სფეროში რეგიონებში მოღვაწე ხელოვანების პოპულარიზაცია მოხდეს. ასევე, გვინდა გააქტიურდნენ ახალგაზრდები და მათშიც გაიზარდოს ეროვნული თარიღების მიმართ ინტერესი”, – აცხადებს საინიციატივო ჯგუფის წევრი დათა გვასალია.

მისივე თქმით, ამ ღონისძიებას არ ექნება მხოლოდ ერთი ასპექტი – სამოსი. ღონისძიების ფარგლებში პოპულარიზაცია გაეწევა ყველა კუთხის წეს-ჩვეულებებს, მათ ტრადიციებს, სამზარეულოს, არქიტექტურას, ფოლკლორულ თუ ქორეოგრაფიულ ღირებულებებს. მათ შორის, პროექტის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, ახალგაზრდებში აიწიოს განათლების დონემ კულტურული ღირებულებებისა და ისტორიის ცოდნაში.

“იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში უამრავი ეთნიკური ჯგუფი არსებობს, მათაც უნდა მიეცეთ საშუალება, პოპულარიზაცია გაუწიონ საკუთარ ეროვნულ სამოსს, რაც კულტურული თვითგამოხატვის თავისუფლების პრინციპს შეესაბამება”, – ამბობს გვასალია.

11940687_10206224982286777_226200340_nტრადიციული ქართული კოსტიუმის წარმომავლობასთან დაკავშირებით რამდენიმე მოსაზრება არსებობს. ეს განსაკუთრებით შეეხებოდა სამეფო და დიდგვაროვანთა ჩასაცმელსა და ხევსურულ „ტალავარს“. როგორც მეცნიერული კვლევებით დადგინდა, სამეფო და დიდგვაროვანთა ჩასაცმელი და შესაბამისი მორთვის წესი, მეზობელი ხალხების გარკვეულ გავლენას განიცდიდა, კერძოდ, ქართულ ჩაცმულობაში დამკვიდრებული იყო სპარსული და ბიზანტიური ელემენტები, რაც, ცხადია, პოლიტიკური ვითარებით იყო განპირობებული.

12443011_10206225033728063_643461438_nსიტყვა ჩოხა გვხვდება კავკასიაში, აღმოსავლეთ ევროპასა და აზიის ქვეყნების ენებში. ასე მოიხსენიებენ მოსაცმელი სამოსელის შალის ქსოვილს – საჩოხეს. ჩოხა – შესამოსელი კაბაა, რომელიც ქართული სამოსელის ერთერთი მკაფიო მახასიათებელია. გულმკერდზე საწამლე, მკვეთრად გამოკვეთილი წელი, სამასრეები, ქამარზე იარაღის დასატები, კაბის თავისუფალი ტოტები… ჩოხის შიგნით კი სპეციალურ პერანგს იცვამდნენ, რომლის საყელოც ფიქსირებული იყო.

კავკასიური ტიპის ჩოხა – ტანზე მჭიდროდ იყო შეკერილი, გამოკვეთდა მამაკაცის მხარბეჭსა და წელს. მკერდის ორივე მხარეს სამასრეები ქონდა. წელს ვერცხლის დეტალებით მდიდრულად შემკული ქამარი უმშვენებდათ.

რაც შეეხება ხევსურულ კოსტიუმს, იგი თავისი ორიგინალური ფორმის გამო, თავიდანვე გახდა მოგზაურთა და მკვლევართა ყურადღების საგანი. ტანსაცმლის მორთულობაში ჯვრის ფორმის ხშირი გამოყენების გამო, ხევსურებს ჯვაროსნების შთამომავლებად მიიჩნევდნენ. შემდგომ პერიოდში მკვლევართა მიერ ხევსურული „ტალავარი“ ძველი ქართული სამოსის ფორმად მიიჩნიეს, ვინაიდან ეთნოგრაფიული მასალის საფუძველზე გამოჩნდა, რომ ჩაცმის იმ სტილის ელემენტები, რაც ხევსურებმა ყველაზე კარგად შემოინახეს, მომიჯნავე რეგიონებშიც დასტურდებოდა.

ქართული ჩასაცმელი ერთმანეთისგან მეტ-ნაკლებად განსხვავდებოდა კუთხეების მიხედვით, განსხვავებულად იცვამდნენ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში, აგრეთვე მთასა და ბარში, რაც ძირითადად გეოგრაფიულ-კლიმატური პირობებითა და სამეურნეო ყოფის სხვაობით აიხსნება.

ჩაცმის სტილში არსებული ეს განსხვავებები მცირეოდენი სახით ბოლომდე შევინარჩუნეთ, თუმცა, ჩამოყალიბდა ქართული სამოსის კლასიკური ტიპი, ქართული კოსტიუმი – მამაკაცისთვის გრძელი ჩოხა-ახალუხი, სათანადო ფეხსაცმლით, ქამარ-ხანჯლით გაწყობილი და ქალის კაბა, გრძელი, სარტყლით და ჩიხტი-კოპით დამშვენებული, რომელიც ფაქტობრივად, მთელ საქართველოში გავრცელდა. მიუხედავად სხვა გავლენებისა, ქართული სამოსი მაინც არ კარგავდა თავის ძირითად სახეს და შინაგანი კანონზომიერების საფუძველზე ვითარდებოდა. დღესდღეისობითაც, თანამედროვე საქართველოში უამრავი მსურველი მოიძებნება, ვინც სიამოვნებით გაივლიდა ძველი თბილისი უბნებში ტრადიციული სამოსით და თავს გაცოცხლებული ისტორიის ნაწილად იგრძნობდა.

შ. ქარჩავა, Dalma News-თვის