მსოფლიო პანდემია, მაღალი სიკვდილიანობა, გაჩერებული ეკონომიკა, ზამთარი, მძიმე სოციალური ფონი, სიღარიბე – ეს ის რეალობაა, რომელიც საქართველოს მოსახლეობაში საპროტესტო განწყობას აუცილებლად მოამწიფებს და გაზაფხულზე ქვეყანაში რევოლუცია იფეთქებს, – ასეთია ოპოზიციის იმ ნაწილის გეგმები, რომლებმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახეს და საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ. ოპოზიცია ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს და მმართველ ძალას ულტიმატუმს უყენებს, – “ვადამდელი არჩევნები, ან რევოლუცია”!

თუ აქამდე, ქართულ ოპოზიციას ფერადი რევოლუციები ხიბლავდა, ახლა რევოლუცია იქნება მშვიდობიანი. მაგრამ იქნება, თუ არა რევოლუციის შედეგები მშვიდობიანი, ამაზე ალბათ, მას შემდეგ ეტყვიან ხალხს, როცა ხელისუფლებას პარტია “ქართულ ოცნებას” და მათ უმთავრეს სამიზნეს, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ჩამოაცილებენ. სამიზნედ გაზაფხული აიღეს, რადგან ზამთარი, მიზეზთა გამო, აშკარად მძიმე იქნება, ოპოზიცია კი დარწმუნებულნია, რომ სოციალური პრობლემებით გაბრაზებული მოქალაქეები შეუერთდებიან იმ პარტიების პროტესტს, რომელსაც ნაციონალები ლიდერობენ. იმედოვნებენ, რომ შეძლებენ მეტი ადამიანის დარწმუნებას იმაში, რომ რევოლუციას და გადატრიალებას აქვს ერთადერთი აზრი, იმიტომ, რომ არჩევნები მოიპარეს.

ნიკა მელია

პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მიიჩნევს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებით საქართველომ ერთპარტიული პარლამენტი მიიღო, სადაც “ქართული ოცნება” საპარლამენტო უმრავლესობით არის წარმოდგენილი. მისივე თქმით, ქვეყანაში აღარ არსებობს სასამართლო სისტემა და მთლიანად სახელმწიფო აღარ ფუნქციონირებს, შესაბამისად საზოგადოებრივი პროტესტი გაზაფხულზე აზვირთდება და “მშვიდობიან რევოლუციაში” გადაიზრდება.

ოპოზიციის ლიდერები საპარლამენტო მუშაობის ნაცვლად ლეიბორისტული პარტიის ოფისში განაგრძობენ შეხვედრებს, მაშინ, როდესაც მეათე მოწვევის პარლამენტი უკვე შეიკრიბა, ხოლო დასავლეთელი დიპლომატები ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებენ.

კარლ ჰარცელი

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოს პოლიტიკურ ვითარებას შემაშფოთებელს უწოდებს და ამბობს, რომ მმართველი გუნდი და ოპოზიცია არათუ უახლოვდება, არამედ შორდება ერთმანეთს, მოლაპარაკებების პროცესი კი ზიანდება. დიპლომატი პასუხისმგებლობას ორივე მხარეს აკისრებს.

“ეს ხდება მაშინ, როცა საათი უფრო და უფრო სწრაფად წიკწიკებს და კარები იხურება”, — ამბობს ჰარცელი.

მისივე თქმით, ოპოზიციის მიერ საპარლამენტო მანდატებზე აურის თქმა, შეთანხმებისთვის კარის დახურვას ნიშნავს. მოლაპარაკებების პროცესისთვის, ასევე არასახარბიელოა მმართველი პარტიის მიერ წარდგენილი კანონპროექტები.

სანამ ოპოზიციის რევოლუციური განწყობები ოფიციალურად დადასტურდებოდა, გაერთიანებული ოპოზიციის მთავარი გამწევი ძალის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გადადგა. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებული გრიგოლ ვაშაძე “ენმ”-ს ლიდერი 4 წლის განმავლობაში იყო და თავისი რადიკალური განცხადებებითა და ქცევებით მთლიანად აკმაყოფილებდა ამ პარტიის გარეგნულ კრიტერიუმებს. ამდენად მისი წასვლა მოულოდნელი იყო, თუმცა ზოგისთვის პროგნოზირებადი.

ლადო ბოჟაძე

ექსპერტი ლადო ბოჟაძე ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც Dalma News-სთან წინასაარჩევნოდ ჩაწერილ ინტერვიუებში არაერთხელ უთქვამს, რომ ოპოზიცია ემზადებოდა არა 31 ოქტომბრისთვის, არამედ პირველი ნოემბრისთვის, – ანუ რევოლუციისთვის.

ლადო ბოჟაძის შეფასებით გრიგოლ ვაშაძე სინამდვილეში, არც არასდროს ყოფილა ამ პარტიის თავმჯდომარე. ის ერთი მხრივ – ექსპრეზიდენტ სააკაშვილისგან, მეორე მხრივ – პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიასგან მუდმივ წნეხს განიცდიდა. მელია, ხომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ცდილობს ქარიზმატულ ლიდერად ჩამოყალიბდეს, გრიგოლ ვაშაძის მსგავსი არაპოპულარული პოლიტიკოსის გვერდით ყოფნა კი, მის “ბრწყინვალებას” ფერს უკარგავს.

გრიგოლ ვაშაძესა და ნაციონალებს შორის ბზარი კიდევ უფრო შესამჩნევი მას შემდეგ გახდა, რაც ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების გამართვაზე მზადყოფნა გამოთქვა. პარტიის შიგნით ამას ნეგატიური შეფასებები მოჰყვა, თუმცა, მოგვიანებით თავად შემოუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას, რომელიც ფასილიტატორების დახმარებით გაიმართა.

გრიგოლ ვაშაძე

ლადო ბოჟაძის აზრით, გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან წასვლის ბოლო წვეთი იყო, ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერის მხრიდან ფასილიტატორების მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებები. მისთვის, როგორც საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრისთვის მიუღებელი იყო პროდასავლური პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობისა და მათი ტელევიზიების იერიში დასავლეთელი პარტნიორების მიმართ. მეორე ვერსია ოპოზიციის პარლამენტში შესვლას უკავშირდება და ყველაზე მთავარი, გრიგოლ ვაშაძემ თქვა, – ოპოზიციას არ აქვს სტრატეგიაო.

“ვაშაძე ცდება, ოპოზიციას აქვს ძალიან მკაფიო სტრატეგია, –  ქვეყანაში დესტაბილიზაცია, არეულობა, რევოლუციური სცენარების მოწყობა. უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე, საგამოძიებო კომისიის შექმნაზე და მთელი დასავლეთის ორგანიზაციების შეფასებების წინააღმდეგ მიდიან”, – ამბობს ლადო ბოჟაძე.

მისი აზრით, ვერსია, რომ ვაშაძემ უარი თქვა რევოლუციურ სცენარზე და “ენმ”-დან ამის გამო წავიდა, ნაკლებად სავარაუდოა. საზოგადოებას ახსოვს მისი რადიკალური და შეურაცხმყოფელი განცხადებები პოლიციელების, ჟურნალისტებისა და საქართველოს პრეზიდენტის მისამართითაც. ის სახელმწიფო გადატრიალებას ჯერ კიდევ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აანონსებდა.

“გრიგოლ ვაშაძე არასდროს ყოფილა დამოუკიდებელი. ის მუდმივად იყო სააკაშვილის, ნიკა გვარამიას და ნიკა მელიას წნეხის ქვეშ. ბოლო დროს ყველას დაანახეს, რომ ვაშაძე, პარტიაში არ იყო გადაწყვეტილების მიმღები ფიგურა. თავის დროზე, “ენმ”-ს თავმჯდომარედ მისი წარდგენა სააკაშვილის მიერ იმ ილუზიის შექმნის მცდელობა იყო, რომ ის არ ერეოდა პარტიის საქმიანობაში. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ დღეს მთელს ოპოზიციაში გადამწყვეტი ფაქტორია სააკაშვილი. გვარამია იბარებს პოლიტიკურ ლიდერებს, საქმეებს ურჩევს, პარლამენტში შესვლა – არშესვლის პირობას ადებინებს, დაფაზე ხელს აწერინებს…”, – აცხადებს ლადო ბოჟაძე.

როგორც მან Dalma News-ს განუცხადა, საქართველოში რევოლუციები აღარ მოხდება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ პროცესების მიღმა დგას “ნაცმოძრაობა”, ანუ ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც უკვე იყო ხელისუფლებაში და ამაზე უფრო რთულ გამოწვევებს არა თუ ვერ გაუმკლავდნენ, გულთან ახლოსაც არ მიუტანიათ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ქვეყნის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა. არც უმუშევრებს და არც ბიზნესს, მაშინ არავინ დახმარებია.

მისივე თქმით, სახელმწიფოს აქვს ყველა რესურსი, უზრუნველყოს სტაბილურობა.

“იციან, რომ ვერც ერთ არჩევნებს ვერ მოიგებენ, არც არასდროს მოუგიათ. ხელისუფლებაში გაყალბებისა და ზეწოლის შედეგად რჩებოდნენ. როგორ ლამაზადაც არ უნდა შევფუთონ 17 წლის წინანდელი მოვლენები “ვარდების რევოლუციის” სახელწოდებით, ეს იყო სახელმწიფო გადატრიალება. რევოლუციაზეა წამსვლელი გრიგოლ ვაშაძეც, ნიკა მელიაც, გიორგი ვაშაძეც, მამუკა ხაზარაძეც… ხელისუფლებისთვის ეს ზამთარი არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, პირველ რიგში ეპიდემიოლოგიური და ეკონომიკური თვალსაზრისით. თუმცა, მაინც მგონია, რომ ძალიან მძიმე ზამთრის მიუხედავად, არანაირი საფრთხე იმისა, რომ საზოგადოების უკმაყოფილება უმართავ პროცესებში გადაიზარდოს, არ არსებობს. ჩვენ უკვე ვნახეთ რევოლუციით მოსულმა ხელისუფლებამ რა სიკეთე მოუტანა ქვეყანას, ბიზნესს, ადამიანებს, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას”, – აცხადებს ლადო ბოჟაძე.

საბოლოო ჯამში, სადაც ნაციონალები არიან, ყველაზე გულწრფელი საზოგადოებრივი პროტესტიც კი აზრს კარგავს. ექსპერტების აზრით, სანამ “ქართული ოცნების” ალტერნატივა სააკაშვილი პოლიტიკური ძალა იქნება, “ოცნება” ყველა დონის არჩევნებს მოიგებს. ისიც ფაქტია, რომ 31 ოქტომბერს ნახევარმა მილიონმა ამომრჩეველმა უარი უთხრა “ენმ”-საც და “ქართულ ოცნებასაც”. მათ სხვა პოლიტიკურ პარტიებს მისცეს შანსი შესულიყვნენ პარლამენტში, მაგრამ მათ ეს შანსი არ გამოიყენეს.

ზაალ ანჯაფარიძე

როგორც Dalma News-ს ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ განუცხადა, ხალხს არ აქვს რევოლუციის მოთხოვნილება, მას სურს ცვლილებები, მაგრამ ეს ცვლილებები უნდა იყოს ევოლუციური ხასიათის. აქ არის ერთი პრობლემა, ჯერჯერობით ასპარეზზე არ გამოჩნდა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც დააკმაყოფილებდა ამომრჩევლის მერყევი ნაწილის მოთხოვნებს და გემოვნებას.

“თითქოს “ლელოს” ჰქონდა ამის შესაძლებლობა, მაგრამ ყველამ ვნახეთ, რომ, როგორც პოლიტიკურმა ძალამ, მან საკუთარი თავი უხერხულ და პოლიტიკურად არამომგებიან მდგომარეობაში ჩაიყენა. ის ლიდერები, რომლებიც 2003 წელს იდგნენ რევოლუციის სათავეში საზოგადოების ნდობით სარგებლობდნენ, დღეს კი ისინი აბსოლუტურად დისკრედიტებულნი არიან”, – აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

მისივე თქმით, გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან წასვლამ გააჩინა ეჭვი, რომ ნაცმოძრაობაში ყველა ერთ აზრზე არ არის. საერთო პოზიცია არ არის ოპოზიციაშიც, ამით მიუხედავად დაბალპროცენტიანი პარტიები რჩებიან ეფემერული ერთობის მძევლებად. ნაციონალების ახალ თავმჯდომარეს რაც შეეხება, კულუარული ინფორმაციით, სამი კანდიდატურა განიხილება. ადვილი შესაძლებელია “ენმ”-ს ახალი ლიდერი ხატია დეკანოიძე, ლევან ვარშალომიძე, ან ნიკა მელია გახდნენ.

შორენა პაპაშვილი