საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატმა) უცხო ქვეყნებში საქართველოდან მიმავალი ტურისტების სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის მეორე კვარტალში, საქართველოდან საზღვარგარეთ 780.1 ათასი ვიზიტი განხორციელდა. ყველაზე მეტი ვიზიტი – 45.3% 31-50 წლის ასაკის მოგზაურთა შორის დაფიქსირდა.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ქართველ ვიზიტორთა საზღვარგარეთული მოგზაურობის რაოდენობამ აღნიშნულ პერიოდში 561 ათასი შეადგინა, აქედან 325,6 ათასი ტურისტული, ხოლო 235,4 ათასი ერთდღიანი ვიზიტით იყვნენ. საქართველოს საზღვარგარეთ მყოფი ვიზიტორების რაოდენობამ 2019 წლის მეორე კვარტალში, 417,1 ათასი ადამიანი შეადგინა. მათ 617,5 მილიონი ლარი (210 მილიონი აშშ დოლარი) დახარჯეს. ანუ, ერთ ადამიანზე – საშუალოდ 1,100 ლარი (375 $).

2019 წლის II კვარტალში, ყველაზე მეტი, დაახლოებით, 209,5 ათასი (37.3%) ვიზიტი მეგობრების, ან ნათესავების მოსანახულებლად დაფიქსირდა. შემდეგია: ვაჭრობა – 147.6 ათასი (26.3%); ბიზნესი ან პროფესიული საქმიანობა – 102.1 ათასი (18.2%); დასვენება უქმეებზე – 71.9 ათასი (12.8%) და ა.შ.

კვლევის თანახმად, საქართველოდან ტურისტები ძირითადად 5 ქვეყანაში მიდიან: თურქეთი – 44.3% (255 ათასი), აზერბაიჯანი – 20.4% (117.9 ათასი), სომხეთი – 10.9%, რუსეთი – 7 , 5% და უკრაინა – 1.6% (ევროკავშირის ქვეყნებში,საერთო ჯამში – 10.3%).