საქართველოში ერთგვარ მანკიერ ტრადიციად იქცა არჩევნების წინ, პოლიტიკური ძალების მხრიდან პატიმრების თემით მანიპულირება. თავის დროზე, ციხის სკანდალური კადრების გასაჯაროვებას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სახელისუფლება გადაჰყვა. მორიგი საპარლამენო არჩევნები ახლოვდება და კვლავ საეჭვოდ ამოტივდივდა პატიმრების თემა, მაგრამ განსხვავებული რაკურსით. ამ ისტორიაში ყველაზე მეტად წელიწადნახევრის შემდეგომი რეაქციები და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ განსახვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო დაპატიმრებული ადამიანების ნარკოტიკებთან დაკავშირების მცდელობაა თვალშისაცემი, თუმცა, ფაქტებს მივყვეთ.
არსებობს ვერსია, რომ ამ ამბის სცენარი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის კაბინეტში თუ არა, სადღაც მის ახლოს მოიფიქრეს. ზოგისთვის ეს იმ შეთქმულებისა თუ დივერსიის გაგრძელებაა, რომლის განხორციელებასაც “ნაციონალური მოძრაობა” ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის მეშვეობით უკვე მერამდენედ რევანშისტულად ცდილობს, რათა მოახდინონ ამჟამინდელი ხელისუფლების დისკრედიტაცია.
თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა რამდენიმე დღის წინათ ტელე-ეთერით ხელისუფლების მმართველი გუნდის ჯერ კიდევ დაუსახელებელი წევრები პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით კორუფციულ გარიგებასა და მასზე ზეგავლენის მცდელობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ამასთან დაკავშირებით კატეგორიულ- ისტერიულ ტონში დაწერილი 4 ტექსტური შეტყობინება მობილუ ტელეფონზე ერთი წლის წინათ, 2014 წლის 30 აპრილს მიიღო, რომელიც მაშინვე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის უფროსს აჩვენა.
სკანდალური განცხადებების შემდეგ დამოუკიდებელი დეპუტატი მთავარ პროკურატურაში დაიბარეს და მობილური ტელეფონი მისივე თანდასწრებით დაათვალიერეს. ამოიღეს ამონაწერი კომპანია “მაგთიდანაც”, მაგრამ იმ მაღალჩინოსნების მესიჯებს ვერ მიაკვლიეს, რომლებიც მას წელიწადნახევრის წინ ემუქრებოდნენ. საპასუხოდ, ალისაშვილმა განაცხადა, რომ SMS-ები “ინბოქსში” არ არის, თუმცა ტელეფონის მყარ დისკზე არსებობს, რასაც მიმდინარე ექსპერტიზა გაარკვევს. გარდა ამისა, ელისაშვილი აცადებს, რომ იმ მაღალჩინოსანი პოლიტიკოსების სახელები და გვარები მან თავის დროზე ყოფილ მთავარ პროკურორ გიორგი ბადაშვილს და მის მოადგილე გიორგი გოგაძეს მიაწოდა.
მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძემ კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ელისაშვილს მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ მისი სკოლის მასწავლებლის, თუ დირექტორის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებდა და პროკურატურისგან დახმარებას ითხოვდა კუთვნილი თანხის დაბრუნებაში. „შეწყალების საკითხებზე იმ შეხვედრაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა”, – აცხადებს გოგაძე.
მწერალი და პუბლიცისტი ვახტანგ ხარშილავა მიიჩნევს, რომ ყოველივე ბლეფი და ვიღაცის მიერ სპეციალურად დადგმული ავაზაკური შოუა, რადგან რა რეკომენდაციებიც არ უნდა გასცეს შეწყალების კომისიამ, ან ამ საქმესთან დაკავშირებულმა რომელიმე ორგანიზაციამ, რამდენი ფულიც არ უნდა აიღოს რომელიმე პარლამენტარმა თუ სხვა მაღალჩინოსანმა, რა ზემოქმედებაც არ უნდა მოახდინონ კომისიის თავმჯდომარესა თუ კომისიის წევრებზე, პრეზიდენტის საბოლოო სიტყვის გარეშე არაფერი გამოვა, რადგან საბოლოო გადაწყვწეტილებას სწორედ ის ღებულობს.
“პრეზიდენტს შეიძლება, 500 კაციანია სია წარუდგინონ შესაწყალებლად, მან კი მხოლოდ 50 შეიწყალოს. ასე რომ, საქმის ფინალზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ამა თუ იმ პატიმრის შეწყალების საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურის სხვადასხვა ეტაპზე ვინმე მილიონს აიღებს ქრთამად, თუ ორ მილიონს. ასეთ ქრთამს აზრი არ აქვს და, აქედან გამომდინარე, მას არავინ გაიღებს. ამიტომ არის სრული მისტიფიკაცია და აბსურდი ის, რასაც ელისაშვილი ჰყვება, რასაც ქორიძე ბანს აყოლებს და კილაძე კი თავის კომპეტენტურ ბეჭედს არტყამს. დარწმუნებული ვარ ეს ხმაურიანი საქმე უშედეგოდ დასრულდება იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ სამართლებრივად მას არ შეიძლება შედეგი ჰქონდეს”, – მიაჩნია ვახტანგ ხარშილავას.
ალეკო ელისაშვილის ბრალდებების ადრესატებს შორის ირიბად გაისმა პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის გვარიც, რომელიც 2011 წელს ე.წ. “კოკაინის საქმეზე” ადვოკატად მუშაობდა.
“ჩვენ მაშინ გამამართლებელ განაჩენს ვითხოვდით. ვმუშაობდით ევროსასამართლოში გასაგზავნ საჩივარზე. ბუნებრივია, მას შემდეგ, რაც დეპუტატი გავხდი, მოვითხოვე საქმის გადასინჯვა. ეს სრულიად ლეგიტიმური მოთხოვნაა. გამოძიება დაწყებულია წამების ფაქტებთან დაკავშირებით და საქმეს თბილისის პროკურატურა აწარმოებს. სრულიად კანონიერად მივმართე პრეზიდენტსაც, შეწყალების კომისიასაც. არავინ სცემდა პატიმრებს პასუხს ჰქონდათ თუ არა უარი შეწყალებაზე? მქონდა ლეგიტიმური უფლება მომეკითხა საქმის მიმდინარეობა, ანუ მეთხოვნა, რომ მათ საჩივრებზე ყოფილიყო რეაგირება, უარის შემთხვევაში კი ეცნობებინათ დასაბუთებული პასუხი”, – განაცხადა კობახიძემ და საკრებულოს დეპუტატისგან ითხოვს მტკიცებულებას, რომ ამ საქმეში მან ნამდვილად აიღო 200 000 აშშ დოლარი.
ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ პროკურატურას ე.წ. შეწყალების საქმეზე მტკიცებულებებს “ნელ-ნელა გამოუზოგავს”, თუმცა მას საქციელს უწუნებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და ურჩევს, როგორც შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ პროკურატურას მის ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება მიაწოდოს. სხვა თუ არაფერი, საქმე გვაქვს სისხლის სამართლის დანაშუალთან.
“კორუფცია ამ ქვეყანაში ვერ დაბრუნდება და თუკი ვინმემ, ვინც არ უნდა იყოს ის, დაარღვია კანონი, ეს არის სისხლის სამართლის წესით დასჯადი.პროკურატურა მუშაობს ამ თემაზე და ბატონ ელისაშვილს მოუწევს მტკიცებულებები მიაწოდოს პროკურატურას”, – აცხადებს მინისტრი წულუკიანი.
მთავარ პროკურატურაში არ გამორიცხავენ, რომ ე.წ. შეწყალების საქმეზე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დაიკითხოს. ე.წ. შეწყალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის 30-მდე პირია დაკითხული, მათ შორის, შეწყალების კომისიის ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარეები – ალეკო ელისაშვილი და ზვიად ქორიძე, დეპუტატები მანანა კობახიძე და ეკა ბესელია, ასევე მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე, ვაკე-საბურთალოს პროკურორი ნიკა სანიკიძე, მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ნათია სუხიაშვილი, ადვოკატი ნიკოლოზ მჟავანაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ლაშა აბაშიძე და “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური. პროკურატურამ გამოძიება 339-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით აღძრა, რაც ზეგავლენით ვაჭრობას გულისხმობს.
არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის“ თავჯდომარე ნანა კაკაბაძე ამ ყველაფერში პოლიტიკურ სარჩულს ხედავს და მიაჩნია, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი წინასაარჩევნოდ ახალ პოლიტიკურ ჯგუფს ქმნის, რომელიც რატომღაც ასეთი ფორმით იწყებს არენაზე გამოსვლას. კაკაბაძის აზრით, კორუფციაზე საუბრის დაწყებამდე ელისაშვილი უნდა დაინტერესებულიყო, იყო თუ არა პოლიტიკური საფუძვლები იმ ადამიანების საქმეებში, რომლებსაც მოგვიანებით პარლამენტმა პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭა.
“რა ინტერესი აქვთ მალე გამოჩნდება. მგონია, რომ ახალი პოლიტიკური გადაჯგუფებები იწყება და არჩევნების წინ რაღაც ახალი პოლიტიკური გაერთიანება კეთდება მარგველაშვილის ირგვლივ. ბუნებრივია, საზოგადოების გულის მოგება ამით დროებით მოხდება, მაგრამ გაივლის დრო და ეს ყველაფერი ზედაპირზე აღმოჩნდება. არ მიმაჩნია სწორად რომელიმე პოლიტიკური ძალა, თუნდაც ახალი, ასე იმკვიდრებდეს თავს”, – განაცხადა ნანა კაკაბაძემ.
ელისაშვილის ტელეფონიდან გაუჩინარებული sms-ების ამბავთან დაკავშირებით, საკუთარი წყარო ჰყავს გაზეთ “მთავარი გაზეთის” რედაქტორ ვახტანგ ხარშილავას და საინტერესო ვერსიებსაც გვთავაზობს. ერთ-ერთი ვერსიით, ამ ამბის კიდევ ერთი მთავარი სამიზნე ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილია და ამ “იაფფასიანი პროვოკაციის ავტორებს ივანიშვილ-ღარიბაშვილს შორის სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირების გაღვივება სურთ.
“სწორედ ამაზეა გათვლილი ეს ავანტიურა, ისე, როგორც სხვა ავანტიურები სხვა დროს და სხვა თემებთან დაკავშირებით. დაწყებული “ქართულ ოცნებაში” ჩანერგილი ”აგენტურული ქსელის” აღმოჩენით, გაგრძელებული ღარიბაშვილის ე.წ. “კახური კლანის” მხილებითა და ვითომდა ივანიშვილ-ღარიბაშვილს შორის არსებული სამკვდრო-სასიცოცხლო “დაპირისპირების” გაღვივების მცდელობით. ეს ადამიანები ცდილობენ ივანიშვილი დაარწმუნონ, რომ მის გარშემო ყველა მოღალატეა და არავის ნდობა შეიძლება. ამ მიზანს თუ განახორციელებენ, ეს „ქართული ოცნების“ სრული დემორალიზაციითა და დაშლით დასრულდება! პატარა ამბავი ხომ არ არის, „კორუმპირებულთა“ გამოაშკარავებაში ეხმარებიან ეს ადამიანები ხელისუფლებას?” – აცხადებს ვახტანგ ხარშილავას.
პატიმარების თემა, თავისი განსაკუთრებული სპეციფიკურობის გამო, საშუალებას იძლევა საზოგადოებაში განსხვავებული ინტერპრეტაციები გაიშალოს და მათ შეწყალების პროცესებთან რაღაცით დაკავშირებული ადამიანების რეპუტაციას ჩრდილი მიადგეს. თუმცა, ეს მხოლოდ ვერსიებია. იმედია გამოძიება ყველაფერს ნათელს მოჰფენს და ყოველივე მცირე პოლიტიკური ჯგუფის ინტრგინული თამაში არ აღმოჩნდება, ხოლო წარსულში ჟურნალისტი ალეკო ელისაშვილი ბრმა იარაღი ვინმეს ხელში.
შორენა პაპაშვილი