ქართულ თეატრს შორეულ ისტორია აქვს. თეატრალური ხელოვნების ელემენტებს ჯერ კიდევ უძველესი რიტუალური დღესასწაულები შეიცავდნენ. ამას მოწმობს აღმოჩენილი საარქივო მასალებიცა და საგუნდო სიმღერებში შემორჩენილი ნაწყვეტებიც. საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ (IV ს. 30-იანი წლები), შეიქმნა საეკლესიო თეატრი და დრამა. პარალელურად ვითარდებოდა ხალხური თეატრალური სანახაობა – “ბერიკაობა”, მოგვიანებით – “ყეენობა”. მაგრამ ქართული თეატრის ისტორიაზე საუბრისას პირველად მაინც XIX საუკუნის ქართველი დრამატურგი გიორგი ერისთავი და მისი პიესა “გაყრა” გვახსენდება, რომლითაც 166 წლის წინათ ჩაეყარა საფუძველი ქართულ თეატრს.
1850 წლის 14 იანვარს საქართველოს დედაქალაქ თბილისში პირველი სპექტაკლი “გაყრა” დაიდგა. ეს იყო პირველი და იმ დროისთვის ერთადერთი პროფესიული თეატრი საქართველოში. როგორც პროფესორი ვასილ კიკნაძე განმარტავს, გიორგი ერისთავმა ქართველი არისტოკრატიის მხარდაჭერითა და რუსეთის მეფისნაცვალ ვორონცოვის ხელშეწყობით, გიმნაზიის (დღევანდელი თბილისის №1 სკოლა. რედ.) შენობაში დადგა პირველი სპექტაკლი, რომლის პიესის ავტორიცა და რეჟისორიც თავად იყო და სპექტაკლში ერთ-ერთი პერსონაჟის, სომეხი ვაჭრის როლსაც ასრულებდა.
ქართველი პროფესორის თქმით, იმ ხანებში ეროვნული თეატრის აღორძინებას ქართველი ხალხის ცხოვრებაში განსაკუთარებული მნიშვნელობა ჰქონდა, თუმცა, თეატრალურ დასს უმძიმეს პირობებში უხდებოდა მუშაობა. მეფის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარების შეფერხებისთვის ყველა ღონეს ხმარობდნენ. თეატრს წაართვეს შენობა და მძიმე ცენზურის ქვეშ მოექცნენ. ამას კი შედეგად მოჰყვა ის, რომ გახსნიდან მეექვსე წელს ერისთავის თეატრალური დასი დაიშალა და 70-იანი წლების ბოლომდე ქართველ დრამატურგთა პიესებს, მხოლოდ მოყვარული თეატრალები დგამდნენ.
თუმცა, საუკუნით ადრე, XVIII საუკუნის 90-იან წლებში მეფე ერეკლე II-ის სასახლესთან მოქმედებდა საერო თეატრი, სადაც ქართულთან ერთად რუსულიდან ნათარგმნი და გადმოკეთებული პიესებიც იდგმებოდა. ამავე პერიოდში მუშაობას განაგრძობდა სასახლის კარის თეატრი – სახიობა, რომელსაც სათავეში დავით მაჩაბელი ედგა. მაჩაბლის დასის მრავალი მსახიობი გმირულად დაეცა 1795 წელს, აღა-მაჰმად-ხანის წინააღმდეგ ბრძოლაში.
თბილისში ქართული პროფესიული თეატრი საზოგადო მოღვაწეების, მწერალ ილია ჭავჭავავაძისა და პოეტ აკაკი წერეთლის წყალობით აღოძინდა. ამ პერიოდში ქართულ თეატრსა და დრამატურგიაში განვითარდა გმირულ-რომანტიკული და რეალისტურ-კომედიური მიმართულებები. პარალელურად ქართული თეატრის რეპერტუარში დამკვიდრდა უცხოური კლასიკური დრამატურგიის ნიმუშები. ქართული თეატრის აღმავლობა ორი დიდი რეჟისორის, კოტე მარჯანიშვილისა და სანდრო ახმეტელის სახელებს უკავშირდება. მათ ქართულ თეატრში განსაკუთრებული ეპოქა შექმნეს, რომელიც სასცენო ხელოვნების განვითარების მიმართულებებსა და ტენდენციებს დღესაც განაპირობებს.
ქართული თეატრის დღე წლეულს ჭიათურაში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში განსაკუთარებულად აღინიშნა და ჭიათურის თეატრის 120 წლის იუბილეს მიეძღვნა. საიუბილეო საღამოზე ქართული თეატრის 2015 წლის საერთაშორისო თუ ადგილობრივი წარმატებებიც შეაჯამეს. თეატრის მოღვაწეთა კავშირმა კი 18 პრემია გასცა. 2015 წლის საუკეთესო სპექტაკლად გორის თეატრში რეჟისორ სოსო ნემსაძის მიერ დადგმული “ალუბლის ბაღი” გამოცხადდა. გამოავლინეს მამაკაცისა და ქალის როლების საუკეთესოდ შემსრულებული მსახიობები, პრემია თელავის თეატრის მსახიობ ვანო იანტბელიძესა (სპექტაკლში “ვინ გატეხა ქოთანი?!”) და მესხეთის თატრის მსახიობ ლია სულუაშვილს (სპექტაკლი “მშვიდი ღამე”) გადასცეს.
გარდა ამისა, წლის საუკეთესო პიესად ირაკლი სამსონაძის “1,2 მეთევზე” აღიარეს; საუკეთესო რეჟისორულ ნამუშევარად კი, მოზარდმაყურებელთა თეატრის რეჟისორის ნიკოლოზ საბაშვილის სპექტაკლი – “1945”; წლის საუკეთესო ორიგინალურ მუსიკად გამოცხადდა მოზარდ მაყურებელთა თეატრში დადგმული, აკაკი წერეთლის ნაწარმოების “ბაში-აჩუკისთვის” დავით მალაზონიას მიერ შექმნილი მუსიკა. ასევე გამოავლინეს წლის საუკეთესო სცენოგრაფი, წლის საუკეთესო კრიტიკული რეცენზია და წლის საუკეთესო ნაშრომი. ღონისძიების დასასრულს კი ჭიათურის თეატრის წინ, ღვაწლმოსილი მსახიობის როდერ ჩაჩანიძის ვარსკვლავი გაიხსნა.
ქართული თეატრის დღეს კულტურის სამინისტრომ, რამდენიმე მასშტაბური ღონისძიება გამართა, მოეწყო ფოტოების, თეატრალური კოსტიუმებისა, თუ მუზეუმში დაცული სხვადასხვა საარქივო მასალის გამოფენები. ქართული ესტრადის და თეატრის წარმომადგენლებმა შეასრულეს სიმღერები სხვადასხვა ცნობილი ქართული სპექტაკლიდან. ქართული თეატრის დღისადმი მიძღვნილ საღამოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილეები მანანა ბერიკაშვილი, კახი კანდელაკი და გიორგი ბაქრაძე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და რეგიონული თეატრების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ჭიათურის თეატრს სხვა პრობლემებიც აქვს. შენობა, რომელიც საბჭოთა ეპოქაშია აშენებული და არქიტექტურულ ფასეულობას წარმოადგენს, კლდეზეა მიბმული და ნალექის გამო მუდმივად აქვთ პრობლემები. მსახიობებს სცენაზე თამაში სიცოცხლის რისკის ფასადაც კი უჯდებოდათ. წლევანდელი ფესტივალის წყალობით, შენობას სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა.
თეატრმცოდნე თამარ კიკნაველიძე აცხადებს, რომ რეგიონის თეატრები ამ მხრივ სავალალო მდგომარეობაშია. მათი კეთილმოწყობა ფინანსებთან არის დაკავშირებული. “რეგიონში იმდენი სოციალური და ეკონომიკური პრობლემებია, რომ ადგილობრივ ხელისუფლებაში უნდა გაგიმართლოს, რომ ყურადღება მიაქციონ თეატრებს. ამ შემთხვევასი ჭიათურის თეატრს ნამდვილად გაუმართლა, რადგან ისეთი ადამიანები არიან დღეს ადგილობრივ ხელისუფლებაში, რომ თუ რაღაც საშუალება არსებობს, რომ თეატრს დაეხმარონ ნამდვილად აკეთებენ ამას”, – აცხადებს თეატრმცოდნე.
თავის დროზე რეგიონში დიდი თეატრები შენდებოდა. მათი დარბაზები 300 კაცზეა გათვლილი. დღეს ძნელია დააინტერესო მაყურებელი სპექტაკლით, არა მხოლოდ რეგიონებში, არამედ დედაქალაქშიც. თამარ კიკნაველძის თქმით, ყველაზე აქტიური დასწრება დღეისთვის საბავშვო სპექტაკლებზეა, მაგრამ აქ სხვა პრობლემა იჩენს თავს, – პიესების არქონა, ამიტომ ძირითადად ზღაპრებს დგამენ. ახალგაზრდა თეატრმცოდნეს მიაჩნია, რომ მაყურებელმა თეატრში მხოლოდ სანახაობისა და სპექტაკლისთვის აღარ უნდა იაროს და ამხელა შენობები მრავალფუქციური უნდა გახდეს, გაიმართოს გამოფენები, სამეცნიერო კონფერენციები და სხვა.
“ძალიან კარგი იქნება, თუ ქართული თეატრის დღე აღინიშნება სამეცნიერო კონფერენციით და მხოლოდ ნომინაციებით არ შემოიფარგლებიან. დარწმუნებული ვარ ქართველ ხელოვანებს მეტად გაუხარდებათ, თუ მათი ნამუშევდების პროფესიულ კვლევასა და შეფასებას ნახავენ”, – აცხადებს თამარ კიკნაველიძე.
და მაინც რა უპირატესობა აქვს თეატრს კინოსთან შედარებით და რისთვის დადის მაყურებელი თეატრში? ალბათ, მაინც ემოციისთვის, რომელსაც იგი მსახიობების ცოცხლად თამაშისგან ღებულობს. რეალურ დროში ადევნებს თვალს მოვლენებს და თავადაც მისი შემაგენელი ნაწილი ხდება. მსახიობის შესაძლებლობებიცა და ნიჭიც ხომ სცენაზე განსხვავებულად წარმოჩინდება. მაგრამ ტელევიზია მაინც რჩება თეატრის ძირითად კონკურენტად.
დღეისთვის საქართველოში ფუნქციონირებს დრამატული, მუსიკალური, პანტომიმური, თოჯინური და მარიონეტული თეატრები; ქართული თეატრების გვერდით წარმატებით მუშაობენ რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვანი კოლექტივები. კიდევ უფრო გააქტიურდა საერთაშორისო კონტაქტები. სხვადასხვა თეატრალური კოლექტივი წარმატებით მონაწილეობს საერთაშორისო პროექტებში, ფესტივალებსა და ფორუმებში; საქართველოს პერიოდულად სტუმრობენ უცხოური სადადგმო ჯგუფები, გასტროლიორი თეატრები და შემსრულებლები. ქართველი რეჟისორები და სცენოგრაფები ინტენსიურად თანამშრომლობენ მსოფლიოს ცნობილ თეატრებთან.
შ. ქარჩავა