საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობა იძაბება. ამჯერად მიზეზი დასანიშნი ელჩებისა და დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების კანდიდატურებია. მმართველი პარტია “ქართული ოცნების” ლიდერები პრეზიდენტ ზურაბიშვილს ტყუილში ადანაშაულებენ და ხისტი ტონის გამო საყვედურობენ.

​საუბარია დაახლოებით ორი-სამი კვირის წინ მთავრობის მიერ გადაგზავნილ სიაზე, ერთი ელჩის გამოწვევაზე და ორის დანიშვნაზე. საერთო ჯამში პრეზიდენტმა არ დანიშნა 5 ელჩი და ერთის გამოწვევაზე ამბობს უარს.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პრეზიდენტმა არა თუ უპასუხოდ დატოვა ეს წარდგინება, უარი წერილობით დაადასტურა. ამასთან დაკავშირებით არსებობს ოფიციალური მიმოწერა საქართველოს მთავრობასა და პრეზიდენტს შორის. ქვეყნებისა და ელჩების გვარები არ ხმაურდება.

თავის მხრივ პრეზიდენტი “ოცნების” ლიდერებს ზრდილობისკენ მოუხმობს, არასასურველი დაძაბულობის შექმნის მცდელობას საყვედურობს და განმარტავს, რომ 2021 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 21 მარტის ჩათვლით, ელჩის და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნად მთავრობამ პრეზიდენტს 12 კანდიდატურა წარუდგინა და თორმეტივეს დანიშვნის თაობაზე პრეზიდენტის მიერ გამოცემულია შესაბამისი განკარგულება.

სალომე ზურაბიშვილი

“საქართველოს პრეზიდენტისა თუ მისი ადმინისტრაციის ტყუილში დადანაშაულება, რომელიც ზრდილობასაც და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, იწვევს საზოგადოებაში არასასურველ დაძაბულობას, როცა ჩვენს ირგვლივ ბევრად უფრო საკვანძო საკითხები წყდება”, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

მმართველი პარტია პრეზიდენტს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ტენდენციის დამკვიდრების მცდელობაში ადანაშაულებს, რაც მათივე განმარტებით გამოიხატება, როგორც ელჩების დანიშვნის საკითხში, ასევე, მთავრობასთან შეუთანხმებელ ვიზიტებში, პარლამენტში სტუმრების შეყვანაში და ა.შ. მმართველი პარტია საკითხის საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვის გზას ირჩევს.

ირაკლი კობახიძე

“როდესაც პრეზიდენტის ინსტიტუტს უკავშირდება კონსტიტუციის დარღვევის ტენდენცია, ამაზე უმჯობესია მყისიერი რეაგირება, სწორედ ამას ემსახურება ის სარჩელი, რომელიც წარედგინება საკონსტიტუციო სასამართლოს”, – განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

კობახიძე იქვე განმარტავს, რომ საუბარი არ არის ვინმეს დასჯასა და სანქციის დაწესებაზე, რა მოლოდინსაც ბოლო დღეების განმავლობაში ოპოზიციური პარტიები და მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები ქმნიან.

“ასეთი რეპრესიული ზომა არავის მიმართ არ იქნება გამოყენებული. ერთადერთი, რასაც დაადგენს საკონსტიტუციო სასამართლო არის ის, თუ ვის ეკუთვნის ელჩის დანიშვნის კომპეტენცია პრაქტიკული თვალსაზრისით“, – ამბობს კობახიძე.

მისივე მოსაზრებით, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საგარეო პოლიტიკის განხორციელება არის მხოლოდ მთავრობის კომპეტენცია.

ვახტანგ ხმალაძე

მართლაც, რა ნაწილშია პრეზიდენტის ფუნქცია ცერემონიულ-სიმბოლური და რა ნაწილში სამართლებრივი, Dalma News-ი ამის გარკვევას კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძის დახმარებით შეეცადა.

ხმალაძის მოსაზრებით, ელჩისა და დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელების დანიშვნისას სიფრთხილის გამოჩენა ზედმეტი არასდროს არის, აჩქარება შესაძლოა დამაზიანებელიც კი იყოს.

მისივე ინფორმაციით, ამ საკითხზე, საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში, დიდი ხანია მიდის კამათი. ირაკლი კობახიძესა და “ქართული ოცნების” სხვა წარმომადგენლებს სურთ, რომ პრეზიდენტს ჩამოერთვას ელჩის დანიშვნის უფლებამოსილება და ეს მხოლოდ მთავრობის პრეროგატივა იყოს. მმართველ გუნდს კონსტიტუციონალისტების მხრიდან წინააღმდეგობა შეხვდა.

ვახტანგ ხმალაძის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციაში არის რამდენიმე ნორმა, რომელიც ეხება პრეზიდენტის მიერ მთელი რიგი უფლებამოსილებების განხორციელებას. ეს ნორმები ჩამოყალიბებულია სხვადასხვაგვარად იმისდა მიხედვით, თუ რა ნორმაზეა საუბარი. არის ნორმები, სადაც წერია, რომ პრეზიდენტი უფლებამოსილია გააკეთოს რაღაც. მაგალითად პრეზიდენტი შეიწყალებს მსჯავრდებულს და წერტილი. მსჯავრდებულთა შეწყალება არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ პრეზიდენტი წყვეტს შეიწყალოს თუ არა ესა თუ ის მსჯავრდებული.

არის მეორე კატეგორიის ნორმები, რომლებიც ფორმულირებულია ამდაგვარად, რომ მთავრობის წარდგინებით პრეზიდენტი ნიშნავს ელჩებსა და სხვა დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს. არის ნორმა, რომელიც ამბობს, რომ მთავრობის წინადადებით პრეზიდენტი აცხადებს საგანგებო ან საომარ მდგომარეობას და შემდგომ პრეზიდენტის ამ აქტს ამტკიცებს პარლამენტი. ამავე კატეგორიას განეკუთვნება ისეთი ნორმები, რომელიც ამბობს, რომ პრეზიდენტის გარკვეული გადაწყვეტილებები საჭიროებს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერას.

არის კიდევ ერთი კატეგორია, სადაც კონსტიტუციის თანახმად, მას შემდეგ, რაც პარლამენტი ნდობას გამოუცხადებს მთავრობას, პრეზიდენტმა თანამდებობაზე უნდა დანიშნოს პრემიერ-მინისტრი. მაგრამ, თუ პრეზიდენტი ვადებს არ დაიცავს და პარლამენტის მიერ ნდობაგამოცხადებულ პირს არ დანიშნავს პრემიერად, იგი თანამდებობაზე დანიშნულად მაინც ჩაითვლება. ეს იმას ნიშნავს, რომ კონსტიტუცია პრეზიდენტს აძლევს საშუალებას არ მოაწეროს ხელი პრემიერის დანიშვნას, მაგრამ მის უარს სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება.

რიგ საკითხებში კონსტიტუცია პრეზიდენტს სრულ თავისუფლებას ანიჭებს. ზოგ შემთხვევაში კი პირდაპირ წერია, რომ პრეზიდენტმა ეს უნდა გააკეთოს. მაგრამ თუ ამას არ გააკეთებს, – არ დანიშნავს პრემიერს, ხელს არ მოაწერს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს, ეს ვერ შეაჩერებს ვერც კანონის ამოქმედებას და, ვერც პრემიერის თანამდებობაზე ყოფნას.

სალომე ზურაბიშვილი

როგორც ვახტანგ ხმალაძე განმარტავს, საქართველოს კონსტიტუციაში ელჩებთან დაკავშირებით მსგავსი რამ არ წერია. ამ შემთხვევაშ პრეზიდენტს აქვს დისკრეციული უფლებამოსილება დანიშნოს, ან არ დანიშნოს მთავრობის მიერ წარდგენილი პირი. ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს განხილული, როგორც ცერემონიული უფლებამოსილება. ელჩების დანიშვნის საკითხში პრეზიდენტი შეზღუდული არ არის. კონსტიტუცია პრეზიდენტს აძლევს საშუალებას დამატებითი კონტროლი განახორციელოს ელჩებზე, მაგრამ მათ საქმიანობაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება.

მისივე თქმით, ელჩების დანიშვნის საკითხი გაჭიანურდება მანამდე, სანამ შეთანხმება არ მიიღწევა.

“ეს შემთხვევითი არ არის. კონსტიტუცია ელჩებზე სამმაგი კონტროლის განხორციელებას გულისხმობს: მთავრობის, პრეზიდენტის და პარლამენტის. იმიტომ, რომ საკითხი არის უაღრესად მგრძნობიარე და მნიშვნელოვანი. პრეზიდენტი არის დაცული იმ თვალსაზრისით, რომ თუ ელჩად შეუფერებელი პირი დაინიშნა, ამაზე პასუხისმგებელი იქნება მთავრობა. როცა პრეზიდენტის ინსტიტუტი შემოვიდა, აღებული იყო მეფის ანალოგი, რომელიც იმ დროინდელი შეხედულებით ითვლებოდა ღმერთის მიერ ხელდასმულად, შეუმცდარად, რომელსაც პასუხისმგებლობას ვერ დააკისრებდი”, – ამბობს ვახტანგ ხმალაძე.

კონსტიტუციონალისტის აზრით, ელჩების საკთხზე პრეზიდენტსა და მთავრობას შორის კონფლიქტი სხვა არაფერია, თუ არა საბაბის ძებნა.

სალომე ზურაბიშვილი და “ქართული ოცნების” ლიდერები

მეორე მხრივ, ვერც ელჩის დანიშვნის გაჭიანურებით არ და ვერ შეექმნება სახელმწიფოს პრობლემა, რადგან, როდესაც ელჩი არ არის დანიშნული, მის მოვალეობას სხვა ასრულებს.

“ასე, რომ კეთილი ინებონ პრეზიდენტმა და მთავრობამ, და შეთანხმდნენ“, – ამბობს ხმალაძე.

უცნობია ის, თუ რა კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებენ “ოცნების” მიერ წარდგენილი კანდიდატები და რომელი დიპლომატის მიმართ აქვს პრეზიდენტს პრეტენზია. უცნობია, რა საკითხში და რატომ ვერ თანხმდებიან მხარეები. შესაძლოა უთანხმოების მიზეზი პერსონალურ ინფორმაციასთან იყოს დაკავშირებული.

ხმალაძის თქმით, ელჩებს იმდენად საპასუხისმგებლო ფუნქცია აკისრიათ, რომ მათი კანდიდატურები ფრთხილად უნდა შეირჩეს. საჭიროა, როგორც პროფესიული ცოდნის, ასევე ცხოვრების ისტორიის გათვალისწინება. მხედველობაში უნდა იყოს მიღებული მომავალი ელჩის პოლიტიკური შეხედულებებიც. არ შეიძლება ელჩად დაინიშნოს პირი, რომელსაც გაცხადებული აქვს ამ თუ იმ სახელმწიფოს მიმართ მტრული გამონათქვამები, ან კორუფციასთან დაკავშირებით პირის მიმართ თუნდაც ვარაუდი არსებობს.

ზურაბ ქადაგიძე

ექსპერტ ზურაბ ქადაგიძის თქმით, საზოგადოებამ მოისმინა ორივე მხარის განცხადება და თუ საქმე გვაქვს კონსტიტუციის დარღვევასთან, ამაზე პასუხი უნდა მივიღოთ საკონსტიტუციო სასამართლოსგან. მისი აზრით, ოპოზიცია ცდილობს ამ თემას პოლიტიკური კონტექსტი შესძინოს და ვითარების გამძაფრებისა და საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოს.

“ოპოზიციის ნაწილი, სამწუხაროდ, რადიკალიზმის ისეთ ხარისხზეა გადასული, რომ ყველანაირი საკითხის გამოყენებით ცდილობენ პოლიტიკური ტემპერატურის აწევას ქვეყანაში”, – აცხადებს ექსპერტი.

შორენა პაპაშვილი