ძველი თბილისის ერთ-ერთ ეზოში, სადაც იმპროვიზებული სცენა და სკამები იყო მოწყობილი, მეგობრებთან ერთად შევედი და უჩვეულო სანახაობისთვის მოვემზადე. მოულოდნელად წვიმა წამოვიდა. თბილისისთვის ივნისის წვიმა ჩვეულებრივი ამბავია. დილიდან მცხუნვარე მზე ანათებს, საღამოს კი წვიმის მძიმე წვეთები ფანჯრებს ეხეთქება. ასეთი ამინდის მიუხედავად, თბილისურ ეზოში მოწყობილ სცენაზე გუნდ „ანჩისხატის“ მუსიკოსები გამოვიდნენ და დამსწრე საზოგადოება მრავალხმიანი ქართული სიმღერებით დაატკბეს. ჩვენ ქოლგები გავშალეთ, სულგანაბულები ვუსმენდით და ვადასტურებდით სენსაციას იმის შესახებ, რომ ბუნებაში ცუდი ამინდი არ არსებობს.

პროექტ “თბილისურ ეზოებს” ტელეკომპანია “არტარეამ” შარშან ზაფხულში ჩაუყარა საფუძველი. თბილისის ძველ და კოლორიტულ ეზოებში პროფესიონალი მომღერლები და მუსიკოსები იკრიბებიან და ადგილობრივებს და ქალაქის სტუმრებს სასიამოვნო მუსიკას სთავაზობენ.

თბილისური ეზოები ისეთივე ბრენდია, როგორც ქართული ღვინო, ცეკვა და მრავალხმიანი სიმღერა. თბილისური ეზო – ეს არის ძარღვი, რომელშიც თავს იყრის მულტიკულტურულობა, მრავალკონფესიურობა, ურთიერთგამტანობა, კაცთმოყვარეობა და ბევრი სხვა რამ. თუ გაგიმართლა და თბილისურ ეზოში დაიბადე, ამ ყველაფრით ხარ გაჟღენთილი და ეს შენი საიდენტიფიკაციო კოდია.

– რომელ უბანში დაიბადეთ?

– პლეხანოვზე.

– ვააა, პლეხანოველი ხარ? თევზის მაღაზია გახსოვს? ალბათ, კიევის აბანოში დადიოდი?! პლეხანოვზე კიევის აბანო თითქმის ყველამ იცოდა და მას ბევრიც სტუმრობდა.

ამასობაში წვიმამ გადაიღო. ჩვენ “პარტერიდან” წინ, ეზოს ცენტრისკენ გადავინაცვლეთ და ხვეულ კიბეზე ავედით. იქიდან მთელი ეზო ხელის გულივით მოსჩანდა. ამასობაში მუსიკალური მიმდინარეობაც შეიცვალა: ხალხურის შემდეგ ექსპერიმენტული სტილის მუსიკა გაისმა. სცენაზე ამერიკელი მუსიკოსი და კომპოზიტორი ბენ უილერი გამოჩნდა.

 

ორიოდე თვის წინათ, იმ რაიონში მოვხვდი, სადაც სიცოცხლის პირველი ათი წელი მაქვს გატარებული. მხოლოდ ახლაღა მივხვდი, რამდენად ღრმად ვარ ამ ადგილთან შესისხლხორცებული. ჩვენს ეზოს დიდი რკინის ჭიშკარი ჰქონდა, რომელიც ღამ-ღამობით იკეტებოდა. მარჯანიშვილის ქუჩის რესტავრაციის და მოდერნიზაციის დროს ჭიშკარი ჩამოხსნეს და ფასადი არკებით მოაპირკეთეს. ახლა, იმ ეზოს ადგილას, რომელსაც წინიდან კ.მარჯანიშვილის სახელობის თეატრი ესაზღვრება, სიცარიელეა. ამ ადგილთან შეხვედრას დიდხანს ვარიდებდი თავს, რადგანაც ინტუიციურად ვიცოდი, როგორი იქნებოდა სულის სიღრმიდან ამოსული ხმის ექო:

– ვინმეს ეძებთ? – მეკითხება მამაკაცი.

– დიახ, საკუთარ ბავშვობას ვეძებ, მაგრამ ის აქ აღარ არის… – ვუპასუხე ფიქრებში.

ამასობაში თბილისში მოსაღამოვდა. თბილისური ეზო სახლებიდან გამოსულმა შუქმა გაანათა და სითბომ, სიმყუდროვემ დაისადგურა. საიდანღაც მოვიდა შემწვარი კარტოფილის სურნელი. წარსულის ყოველი წამი ჩემთვის ძალიან ახლობელი გახდა.

ჩვენი იტალიური ეზო ნელა იღვიძებდა. უფრო სწორად, აღვიძებდნენ. ეზოში ალიონთან ერთად ნაგვის დიდი მანქანა შემოდიოდა და მისი ზარის ხმა ღრმა სიზმარშიც ისმოდა. მისი წასვლის შემდეგ, ეზოში მაწვნის გამყიდველები შემოდიოდნენ და თავიანთი შეძახილებით:

– მაწონი, მაწონიიი…

– ძილბურანში მყოფ მეზობლებს საბოლოოდ აფხიზლებდნენ.

გადიოდა კიდევ ნახევარი საათი და ეზოში ყავის და ჩაის არომატები ერთმანეთს ერეოდა. ეზოს საერთო ონკანთან თუნუქის სათლის ხმაური ისმოდა. ამ ხმებს თანდათან ემატებოდა ავტომობილების, ლეიბის გაბერტყისა და მატყლის წეწვის ხმები. გვიან საღამოობით კი თბილისური ეზო მრავალხმიანი ტკბილი სიმღერებით იჟღინთებოდა. ამ ყველაფრის გარეშე ძალიან ძნელი წარმოსადგენია ძველი თბილისის ეზო…

დღის მეორე ნახევარში სცენაზე მოჰემა გამოჩნდა. ვერანდაზე, სადაც ადრე ხუთი ოჯახი ცხოვრობდა, მხატვარი მოლბერტით ხელში გამოდის და ჩაფიქრებული სახით ჯდება. თითქოს მუზას ელოდება. იდილიას ვერანდაზე გამოსული პატარა გოგონები – დები არღვევენ, რომლებიც ხმამაღლა ჩხუბობენ. მათი კონფლიქტი ხელჩართულ ჩხუბში გადადის და დედის მიერ სამზარეულოდან გამოტანილი ღვეზელით მთავრდება. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინათ, გაავებული გოგონები დარიჩინით შეზავებულ ღვეზელს დიდი სიამოვნებით და ცხოვრებით კმაყოფილი, მშვიდი სახით მიირთმევენ.

“ქალაქი, პირველ რიგში არის მეხსიერება. პროექტ „თბილისური ეზოების“ საბოლოო მიზანი წარსულის გაცოცხლება და ქალაქური ტრადიციების შენარჩუნებაა. ჩვენი კულტურები მუსიკასთან ძალიან მჭიდროდ არის გადაჯაჭვული. ჩვენი მრავალხმიანობა გარკვეულწილად თეოლოგიასაც უკავშირდება. მეთერთმეტე საუკუნეში ერთი ქართველი ფილოსოფოსი, იოანე პეტრიწი წერდა, რომ წმინდა სამება ქართული პოლიფონიის მსგავსია. პირველი, მეორე და მესამე ხმები – შედეგად უნიკალურ მუსიკას ვიღებთ. განათლებით თეოლოგი ვარ, მაგრამ სამების დოგმის შესახებ ახსნა არსად შემხვედრია. აი, ასეა ერთმანეთთან დაკავშირებული ქრისტიანობა, მუსიკა და ქართული კულტურა”, – განაცხადა კონცერტის ბოლოს შეხვედრის მოდერატორმა და მწერალმა რატი ამაღლობელმა.

ეკატერინე მინასიანი