თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, დედაქალაქის მერიაში ფასიანი გზების შემოღების თემა არ განიხილება და სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს საცობების თავიდან არიდების მიზნით, მერია გზების გარკვეულ მონაკვეთებზე ფასის დაწესებას აპირებს. ირაკლი ლექვინაძემ ჟურნალისტებთან დღეს განმარტა თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის ავთანდილ სუდაძის მიერ, მანამდე გაკეთებული განცხადება და მას კონტექსტიდან ამოღებული უწოდა.

“ის, რაც ავთანდილ სუდაძემ განაცხადა, ეს იყო უბრალოდ მოყვანილი მაგალითი სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებიდან. ეს იყო მისი პერსონალური მოსაზრება. ის, რაც გავრცელდა, ვფიქრობ, გარკვეულწილად კონსტექსტიდან იყო ამოღებული. თბილისის მერიაში ფასიანი გზების თემა არ განიხილება”, – განაცხადა ლექვინაძემ.

მანამდე, თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელმა ავთანდილ სუდაძემ რადიო “ფორტუნას” ეთერში განაცხადა, რომ თუ თბილისის მოსახლეობა ხელს არ შეუწყობს ქალაქის სწორ განვითარებას, დედაქალაქი აუცილებლად დადგება ქუჩაზე გადაადგილების შეზღუდვის რომელიმე აპრობირებული მეთოდის გამოყენების საჭიროების წინაშე.

“ქალაქში პრობლემების მოგვარების სხვადასხვა მეთოდი არსებობს, ფასიანი გადაადგილება არის ერთ-ერთი გზა, რომელიც აპრობირებულია ევროპის და აზიის ძალიან ბევრ ქალაქში. ფაქტია, რომ მსგავსი აკრძალვების დაწესების წინაშე ჩვენც ვდგავართ. თუ თითოეული ჩვენგანი ეცდება, რომ ხელი შეუწყოს ქალაქის სწორ განვითარებას, შეზღუდვების დაწესება დღის წესრიგში არ დადგება,” – განაცხადა ავთანდილ სუდაძემ.