შეუიარაღებელი თვალითაც კარგად სჩანს, რომ სომხეთში რაღაც ძალიან გაფუჭდა მდგომარეობა: არც ფული, არც სამუშაო, არანაირი პერსპექტივა, ცხოვრება გართულდა, საშინელი უიმედობა სუფევს…საერთო ჯამში, ქვეყანაში მართლაც ასეთი ვითარებაა. ასობით ათასი ადამიანი იძულებულია ქამარი შემოიჭიროს, რადგანაც საკმაოდ შემცირდა პირადი გზავნილები რუსეთიდან, სადაც სომეხი მოქალაქეების უმრავლესობა მუშაობს. გარდა ამისა, მსოფლიო ბაზარზე ლითონის ფასი დაეცა, იმ დროს, როდესაც სპილენძი სომხეთის მთავარი ექსპორტული პროდუქტია. მცირდება შიდა მოთხოვნა (პურიც კი ნაკლები ცხვება), იზრდება უმუშევრობა… ერთი სიტყვით, მოქალაქეებს საფუძვლიანი პრეტენზიები აქვთ.
მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებზე ბევრის თქმა შეიძლება. ათობით ქვეყანაში ბევრად უფრო ცუდად ცხოვრობს ხალხი, ვიდრე სომხეთში, მაგრამ იქ ასეთი უიმედო სასოწარკვეთილების შეგრძნება არ არის. პირიქით, სწორედ “მესამე სამყაროს” ქვეყნები ხვდებიან “ადამიანური ბედნიერების” რეიტინგის პირველ ადგილზე. რა თქმა უნდა, ეს სადაო რეიტინგებია. საინტერესოა, ამჟამინდელი ცუდი განწყობა ეკონომიკის ბრალია?
სომხეთში არასდროს ყოფილა მნიშვნელოვანი ბუნებრივი სიმდიდრე, რომლის ხარჯზეც ქვეყანა იარსებებდა. როგორც ოდესღაც მენდელშტამმა თქვა “სახელმწიფოს მყვირალა ქვები”. ცნობილია, რომ საუკუნეების განმავლობაში სომხები საარსებო პურს ქვების წყალობით შოულოდნენ. როგორც საბჭოთა პოეტმა ნიკოლოზ ტიხონოვმა, რომელიც რესპუბლიკაში მეოცე საუკუნის 20-იან წლებში იმყოფებოდა, დაწერა:
აზიური სიღმეების წინაშე,
ზარმაც ტომთა შორის,
შრომისმოყვარეობის ფორპოსტი-
თავს იწონებს სომხეთი
შრომისმოყვარეობის ფორპოსტი-ეს სავსებით ზუსტი შედარებაა და სულაც არ არის პოეტური სიტყვათწყობა. სწორედ ათასწლეულებისა და საუკუნეების განმავლობაში მუხლჩაუხრელმა შრომამ გადაალახინა ერს ნებისმიერი სირთულე. თუ მოულოდნელად მშობლიური მიწის დატოვება მოუწევდათ, სადაც არ უნდა წასულიყვნენ და უცხო მიწაზე დასახლებულიყვნენ, შრომისმოყვარეობა სომხების მთავარი ეროვნული ნიშნი ხდებოდა და ეს ვლინდებოდა არა უბრალოდ თვითგადარჩენაში, არამედ ღირსეულად ცხოვრებასა და განვითარებაში, სხვადასხვა ხალხების პატივისცემის მოპოვებაში. სულაც არ არის გასაკვირი, რომ თავის დროში ცნობილი “პროლეტარელი პოეტის” აკოფ აკოფიანის ნაწარმოებს “ღირსება და შრომა” ჰქვია. აკოფიანი საბჭოთა ლიტერატურულმა კრიტიკამ ისეთ სიმაღლეებზე აიყვანა, რომელსაც თავისი ნიჭიერების მასშტატების მიხედვით, ალბათ, არ იმსახურებდა. თუმცა, ცნობილია, რომ პოეტებისთვის დამახასიათებელია გენიალური გაბრწყინება. მან რამდენიმე სტრიქონში ეროვნული ხასიათის მთელი არსი გამოხატა. მისი აზრით, პატიოსანი შრომა ადამიანს ცხოვრებაში ამაყად სიარულის საშუალებას აძლევს და თავისი კეთილი სახელი სიმშვიდეს ანიჭებს.
ყველა დროის კლასიკოსი, დიდებული ვარპეკი (ოსტატი) ავეტიკ ისააიანი, ამ ლექსის გამო ძალზედ აფასებდა აკოფ აკოფიანს. თავის მემუარებში წერდა, რომ ეს სტრიქონები ბევრმა ზეპირად იცოდა და ხშირად იმეორებდნენ. უფრო მეტიც, ვარპეტი აკოფიანთან ერთად ერევნის რომელიმე ტავერნაში დაჯდომის წინააღმდეგი არ იყო. იმ წლებში სომხეთის დედაქალაქში ახალი ეკონომიკური პოლიტიკა ხორციელდებოდა – ზუსტად ისე, როგორც ახლა. ვარპეტმა, როგორც ცნობილია, საკუთარი თავის ფასი იცოდა და ნებისმიერ შემხვედრთან ერთად არ სვამდა.
ცხადია, თითოეული ადამიანი ცალკეულად მსგავს საკითხზე არასოდეს დაფიქრებულა, მაგრამ შრომისა და პატიოსნების მყარი ურთიერთკავშირი ერმა შეისისხლხორცა და ეროვნული მენტალობის ნაწილად იქცა.
ამჟამად – სხვაგვარად. ესეც საწინააღმდეგო მაგალითი; ცოტა ხნის წინათ შვეიცარიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა რეფერენდუმზე გამოეტანა საკითხი, სურთ თუ არა ალპური რესპუბლიკის მოსახლეობას ყოველთვიურად 2 500 ევროს მიღება? ამ ფულს მხოლოდ იმიტომ მიიღებენ, რომ პატივად მონბლანის წიაღში დაბადება ერგოთ, გარდა ამისა, მნიშვნელობა არ აქვს, იმუშავებენ თუ არა. თავიანთ “საშუალო ხელფასს” დაბადებიდან სიცოცხლის ბოლომდე მიიღებენ. ეს ინიციატივა სახელმწიფოს წელიწადში 200 მილიარდი ევრო დაუჯდება. ამ თანხის დიდ ნაწილს გადასახადებიდან აიღებენ, დანარჩენს – სოციალური დაზღვევის ფონდებიდან (ერთდროულად შემცირდება სოციალური შეღავათები და გადასახადები, რომლებიც პრაქტიკულად აღარ იქნება საჭირო). მაგრამ საიდან მოგროვდება გადასახადები, თუ მთელი მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება სოლიდური დახმარებით და შეეძლება სიზარმაცეს დაემონოს? შვეიცარიის, რომელიც ასევე მოკლებულია ბუნებრივ წიაღისეულს, ზღაპრული სიმდიდრე ნულიდან დაიწყო და დღემდე იზრდება. ის მრავალსაუკუნოვანი თავდაუზოგავი შრომის, ადგილობრივი ფინანსისტ-ბანკირების მრავალი თაობის, ცნობილი საათების, შოკოლადების, შესანიშნავი საბრძოლო იარაღის, მსოფლიოში საუკეთესო ყველის მწარმოებლების მაღალკვალიფიციური ოსტატობის შედეგია. ასევე ცნობილი დაქირავებული-ლანდსკნეხტები, რომელთა საიმედოობა საქვეყნოდაა ცნობილი – შემთხვევითი არ არის, რომ დღემდე რომის პაპის დაცვაში სწორედ ისინი მსახურობენ. ერთი სიტყვით, ის ყველაფერი, რითაც ევროპის ცენტრში მდებარე პატარა ქვეყანა მსოფლიოშია ცნობილი.
წარმოუდგენელია, რომ ამიერიდან ამ ყველაფრის გარეშე მიუწევს ქვეყანას ცხოვრება და ფული ციდან ჩამოცვივდება. როგორც გაირკვა, შვეიცარიის ხელისუფლება სულაც არ გაგიჟებულა და მან შესანიშნავად იცის რას აკეთებს. სურს, რომ მისი თითოეული მოქალაქე უზრუნველყოფილი იყოს „მინიმალური ყოველთვიური შემოსავლით“ და არავიზე და არაფერზე იყოს დამოკიდებული. მოქალაქეებს კი, როგორც სჩანს, ეს არ სურთ. ასეთი გადაწყვეტილების მოსმენის შემდეგ მოსახლეობის 2%-მა განაცხადა, რომ თუ მთავრობა ამ შეთავაზებას დათანხმდება, ისინი მუშაობას თავს დაანებებენ, 98%-ს კი მყარად აქვს გადაწყვეტილი უწინდებურად მუშაობა. იმიტომ არა, რომ ხელფასს პლუს სახელმწიფო დახმარება მათი ცხოვრების დონეს აამაღლებს, არამედ იმიტომ, რომ მათ ვერ წარმოუდგენიათ ცხოვრება შრომის გარეშე. მათთვის მუშაობა ცხოვრების აზრია. გარდა ამისა, გამოკითხულთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ მთავრობის რეფერენდუმი ჩაიშლება, რადგანაც შვეიცარიელები მიჩვეულები არ არიან უქმად ყოფნას, მათ არ შეუძლიათ პურის უშრომელად ჭამა.
ახლა წარმოვიდგინოთ, რომ მსგავსი წინადადებით სომხეთის მთავრობაც წარსდგა. ცხადია, 2 500 ევრო ძალზედ ბევრია. მაგრამ თუ ავიღებთ 100-150 ევროს, რაც ადგილობრივ “სოლიდურ” პენსიას ორჯერ აღემატება. ასეთი შეკითხვა 30 წლის წინათ რომ დაესვათ, სომეხი მოსახლეობის პასუხი შვეიცარიელების პასუხის მსგავსი იქნებოდა: ფული, კი ბატონო, იყოს, მაგრამ ჩვენ მაინც ვიმუშავებთ. სომეხ ერს სურდა და უყვარდა შრომა და მისი მხოლოდ მცირედი ნაწილი ოცნებობდა უშრომელად ფულის მიღებაზე. დღესდღეისობით ასეთი დარწმუნებულები ვერ ვიქნებით. მოქალაქეების დიდი უმრავლესობა დიდი ხანია უმუშევარია, რადგანაც თვითრეალიზების შესაძლებლობები ძალიან მცირეა. შრომასაც ნელ-ნელა გადაეჩვივნენ… რაც ყველაზე მთავარია, ეს არის ის, რომ ბოლო დროს შრომასა და სოციალურ სტატუსს, შინაგანი ღირსებისა და საკუთარი თავის პატივისცემის შეგრძნებებს შორის ბუნებრივი კავშირი გაწყდა. ყველანაირი თაღლითი, ქურდი, რეკეტი, აფერისტი ყველას თვალწინ მდიდრდება. ასეთმა ადამიანებმა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არც ისე ბევრნი არიან, საზოგადოება გახრწნეს, თავდაყირა დააყენეს სწორი და ღირსეული ცხოვრების მრავალსაუკუნოვანი წარმოდგენები და ჩვევები.
რა თქმა უნდა, ყველას გახრწნა შეუძლებელია და ეს არც არასოდეს მოხდება. ყოველთვის იარსებებენ ადამიანები, რომლებისთვისაც შრომა ბუნებრივი მოთხოვნილებაა. თუმცა, ამას დღევანდელ უმრავლესობაზე ვერ ვიტყვით. შემთხვევით არ გაუფასებულა პატრიოტიზმისა და მოქალაქეობრიობის გაგება. ბევრი ადამიანი ოცნებობს მოსალოდნელ რაიმე არჩევნებზე – მნიშვნელობა არ აქვს როგორი, მთავარია ხმის გაყიდვის შანსი იყოს, რომელიც 15-20 დოლარი ღირს და არა – 5, როგორც ორი-სამი წლის წინათ. “მოქალაქეობრიობის გრძნობას” უფრთხილდება… რატომაც არა, თუ სხვაგვარად შეუძლებელია. მოქალაქე ხედავს, რომ პოლიტიკური მოღვაწეობა კარგად ანაზღაურებად სიზარმაცეს დაემსგავსა და არაფერი აქვს საერთო რეალურ ცხოვრებასა და ამომრჩევლის ინტერესებთან.
როგორც სჩანს, ისტორიული საზომის მიხედვით, ტრადიციულ წარმოდგენებსა და კარგის ცუდისგან გარჩევას შორის განხეთქილება, სერიოზულ დისკომფორტს უქმნის სომხეთის ბევრ მოქალაქეს. იქმნება კლასიკური კოგნიტური დისონანსი, როგორც ამას სპეციალისტები განსაზღვრავენ. ეს არის – “ნეგატიურად მოტივირებული მდგომარეობა, რომელიც იქმნება ისეთ ვითარებაში, როდესაც ადამიანს ორი, ურთიერთსაპირისპირო თვალსაზრისი აქვს”, რაც ეწინააღმდეგება უკვე დამკვიდრებულ თვალსაზრისს. სწორედ ამიტომ არის ადამიანების სიტყვები ნეგატივიზმით გაჯერებული, რისი ახსნაც ხშირად შეუძლებლად გვეჩვენება. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ თუ ადამიანი შეეცდება “შეიცვალოს საკუთარი თვალსაზრისი” ამგვარი მდგომარეობის დაძლევა შესაძლებელი იქნება. თუმცა, მიიჩნევა, რომ დროში გამოცდილი და გამართლებული თვალსაზრისის, ზნეობრივი ღირებულებებისა და ცხოვრების ჭეშმარიტი არსის შეცვლა არ ღირს. პირიქით, უნდა შეიცვალოს ამ მდგომარეობის გამომწვევი მიზეზები და რაც უფრო მალე – მით უკეთესი.
არსენ ამალიანი
Lina Levine-ის ფოტოები