აჭარის მასშტაბით რეგისტრირებული განთავსების ობიექტების მონაცემების მიხედვით, ივლისის თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა. განთავსების ობიექტებში 2015 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში გასულ წელთან შედარებით ტურისტების 3,40%-იანი ზრდა შეინიშნება.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ წარმოებული სტატისტიკის მიხედვით, ივლისის თვეში 6,1% ზრდა დაფიქსირდა ასევე აჭარაში არსებულ სასაზღვრო პუნქტებში, კერძოდ სარფის საბაჟოს, აეროპორტსა და ბათუმის პორტში. სასაზღვრო მონაცემების მიხედვით 9,16%-ითაა გაზრდილი უცხოელი ტურისტების, ხოლო 3% -ით საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა.
რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბით არსებულ მონაცემებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 737 ათასზე მეტმა უცხოელმა გადმოკვეთა, რაც წინა წლის მონაცემებს 9,5% აღემატება.
საქართველოში დასასვენებლად კი 336 ათასზე მეტი ტურისტი ჩამოვიდა, რაც 2014 წელთან შედარებით 2,2% პროცენტით მეტია.
ივლისის თვე ტურისტთა რაოდენობის ზრდით მიმდინარე წელს ერთ-ერთ საუკეთესო მაჩვენებელს აღწევს, – აღნიშნავენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში.