თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ვიცე-მერის თანამდებობაზე ვაკის რაიონის ყოფილი გამგებელი ლაშა აბაშიძე წარადგინა, რომელიც ამ თანამდებობაზე დიმიტრი ქუმსიშვილს შეცვლის.

დავით ნარმანიას თქმით, ლაშა აბაშიძეს აქვს, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში მუშაობისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მდიდარი გამოცდილება. ვაკის ყოფილი გამგებელი ასევე აქტიურად მუშაობდა 13 ივნისის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მუშაობას იგი ახლა, ვიცე-მერის პოზიციიდან განაგრძობს. ლაშა აბაშიძის კანდიდატურა საკრებულოს უახლოეს სხდომაზე წარედგინება, ხოლო დამტკიცების შემდეგ ის მუშაობას ოფიციალურად გააგრძელებს.

რაც შეეხება ვაკის რაიონს, გამგებლის კანდიდატურა ჯერჯერობით შეთანხმებული არ არის და თბილისის მერის თქმით, ამ თემაზე კონსულტაციები მიმდინარეობს. თბილისის ვიცე-მერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც დიმიტრი ქუმსიშვილი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის მინისტრად წარადგინა. ამ თანამდებობაზე მან გიორგი კვირიკაშვილი შეცვალა, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა.