წელიწადნახევრიანი კატასტროფული ვარდნის შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ მოულოდნელი გამყარება დაიწყო. აშშ დოლარის კურსის პარალელურად, საკვებ პროდუქტებზე გაზრდილი ფასები კი ჯერჯერობით ადგილიდან არ იძვრის, უფრო მეტიც, ზოგ პროდუქტზე კვალავაც განაგრძობს ყოველდღიურად მატებას. რით არის გამოწვეული, საქართველოს ეროვნული ვალუტა ლარის ასეთი მოულოდნელი გამყარება, ან წელიწადნახევრის წინ მისი კატასტროფული გაუფასურება, კვლავ ამოცანად რჩება. ხელისუფლება ჯიუტად გვარწმუნებს, რომ ქვეყნის ეკონომიკა წინ მიდის და დღეს თუ არა, ხვალ, გატარებული რეფორმების ეფექტსაც დავინახავთ. ვალუტის კურსის ბოლოდროინდელი გამყარების ტენდენციას სავალუტო წყაროებიდან შემოსავლების ზრდას მიაწერენ. საქართველოსთვის უცხოური ვალუტის ძირითადი წყაროა ექსპორტი, ფულადი გზავნილები, ტურიზმი და უცხოური ინვესტიციები.
ამასობაში, 2016 წლის “ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში” საქართველოს მდგომარეობა ერთი საფეხურით გაუარესდა. The Wall Street Journal-ში გამოქვეყნებული Heritage Foundation-ის ინდექსში, მსოფლიოს 178 ქვეყანას შორის, საქართველო 72,6 ქულით, 23 ადგილს იკავებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი წლის წინანდელ მონაცემებთან შედარებით, ერთი პოზიციით ჩამოვქვეითდით.
ვის ინტერესებში შედის ლარის კურსის ასეთი მკვეთრი ცვლილება, რატომ ვერ ხერხდება ციფრებში გამოხატული ეკონომიკური ზრდის მოქალაქეების ჯიბეზე ასახვა, რატომ არ იძლევა შედეგს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე დახარჯული მილიონები და საერთოდ, რამდენად სწორად არის ათვისებული ჩვენი ქვეყნის სამრეწველო პოტენციალი, ამ საკითხებზე Dalma News-ს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე ესაუბრა.
– ბატონო დემურ, ლარის კურსი ნელ-ნელა მყარდება, მაგრამ ეს ფასებზე არ აისახება, რატომ?
– კითხვა რატომ? ზუსტად შეესაბამება ლარის ამჟამინდელ მდგომარეობას. აბსოლუტურად გაუმართლებელი იყო, როგორც ლარის კურსის სწრაფი ვარდნა, ასევე მისი გამყარება. რატომ უნდა გამყარდეს ლარი ვერაფრით გამიგია. თუ ასეთი კარგია გამყარება, მაშინ ერთი ლარი, ერთ დოლარს გავუთანაბროთ, მაინც კატასტროფისკენ მიექანება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და ვიქნებით ასე, სხვის ხარჯზე. პროფესიული თვალსაზრისით ჩვენ გვჭირდება ისეთი ეროვნული ვალუტა, რომელიც მეტ-ნაკლებად სტაბილურია, ანდა ირყევა გარკვეული წონასწორული მდგომარეობის გამო და ემსახურება მთავარს, ეკონომიკურ ზრდას და სამუშაო ადგილებს. ფულის კურსი არ არის დამოუკიდებელი პარამეტრი, რომელზეც შეიძლება ორიენტირი გავაკეთოთ. ფულის კურსი უნდა იყოს ისეთი, როგორიც ეკონომიკის განვითარებას სჭირდება. ფული იმდენი უნდა იყოს, რამდენიც ეკონომიკის განვითარებას სჭირდება.
– როგორ უნდა შეჩერდეს ინფლაცია და მთავრობამ, როგორ უნდა მართოს ფულის მასა ისე, რომ არ მივიღოთ ხელოვნური პროცესები?
– ეს უკვე პროფესიონალიზმის საკითხია და დღეს მართლაც, რომ უაზრო ვითარებაში ვართ გაჭედილი. გასაგებია, რომ ეროვნულ ბანკში საკმაოდ კარგი სპეციალისტები არიან და მიხვდნენ ამ უაზრობას. ლარის გამყარების ნაცვლად, დოლარის შესყიდვა დაიწყეს, ამით ლარის მოცულობის გაიზარდა, მაგრამ ჩემის აზრით, ეს არ არის საკმარისი, ჩვენ გვჭირდება სტიმული, იმისთვის, რომ ეკონომიკა ვითარდებოდეს და არა ხელოვნური პროცესები, მითუმეტეს ფულად-საკრედიტო პოლიტიკაში, რომელიც არ გამომდინარეობს ქვეყნის მაკრო -ეკონომიკური პოლიტიკიდან. იმიტომ, რომ ასეთი პოლიტიკა უბრალოდ არ არსებობს, და გვაქვს მძიმე შედეგი, ამიტომ, ვერაფერს გეტყვით კარგს. უაზრობამდე ვართ მისული.
– 2014 წლის ბოლოს, როდესაც ლარის კურსის ვარდნა მიდიოდა, მთავრობა გვაიმედებდა, რომ ეს ფასებზე არ აისახებოდა, მაგრამ დღეს არ გვაქვს უკუპროცესი.
– არც საგარეო ფაქტორები და არც ქვეყნის შიგნით, ეკონომიკაში არსებული ფუნდამენტური ფაქტორები, არ უმჯობესდება და ლარის კურსი ხან ერთი მიმართულებით გარბის, ხან მეორე მიმართულებით გამორბის. ფასები რეალური მდგომარეობას ემყარება. რამდენიმე მონოპოლისტი, ასე ვთქვათ, ძლიერი ჯგუფი, რომელიც იმპორტზე მუშაობს, შესანიშნავად სარგებლობს ამ მდგომარეობით. ე.წ. ლარის ეს სასაცილო გამყარება ხელსაყრელია იმპორტიორებისთვის, ამიტომ ისინი კარგად გრძნობენ თავს. არ არსებობს შიდა კონკურენცია, პროპორციები დარღვეულია, ამიტომ საქართველოში საიმპორტო ბიზნესი ყვავის და ლარის კურსის მდგომარეობაც ამას ხელს უწყობს. არაფერი შეიცვლება, ფასების მცოცავი ზრდა გაგრძელდება, რამდენიმე ფაქტორის გამო, ერთ-ერთია მოსახლეობის შემოსავლების შემცირება, მოხმარება კლებულობს და რაგინდ პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, იმპორტიორები შემცირებულ ბრუნვას ფასების ზრდით აკომპენსირებენ.
– როგორ შეაფასებთ მთავრობის საგარეო სავაჭრო პოლიტიკას, რამდენად დამაიმედებელი ვითარება გვაქვს?
– დამაიმედებელი ვითარება მაშინ იქნება, როდესაც იმ სფეროებს განვავითარებთ, რისი რესურსიც გაგვაჩნია. ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია კონკურენტუნარიანი საქონლის წარმოება, ყველაფერს ვერ მოვედებით, მაგრამ არის მიმართულებები, სადაც ჩვენი რესურსების კონცენტრირებაა საჭირო. ამის შემდეგ უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ წარმატებულ საგარეო სავაჭრო პოლიტიკაზე. ცოტა უკეთესი ქვეყანა რომ ვიყოთ, ჩვენს ქვეყანაში წარმოებული კვების პროდუქტები, ნამდვილად დაიკავებდა მსოფლიო ბაზარზე თავის ნიშას. მაგალითად დანია, სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია მთელს მსოფლიოს აწვდის. ამ დროს, დანიასთან შედარებით ათასჯერ უკეთეს პრიმატულ პირობებში მყოფი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, ჩამოკიდებულია უხარისხო თურქულ და ჩინურ პროდუქციაზე
– რა არის ამის მიზეზი?
– მხოლოდ უკანასკნელი 25 წლის არასწორი სახელისუფლებო პოლიტიკა. რეფორმებმა ვერ უზრუნველყო ქვეყნის ეკონომიკის საბაზრო ეკონომიკის რელსებზე ეფექტიანი გადაწყობა. ისევ ძველი სქემები დომინირებს, ისევ ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესები ყვავის. ეკონომიკაში კვლავ სახელმწიფო მოხელეებისა და მაღალჩინოსანთა ძალაუფლებაა, ეს თავის შედეგს იძლევა. ჩვენი პრობლემა იმ მახინჯ სოციალურ ინფრასტრუქტურაშია, რომელიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა.
– როგორ უნდა დაეხმაროს მთავრობა გლეხს და რომ მან ხარისხიანი პროდუქცია მოიყვანოს და მეზობელ ქვეყნებთან ჩვენი ნიშა არ დავკარგოთ?
– ქართულ სოფლის მეურნეობის პროდუქციას ყველა ბაზარზე შეუძლია გასვლა. ჩვენი ყველაზე ძლიერი და გამოკვეთილი ნიშაა, ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოება. მართალია სოფლის მეურნეობაზე ვერ ავაგებთ ჩვენს მომავალს, მაგრამ იმისთვის, რომ ხარისხიანი პროდუქცია მივიღოთ, ეს ნამდვილად შეგვიძლია. ეს უცხოური ვალუტის შემოდინების კარგი წყარო იქნება. ამისთვის უნდა გაკეთდეს ის, რაც ევროპაში გაკეთდა კოოპერაციის მიმართულებით.
– რას ნიშნავს კოოპერაცია, ის რაც ჩვენ ვიხილეთ გასული საუკუნის 90-იან წლებში?
– 90-იან წლებში ეს იყო “კვაზი კოოპერაცია”. მე ვსაუბრობ სახელმწიფო პოლიტიკაზე, რომელიც 800 000 კაცის მოძრაობაში მოყვანას დაისახავდა მიზნად. ამის ყველაზე საუკეთესო გამოცდილება არსებობს წამყვან ქვეყნებში. კოოპერაცია სოფლად, ეს არის ძალიან კომპლექსური და მნიშვნელოვანი რამ. ამაში მილიარდობით ლარი დავხარჯეთ, შედეგი, თუ ციფრებში ვიტყვით, რაღაც არის, მაგრამ სოფელს ისევე უჭირს, როგორც უჭირდა. საუბედუროდ, სახელმწიფო დაფინანსება შპს-ებისა და ლობირებული ფირმების გავლენის ქვეშ მოექცა და სოფელში ჯერჯერობით არაფერი გამოდის.
– მაშინ სად მიდის ის უზარმაზარი თანხები, რომელიც სოფლის განვითარებას ხმარდება?
– ეს ძირითადად მიდის შპს-ების (შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოები) დაფინანსებაზე და ეს აისახება კიდეც სოფელზე. სოფელში წარმოების ინტერესი ფაქტობრივად კაბალურ პირობებშია ჩაყენებული.
– ამბობთ, რომ შეგვიძლია მოვიყვანოთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია, ვერ მოვიყვანთ ბევრს, მაგრამ შეგვიძლია ჩვენი ნიშა დავიკავოთ?
– მსოფლიოში, კატასტროფულად სწრაფად იზრდება მოთხოვნა ბიოპროდუქციის მიმართო. ჩვენ 24 საათის განმავლობაში რომ ვიმუშაოთ და სრული რესურსი დავასაქმოთ, უპრობლემოდ გავყიდით ქართულ პროდუქციას ყველა ქვეყანაში. სამწუხაროდ ეს მიმართულება ჯერჯერობით აუთვისებელი გვრჩება.
– რამდენად სწორია აქცენტირება იმაზე, რომ საქართველოსთვის ტურიზმი უნდა იყოს შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყარო?
– ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა წინა და დღევანდელმა ხელისუფლებებმა, პრიორიტეტების განსაზღვრაში. ტურიზმით აყვავებული ქვეყანა, მე არ ვიცი. ყველას ადრე, თუ გვიან პრობლემები უჩნდება. ცხადია ტურიზმი უნდა იყოს ერთ-ერთი, კარგად განვითარებული სექტორი ეკონომიკაში, მაგრამ, ეკონომიკური ზრდა რასაც ჰქვია და ეკონომიკის განვითარება, ტურიზმით არ მიიღწევა. თანაც პარადოქსული ვითარება იქმნება. საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, გაზარდოს ტურისტების ნაკადები, მათ შემოაქვთ, ვალუტა, რომელიც ისევ მათ მომსახურებას ხმარდება და გადის ქვეყნის გარეთ. როდესაც ადგილობრივი მეურნეობები არ არსებობს, ტურიზმით ფული როგორც შემოვა, ისე გავა. იმპორტიორი ფირმები კი თავს შესანიშნავად გრძნობენ.
– ხშირად ვამბობთ, რომ არ გვაქვს ნავთობი, არ გვაქვს გაზი…
– არც ერთი გვჭირდება და არც მეორე, ღმერთმა დაიფაროს საქართველო ნავთობისა და გაზისგან. რა წუთში საქართველოში გაზის საბადო გაჩნდება, იმ დღეს დასრულდება ქართული სახელმწიფოს განვითარება. ისედაც მოუწყობელ და არშემდგარ სახელმწიფოში, ისეთი კლანები მოაჯდებიან ამ რესურსს, შესაძლოა ნიგერიასაც გავასწროთ. ნიგერიამ 400 მლნ დოლარზე მეტი ნავთობი გაყიდა მაგრამ მისი 104 მილიონიანი მოსახლეობის ნაწილს, უდიდეს სიღარიბეში ძვრება სული.
– სატრანსპორტო სექტორზე რას იტყვით. ყველა რესურსი გვაქვს ათვისებული?
– სახელმწიფო პოლიტიკა უნდა მოიცავდეს ტრანსპორტის ყველა სახეობის განვითარებას. საქართველო იძლევა 4-5- ტიპის ტრანსპორტის საუკეთესოდ შერწყმის საშუალებას. აქაც პოლიტიკა ისე მიდის, რომ საუბარი უფრო მეტია, ვიდრე გაკეთებული საქმე.
– რამდენად გაართვა თავი მმართველი კოალიცია “ქართული ოცნების” მთავრობამ იმ ეკონომიკურ გამოწვევებს, რაც ბოლო 4 წლის განმვალობაში იყო ქვეყანაში?
– ჩემის აზრით, გაცილებით მეტი შედეგი დადება შეიძლებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, კოალიციის მიერ შედგენილი, როგორც პირველი, ისე მეორე და მესამე მთავრობები საკმაოდ არაეფექტიანი იყო, იმიტომ, რომ იგი ერთიანი პოლიტიკის ფარგლებში არ მოქმედებდა. ეპიზოდური ღონისძიებები ცალკეული მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები კი ეფექტის მომცემი ვერ იქნებოდა და მძიმე მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას, კრიზისიდან ვერ გამოიყვანდა. ამიტომ თუკი ოპონენტები, ძირითადად ქვეყანაში არსებულ სოციალურ მდგომარეობაზე გაამახვილებენ ყურადღებას და ეს მთლად სასიამოვნო არ იქნება მთავრობისთვის.
– თქვენის აზრით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მოსახლეობის სოციალური უკმაყოფილებაც გაიზრდება?
– ჩვენი მოქალაქეები, როგორც წესი, სოციალურ საფუძველზე პროტესტს არ გამოთქვამენ, რაც ძალიან ცუდია. საქართველოს მოსახლეობას არ შეუძლია კონსოლიდაცია, საკუთარი მდგომარეობიდან გამომდინარე. ისინი ორიენტირებას აკეთებენ გამოკვეთილ ლიდერზე, მარჩენალზე, ისეთ ადამიანზე, რომელიც იხსნის ბედკრულ სამშობლოს, ასეთი პოლიტიკა 21-ე საუკუნეში, სრული კრახისთვისაა განწირული. ცალკეული ლიდერების მხარდაჭერით, მთავრობაში მოდიან მის უკან მდგომი ადამიანები, რომლებსაც ხელისუფლებაში მოსვლა არ დაუმსახურებია. 25 წელი გავიდა და 4 ჯერ დავატრიალეთ ერთი და იგივე სქემა და მეხუთედაც დატრიალდება.
– სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, რამდენ ხანში შეიძლება მოსახლეობამ საკუთარ ჯიბეზე იგრძნოს ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობა?
– თუ ხელისუფლება მართლა განახორციელებს მოდერნიზაციის პროგრამას, პროცესის სასიკეთო ცვლილებებს ადამიანი 1-2 წელიწადშიც იგრძნოს, შემდეგ ეტაპებია გასავლელი და მთავარი. ნელ-ნელა სამუშაო ადგილები შეიქმნება. მართლია ერთდროულად ვერ დაკმაყოფილდება ყველა, მაგრამ ადამიანებს, გაუჩნდებათ რწმენა, რომ პროცესი მიდის და მათაც ექნებათ საშუალება დასაქმდნენ, ამიტომ 2-3- სერიოზული ეტაპია გასავლელი იმისთვის, რომ მოხდეს ყველა რესურსის მობილიზაცია და სწორი მიმართულებით წარიმართოს, შემდეგ ინტენსიური განვითარების პერიოდი, როცა ეს ეფექტიანად დაიწყებს მუშაობას, 2-3- წლის განმავლობაში ადამიანები ძალიან კაგრად იგრძნობენ, რომ პროცესი ჩაეშვა და დადებითი შედეგები სახეზეა, ამას არ სჭირდება ათწლეულები, 3 ეტაპის გავლის შემდეგ 10 წლის ინტენსიური მუშაობის შემდეგ, მართლა შეგვიძლია გადავიყვანოთ ჩვენი ეკონომიკა პროგრესულ პროცესზე. ამას განათლების სიტემის მოდერნიზება სჭირდება. 16 მილიარდი დოლარის ბიუჯეტი, ფაქტობრივად წაქცეული ეკონომიკის მაჩვენებელია და ჩვენ გვაქვს სიღარიბის არანორმალური დონე, როცა ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი, ან ღარიბია, ან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არის. რამდენიც არ უნდა ალამაზონ ეს მონაცემები, ვითარება არ იცვლება. 660 ათასზე მეტ ადამიანს არ აქვს ხელფასი ქვეყანაში.
– ეს მთავრობები ინტერესში არ შედის?
– ასეთი გლობალური ამოცანა არ დასმულა, რომელიც მთელი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური მოდერნიზაციისკენ იქნებოდა მიმართული. თითქოს წინა ხელისუფლებამ, რაღაც რეფორმები გაატარა, მაგრამ იქ ადამიანის ადგილი არ იყო და ეს დაეტყო კიდეც ქვეყნის ეკონომიკას.
ესაუბრა შორენა პაპაშვილი