კორონავირუსის გამო კარანტინის რეჟიმი, ნავთობის გაიაფება – ამ ფაქტორებმა სერიოზულად დააზარალეს აზრბაიჯანში მცირე და საშუალო ბიზნეზები. ქვეყანაში გაიზარდა უმუშევრობა, შემცირდა ფულადი ანაზღაურება. ვითარებას ისიც ართულებს, რომ ხალხმა ბანკებიდან თავიანთი ანაბრების გატანა დაიწყეს, რაც ერთი მხრივ, საბანკო სისტემისადმი ნდობის დაკარგვას ნიშნავს, მეორეს მხრივ – ეს იმის ნიშანია, რომ გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილმა ხალხმა დანაზოგის ხარჯვა დაიწყო.

აზერბაიჯანში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების შესახებ Dalma News-ის კორესპონდენტი ეკონომისტ ნატიკ ჯაფარლის გაესაუბრა.

— აზერბაიჯანში მკვეთრად გაიზარდა უმუშევრობა. ეს კორონავირუსის გამო კარანტინის რეჟიმის და ნავთობის გაიაფების შედეგია?

— მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, მათ შორის მეზობელ ქვეყნებში, მთავრობები კრიზისიდან გამოსასვლელი ზომების ორ პაკეტს იღებენ. ერთი შეეხება რეალურ დროში ბიზნესზე პანდემიის გავლენის შერბილებას, ხოლო მეორე – ბიზნესის დახმარებას, რათა პოსტკარანტინულ პერიოდში მუშაობის გაგრძელება შეძლოს. ჩვენთან, აზერბაიჯანში, სამწუხაროდ მეორე პაკეტი საერთოდ არ განიხილება. არავინ ფიქრობს იმაზე, რომ თუ მომავალში როგორ უნდა ამუშავდეს ბიზნესი და ამისათვის რა ბერკეტების გამოყენება უნდა მოხდეს. მიმაჩნია, რომ დახმარება კარანტინის შემდგომ უფრო აუცილებელია, ვიდრე შეზღუდვების დროს. თუმცა ეს საკითხი მთავრობაში, არც კი წამოჭრილა.

არსებობს კიდევ მნიშვნელოვანი მომენტი: ჩვენთან, რბილად რომ ვთქვათ, ყველა სფეროში ცუდი სტატისტიკაა და ამიტომ კარანტინის დროს ბიზნესის და მოსახლეობის დახმარების ეფექტიანი ზომების მიღება ძალიან რთული იყო.

— რას გულისხმობთ?

— მაგალითად, მარტში, ოფიციალური მონაცემებით, ჩვენთან 90 ათასი უმუშევარი იყო. ისე გამოვიდა, რომ მთავრობა ორი თვის განმავლობაში 190 მანათს (დაახლოებით 100 ევრო – რედ.) 600 ათას ადამიანს უხდიდა. ხვდებით, რამხელა განსხვავებაა ოფიციალურ სტატისტიკასა და სამსახურების გარეშე დარჩელინთათვის გამოყოფილ დახმარებას შორის? ეკონომიკისთვის სტატისტიკა დიაგნოსტიკური ცენტრივითაა. თუ სტატისტიკა სწორია, მაშინ დიაგნოზიც სწორი იქნება და შესაბამისად მკურნალობაც შესაფერი. ჩვენ კი ამ მხრივ სერიოზული სირთულეები გვაქვს.

გარდა ამისა, ნავთობი გაიაფდა, ვალუტის შემოდინება მნიშვნელოვნად შემცირდა. მაგალითად, იანვართან შედარებით მაისში 4,5-ჯერ ნაკლები იყო. ამ ყველაფერმა ქვეყნის ეკონომიკას სერიოზული პრობლემები მოუტანა. ის სახელმწიფოები, რომლებიც ნავთობის ექსპორტზე არ არიან დამოკიდებულები, ამ პროცესს შედარებით იოლად გადიან.

ცალკე საკითხია – ჩრდილოვანი ეკონომიკა, ამიტომაც სტატისტიკა რეალურ პრობლემებს არ ასახავს და არც ზუსტი ციფრებია. პანდემიის გამოცხადებამდე ჩვენთან ოფიციალურად მილიონ 600 ათასი ადამიანი მუშაობდა, ხოლო შრომისუნარიანი, დაახლოების 6 მილიონი ადამიანი იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ არასწორადაა დათვლილი უმუშევრების და დასაქმებულების რაოდენობა. ყველა ეს სისტემური და სტრუქტურული პრობლემები ახლა იჩენს თავს.

ნატიკ ჯაფარლი

— აზერბაიჯანულ მედიაში გაჩნდა ციფრი – წლის დასაწყისიდან მეანაბრეებმა ბანკებიდან ანაბრების 15% მანათში გაიტანეს…

— …დიახ, წლის დასაწყისიდან ანგარიშებიდან მილიარდზე მეტი მანათია მოხსნილი.

— მაგრამ, საბანკო სისტემისთვის ეს ხომ სერიოზული დარტყმაა?

— ჩვენს საბანკო სისტემას უკვე დიდი ხანია, ჯერ კიდევ 2015-2016 წლებიდან ციებ-ცხელება აქვს შეყრილი. 2018-2019 წლები შედარებით მშვიდი იყო, მაგრამ ხელისუფლებამ პრობლემების გადასაჭრელად ეს დრო ვერ გამოიყენა, მიუხედავად იმისა, რომ ამის ყველა შესაძლებლობა არსებობდა. ჩვენი ხელისუფლება მონეტარულ პოლიტიკას, რატომღაც, ვერ აღიქვამს, როგორც ეკონომიკურს. ჩვენთან ეროვნული ვალუტა – მანათი -უფრო პოლიტიკურია, ვიდრე ეკონომიკური. ახლა კი, პანდემიის, კარანტინის პირობებში 4 ბანკი დაიხურა და ხალხმა დევალვაციის და საბანკო პრობლემების შიშით თავიანთი ანაბრების გატანა დაიწყო. მეორე მხრივ, ასეთ რთულ დროს ხალხს თავიანთი დანაზოგი საკუთარი თავის და ოჯახების გამოსაკვებად დასჭირდა.

ჩვენი გათვლებით მილიონ-ნახევარი ადამიანი უმუშევარი დარჩა. ეს არის ტურისტული სექტორის სეგმენტი, რომელშიც, ასევე, კაფე-ბარები და რესტორნებიც ითვლება. ვგულისხმობ მუდმივ და სეზონურ სამუშაოებს, სადაც დასაქმებულებს შრომითი ხელშეკრულება არ ჰქონდათ გაფორმებული. ცხადია, ასეთი ადამიანები თავიანთ დანაზოგს დახარჯავენ, რადგანაც სხვა შემოსავალი არ აქვთ. მაგრამ მთავარი ის არის, რომ საბანკო სისტემისადმი აღდგენილი ნდობა მთავრობის მიერ 4 ბანკის დახურვის თაობაზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ, კვლავ შეირყა. ამის შედეგია ის, რომ დეპოზიტები 15%-ით შემცირდა, რამაც ამ სექტორზე დამატებით ზეწოლა მოახდინა.

— ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, რომ უკვე 2021 წლისთვის ეკონომიკური ვითარება დალაგდება, ხოლო პესიმისტების თქმით, ამას 2024 წელზე ადრე არ უნდა ველოდოთ. თქვენ რას ფიქრობთ?

— ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, შემოდგომით, პანდემიის მეორე ტალღა იქნება თუ არა. ეს მარტო აზერბაიჯანს კი არა, მთელს მსოფლიოს ეხება. თუ შემოდგომა-ზამთრისთვის შესაბამისი ვაქცინა, ან წამალი არ იქნება მთელს მსოფლიოში ყველაზე პესიმისტური სცენარიც კი რეალობად იქცევა. ექსპერტები მსოფლიო ეკონომიკის აღორძინების თარიღად 2024 წელს ტყუილად არ ასახელებენ. რაც შეეხება უშუალოდ აზერბაიჯანს, ყველაფერი ნავთობის ფასზე იქნება დამოკიდებული. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენს მთავრობას არ აქვს კონცეპტუალური პროგრამა. მთავარი იმედი ნავთობის ფასია და თუ ბარელი ნავთობის ფასი 50-60 აშშ.დოლარამდე გაიზრდება, მაშინ ჩვენი ბიუჯეტის 60% კვლავინდებურად ნავთობზე იქნება დამოკიდებული.

ბოლო წლების განმავლობაში ეს ნავთობის უკვე მესამე კრიზისია. 2008-2009 წლებში ბარელი ნავთობის ფასი 30 აშშ.დოლარამდე დაეცა, თუმცა შემდეგ 90-ამდე აიწია. მაშინ ხელისუფლება უმოქმედოდ იყო. შემდეგ, კრიზისის მეორე ტალღა დაიწყო და 2016 წელს ნავთობზე ფასი 120 აშშ.დოლარიდან 27 აშშ.დოლარამდე დაეცა. მაშინ ხელისუფლება სტრუქტურულ რეფორმებზე ალაპარაკდა, თუმცა რეალურად არაფერი გაუკეთებია.

მამედ მამეზადე