“თანამედროვე ლატვიელი მოქანდაკეების უმრავლესობა ამ ადამიანის მოსწავლეები იყვნენ. თავისი ცხოვრების 30 წელზე მეტი ოსტატმა ლატვიის სამხატვრო აკადემიას მიუძღვნა. სამწუხაროდ თავის სამშობლოში მას დღეს ცოტა ვინმე იხსენებს. ფაქტია, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ, სამწუხაროდ, მისი ნამუშევრების არც ერთი გამოფენა არ გამართულა”,- ამბობს უდიდეს ოსტატზე, მოქანდაკესა და ლატვიის ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეზე იგორ ვასილიევზე ლატვიის რადიოსა და “LTV7”-ის ჟურნალისტი ილონა იახიმოვიჩი.

ილონა ერევანში რამდენიმე დღის წინათ იმყოფებოდა, სადაც გაიმართა მისი წიგნის „მოქანდაკე იგორ ვასილიევი. მსხვილკალიბრიანი გულის” პრეზენტაცია. წიგნი მიეძღვნა მოქანდაკის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. ილონას ოსტატის, წიგნისა და მის უბრალო, მაგრამ ძალიან პირად ისტორიაზე ვისაუბრეთ.

ფოტოზე ჟურანლისტი ილონა იახიმოვიჩი
ფოტოზე ჟურანლისტი ილონა იახიმოვიჩი

ილონა, პირველ რიგში თავად ოსტატზე ვისაუბროთ. სამწუხაროდ, სომხეთში მას თითქმის არავინ იცნობს.

– იგორ ვასილიევი ცხოვრობდა და მუშაობდა რიგასთან ახლოს, ზღვისპირა ქალაქ ვეცაკში, სადაც მე გათხოვების შემდეგ ვცხოვრობ. მისი საყვარელი სამუშაო მასალა იყო ხე – ბუნების იშვიათი ეგზემპლარი. „ქანდაკება არის ხე, რომელიც გაშეშდა,“- ამბობდა ხოლმე ვასილიევი. თუმცა, ბევრი მისი ნამუშევარი ბრინჯაოსგან არის ჩამოსხმული. მისი ეპოქის ბევრი ცნობილი ადამიანის სამარხის ავტორი სწორედ ვასილიევია. სიცოცხლეში მან 300-ზე მეტი ნამუშევარი შექმნა, რომელთა მესამედი მხატვრის სახელოსნოში, ვეცაკშია, დანარჩენი კი – მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში.

ვასილიევი ძალიან კარჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობდა. იგი სახელოსნოში ცხოვრობდა და იშვიათად დადიოდა კონცერტებზე, იღებდა ფოტოებს, მუშაობდა მეხსიერებით და ძალიან სწრაფად. დედამისი იხსენებდა, როგორ იწყებდა ის მუშაობას დილით ადრე, სუფთა ჰაერზე და არ ჩერდებოდა, სანამ სამუშაოს გარკვეულ ეტაპზე არ მიიყვანდა.

იგი 57 წლის ასაკში, 1997 წელს გარდაიცვალა. ადამიანი, რომელიც მხარს უჭერდა რეალიზმს, ისე დატოვა ეს სამყარო, რომ ვერ მიაგნო ნულოვან, ახალ ხელოვნებას, ახალ ტექნოლოგიებს.

ვასილიევს სომხეთთან რაღაც აკავშირებდა. ძველ საბჭოთა კატალოგში არამ ხაჩატურიანის ქანდაკების ფოტო ვნახე და დავასკანერე. ვასილიევი ბალეტ “გაიანეს” სპექტაკლზე იმყოფებოდა და კომპოზიტორის ორი ქანდაკება შექმნა. სამწუხაროდ, მათი ბედი უცნობია.

საერთოდ, ოსტატს, მისივე მტკიცებით, ყოველთვის აინტერესებდა შემოქმედებითი პროცესის ფსიქოლოგია. სწორედ ამიტომ უყვარდა მუსიკოსების, პოეტების, მხატვრების პორტრეტების შექმნა. ცდილობდა მაქსიმალურად გადმოეცა მათი შემოქმედებითი ბუნება.

მის მემკვიდრეობაზე დღეს ვინმე მუშაობს?

– არავინ. ყველაფერი ბოქლომითაა ჩაკეტილი. 2013 წლამდე, სანამ გარდაიცვლებოდა, მის კოლექციაზე ვასილიევის დედა, ირინა მიხაილოვნა ზრუნავდა. თავის დროზე, მის მემკვიდრეებს, დედასა და ვაჟს, მუზეუმის გახსნაში დახმარება შევთავაზე, მაგრამ ტელეფონით მათგან მოკლე ტექსტური შეტყობინება მივიღე: თქვენ ჩვენთვის სახლის წართმევა გსურთ, თქვენთან საუბარს აღარ ვაპირებთო!

ჩემი საქმეა ვასილიევის შემოქმედებას გარდაცვალების საშუალება არ მივცე და მის შესახებ ხშირად ვისაუბრო. სამწუხაროდ, მემკვიდრეები არ ჰყავს, მიუხედავად იმისა, რომ მის ნამუშევრებზე დიდი მოთხოვნაა. მისი ქანდაკებების დიდი ნაწილი კერძო კოლექციებშია, თუმცა ბევრია გასაჯაროებულიც. მათ შორის ლიტვაში, ამერიკაში, ისრაელში, ასევე ტრეტიაკოვის გალერეაში.

რატომ გადაწყვიტეთ სწორედ ვასილიევზე დაგეწერათ?

– დედამისის სახლთან ახლოს ვცხოვრობ. ხშირად, როდესაც ზღვის სანაპიროზე ვსეირნობდი, უჩვეულო ეზოს ვხედავდი – იქ ქანდაკებები “ცხოვრობენ”! უწესრიგოდ მიმოყრილმა ქანდაკებებმა მომხიბლა და მიმიზიდა. ერთხელ, იქ მჯდომი მოხუცებული ქალი დავინახე. მივუახლოვდი და მივესალმე. ის 99 წლის ირინა მიხაილოვნა, მოქანდაკის დედა იყო. სახლში მიმიპატიჟა და ოსტატის სახელოსნო დამათვალიერებინა. იქ დაახლოებით ხარისხიანი და კარგ მდგომარეობაში არსებული 100 ნამუშევარი იყო. ირინა მიხაილოვამ მე და ჩემს მეგობარს ქანდაკებების გადაღების უფლება მოგვცა.

ამის იდეა ჯერ კიდევ მაშინ მომივიდა, როდესაც ჩემს პირველ წიგნზე – ჩემი მშობლიური ქალაქის ვეცაკის ისტორიაზე წიგნს ვწერდი, სადაც ერთი თავი იგორ ვასილიევს მივუძღვენი. მაგრამ წიგნზე მუშაობისას მივხვდი, რომ რამდენიმე ფურცელი საკმარისი არ იყო და მონოგრაფია უნდა დამეწერა. მით უფრო, რომ ახლოვდებოდა ოსტატის 75 წლის იუბილე.

პირველ წიგნს რაც შეეხება, ის ძალიან უბრალო და პირადი ისტორიაა. ერთხელ, მეზობელთან ერთად მდელოზე ვისხედით და ღვინით ხელში ჩვენი ქალაქის შესახებ ვსაუბრობდით. აქ ჩვენი შვილები იზრდებიან, მაგრამ პრაქტიკულად არაფერი ვიცით ამ ზღვისპირა ადგილზე. ვხედავთ, ჩვენს თვალწინ, როგორ იცვლება ძველი შენობები, ქალაქის კონტურები. როგორ აღვბეჭდო ეს ყველაფერი, როგორ დავიჭირო და მეხსიერებაში დავტოვო? გადავწყვიტეთ წიგნი დაგვეწერა.

სამომავლო გეგმებზე უნდა გკითხოთ…

– ვასილიევმა საკმაოდ ვრცელი მოგონებები დაწერა ინდოეთზე, სადაც 80-იან წლებში სამჯერ იმოგზაურა. იქ მან ინდირა განდი და მისი მამა მაჰატბა განდი გაიცნო. ორივეს ძალიან ხშირად ხატავდა. პორტრეტების დიდი უმრავლესობა ამჟამად ინდოეთში ინახება. სიამოვნებით დავწერდი მათ შესახებ.

მიმაჩნია, რომ ნებისმიერ დროს უნდა არსებობდეს კარგი გაგებით “გიჟმაჟი” ადამიანი, რომელიც უსამართლოდ დავიწყებულ სახელებს გააცოცხლებდა.

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ოსტატის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ერთი გამოფენა ლატვიაში, წელს მაის-ივნისში გაიმართა. მაგრამ ეს ილონას წიგნის გამოცემის შემდეგ მოხდა. გამოფენა ერთ-ერთი ლატვიელი ჟურნალისტის ძალისხმევის შედეგია, რომელმაც დამოუკიდებლად მოიპოვა ქანდაკებები სხვადასხვა მუზეუმებში და მათ ფოტოები გადაუღო. ეს საკმაოდ ხანგძლივი პროცესია, რადგანაც სამუზეუმო ექსპონატებზე არ არსებობს ავტორის წარწერები. მათი ავტორების ვინაობაზე ინფორმაცია მხოლოდ არქივშია შენახული.

დასასრულს, რამდენიმე სიტყვით თავად ილონა იახიმოვიჩის ერევანში, ხაჩატურიანის სახელობის სახლ-მუზეუმში გამართული გამოფენის შესახებ: ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი არამ ხაჩატურიანის სახელობის მუზეუმის დირექტორი და “ხაჩატურიანის ტრიოს” წევრი, პიანისტი არმინე გრიგორიანია. ილონამ და არმინემ ერთმანეთი ლატვიაში, ტრიოს საგასტროლო ტურის დროს გაიცნეს. სწორედ იქ მოიფიქრეს სომეხი აუდიტორიისთვის შესანიშნავი მოქანდაკის შემოქმედება გაეცნოთ.

სტუმრებს შორის იყო ლატვიის საპატიო ელჩი სომხეთში არმენ გასაბოგლიანი მეუღლესთან ერთად. პრეზენტაციისა და ოსტატის ცხოვრების შესახებ თხრობის შემდეგ, სტუმრებს მხატვრის შესახებ გადაღებული 12 წუთიანი ფილმი აჩვენეს. ღონისძიების შემდეგ ილონა სტუმრებს ტრადიციული ლატვიური საშობაო ტკბილეულით, პიპარკუკასით (წიწაკიანი ორცხობილა) გაუმასპინძლდა.

ტრადიციული ფოტოკოლაჟი.

მოამზადა არმინე აგარონიანმა

Lina Levine-ს ფოტოსურათები