სომხური სპორტისთვის 2015 წელი დატვირთული იყო. სომეხმა სპორტცმენებმა გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს სპორტის სხვადასხვა სახეობაში, ეს კი ქვეყანაში სპორტის განვითარებისთვის კარგი საფუძველია. მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან წარმატებები აქვთ სპორტის ზაფხულის სახეობებში. რაც შეეხება ზამთრის დისციპლინებს, სომხეთში ტრადიციულად არც ისე სახარბიელოდაა საქმე და ბრწყინვალე კი არა, უმნიშვნელო წარმატებებზეც ზედმეტია საუბარი. ამ მხრივ, გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს სათხილამური სპორტი, სადაც გარკვეული წარმატებები დაფიქსირდა. თუმცა, საერთო სურათი ერთობ სავალალოა. ობიექტური მიზეზი ბევრია: მოედნის, სპორტული ბაზის არქონა, სახელმწიფო მხარდაჭერისა და კერძო ინვესტიციების არ არსებობა. მიუხედავად ამისა სპორტის სახეობების განვითარებაში მცირე წინსვლა შეიმჩნევა. ამჯერად 2015 წლის ბოლოს მომხდარ რამდენიმე მოვლენაზე მოგითხრობთ, კერძოდ ერევნის ფიგურული სრიალის სკოლის აღორძინებაზე, რომელსაც წლების განმავლობაში ყინულის საკუთარი მოედანი არ ჰქონდა.

2014 წლის 5 ივნისს ყველაფერი შეიცავლა და სკოლის განახლებას საფუძველი ჩაეყარა. “1973 წელს სომხეთში მოსკოვიდან რუსი მწვრთნელები ჩავიდნენ. მათი მხარდაჭერითა და უშუალო მონაწილეობით ფიგურული სრიალისა და ჰოკეის სკოლა დაარსდა, რომელიც ყინულის მოედნის არქონის მიუხედავად უწყვეტად მუშაობდა”, – ამბობს ირინა როდნინას სახელობის ფიგურული სრიალის სკოლის დირექტორი მელინე ავაგიანი.

მელინე ავაგიანი
მელინე ავაგიანი

“1994 წელს, როდესაც ქარხანა “ნაირიტი” დაიხურა, რომელიც სკოლას კალციუმის ქლორიდით (ხარისხიანი ყინულის მოედნის შენარჩუნებას უწყობს ხელს – რედ.) უზრუნველყოფდა, იძულებული გავხდით მუშაობა ერთი წლით შეგვეწყვიტა, სანამ საკუთარი სახსრებით ელექტრომომარაგების სისტემა არ ავაგეთ. დროთა განმავლობაში მილებისა და კომპრესორების მთელი სისტემა მოძველდა და საექსპლუატაციოდ გამოუსადეგარი გახდა. თუმცა, სკოლა მაინც განაგრძობდა ფუნქციონირებას: ვაგრძელებდით ფიზიკური მომზადებისა და ქორეოგრაფიის გაკვეთილებს. ზამთარში კი სეზონური ყინულის მოედნებზე უწევდათ ბავშვებს თავიანთი ტექნიკის დახვეწა”.

7820 კვადრატული მეტრის ფართობის მოედნის მქონე სკოლა მეორედ 2015 წელს განახლდა. სამშენებლო სამუშაოები ჯერ კიდევ 2014 წლის ოქტომბერში დაიწყო, ხოლო 2015 წლის დეკემბერში სადღესასწაულო ვითარებაში გაიხსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ: სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი, ქალაქ ერევნის მერი ტარონ მარკარიანი, სპორტის მინისტრი გაბრიელ კაზარიანი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კულტურული თანამშრომლობის საკითხებში, საგანგებო დავალებათა ელჩი მიხეილ შვიდკო, რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთში ივან ვოლინკინი, კომპანია “მონ-არხ”-ის დამფუძნებელი და ჯგუფის დირექტორი, საქველმოქმედო ფონდის “კეთილდღეობის” თავმჯდომარე სერგეი ამბარცუმიანი. სკოლა სწორედ ამ უკანასკნელის სახსრებით აშენდა. გახსნის ცერემონიალში მონაწილეობდა ასევე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და ევროპის შვიდგზის ჩემპიონი ფიგურულ სრიალში, ირინა სლუცკაია.

ღონისძიების მთავარი სტუმარი იყო საბჭოთა სპორტის შესანიშნავი და შეუდარებელი ვარსკვლავი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს ათგზის ჩემპიონი, რუსეთის საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწე, რუსეთის ფედერაციის პარლამენტის წევრი ირინა როდნინა, რომლის სახელსაც ერევნის ახალი სკოლა ატარებს.

“ეს ის შემთხვევა, როდესაც ემოციების სიტყვით გამოთქმა რთულია. ის, რომ სკოლას ჩემი სახელი ეწოდა, ეს პირველ რიგში, ჩვენი რუსულ-სომხური მეგობრობისა და ფიგურული სრიალის სფეროში ჩვენი ქვეყნების მემკვიდრეობის შედეგია. საინტერესოა, რომ ჩემი სახელობის ფიგურული სრიალის სკოლა რუსეთში კი არა, სოხმეთში გაიხსნა, რისთვისაც ინიციატორებს ძალზედ ვემადლიერები. სკოლაშ მასტერ-კლასებს რუსი ფიგურისტები და ჰოკეისტები ჩაატარებენ. გაკვეთილებს მეც ჩავატარებ”, – განაცხადა ირინა როდნინამ.

მისივე თქმით, არარეალურია მოლოდინი, რომ სომხეთს უკვე ხვალ ეყოლება ჩემპიონები, თუმცა დარწმუნებულია, რომ მალე ყველა დაინახავს, როგორი ნიჭიერი ბავშვები და მიზანდასახული მწვრთნელები არიან სომხეთში. ცხადია, ირინა როდნინა ერევანში დიდხანს ვერ გაჩერდება, თუმცა ხშირად ჩაატარებს მასტერ-კლასებს. როგორც მელინე ავაგიანმა განაცხადა, “ამის პოტენციალი არსებობს!”

ამ დროისთვის სკოლაში 15 სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში 180 ბავშვი ირიცხება,- ამბობს მელინე ავაგიანი. ახალი მოედნის ფართობი 30×60-ზეა, რაც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და ერთდროულად რამდენიმე ჯგუფის ვარჯიშის, ისე რომ ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ, შესაძლებლობას იძლევა. ყველაფერი ისეა გათვლილი, რომ ბავშვებმა მაქსიმალურად პროდუქტიულად ივარჯიშონ. გარდა ამისა, სკოლაში ჰოკეის ორი გუნდი ვარჯიშობს: უფროსი და უმცროსი ასაკის ჯგუფები. “თუ კარგად დავაკვირდებით ყინულის ზედაპირს, მასზე ჰოკეისტებისთვის სპეციალური ნახაზია დატანილი. ჯგუფების სავარჯიშოდ დროებია გამოყოფილი და შესაბამისი ცხრილია შედგენილი. როდესაც ჰოკეისტების ვარჯიშის დროა, მოედნის ინჟინერი უფრო უხეშ ყინულს ასხამს”,- ამბობს ფიგურული სრიალის სკოლის დირექტორი.

როგორც Dalma News-სთან საუბრისას მწვრთნელმა მგერ ოგანესიანმა განაცხადა, იმის გამო, რომ ჰოკეის მოედანი სტაბილურად არ ფუნქციონირებდა, ყველაფერი მწვრთნელების ენთუზიაზმის წყალობით არსებობდა. “ვცდილობდით ახალგაზრდა მოთამაშეები შეგვეკრიბა, მათთან სეზონურ მოედანზე ვვარჯიშობდით, ასევე ჰოკეის გორგოლაჭებიანი ციგურებით ვთამაშობდით.

10 წლის წინათ ჰოკეის გუნდი გვყავდა, მაგრამ მოთამაშეები უკვე გაიზარდნენ. ახლა უკვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მოედანი გვაქვს. ასე, რომ ამ მომენტისთვის ჩვენი უმთავრესი ამოცანაა ახალი ბიჭების მოზიდვა. გახსნამდე ორი თვით ადრე თავად დავდიოდი სკოლებში და ბავშვებსა და მათ მშობლებს ახალი ყინულის მოედნის გახსნის შესახებ ვაწვდიდი ინფორმაციას”.

მხოლოდ ერთი მოედანი და მწვრთნელების ენთუზიაზმი საკამრისი არ არის. ჰოკეი სპორტის ის სახეობაა, სადაც დიდი მნიშვნელობა აქვს სპორტცმენის ფორმას, რომელიც თითოეულ სპორტცმენზე ინდივიდუალურად უნდა იყოს მორგებული. “სამწუხაროდ, სომხეთში სპეციალიზირებული მაღაზია არ არსებობს და ფორმის შეძენის მთელი ტვირთი მშობლებს აწევთ,- ამბობს მგერ ოგანესიანი – სკოლას მხოლოდ ძვენი ფორმები აქვს შემონახული, რომლებიც ბავშვებს მხოლოდ ვარჯიშების დროს ურიგდებათ, თუმცა ეს დროებითია”.

მწვრთნელს მიაჩნია, რომ ჰოკეი სპორტის პერსპექტიული სახეობაა. “ის თავის თავში მოიცავს სხვადასხვა სპორტულ დისციპლინას. უხეშად რომ ვთქვათ – ეს არის ბრძოლის ერთგვარი სახეობა, ოღონდ ციგურებზე”.

რაც შეეხება ფიგურული სრიალის სკოლას, დირექტორი მელინე ავაგიანი ყურადღებას ახალგაზრდა სომეხი სპორტცმენების წარმატებაზე ამახვილებს. “ცოტა ხნის წინათ პოლონეთში ჩატარებულ შეჯიბრზე ფიგურისტებმა ანასტასია გალსტიანმა და სლავიკ აირაპეტიანმა მეორე ადგილი დაიკავეს ინდივიდუალურ ცეკვებში. სხვათა შორის, სლავიკ აირაპეტიანი ფიგურული სრიალის ერევნის სკოლაში ვარჯიშობდა, შემდეგ კი ვარჯიში მოსკოვში განაგრძო. მიუხედავად იმისა, რომ ანასტასია ჩვენს სკოლაში არ გაზრდილა, ის მაინც ფიგურული სრიალის სომხეთის ნაკრების სახელით ასპარეზობს.

საერთაშორისო არენაზე სომხეთის სახელით გამოდის თინა კარაპეტიანისა და საიმონ სენეკალის წყვილი, რომელიც კანადაში ვარჯიშობს. ზაგრებში ჩატარებულ ტურნირზე “Golden Spin of Zagreb 2015” მათ მონაწილეობა სომხეთის ნაკრების სახელით მიიღეს და თავისუფალი ცეკვის შედეგების მიხედვით, 127,92 ქულით მესამე ადგილი დაიკავეს. ეს კარგი შედეგი და საფუძველია ევროპისა და მსოფლიოს პირველობაში მონაწილეობის მისაღებად. ამ საცეკვაო წყვილის ამბიციები ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზეც ვრცელდება, რომელსაც 2018 წელს სამხრეთ კორეა უმასპინძლებს.

კიდევ ერთმა სომეხმა, რუსეთის სახელით მოასპარეზე 16 წლის ევგენია მედვედევა-ბაბასიანმა ბარელონაში, გფრან-პრის ფინალში მესამე ადგილი დაიკავა და ორივე პროგრამის შედეგებით 222,54 ქულა დააგროვა.

ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანების გარდა, ფიგურული სრიალის სამყაროში სომხური გვარების მქონე სხვა პერსპექტიული სპორტცმენებიც არიან. ესენია: 10 წლის ედუარდ ტერ-კაზარიანი და 12 წლის არტურ დანიელიანი. ასევე ცნობილი სპორტცმენები: ანასტასია გრებენკინა, სამველ გეზალიანი, გეგამ ვარდანიანი, ვაზგენ აზორიანი, პიერ ბალაიანი. მიუხედავად იმისა, რომ სომხური გვარების მქონე ფიგურისტების სია არც ისე დიდია, ვიმედოვნებთ, ყველაფერი წინ არის და ამ სიას კიდევ შეემატებიან ჩვენი სკოლის აღსაზრდელები”, – ამბობს მალინე ავაგიანი.

ჩვენც ვიმედოვნებთ და ველოდებით იმ დროს, როდესაც სომხეთში აინთება ისეთი ბრწყინვალე ვარსკვლავი,რომლითაც თავად ირინა როდნინაც იამაყებს. ამ სპორტცმენის სახელის ტარება არა მხოლოდ პატივია, არამედ დიდი პასუხისმგებლობაც!

P.S. სამწუხაროდ, სკოლაში ჯერ არ არის იმის შესაძლებლობა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს ჩაუტარდეთ გაკვეთილები, მაგრამ, როგორც ხელმძღვანელები ამბობს, ამ მიმართულებით სამუშაოები მიმდინარეობს.

 

მოამზადა არმინე აგარონიანმა

Lina Levine-ის ფოტოები

მასალაში ასევე გამოყენებულია Sputnik Армения-ის ფოტოები