თბილისის სამუსიკო სკოლა “ნიჭიერთა ათწლედის” კურსდამთავრებული, პიანისტი და კომპოზიტორი, Yamaha-ს პირველი ქართველი ჯაზ-არტისტი გიორგი მიქაძე, უკვე მრავალი წელია აშშ-ში მოღვაწეობს. საკუთარ ვარსკვლავურ ბენდთან და ანსამბლ “ბასიანთან” ერთად, მუსიკალური პროექტი “ვოისა” შექმნა და ცოტა ხნის წინათ, ნიუ-იორკის ერთ-ერთ პრესტიჟულ საკონცერტო სივრცეში განახორციელა.

“ვოისა” ერთგვარი კულტურული კოლაბორაციაა, რომელშიც ორგანულადაა შერწყმული მრავალსაუკუნოვანი ქართული ხალხური სიმღერა თანამედროვე მუსიკის მიმდინარეობებთან. თუმცა პროექტის სრულყოფამდე ბევრი იშრომა. წერდა სხვადასხვა კომპოზიციებს, უსმენდა ქართულ ფოლკლორს, ხალხური სიმღერების ანზორ ერქომაიშვილისა და კოწია ხუხუნაიშვილის შესრულებას. გარკვეული გამოცდილების დაგროვების შემდეგ შექმნა 10 წუთიანი ნაწარმოები “მუშვანი”, რომელიც სვანური მუსიკალური ფოლკლორის, ჯაზის, აფრიკული და კლასიკური მუსიკის მოტივებზე ააგო.

პროექტის ფარგლებში გიორგი მიქაძემ შექმნა 6 კომპოზიცია: “ზეზვა და მზია”, “ოდოია”, “მარებელი”, “ბიბა”, “ვოისა” და “შიოლა”, რომელიც უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს მიუძღვნა. გიორგი მიქაძემ კომპოზიციებში ოსტატურად მოახდინა ქართული ფოლკლორის მრავალ საუკუნოვანი მონაპოვარისა და თანამედროვე მუსიკალური მიღწევების ჰარმონიული სინთეზი, შედეგად კი ახალი, უპრეცენდენტო მუსიკალური პროდუქტი შეიქმნა.

გიორგი მიქაძემ საგანგებოდ ამ პროექტისათვის მიიწვია OKayplayer-ის არტისტი, Berklee College of Music-პროფესორი, ჰიფ-ჰოფერი, DJ რეიდარ ელისი. ახალგაზრდა მუსიკოსი დარწმუნებული იყო, რომ ამ ერთ-ერთ საეტაპო პროექტის ხორცშესხმა, მხოლოდ ანსამბლ “ბასიანთან” ერთად უნდა შემდგარიყო, რომლის წევრებთანაც მას დიდი ხნის შემოქმედებითი თანამშრომლობა და მეგობრობა აკავშირებს.

მრავალწლიანი სრულფასოვანი მუსიკალური განათლების და პროფესიული დაოსტატების შემდეგ, გადაწყვიტა ძალიან ფრთხილად შეხებოდა ქართულ ხალხურ მუსიკას.

15368941_1328543453846301_512540002_oპროექტის განხორციელება ShapeShifter Lab-ში გადაწყდა, ეს არის ნიუ-იორკის ცნობილი საკონცერტო სივრცე, რომელიც არაერთხელ გამხდარა ექსპერიმენტული, არაორდინალური და ნოვატორული პროექტების მომსწრე. გიორგი მიქაძისა და ანსამბლ “ბასიანის” ერთობლივი ნოვატორული პროექტი განხორციელდა საქველმოქმედო ფონდ “ქართული გალობის” მხარდაჭერით. ფონდი წლების განმავლობაში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ აქტიურად იღწვის ტრადიციული ქართული სიმღერა-გალობისა და ხალხური შემოქმედების ხელშეწყობა – პოპულარიზაციისათვის და ამჯერადაც მათ პროექტ “ვოისას” სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს. ნიუ-იორეკლმა მსმენელმა პროექტი ძალიან კარგად მიიღო. მსმენელს საშუალება აქვს, უმაღლესი სტანდარტით შექმნილ კლიპებს ვიდეო საიტ “იუთუბის” მეშვეობითაც გაეცნოს.

როგორც გიორგი მიქაძე ამბობს, აშშ-ში ჩასვლის პირველივე დღეებიდან ცდილობს საკუთარი ქვეყნის, მისი უმდიდრესი და მრავალსაუკუნოვან ხელოვნების, ტრადიციების, ქართული უნიკალური ფოლკლორის პოპულარიზაციას. ჯერ კიდევ Berklee College of Music-ში სწავლისას განახორციელა, რამდენიმე პროექტი, შექმნა საავტორო კომპოზიციები: “კავკასიური ნაგაზი”, “იგავის მოსმენის შემდეგ”, “მუშვანი”, “აზამატი”, “შოლა”, “საჭიდაო” და სხვა. მიაჩნია, რომ მისთვის ეს ბეწვის ხიდზე გავლის ტოლფასი იყო, რადგან საქმე ჰქონდა უნიკალურ ქართულ ფოლკლორთან.

“ჩემის აზრით, მუსიკოსებს ამოეწურათ წყარო, საიდანაც იკვებებიან, შთაგონებას იღებენ და ახალ ნაწარმოებს და კომპოზიციას ქმნიან. გამიმართლა, რომ საქართველოში დავიბადე. მინდა მთელმა მსოფლიომ გაიცნოს ქართული მუსიკა. ნებისმიერი ქვეყნის საკონცერტო დარბაზში, სცენაზე გამოსვლისას ვამბობ, რომ ქართველი ვარ და ვყვები ჩვენი ქვეყნის ისტორიას. ახლა გვაქვს ძალიან დიდი შანსი, რომ საქართველომ მსოფლიოს მაქსიმალურად მიაწოდოს თავისი კულტურა და თავი უკეთ გააცნოს. შესაძლოა, ხალხს ხშირად არ ჰქონდეს საშუალება ქართული ფოლკლორის ავთენტურ ჩანაწერს მოუსმინონ, ამიტომ, იმასაც რასაც უსმენენ, იქნება ეს პოპ-მუსიკა, თუ ჰიპ-ჰოპი ვაზავებ ქართულ ფოლკლორთან, ვცდილობ შევქმნა ისეთი კომპოზიცია, რომელიც ყველანაირი მსმენელისთვის იქნება განკუთვნილი”,- აცხადებს გიორგი მიქაძე.

პროექტი “ვოისა” ქართული ტრადიციული კულტურის ერთგვარი ტრანსფორმაციაა გლობალიზაციის ეპოქაში. როგორც ანსამბლ “ბასიანი” დირექტორი ზურაბ წკრიალაშვილი აცხადებს, ქართული ხალხური და თანამედროვე მუსიკალური მიმდინარეობების გაერთიანების იდეა, გიორგი მიქაძემ, მას და ანსამბლის ხელმძღვანელ გიორგი დონაძეს, რამდენიმე წლის წინათ გაუზიარა და მაშინვე დაინტერესდნენ.

“მე და გიორგი დიდი ხანია ვმეგობრობთ, თბილისის კონსერვატორიაში ერთად ვსწავლობდით: ის–საფორტეპიანოზე, მე – საგუნდოზე. ეს პროექტი ძალიან საინტერესო ექსპერიმენტია, ვიმედოვნებ, საზოგადოების მოლოდინს აუცილებლად გაამართლებს და სამომავლოდ, ჩვენი ქვეყნის მუსიკალური სავიზიტო ბარათი გახდება. პროექტის მიზანი ტრადიციული ქართული და თანამედროვე მუსიკის სინთეზი. ახალი, უპრეცენდენტო მუსიკალური პროდუქტი გიორგიმ, საოცარი ოსტატობით და პროფესიონალიზმით შექმნა. ვიმედოვნებ, რომ პროექტს უახლოეს მომავლში ქართველ მსმენელსაც წარვუდგენთ”, – აცხადებს ზურაბ წკრიალაშვილი.

მსოფლიოს წამყვანი ხელოვანები და გავლენიანი კრიტიკოსები გიორგის პროფესიონალ, უნიკალურ და უნივერსალურ მუსიკოსს უწოდებენ, რომელიც თითქმის ყველა ჟანრისა და სტილის მუსიკალურ მიმდინარეობას სიღრმისეულად ფლობს და საინტერესო ექსპერიმენტებს ატარებს. გიორგის საშემსრულებლო რეპერტუარი მრავალფეროვანია, იგი მუდმივად შემოქმედებითი ძიების პროცესშია და მსმენელს ხშირად ნოვატორულ, უჩვეულო, სრულიად გამორჩეული ჟღერადობის მუსიკას სთავაზობს. სწორედ ამ ძიების ნიმუშია პროექტი “ვოისაც”. მაგრამ ხელოვანი ამით არ კმაყოფილდება და სურს მისმა პროექტმა მსოფლიო ტურნე შემოიაროს. მომავალში “ვოისას” საცეკვაო პროგრამასაც დაუმატებს.

​გიორგი მიქაძემ პირველი ნაბიჯები მუსიკაში, თბილისის სამუსიკო სკოლა, ნიჭიერთა ათწლედში გადადგა. მიაჩნია, რომ სკოლამ ბევრი გამოჩენილი ქართველი მუსიკოსი აღზარდა და ამაყობს, რომ ისიც ამ სკოლის ერთ-ერთი კურსდამთავრებულია. შემდეგ სწავლა ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში განაგრძო. მაგრამ დადგა მომენტი, როდესაც მიხვდა, რომ ცოდნის მისაღებად საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლა იყო საჭირო და რომ სწავლის გაგრძელება სჭირდებოდა, შეცვალა სამომავლო გეგმები და უპირატესობა მუსიკის შესრულებას მიანიჭა, რაც მეტი იმპროვიზაციის შესაძლებლობას აძლევს. მაგრამ წარმატება მასთან ერთი ხელის დაკვრით არ მოსულა, იყო იმედგაცრუებისა პერიოდიც. როგორც გიორგი იხსენებს, ერთ-ერთ კონკურსში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. საკუთარი განცდების შესახებ კომპოზიტორ გია ყანჩელს უამბო, მან კი ახალგაზრდა მუსიკოსი გაამხნევა. სწორედ იმ დღესვე დარეგისტრირდი ბერკლის საიტზე, გამოცდა ჩააბარა და დაფინანსებაც მიიღო. მისი ცხოვრების ეს ეპიზოდი მისთვის დიდი გამარჯვებების საწინდარი აღმოჩნდა. აშშ-ში გაემგზავრა და მუსიკოსის ცხოვრებაში ყველაზე საინტერესო წლები დაიწყო.

“ამერიკაში ვისწავლე, რომ პრობლემას უნდა შეხედო, როგორც შესაძლებლობას, რომელსაც გადაწყვეტ. ჯონ ადამსის სიტყვებია, რომ ყველა პრობლემა არის რაღაცის შესაძლებლობა. ეს სტერეოტიპი დავამსხვრიე და ცხოვრებაში დიდი ნაბიჯების გადადგმა დავიწყე. ბავშვობაში არასდროს მეზარებოდა ფორტეპიანოზე დაკვრა. მუსიკა მართლაც დიდ შრომას საჭიროებს. თითებს ვარჯიში, ყოველდღიური მუშაობა სჭირდება. ასევე მნიშვნელოვანია ვინ გყავს პედაგოგი. მე მყავდა არაჩვეულებრივი პედაგოგი ნუნუ დუღაშვილი. მინდოდა უნივერსალური მუსიკოსი ვყოფილიყავი, ყველაფერი შემძლებოდა”, – აცხადებს გიორგი მიქაძე.

​უნივერსალურობის სურვილი ახალგაზრდა მუსიკოსს იდეად ექცა. დაწერო მუსიკა, უხელმძღვანელო მუსიკალურ პროექტს და შეგეძლოს კონცერტის ორგანიზება, ნებისმიერი ჟანრში შეასრულო ნაწარმოები, ეს ყველაფერი დიდი ძალისხმევას, მოთმინებას და შრომას საჭიროებს. ემსახურო მუსიკას ეს ნიშნავს მუდმივად მოძრაობაში იყო, არ შეჩერდე და ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იდგე. როგორც გიორგი ამბობს, ის დღესაც ამ იდეის განვითარებაზეა ორიენტირებული. მისთვის სცენა არის საუკეთესო ადგილი, რაც კი ბუნებაში არსებობს.

მოემზადა შორენა პაპაშვილი
მასალა მომზადდა “city kvira”-ზე დაყრდნობით