ზამთრის პირველ დღეებში, სოციალური ქსელების სომხურ სეგმენტში, შემდეგ კი მედიაში ატყდა სკანდალი, რომელიც ქალაქურმა ფოლკლორმა ქვეყნის მთავარ მოედანზე საახალწლო განათების ვნებათაღელვად შეაფასა. „წელს, ერევანს განსაკუთრებით ბევრი სტუმარი ეყოლება, ჩვენი “საბავშვო ევროვიზიის” მონაწილეების ჩათვლით. გახსნის ცერემონიალის პარალელურად, რესპუბლიკის მოედანზე მთავარი ნაძვის ხის და დედაქალაქის ადმინისტრაციულ რაიონებში გარე განათება აინთება. დარწმუნებული ვარ, ჩვენ მიერ შესრულებული სამუშაოს განსაკუთრებულობით ყველა აღფრთოვანებული დარჩება“, – განაცხადა დედაქალაქის მერის მოადგილემ ტიგრან ავინიანმა ჟურნალისტებთან საუბარში.

საზოგადოებაზე მართლაც შთაბეჭდილება მოახდინა, მაგრამ არა თავად განათებამ, არამედ რესპუბლიკის მოედანზე ისტორიული შენობების, რომლებიც საბჭოთა სომხეთის არქიტექტურული მემკვიდრეობის ანსამბლის ნაწილია, დასახიჩრებამ. აღმოჩნდა, რომ რესპუბლიკური მნიშვნელობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობების ფასადებზე გაკეთდა ათასობით ნახვრეტი იმ სამაგრებისთვის, რომლებიც განათების ეფექტებისა და საახალწლო დეკორაციის დასამაგრებლად იყო საჭირო.

განგაშის ზარი პირველმა სომხეთის არქიტექტორთა პალატამ ჩამოკრა და ერევნის მერიას, რომელმაც ეს პროცესი წამოიწყო და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რომელიც მემკვიდრეობის დაცვაზეა პასუხისმგებელი, ახსნა-განმარტებები მოსთხოვა. არქიტექტორთა პალატის თავმჯდომარის ალექსანდრე ბადალიანის თქმით, მაგალითად, საგარეო საქმეთა სამინისტროს ძველი შენობა დიდი სამამულო ომის დროს ააშენეს ქალებმა, რომელთა ქმრები ომში იბრძოდნენ. ხოლო რესპუბლიკის მოედნის და მთავრობის შენობის დამპროექტებელი არქიტექტორი ალექსანდრე ტამანიანია, რომელმაც დეკორატიულ კომპოზიციებში შუა საუკუნეების სომხური არქიტექტურისა და მონუმენტური ქანდაკების ელემენტები გამოიყენა. 1920-იან წლებში დაწყებული მშენებლობა მხოლოდ 1952 წელს დასრულდა.

არქიტექტურული ანსამბლის ისტორიული ღირებულების გათვალისწინებით, სომხეთის არქიტექტორთა პალატა სამუშაოების დაუყოვნებლივ შეწყვეტას და შენობების პირვანდელი იერსახის აღსადგენად საჭირო ნაბიჯების გადადგმას ითხოვს.

„დღესვე, აუცილებელად უნდა ჩამოყალიბდეს არქიტექტორთა ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც შეაფასებს საახალწლო სამზადისში დაზიანებული ისტორიული შენობების შედეგების აღმოსაფხვრელად საჭირო სამუშაოების ღირებულებას. დარწმუნებულები ვართ, აუცილებელია შეფასდეს და შენარჩუნდეს არა მხოლოდ ტამანიანის არქიტექტურა, არამედ სომეხ ქვისმთლელთა ხელნაკეთობებიც“, – განაცხადა ალექსანდრე ბადალიანმა და იმავდროულად გამოთქვა ეჭვი იმ პასუხისმგებელი პირების მიმართ, ვინც ამ საკითხის მოგვარებით დაინტერესებული არ არის.

ასეც მოხდა. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ან, როგორც მას ხალხი მოიხსენიებს, სუპერ სამინისტროს მესვეურებმა, ვანდალიზმში მონაწილეობა მაშინვე უარყვეს და მინისტრ ვაგრამ დუმანიანის პირით განაცხადეს, რომ საახალწლო განათება და დეკორაციები მხოლოდ დროებითი მოვლენაა, ამიტომ დეპარტამენტმა არ ჩათვალა საჭიროდ ამ საკითხის სპეციალურ სამეცნიერო და მეთოდურ შეხვედრაზე განხილვა. თუმცა მერია, როგორც ღონისძიების ორგანიზატორი, ვალდებულია აღადგინოს ყველაფერი, ნაპრალი იქნება ეს, თუ ხვრელი.

სხვათა შორის, მერიაში სასწრაფოდ მოწვეულ პრესკონფერენციაზე მომხდარის შესახებ ყოველგვარი ბრალდება ერთხმად უარყვეს და მედიასივრცეში გავრცელებულ ინფორმაციას სპეკულაცია უწოდეს, თანაც დანაშაული “ყოფილ” ხელისუფლებას გადააბრალეს.

“სოც-ქსელში გავრცელებულო ის ფოტოები, სადაც ნაჩვენებია შენობის ფასადზე ლითონის ბადე-ქსელები და ჭანჭიკები, ჩვენს სამუშაოებთან არაფერ კავშირშია. ამ შენობებს დიდი ზიანი მანამდე მიადგა”, – სცადა დამსწრეები დაერწმუნებინა მერის მოადგილეს სურენ გრიგორიანს.

აი, ასე ადვილად ხდება გადაბრალება. როგორც ცნობილი კომედიური ფილმის პერსონაჟი ამბობს: მე-17 საუკუნის ეკლესიაც “ყოფილებმა” გაანადგურეს? ამავდროულად, დამნაშავეების გამოსავლენად, სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მერიაში საჭიროდ არ მიაჩნიათ, ვინაიდან სასამართლო პროცესის დასაწყებ „საწყის წერტილსაც“ ვერ ხედავენ. თუმცა სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს მუხლი „ისტორიული და კულტურული ძეგლების განადგურების, ან დაზიანების შესახებ“.

რა თქმა უნდა, ის, რაც ოდესღაც ტროლეიბუსის საყრდენებით, კონდიციონერებითა თუ მავთულებით დაზიანდა, სულაც არ ამართლებს იმ ფაქტს, რომ ეს შენობები დღესაც სისტემატურად ზიანდება. სამწუხაროდ, დაზიანების გამოსწორება შეუძლებელია. რიგი სპეციალისტები სკეპტიკურად უყურებენ შენობებზე სომეხი ქვისმთლელების მიერ ხელნაკეთი მხატვრული მოპირკეთებების აღდგენას. ანუ პირვანდელი იერის დაბრუნება, პრაქტიკულად შეუძლებელია.

საერთო ჯამში, საახალწლო ზღაპრისთვის ქალაქის ბიუჯეტმა 650 ათასი დოლარი გამოყო. მეტიც, ამ თანხის კიდევ ნახევარი იქნება საჭირო, რომ მომავალი წლის გაზაფხულზე რესპუბლიკის მოედანზე არსებული სამთავრობო შენობების ფასადებზე მიყენებული ზიანი გამოვლინდეს და აღმოიფხვრას.

გაჩუმება შეუძლებელია. ფართომასშტაბიანი ღონისძიებები ფართომასშტაბიანი დაფინანსებით არა იმდენად თანამემამულეების ბედნიერი არდადეგების გამო იმართება, რამდენადაც საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის უცხოელი სტუმრებისთვის თვალში ნაცრის შეყრის სურვილით. ეს ამად ღირს, როდესაც ოფიციალური მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის 30 პროცენტზე მეტი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს?! გარდა ამისა, დანგრეული არქიტექტურული ისტორიის აღსადგენი დამატებითი ხარჯები, დიდი ალბათობით, გადასახადების გადამხდელ მოსახლეობას ახალ ტვირთად დააწვება.

ნათელა ოგანიანი

ფოტოები აღებულია ფეისბუქ-მომხმარებლის არმან კარახანიანის გვერდიდან.