საქართველოს ხელისუფლებაში სამართლიანობის ლოზუნგით მოსულ “ქართულ ოცნებას“ დღეს, სწორედ ამავე მიზეზით აკრიტიკებენ. სასამართლოს პოლიტიკური გავლენისგან გათავისუფლების თემა, დიდი ხანია საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგის ყველაზე ცხელი საკითხია. უვადო მოსამართლეთა 10-კაციანი სია, რომელიც იდეის თანახმად, საკონსტიტუციო უმრავლესობით უნდა გასულიყო, მმართველი გუნდის დაშლის მიზეზი გახდა.

ქვეყნის პარლამენტმა პირველ მაისს, მესამე მოსმენით მიიღო “საერთო სასამართლოს შესახებ” ცვლილებების პაკეტი, რომელიც უზენაესი სასამართლოსთვის შესარჩევი მოსამართლეების კრიტერიუმებს შეეხება. კანონპროექტს მხარი 87-მა დეპუტატმა დაუჭირა, 33 წინააღმდეგი იყო. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, რომლებიც ბოლო მომენტამდე დაჟინებით მოითხოვდნენ კანონპროექტის შეცვლას. ისინი მმართველ პარტიას სასამართლოს სისტემაში “კლანური მმართველობის” შენარჩუნებაში ადანაშაულებენ.

ახალი კონსტიტუციის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს. მათ მიერ დაკომპლექტებული შემადგენლობა უცვლელად 20-30 წლის განმავლობაში დარჩება. ეს იმ პირობებში, როცა ქართულ სასამართლო სისტემაში ე.წ. კლანის არსებობაზე დღეს, ღიად საუბრობენ.  მოსამართლეები, რომლებიც ერთგულად ემსახურებოდნენ “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილ ხელისუფლებას, არც “ქართულ ოცნებას” ეთმობა. ახლა მთავარია, მილიონი ცუდი საქმის ნაცვლად მათ მილიონი კარგი საქმე გააკეთონ. ან კიდევ უფრო მარტივი გამოსავალი, სულ მცირე სამი ბავშვი გადაარჩინონ, რომ საზოგადოებაში ავტორიტეტი აღიდგინონ. ამ ერთგვარი რეკომენდაციის ავტორი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარიაა. მისი მოსაზრებით, იუსტიციის საბჭოს მიერ წარმოდგენილ უვადო მოსამართლეობის კანდიდატებს პარლამენტის მხარდაჭერის შანსიც კი არ აქვთ.

Эка Беселия

ქართული მართლმსაჯულების ბედი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამ საკითხზე წინააღმდეგობის გამო მმართველი გუნდისგან გამიჯნულმა, იურიდიული კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარე ეკა ბესელიამ პარლამენტს მოსამართლეთა კრიტერიუმების შესახებ კანონპროექტი შესთავაზა, რომელიც ყოფილმა თანაგუნდელებმა არა თუ დაუწუნეს, სერიოზულადაც არ აღიქვეს. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, ბესელიასეული კრიტერიუმები ახლოსაც კი არ არის ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან.

ამასობაში, ვენეციის კომისიამ საქართველოს ხელისუფლებას უზენაესი სასამართლოსთვის შესარჩევი მოსამართლეების საკუთარი კრიტერიუმები შესთავაზა. მათი აზრით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის 10 წლის ვადით დანიშვნა ზედმეტად ხანგრძლივი ვადაა, ხოლო მოსამართლეობის კანდიდატი მხოლოდ “სამართლებრივ სფეროში მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი“ უნდა იყოს, კვალიფიკაციის დასამტკიცებლად კი გამოცდის ჩაბარება საჭირო არ არის;

მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებში ძირითადად გათვალისწინებული უნდა იყოს გამოცდილება და უფრო მაღალი ასაკი. შერჩევა დაფუძნებული უნდა იყოს ღირსებაზე, რომელიც თავის მხრივ, ეფუძნება კვალიფიკაციას, ეფექტიანობას, შესაძლებლობებს. მოსამართლეს უნდა ჰქონდეს აუცილებელი სამართლებრივი ცოდნა, უნარები და კომპეტენცია. უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების ნაკლებობის თავიდან ასარიდებლად, ვაკანსია უნდა გამოცხადდეს ნებისმიერი მოსამართლის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე.

რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატების შერჩევას, ფარული კენჭისყრა სასურველია გაუქმდეს. ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად, იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებები ეფუძნებოდეს კანდიდატების არა მხოლოდ წარსულ გამოცდილებას, არამედ მათ მიერ გაცემულ პასუხებს. მნიშვნელოვანია, რომ პროცესში მონაწილების მიღების შესაძლებლობა მოსამართლეობის გამოცდილების არმქონე პირებსაც ჰქონდეთ.

“თუ იურისტს, უფრო მეტად საერთო იურიდიული განათლებით, არ ექნება მონაწილეობის უფლება, ეს დარტყმას აყენებს უზენაესი სასამართლოს სასურველი მრავალფეროვნების შესაძლებლობას”, – ნათქვამია დასკვნაში.

ვენეციის კომისიის დასკვნით, კანდიდატების შესახებ მოგროვებულ ინფორმაციას იუსტიციის უმაღლესი საბჭო სიფრთხილით უნდა მოეკიდოს. მონაცემის შემოწმება არ უნდა იყოს თვითნებური და სუბიექტური. ის ფაქტი, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში 28 მოსამართლე უნდა იყოს, 2019 წლის პირველი ივლისიდან კი, მხოლოდ რვა მოსამართლე იქნება. დარჩენილი 20 მოსამართლის შემდგომი დანიშვნები შესაძლებელია, მომდევნო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განხორციელდეს.

ევროპელი ექსპერტების მოსაზრებით, იმის გამო, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს პარლამენტი ნიშნავს, ძალიან მნიშვნელოვანია კანდიდატების კვალიფიკაციის შემოწმება. ამას ქვეყნის კონსტიტუციაც ითვალისწინებს. მოსამართლეობის კანდიდატების ღირსებებისა და კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისთვის.

“ეს პარლამენტისთვისაც მოტივაცია იქნება, რომ გადაწყვეტილება მიიღოს პროფესიული ღირსების და არა – პოლიტიკური შეხედულებებით”, – აცხადებენ ვენეციის კომისიაში.

თბილისში გამართული შეხვედრებისას, კომისიის წევრებმა ინფორმაცია იუსტიციის საბჭოს შესახებაც მიიღეს და მიაჩნია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო საზოგადოებაში მაღალი ნდობით არ სარგებლობს. ასეთ პირობებში კი, წარმოუდგენელია, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების თითქმის ყველა კანდიდატი იუსტიციის არსებულმა საბჭომ შეარჩიოს. ეს აუცილებლად ნეგატიურად აისახება ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის მიმართ საზოგადოების ნდობაზე, როგორიც უზენაესი სასამართლოა და რომელიც ქვეყანაში მაღალი ნდობით უნდა სარგებლობდეს.

გია აბაშიძე

ანალიტიკოს გია აბაშიძის შეფასებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გარკვეული ნაწილი პოლიტიკური შინაარსისაა, რადგან ისედაც ჩანს, რომ საქართველოში პოლიტიკურად დამუხტული ველია.

მისივე თქმით, ერთი მხრივ, “ქართული ოცნების” ლიდერები აცხადებენ, რომ ევროპულ რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ, მაგრამ იმავდროულად, თავად მმართველ გუნდში არ არის ერთიანობა, იმასთან დაკავშირებით თუ, რომელი რეკომენდაცია მიიღონ და რომელი არა.

როგორც Dalma News-ს გია აბაშიძემ განუცხადა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებმა აჩვენა ისიც, რომ საჭიროა იუსტიციის საბჭოს რეფორმირება. პროცესი დიდი პოლიტიკური აჟიოტაჟის ფონზე მიმდინარეობს, რადგან პოლიტიკოსებს ამ საკითხის სათავისოდ გამოყენება და ქულების დაწერა სურთ. “ასეთ დროს, რთულია მტყუან-მართლის გარჩევა. ასეთ დროს, ჯანსაღ აზრს, საერთაშორისო მოთამაშეების, დიპკორპუსის თუ სხვათა შეფასებებში ვეძებთ”, – აცხადებს გია აბაშიძე.

მისი მოსაზრებით, “ქართულმა ოცნებამ” ვენეციის კომისიის რეკომენდაციები რომ უნდა გაითვალისწინოს, ამაში მეორე აზრი არ არსებობს. 100%-ით თუ არა, სასურველია, მათი მაქსიმალური რაოდენობა ჩაიდოს მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ კანონპროექტში.

“გამოცდილი პარტნიორების რჩევა, განვითარებადი დემოკრატიის მქონე ქვეყნებისთვის ყოველთვის გასათვალისწინებელია. ჩვენ ხომ არ ვართ დაღვინებული დემოკრატიული ქვეყანა, ამდენად ეს რეკომენდაციები ჩვენთვის საინტერესო და მისაღებია. იმისთვის, რომ არ შეილახოს საქართველოს საერთაშორისო იმიჯი, როგორც სანდო საერთაშორისო პარტნიორისა და მოთამაშის, ვენეციის კომისიის, ეუთოს თუ ევროსაბჭოს მხრიდან წამოსული ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ”, – აცხადებს გია აბაშიძე.

ვენეციის კომისიის დასკვნას ოპოზიციის მხრიდან შეფასებები მოჰყვა. “ქართული ოცნების” აწ უკვე ყოფილი წევრის, ეკა ბესელიას შეფასებით, მმართველი გუნდისთვის ეს მზის დაკვრის ტოლფასი იყო. საპარლამენტო ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრის, ოთარ კახიძის შეფასებით კი, ვენეციის კომისიამ საქართველოს პარლამენტს პირდაპირ უთხრა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნდობა არ აქვს, ხოლო დღევანდელ პარლამენტს – მანდატი, რომ ნახევარზე მეტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე თანამდებობაზე გაამწესოს. მისი აზრით, ხელისუფლება ეცდება ვენეციის კომისიის დასკვნას გვერდი აუაროს, რაც მათ სიკეთეს არ მოუტანს.

კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია “პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი მიიჩნევს, რომ მოსამართლეები მურუსიძე, გვრიტიშვილი და ჩინჩალაძე “ქართულ ოცნებას” განაჩენს გამოუტანენ. იგი მიმართავს მმართველ პარტიას, ნუ დაიცავენ მურუსიძე – ჩინჩალაძე – გვრიტიშვილის “კლანს”, რადგან გარკვეული დროის შემდეგ, სწორედ ეს ადამიანები იტყვიან, რომ კანონით იხელმძღვანელეს, როცა “ქართული ოცნება” პოლიტიკურად გაანეიტრალეს.

მისივე თქმით, მოქმედი პარლამენტის თითოეული წევრის პასუხისმგბელობაა ის, თუ მომავალი 30 წლის განმავლობაში, როგორი სასამართლო ექნება ქვეყანას.

“არ გვაქვს უფლება, რომ მურუსიძეებსა და ჩინჩალაძეებს დავუტოვოთ ჩვენი მართლმსაჯულება და ჩვენი შვილების მომავალი”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძის მოსაზრებით, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები მოწმობს იმას, რომ “ქართულ ოცნებას” სამართლიანობის აღდგენა სურდა თავისი ვიწრო პარტიული და არა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. “ოცნებას” სურს ძველი “კლანის” წარმომადგენლები იხილოს უზენაეს სასამართლოში, რადგან გასვრილი ადამიანი უფრო ადვილი სამართავია, ვიდრე განათლებული და თავისუფალი.

ნიკა ჩიტაძე

ეს არიან მოსამართლეები, რომლებიც ნებისმიერ ხელისუფლებას მოემსახურებიან სასამართლო სისტემაში ძალაუფლების შენარჩუნების სანაცვლოდ. ისინი, როგორი წარმატებითაც ერთგულებას უწევდნენ “ნაციონალურ მოძრაობას”, ასეთივე წარმატებით უერთგულებენ “ქართულ ოცნებასაც”. სხვა შემთხვევაში, მოსამართლეები, რომლებიც ხალხში დიდი ავტორიტეტით არ სარგებლობენ და უფრო მეტიც, ნეგატივს იწვევენ, რატომ უნდა აწყობდეს “ქართულ ოცნებას”, თუნდაც რეიტინგის დაცემის ფასად.

ნიკა ჩიტაძის შეფასებით, დღევანდელ ხელისუფლებაში, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანების დეფიციტი იგრძნობა. იმ შემთხვევაში თუ “ოცნება” ვენეციის კომისიის დასკვნას არ გაითვალისწინებს, ეს უარყოფითად იმოქმედებს არსებული ხელისუფლების იმიჯზე.

“ნამდვილად არ არის სასიამოვნო იმ შენიშვნების მოსმენა, რასაც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება იღებს იგივე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გამართული შეხვედრების დროს. ადამიანი, შესაძლოა იყოს თავის პროფესიაში გამოცდილი, დიდი ხნის განმავლობაში იყოს თანამდებობაზე, გარკვეული მეთოდებით ინარჩუნებდეს მას, მაგრამ ეს დადებითად არ აისახებოდეს ქვეყნის მომავალზე. პიროვნულ თვისებებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს”, – აცხადებს ნიკა ჩიტაძე.

მოსამართლეების თემას შეეწირება თუ არა მმართველი გუნდის იმიჯი, დრო გვიჩვენებს. ექსპერტების აზრით, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად დემოკრატიულად ჩატარდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები. ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსს კვლავაც თუ გამოიყენებს, შესაძლებელია ხელისუფლება შეინარჩუნონ, მაგრამ ბევრია დამოკიდებული იმაზე, საზოგადოება თუ შეურიგდება მისი სურვილის უგულვებელყოფას. მანამდე კი, სანამ საქართველოს პარლამენტში დეპუტატები მოსამართლეთა შერჩევის წესის შესახებ “ქართული ოცნების” კანონპროექტზე მსჯელობდნენ, “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრები და მათი მხარდამჭერები, თბილისის ცენტრში საპროტესტო მსვლელობას – “კლანი უნდა წავიდეს”, მართავდნენ.

შორენა პაპაშვილი