საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე მიიჩნევს, რომ რუსეთის ფაქტორის გაუთვალისწინებლად, საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყანა ნორმალურ არსებობას ვერ შეძლებს და ამ შემთხვევაში რუსეთის მოწონება – არმოწონება არაფერ შუაშია.

“ნუ გვავიწყდება, რომ მთის იქით 140-მილიონიანი, მეზობლებზე გაბრაზებული ბირთვული ქვეყანაა. ეს მთელ მსოფლიოს ესმის და საქართველოს მოსახლეობის 70%-იც რუსეთთან ურთიერთობაში პრაგმატულ მიდგომას უჭერს მხარს. რუსეთი არ არის მოწონება-არმოწონების თემა, ის ფაქტორია, რომლის გაუთვალისწინებლად საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყანა ნორმალურ არსებობას ვერ შეძლებს,”- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში.

საქართველოში პრორუსული პროპაგანდის გააქტიურებას რაც შეეხება, ზურაბ აბაშიძის შეფასებით, ე.წ. პრორუსულ ორგანიზაციებს საქართველოში განსაკუთრებით შემაშფოთებელი მასშტაბი არ აქვს. როგორც აბაშიძე აცხადებს, მისთვის მიუღებელია საკუთარი პოზიციის გამო მოქალაქეების დევნა, რადგან მიაჩნია, რომ ადამიანს უფლება აქვს, მოსწონდეს რუსეთი, ან საქართველოს მომავალს ჩინეთთან თუ ბრაზილიასთან დაახლოებაში ხედავდეს.

საქართველოში არსებულ კონფლიქტებსა და მათი მოგვარების გზებს რაც შეეხება, ზურაბ აბაშიძის შეფასებით, კონლფიქტების მოგვარება რთულია, მაგრამ მდგომარეობა უიმედო არ არის. “პოზიტიური აზროვნება გვმართებს და მხოლოდ პრობლემების გაზვიადებით არ უნდა ვიყოთ დაკავებულნი. მხოლოდ საფრთხეზე თუ ვისაუბრებთ, ცხვრის მოშენება არ ღირს – მგელი შეჭამს, თაფლს – დათვი, ღომს – სტუმარი. ჩვენ უაღრესად რთულ ეპოქაში ვცხოვრობთ, ასეთია საერთაშორისო ვითარება, ამიტომ სიფრთხილეც უნდა გამოვიჩინოთ და ამავდროულად, პრაქტიკული გონებით ვიაროთ არჩეულ გზაზე, – მიაჩნია აბაშიძეს.