საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა კრწანისის ეროვნული სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნის მოსამზადებელი სამუშაოები დაათვალიერა, რომელსაც 27 აგვისტოს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ოფიციალურად გახსნის. როგორც თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, კრწანისის სასწავლო ცენტრი გარკვეულწილად მზადყოფნაშია, რადგან შესაბამისი სწავლებები აქ პირველად არ ტარდება.

“27 აგვისტოს, ამ ადგილას, ნატო-საქართველოს ერთობლივი სასწავლო ცენტრის საძირკველი ჩაიყრება. იმ მიზნებისთვის, რაც ამ ცენტრს აქვს, აქ ძალიან ბევრი რამ იქნება გასაკეთებელი”, – მიაჩნია თინათინ ხიდაშელს.

მისივე ინფორმაციით, მომდევნო თვეების განმავლობაში კიდევ რამდენიმე მსგავსი ღონისძიება იგეგმება, კერძოდ, SNGP და უელსის პაკეტით გათვალისწინებული სხვადასხვა ცენტრის გახსნა, რათა სწრაფად შესრულდეს უელსში აღებული ვალდებულებები.თინათინ ხიდაშელი განმარტავს, რომ ნატო-საქართველოს ერთობლივი სასწავლო ცენტრი არ არის სამხედრო ბაზა. ეს არის ნატოს სტანდარტებით მოქმედი სასწავლო ცენტრი, სადაც მოემზადებიან სამხედროები, იმ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რასაც  თანამედროვე სამყარო სთავაზობს როგორც ქართულ ჯარს, ისე საქართველოს პარტნიორებს.

“გარკვეული განცხადებები, რომლებიც კრემლში იწერება, ვერ გააჩერებს ქართულ სახელმწიფოს მიზანმიმართულ სწრაფვას, სისტემურად იმოქმედოს იმ ამოცანების მისაღწევად, რაც ჩვენმა ქვეყანამ დიდ ხნის წინ გადაწყვიტა.

ღრმად ვარ დარწმუნებული, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა, რისი ხელშემწყობი ერთ-ერთი საფუძველი ეს სასწავლო ცენტრიცა არის, სასარგებლო იქნება არა მხოლოდ ქართველებისთვის, არამედ მთლიანად ქართული სახელმწიფოსთვის, სადაც ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებიც მოიაზრება”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.