საქართველოში არსებულ ოპოზიციურ გაერთიანებაში, რომელიც დღემდე, თითქოს ერთი საერთო მიზნის – “ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის პარტიის ხელისუფლებისთვის ჩამოშორება” – გარშემო იყო გაერთიანებული, განხეთქილების აშკარა ნიშნები შეინიშნება. ორმა საპარლამენტო პარტიამ, რომლებიც ამ გაერთიანების “ბირთვს” წარმოადგენენ, მომავალ პარლამენტში მანდატების მიღებაზე და შედეგად, მომავალ მთავრობაში პრემიერ-მინისტრის და სხვა მინისტრების თანამდებობებზე პრეტენზიები გამოთქვეს. საუბარია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე”, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ერთგული რჩება და მისგან დაახლოებით ოთხი წლის წინ გამოყოფილ პოლიტიკურ სუბიექტზე “ევროპული საქართველო”, რომლის რიგებშიც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი “თვალსაჩინო პირები” არიან გაერთიანებულნი. ზემოთ აღნიშნული პრეტენზიები ამ პარტიების წარმომადგენლებმა საჯაროდ, გაერთიანების შიგნით, პარტიულ ბრიფინგებზე და სოცქსელების მეშვეობით გამოთქვეს, სადაც თითოეული პარტიის ლიდერი ხსნის თუ, რატომ უნდა შეხვდეთ მათ მაჟორიტართა მანდატების ნახევარი, ან მთავრობის ხელმძღვანელის პოსტი.

გიგა ბოკერია

ერთ-ერთი პირველი, ვინც პოლიტიკური პრეტენზიები და ამბიციები გამოთქვა გიგა ბოკერიაა, რომელმაც არაორაზროვნად განაცხადა, რომ საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრი მისი პარტიის – “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი უნდა იყოს. ამ პარტიის ლიდერების აზრით, ეს ერთადერთი ოპოზიციური პარტიაა, რომელიც პოლიტიკურ არენაზე ყველაზე გავლენიანი და წარმომადგენლობითია, ამიტომ მომავალ პარლამენტში მაჟორიტარული მანდატების უმეტესობა სწორედ ამ პარტიის წარმომადგენლებმა უნდა მიიღონ.

მმართველ პარტია “ქართულ ოცნებაში” და დანარჩენი ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებმა ბოკერიას ეს განცხადება ისე “გაშიფრეს”, რომ პრემიერობა თავად ბოკერიას სურს, ხოლო მომავალი პარლამენტის ძირითადი პოსტები მის თანაპარტიელებს.

რომან გოცირიძემ

ბოკერიას პრეტენზიას ირონიულად უპასუხა საქართველოს პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ, რომელმაც ჯერ სოც.ქსელში, შემდეგ ერთ-ერთ იუმორისტულ გადაცემაში ხუმრობანარევი განმარტება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს მომავალი პრემიერი. გოცირიძის თქმით, ის უნდა იყოს ეკონომისტი, რამოდენიმე მოწვევის პარლამენტის წევრი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი ვიცე-პრემიერი და პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში. თავად გოცირიძის პოლიტიკურ ბიოგრაფიას თუ გავიხსენებთ, ის თავის თავზე საუბრობდა.

“ნაციონალურ მოძრაობაში” ასევე განაცხადეს, რომ ისინი ოპოზიციურ პარტიებს შორის “ყველაზე რეიტინგულები” არიან (საქართველოში ამერიკული ორგანიზაციების NDI და IRI-ს, ასევე ოპოზიციის მიერ დაქირავებული ადგილობრივი კვლევითი ორგანიზაციების საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით), ამიტომ როგორც პრემიერის პოსტი, ისე მაჟორიტარული მანდატების ნახევარზე მეტი სწორედ მათ ეკუთვნით.

ამგვარ ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებდნენ ზემოთ აღნიშნული ორი პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ოფისის ეზოში სხვა ოპოზიციონერებთან ერთად რამოდენიმე დღის განმავლობაში იკრიბებოდნენ.

გიორგი ვაშაძე

აღნიშნული დაპირისპირების ფონზე ზოგიერთმა ქართველმა ექსპერტმა, რომლებიც “ქართული ოცნების” მიმართ ოპოზიციურად არიან განწყობილნი, გაერთიანებულ ოპოზიციას მომავალი პრემიერის თანამდებობაზე „კომპრომისული“ ვარიანტი შესთავაზეს. ეს არის მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი ყოფილი თანამოაზრე, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე და იუსტიციის სახლების პროექტის ავტორი, პარტია „ახალი საქართველოს“ დამფუძნებელი და ლიდერი და გიორგი ვაშაძე. შეთავაზების გასამყარებლად ისინი ეყრდნობიან ვაშაძის ყოფილ დამსახურებებს და მის ინიციატივებს სოც.ქსელში, სადაც პოლიტიკოსი წინასაარჩევნო კამპანიას აქტიურად აწარმოებს. ამ კამპანიის ერთ-ერთი ნაწილი მისი „აღმშენებლური სტრატეგიაა“, რომლის მიხედვითაც ვაშაძის აზრით, საქართველოს კრიზისიდან გამოიყვანს და პროდასავლური განვითარების გზაზე დააყენებს. თუმცა გიორგი ვაშაძის ყოფილი თანამოაზრეები მის ინიციატივას უარყოფითად შეხვდნენ და ერთმნიშვნელოვნად უარყვეს: დაბალი რეიტინგის მქონე პარტიის ლიდერი არ არის ის ფიგურა, რომელსაც მინისტრთა კაბინეტის მართვას ჩავაბარებთო.

მოგვიანებით ორივე „მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ“, როგორც ჩანს, დათმობაზე წასვლა გადაწყვიტა და ჯერ „ნაციონალურმა მოძრაობამ, შემდეგ კი „ევროპულმა საქართველომ“ „კომპრომისული“ განცხადება გააკეთა.

ნიკანორ მელია

“ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტ.საბჭოს თავმჯდომარემ ნიკანორ მელიამ სპეციალური “შესარიგებელი“ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ პარტია თავის კანდიდატებს თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან მხოლოდ ორში წარადგენს და იქვე დასძინა, რომ სამგორის და გლდანის საარჩევნო ოლქებში მისი პარტია მოგებას გეგმავს.

“ზოგიერთმა სუბიექტმა ჩათვალა, რომ ჩვენ მოლაპარაკებების პროცესს ხელს ვუშლით. ამის საფუძველი არც არსებულა და არც არსებობს. იმისათვის, რომ ოლიგარქის წინააღმდეგ ერთობლივად ვიბრძოლოთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია თბილისის 6 საარჩევნო ოლქის სხვა პარტიებს უთმობს, ხოლო გლდანსა და სამგორში კანდიდატებს ჩვენ წარვადგენთ. ამით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისში მაჟორიტარი კანდიდატების საკითხზე მოლაპარაკებებში მონაწილეობას ასრულებს“, – განაცხადა კატეგორიულად მელიამ.

რაც შეეხება დანარჩენ 22 საარჩევნო ოლქს მთელი საქართველოს მასშტაბით, „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის სხვა ოპოზიციურ ძალებთან მოსალაპარაკებლად, რათა 31 ოქტომბრის არჩევნებზე მაჟორიტარობის საერთო კანდიდატები წარადგინონ.

“თუ წარდგენილნი იქნებიან ძლიერი კანდიდატები, ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის”, – განმარტა ნიკა მელიამ.

ამ “ინიციატივის” საპასუხოდ შემხვედრი განცხადება გააკეთეს “ევროპულ საქართველოშიც” და განაცხადეს, რომ თავიანთ კანდიდატებს თბილისის მხოლოდ ორ საარჩევნო ოლქში წარადგენენ. პარტიის სახელით განმარტება გააკეთა დავით ბაქრაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ ერთიანი ოპოზიციური კანდიდატები მაღალი პოლიტიკური კალიბრის ცნობილი ლიდერები უნდა იყვნენ.

დავით ბაქრაძე

“ჩვენი მიზანი ის კი არ არის, რომ რომელიმე პარტიამ რაც შეიძლება მეტი ოლქი მოიპოვოს, არამედ ის, რომ კანდიდატები მაღალი პოლიტიკური კალიბრის ცნობილი ლიდერები იყვნენ. ხოლო ამომრჩეველმა იცოდეს, რომ თბილისში წარდგენილი კანდიდატები – გაერთიანებული ოპოზიციისგან არიან”, – განმარტა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, მაჟორიტარული მანდატების გადანაწილების საკითხში გაერთიანებულ ოპოზიციაში დაუძლეველ პრობლემას ამ ეტაპზე ვერ ხედავს.

როგორც ჩანს, ორი „მთავარი“ ოპოზიციური ძალა შეთანხმდა და თბილისში მანდატების ნახევარი ერთმანეთში გაიყვეს, თუმცა ყოფილ თანამოაზრეებს შორის გარკვეული დაძაბულობა მაინც არსებობს და ეს სოც.ქსელში, ან მედიისთვის გაკეთებულ კომენტარებში გამოიხატება.

ოდესღაც ერთმა, ახლა კი ორმა ურთიერთდაპირისპირებულმა ოპოზიციურმა პარტიამ მომავალ პარლამენტში თბილისის მაჟორიტარული მანდატების ნახევარი ერთმანეთში გაიყვეს, ხოლო ნახევარი დაუტოვეს დანარჩენ ოპოზიციურ სპექტრს, რომელიც ლეიბორისტული პარტიის შტაბ-ბინის ეზოში იკრიბებოდა. ეს რაც შეეხება თბილისს, ხოლო საქართველოს სხვა რეგიონებში მანდატები ჯერ კიდევ გასანაწილებელია და სავარაუდოდ, ეს ორი პარტია ერთმანეთში იქაც მანდატების ნახევარს გადაინაწილებს. ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი სხვა ოპოზიციონერები ამ ეტაპზე შედარებით უფრო თავშეკავებულნი არიან და ფრთხილ განცხადებებს აკეთებენ, რათა ოპოზიციური ერთობის რყევა თვალსაჩინო არ გახადონ.

მომავალ პარლამენტში მოხვედრის პრეტენზიები და ამბიციები ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოფილ თანამოაზრეებს: პარლამენტის ყოფილ სპიკერს ნინო ბურჯანაძეს, ყოფილ თავდაცვის მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” იუსტიციის მინისტრის ყოფილ მოადგილეს გიორგი ვაშაძეს და პარტია “გირჩის“ ლიდერს, წარსულში ასევე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელს, ნარკოტიკების ლეგალიზაციისთვის გულმხურვალე მებრძოლს ზურაბ ჯაფარიძესაც აქვს. მათ შორის არის ასევე ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი, რომელიც სააკაშვილის მმართველობის დროს მისი „შეურიგებელი ოპონენტი“ იყო, ახლა კი „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ანასხლეტების თანამოაზრეა.

ქართველი ექსპერტები მომავალ პარლამენტში ოპოზიციის შანსებს საეჭვოდ მიიჩნევენ და ამბობენ, რომ თუ გაერთიანებული ოპოზიციის რიგებში დაპირისპირება შემდგომშიც გაგრძელდება, ეს აუცილებლად “ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს” სასარგებლოდ იმოქმედებს.

ზაალ ანჯაფარიძე

ქართველ ექსპერტს ზაალ ანჯაფარიძეს მიაჩნია, რომ ოპოზიცია ძალიან სერიოზულ შეცდომას უშვებს. რადგანაც მძიმე პანდემიური და ქვეყანაში არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური ვითარებების ფონზე, როდესაც პარლამენტში მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებები ჯერ კიდევ მისაღებია, არმოკლული დათვის ტყავს იყოფენ.

“ამ ეტაპზე პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის განხილვა და პორტფელიოების გადანაწილება, მაჟორიტარი კანდიდატების დარიგება ამომრჩევლის თვალში არც თუ სახარბიელო და მომგებიანი საქმეა”, – განაცხადა ექსპერტმა Dalma News-ის კორესპონდენტთან საუბარში.

მისივე შეფასებით, პოლიტიკური ვაჭრობის შედეგები პროგნოზირებადი იყო, რადგანაც საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ოფისის სახურავის ქვეშ ერთმანეთისგან ძალზედ განსხვავებული ოპოზიციური ძალები შეიკრიბნენ. მათი ურთიერთგანსხვავებული ამბიციები და მოთხოვნები მათ შორის შეთანხმების მიღწევას თავიდანვე შეუძლებელს ხდიდა.

“მეორეს მხრივ, აბსოლუტურად ცხადია, რომ ოპოზიციურ ერთობაში მყოფი სხვადასხვა პოლიტიკური ძალის და ელექტორატის მქონე პარტიები ტორტის თანაბარ ნაჭრებს ვერ მიიღებენ. ბუნებრივია, “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო”, რომლებმაც თავიანთ მხრებზე გადაიტანეს ყველაფერი და ოპოზიციისთვის სასურველ შედეგსაც მიაღწიეს, დომინანტი მოთამაშეების როლის შესრულებას შეეცდებიან. მაგრამ ეს არ მოეწონებათ იმ პარტიებს, რომლებსაც მიუხედავად იმისა, რომ ნაკლები ფინანსური, ორგანიზაციული და საარჩევნო რესურსი აქვთ და უფრო მეტის მიღების პრეტენზია ექნებათ”, – მიაჩნია ზაალ ანჯაფარიძეს.

მისი აზრით, რაიმე პროგნოზის გაკეთება იმ დროს, როდესაც ოპოზიციურ გარემოში თოკის გადაზიდვის გაურკვეველი პროცესი მიმდინარეობს, რთულია, თუმცა ბოლო დღეების მოვლენებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ გვირაბის ბოლოს შუქი გამოჩნდება.

ზაალ ანჯაფარიძე ეჭვობს, რომ ლეიბორისტების ოფისში შეკრებილი ოპოზიციური პარტიები საბოლოოდ ყველა სასურველ შედეგს მიიღებს. არჩევნების წინ ოპოზიციის ხმები ნებისმიერ შემთხვევაში დანაწილდება, რაც მმართველი „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ითამაშებს.

ვახტანგ მაისაია

კიდევ ერთ ქართველ ექსპერტს, ვახტანგ მაისაიას მიაჩნია, რომ გაერთიანებული ოპოზიციის რიგებში ძალზედ საინტერესო პროცესები მიმდინარეობს, რაც შიდა დაპირისპირებებით ვლინდება.

„მათ შორის წამყვანი პარტიებია: “ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, ლეიბორისტული პარტია და ირაკლი ოქრუაშვილის პარტია, რომელთა შორისაც უკვე დაწყებულია ბრძოლები, რადგანაც აქტიური წინასაარჩევნო კამპანიის დრო ახლოვდება. რაც ყველაზე საინტერესოა, როდესაც საქმე რეალურ გეგმებს შეეხება, ოპოზიციურ გაერთიანებაში დიდი არეულობა იწყება, რადგანაც ლეიბორისტების ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ მისი პარტია არჩევნებში ცალკე სუბიექტად მიიღებს მონაწილეობას“, – განაცხადა Dalma News-ის კორესპონდენტთან საუბარში ვახტანგ მაისაიამ.

მისივე შეფასებით, არჩევნების წინა პერიოდში დიდი ინფორმაციული ომია გაჩაღებული “ბოკერიას კლანსა” და მიხეილ სააკაშვილის კლანს“ შორის, რომელთა ლიდერები ურთიერთშეურაცხყოფაზეც კი გადავიდნენ.

“ოპოზიციური გაერთიანება შეიქმნა იმისათვის, რომ გაერთიანებულად გადაეჭრათ ზოგიერთი საკითხები – საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და საარჩევნო სისტემის რეფორმირება, რასაც ფაქტობრივად მიაღწიეს კიდევაც. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესი პრაქტიკულად დასრულებულია. ოპოზიციის მეორე ამოცანა იყო მაჟორიტარული არჩევნების ჩასატარებელი მოქმედებების კოორდინირება, მაგრამ იმდენად მრავალფეროვანი პოლიტიკური პარტიები შეიკრიბნენ, რომ სავარაუდოდ, გაუჭირდებათ კონსენსუსის მიღწევა, რომ აღარაფერი ვთქვათ საარჩევნო ბლოკის შექმნაზე”, – დასძინა ექსპერტმა.

ექსპერტის აზრით, საქართველოს პოლიტიკურ არენაზე უკვე გამოჩნდნენ სხვა მსხვილი მოთამაშეები, რომლებიც მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო ხმების ნაწილს წაართმევს და ერთ-ერთი ასეთი იქნება დამოუკიდებელი დეპუტატების („ქართული ოცნების“ ყოფილი წევრების ) მიერ 7 ივნისს დარეგისტრირებული პოლიტიკური პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“.

“ქართული ოცნებიდან“ გასულმა დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ჯერ საპარლამენტო ფრაქცია, შემდეგ კი ახალი პოლიტიკური პარტია შექმნეს, რომელსაც, ვფიქრობ, ექნება შანსი, საარჩევნო რბოლის ერთ-ერთი ლიდერი გახდეს და პარლამენტში წარმომადგენლობა მიიღოს. ვფიქრობ, ისინი შეძლებენ “ქართული ოცნების” იმ ამომრჩეველთა ნაწილის გადაბირებას, რომლებიც ამჟამინდელი მმართველი პარტიით იმედგაცრუებულნი არიან, მაგრამ არ სურთ “ნაციონალური მოძრაობის” და მისი ანასხლეტი პარტიებისთვის, მათ შორის ირაკლი ოქრუაშვილის პარტიისთვის თავიანთი ხმების მიცემა”, – დასძინა მაისაიამ.

ექსპერტს მიაჩნია, რომ მომავალ არჩევნებზე თავისი ამომრჩეველი ეყოლება ბანკირების მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პარტიას “ლელო საქართველოსათვის”, ასევე ამჟამინდელ საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიას „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“.

ასეთი პროცესების შედეგად საქართველოს ბიპოლარული პოლიტიკური სისტემა, როგორც ექსპერტები მოელიან, დაინგრევა, რაც თავის მხრივ , გააძლიერებს საქართველოს პოლიტიკურ სისტემას და დააჩქარებს ქვეყანაში პოლიტიკური კონკურენციის განვითარებას.

როგორც ცნობილია, მორიგი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ოქტომბერშია დაგეგმილი. მანამდე საქართველოს პარლამენტს საკონსტიტუციო და საარჩევნო კოდექსში ცვლილებების მიღება მოუწევს. 2020 წლის არჩევნები ახალი საარჩევნო სისტემით ჩატარდება. მომავალ პარლამენტში 120 დეპუტატი პარტიული სიით და 30 – მაჟორიტარული ოლქის მიხედვით იქნება. საარჩევნო ბარიერი 5%-დან 1%-მდე დაიწევს, მაგრამ ბლოკისთვის ეს 1% ბლოკში შემავალი პარტიების რაოდენობის მიხედვით გამრავლდება, რაც ოპოზიციის გარკვეული „მახეა“. გარდა ამისა, ვარაუდობენ ე.წ. 40%-იანი ზღვარის შემოღებას, რომლის გადალახვის შემთხვევაში გამარჯვებულ პარტიას საპარლამენტო უმრავლესობის შექმნის და ერთპარტიული მმართველობის საშუალება ექნება. თუმცა მანამდე ყველა ეს ცვლილება კანონპროექტში უნდა შეიტანონ და ქვეყნის მოქმედმა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

ირინე ხაჩიძე