თბილისში მომხდარი 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებილმა დედაქალაქის ზოოპარკმა, ფუნქციონირება ზუსტად სამი თვის შემდეგ განაახლა. ზოოპარკის ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე გუშინ, მოეწყო ფოტოგამოფენა და დამსწრე საზოგადოებას ზოოპარკის ხელმძღვანელობამ სამი თვის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოების ანგარიში და სამომავლო გეგმები გააცნო.

როგორც ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 2016 წლის გაზაფხულისთვის ახალი ცხოველების ჩამოყვანას გეგმავენ, ამავდროულად, ტრაგედიის შემდეგ ზოოპარკს რამდენიმე ახალშობილიც შეეძინა. ზურაბ გურიელიძე იმედოვნებს, რომ თბილისის ზოოპარკი უახლოეს მომავალში კვლავ გახდება ხალხმრავალი ადგილი.

დამთვალიერებლებს საშუალება აქვთ მოინახულონ ზოოპარკის მხოლოდ ზედა განახლებული ნაწილი. რაც შეეხება სტიქიის შედეგად განადგურებულ ქვედა ტერიტორიას, ის არ აღუდგენიათ და როგორც Dalma News-ს ზოოპარკის ადმინისტრაციაში განუმარტეს, სტიქიის ადგილას ვოლიერების მშენებლობა არ იგეგმება. მათივე ინფორმაციით, ზოოპარკი თბილისის ზღვაზე, დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე უნდა გადავიდეს, რაც სავარაუდოდ, სამი წლის განმავლობაში მოხდება.

თბილისში 13-14 ივნისს მდინარე ვერეს ადიდების გამო დაინგრა თბილისის ზოოპარკი, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზა და დაიღუპა 20-მდე ადამიანი.