მთავრობამ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ზოოპარკის მშენებლობის დაწყების ნებართვა გასცა. მშენებლობის პირველი ეტაპი ითვალისწინებს ზოოპარკის ტერიტორიის შემოღობვას, რისთვისაც ხუთდღიანი ვადით გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოცხადდება.

როგორც დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ახალი ზოოპარკი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, “სოკარის” ბენზინგასამართ სადგურსა და დენდროლოგიურ პარკს შორის განთავსდება. ამისთვის განსაზღვრულია 47 ჰექტარი ფართობის შემოღობვა. ნარმანიამ დაინტერესებულ კომპანიებს ტენდერში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

“საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია და ორ მილიონ ლარამდე სამუშაოების შესრულებას ითვალისწინებს”, – განაცხადა დედაქალაქის მერმა და დასძინა, რომ ახალი ზოოპარკის აშენებამდე უალხოეს ათ დღეში ძველი ზოოპარკი კვლავ გაიხსნება.

თბილისის ზოოპარკის გმირთა მოედნიდან თბილისის ზღვაზე გადატანის საკითხი აქტუალური 13-14 ივნისის სტიქიის შემდეგ გახდა. მდინარე ვერეს ადიდების შედეგად დაინგრა საცხოვრებელი სახლები, დაიტბორა ზოოპარკის ტერიტორია და ბინადრების 50% განადგურდა, სტიქიას თბილისში ადამიანური მსხვერპლიც მოჰქყვა.