ქართული საზოგადოება დღითი დღე ნაწევრდება სხვადასხვა დაპირისპირებულ ჯგუფებად, – ფერების, სისუსტეების, ინტერესების მიხედვით, თუ უბრალოდ მოდის გამო. ყველა მათგანი, ერთი შეხედვით, გამოხატვის თავისუფლებისთვის იბრძვის. საქართველოში, დღეს, ნებისმიერს შეუძლია გამართოს აქცია, მოიმარჯვოს რუპორი, გადაკეტოს მოძრაობა, მერე რა თუ თანამოქალაქეებს დისკომფორტს შეუქმნიან, დადგნენ დედაქალაქის ცენტრში და საკუთარი სურვილები, თვითცენზურის გარეშე, უცენზუროდ, ღიად გამოხატონ. მათ აუცილებლად დაიცავს პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობა, ბიოტუალეტებითაც მოამარაგებენ და დღის ბოლოს, უსაფრთხოების კორდონებით, საგანგებოდ გამოყოფილი მუნიციპალური ავტობუსებით მიაბრძანებენ სახლებში. მაგრამ რად გინდა? ჰოი საოცრებავ, მაინც უკმაყოფილონი არიან, – გამოხატვის საშუალება გვეზღუდებაო. – ღმერთმანი, რა გაქვთ ამდენი გამოსახატი და რით ვეღარ გამოხატეთო, – პასუხობენ საზოგადოების შედარებით ნიჰილისტურად განწყობილი ნაწილიდან.

უკანასკნელი რამდენიმე წელია თბილისში, ყოველი წლის 17 მაისი, მტრის გასახარებელ სანახაობად იქცევა ხოლმე. სექსუალური უმცირესობებისა და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ეს დღე ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი კი “ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღე” ზეიმობს. 17 მაისი წელსაც დაძაბული გამოდგა. მართალია 16 მაისს, ლგბტ-თემის წარმომადგენლებმა დაანონსებული აქციის ჩაშლის შესახებ აცნობეს საზოგადოებას და მათ მიმართ რადიკალურად განწყობილი მოძრაობის, “ქართული მარშის” წევრებმაც გადაიფიქრეს მსვლელობის გამართვა, მაგრამ მეორე დილით, ვითარება 180 გრადუსით შეიცვალა და პარლამენტისა და სახელმწიფო კანცელარიის შენობებთან ორი, ურათიერთსაპირისპირო აქცია გაიმართა.

“ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღე” საქართველოში, უკვე მეხუთედ აღინიშნა. წლევანდელი თარიღი ამაღლების დღესასწაულს დაემთხვა. ეკლესიებში წირვის დამთავრების შემდეგ, მოსახლეობა “ვარდების მოედანზე” შეიკრიბება, სადაც მცხეთის სვეტიცხოვლიდან მობრძანებულ ხატებს დახვდნენ, შემდეგ კი რუსთაველის გამზირის გავლით, ქაშვეთის ეკლესიისკენ გაემართნენ. დალოცეს 300-მდე მრავალშვილიანი ოჯახი, 400-მდე წყვილმა კი ჯვარი დაიწერა.

დღის წესრიგის თანახმად, მსვლელობა სამების საკათედრო ტაძრამდე მშვიდობიანად უნდა დასრულებულიყო, სადაც მათ კათოლიკოს-პატრიარქი დალოცავდა. მაგრამ მსვლელობის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან შეკრებილ “ქართული მარშის” წევრებს შეუერთდნენ და მათ მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს…

იმ დროისთვის სამართალდამცველებს, პოლიციასთან დაპირისპირების გამო, “ქართული მარშის” 30-მდე წევრი დაეკავებინათ. პარლამენტთან შეკრებილები იმუქრებოდნენ, რომ ლგბტ პირებს აქციის ჩატარების შესაძლებლობას არ მისცემდნენ. მოგვიანებით მათ, სასულიერო პირები შეუერთდნენ და სიმშვიდისკენ მოუწოდეს.

“სამწუხაროა, რომ არაერთი ადამიანი დააკავეს, მაგრამ უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა, არ წამოვეგოთ პროვოკაციას, არ დავივიწყოთ, რომ ქრისტიანობა სიყვარულია, მაგრამ ამ სიყვარულში არ მოიაზრება უსამართლობა. თქვენ მარტო არ ხართ, სადაც ჩვენი შვილები არიან, ჩვენც მათ შორის ვართ”, – განაცხადა მამა ანდრიამ.

საკუთარი პოზიცია ჟურნალისტებთან საუბრისას გამოხატა დეკანოზმა, მამა შალვა კეკელიამ. მისი თქმით, თუ ადამიანს უნდა იყოს ნარკომანი ან მამათმავალი, იყოს, არავინ ებრძვის მათ არჩევანს, მაგრამ ეკლესია ამაზე ვერ იქადაგებს.

“ჩვენ ადამიანებს უნდა ვასწავლოთ სახარება და ოჯახის სიწმინდე”, – განაცხადა დეკანოზმა.

პარალელურად, გაძლიერებული დაცვის ქვეშ მიმდინარეობდა ლგბტ -თემის აქცია სახელმწიფო კანცელარიასთან. სამართალდამცველები კონტრაქციების ერთმანეთისგან გამიჯვნას და მშვიდობიანი პროცესის უზრუნველყოფას ცდილობდნენ. თავდაცვის ზომები აქციის მონაწილეებმაც მიიღეს და აქციას 3 მეტრის სიმაღლის ლითონის ღობე შემოავლეს.

ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ მიმართული აქციის ორგანიზატორებმა დღის ბოლოს აქცია ორგანიზებულად დატოვეს, ისინი სამართალდამცველებმა ყვითელი ავტობუსებით გაიყვანეს და ამგვარად მათი დისტანცირება მოახდინეს დანარჩენი საზოგადოებისგან. აქციას ინციდენტის გარეშე მაინც არ ჩაუვლია. მთელი ამ ამბის კულმინაცია ის იყო, რომ ერთმა ახალგაზრდამ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა აქციის ერთ-ერთ გამომსვლელს. დაზარალებულს პირველადი დახმარება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა ოპერატიულად აღმოუჩინეს, თავდამსხმელი კი დააკავეს.

აქცია საათზე ცოტა მეტ ხანს გაგრძელდა. გამომსვლელები აცხადებდნენ, რომ მათ სურთ ისეთ საზოგადოებაში იცხოვრონ, სადაც ყველა მოქალაქე ეტყვის არას ძალადობას და ფაშიზმს, და თითოეულ ადამიანს ქვეყანაში ექნება, თუნდაც სხვებისთვის მიუღებელი აზრის გამოხატვის საშუალება.

“დღეს ჩვენ ვართ გარდამტეხ ეტაპზე, როდესაც უნდა მოვიპოვოთ და დავიბრუნოთ ის სივრცეები, რომლების წართმევასაც ჩვენთვის მუდმივად ცდილობენ. ახლაც ხელისუფლება ჭკვიანური ხერხებით, სიძულვილის გაძლიერებისა და პანიკის დათესვით, ცდილობს, სხვადასხვა მეთოდებით, ებრძოლოს სამოქალაქო აქტივიზმს. ამ თამაშს არ უნდა წამოვეგოთ”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა აქტივისტმა ანა სუბელიანმა, რომელიც, ქართული სოციალური ქსელის მომხმარებელმა გაიცნო იმით, რომ 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალზე ფეხებით შედგა და მკაცრი ანტინარკოტიკული სახელმწიფო პოლიტიკის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე იცეკვა.

აქციაზე იყვნენ ისეთებიც, ვისაც მიაჩნდათ, რომ 17 მაისს, კანცელარიის შენობასთან მისვლით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას უჭერდნენ მხარს.

“ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვა, აქ საუბარი არ არის, რომელიმე კონკრეტული ჯგუფის პრობლემაზე. ეს არის თავისუფლებისთვის ბრძოლა და ვიდრე ჩვენ არ გავაცნობიერებთ, იმას, რომ სოლიდარობა ყველაზე დიდი რაღაცაა და ყველაზე მნიშვნელოვანი, მანამდე არამგონია რაიმე შეიცვალოს ქვეყანაში”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

როგორც ჩანს ლგბტ-თემის წარმომადგენლებმა ვერც ხელისუფლების სიკეთე დააფასეს და ვერც პოლიციის მხრიდან მათ უსაფრთხოებაზე ზრუნვა, რადგან აქციის წევრების გამოსვლებიდან, მხოლოდ საყვედურები ისმოდა, რომ საქართველოში იზღუდება აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალება.

იზღუდება თუ არა მათი უფლებები, ვინც არ იზიარებს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ მებრძოლთა ინტერესებს? ასეთები პოლიციამ დღეს მრავლად დააკავა. ლგტბ-თემის წარმომადგენლები, ხელისუფლებას საყვედურობენ იმასაც, რომ მათ არაფერი იღონეს ფაშისტური ჯგუფების გასაუვნებელყოფად. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ახალგამოჩეკილი “ქართველ ფაშისტთა” ლიდერები 17 მაისს, აქციაზე ვერ გავიდნენ მხოლოდ იმის გამო, რომ შსს-ში იმყოფებოდნენ დაკითხვაზე. ამგვარად ხელისუფლებამ ლგბტ თემის წარმომადგენლების დისტანცირება მოახერხა მათ წინააღმდეგ განწყობილი კიდევ ერთი საზოგადოებრივი ჯგუფისგან.

“მთავრობას მოვუწოდებთ გაახილონ თვალი და დაიცვან ლგბტ თემის წევრები, იზრუნონ მათ უსაფრთხოებაზე და ნაცისტურ, ფაშისტურ და ქართული მარშის მსგავს დაჯგუფებებს და არ მისცენ საშუალება შეზღუდონ ჩვენი სიტყვის თავისუფლება”, – ამბობდნენ აქციის მონაწილეები.

ტრანსფობიისა და ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართულ აქციას მხარდაჭერა გამოუცხადა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელმა საქართველოში იოჰანეს ვან დერ კლაუსმა. ის აქციის მონაწილეებთანაც მივიდა და იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ თავისუფლად შეძლებს იზეიმოს ეს დღე ქართველებთან ერთად.

“მიხარია, აქ რომ ვარ, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ ისინი არიან აქ, რომ ყველა ერთად აღვნიშნავთ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს, მეორე მიზეზი, რატომაც მოვედი არის შეგრძნება, რომ უსაფრთხოება არ არის დაცული”, – განაცხადა უცხოელმა დიპლომატმა.

ლგბტ-თემის აქციაზე მისვლით, მათ მიმართ მხარდაჭერა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმაც გამოხატეს. მათი აზრით, ხელისუფლებამ ფაშისტების მეშვეობით გადაწყვიტა ადამიანებს გამოხატვის უფლება შეუზღუდოს.

განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ შსს-ს წარმომადგენლებს, მათი თქმით, დღეს, ლგბტ პირების უსაფრთხოება აბსოლუტურად დაცული იყო. მაგრამ როგორც ჩანს თავად ლგბტ-ებისთვის ეს საკმარისი არ არის, ისინი მეტ თავისუფლებას და დაცულობას ითხოვენ, საპატრიარქოს კი 17 მაისის ქურდობაში ადანაშაულებენ. წელიწადის 365 დღიდან ერთადერთი დღე, როდესაც ჰომოფობიასა და ტრანსფობიაზე საჯაროდ საუბარი შეეძლოთ, ეკლესიამ მიისაკუთრა.

დაძაბული დღის ბოლოს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ტაძარში შეკრებილებს ამაღლების დღესასწაული მიულოცა და 17 მაისის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“ოჯახი ეს არის საფუძველი სახელმწიფოსი, ქვეყნის და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ბედნიერი იყოს ჩვენი ოჯახი”, – განაცხადა ილია მეორემ.

გიორგი ქართველი