აპრილის დასაწყისში, კარენ დემირჩიანის სახელობის, ერევნის სპორტულ – საკონცერტო კომპლექსში ლეგენდარული ენდრიუ ლოიდ ვებერის ბროდვეულ მიუზიკლ Sunset Boulevard-ის პრემიერა შედგა, სადაც მთავარ როლს ასრულებს საქართველოს სსრ და რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტი თამარ გვერდწითელი, რომელიც არაერთხელ გაბრწყინებულა ნიუ- იორკის, ტორონტოს, მოსკოვის, პარიზის და სხვა სცენებზე.

როგორც პროდიუსერული კომპანია SKYFIST Studio -ს ხელმძღვანელი პოღოს არუთიუნიანი აცხადებს, მისთვის თამარ გვერდწითელი ყოველთვის ჭეშმარიტ ხელოვნებასთან ასოცირდება. „მისი ხავერდოვანი ხმა გნუსხავს და არამიწიერი სიმაღლეებისკენ გიზიდავს. თავდაპირველად, ამ როლზე სხვა საოპერო დივას მოწვევა გვქონდა დაგეგმილი და ხანგრძლივი მოლაპარაკებები გავმართეთ, მაგრამ, როგორც ჩანს, ბედის ნებით, გაგვიმართლა და პროექტში თამარ გვერდწითელი ვიხილეთ“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ერევნის კულტურულ სივრცეში ახალი თეატრალური დადგმა, განსაკუთრებული საერთაშორისო სტატუსით და ექსკლუზიური პლაკატით „პირველად სომხეთი“ და „პირველად დსთ-ს ტერიტორიაზე” გამოჩნდება.

ექსკლუზიურობა ასევე მდგომარეობს იმაში, რომ პირველად შესრულდება მუსიკალური წარმოდგენა რუსულად, თარგმნილი დარია აქსენოვას მიერ და ლიბრეტოს ახალი ვერსია რუსი თეატრალური რეჟისორის ანტონ მუზიკანცკის მიერ. სპექტაკლი, რომელშიც რუსეთიდან, სომხეთიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან მიწვეული არტისტები მონაწილეობენ, სომხეთის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის თანხლებით რუსეთის ეროვნული თეატრის პრემიისა და ფესტივალის “ოქროს ნიღბის” მფლობელი მირიამ ბარსკაიას ხელმძღვანელობით ჩაივლის.

ბროდვეის მიუზიკლ Sunset Boulevard-ის პრემიერის წინა დღით Dalma News-ს მთავარი მსახიობი თამარ გვერდწითელი ესაუბრა.

– ქალბატონო თამარ, მუსიკალური მიმართულების თვალსაზრისით, საკმაოდ მრავალფეროვანი შემოქმედება გაქვთ: ეთნიკური მუსიკა, ჯაზი და მონო ოპერაც კი… ცოტა ხნის წინ, ერევანში, ჯგუფ Bi-2-თან ერთად წარდექით მაყურებლის წინაშე. ეს მიუზიკლი თქვენთვის მოულოდნელობა იყო, თუ ნორმა დესმონდის როლზე ოცნებობდით?

– იცით, ხანდახან როლი თავად ირჩევს ადამიანს. მადლობა ამ პროექტის შემქმნელებს: ანტონ მუზიკანცკის, დარია აქსენოვას, ინტერნაციონალურ გუნდს და, რა თქმა უნდა, პროდიუსერ პოღოს არუთიუნიანს, რომლებმაც შესაძლებელი გახადეს ეს მასშტაბური წარმოდგენა ერევანში. გმადლობთ, რომ მომეცით ქალის, მუნჯური კინოს ცნობილი მსახიობის როლი, რომელიც კინემატოგრაფში ხმის და ახალი ვარსკვლავების მოულოდნელმა გამოჩენამ დააბნია; დავიწყებული და არასაჭირო გახდა. ოცი წლის განმავლობაში კარჩაკეტილად ცხოვრობდა ილუზიებისა და მოგონებების საკუთარ სამყაროში. ტრაგიზმს ლოიდ ვებერის საოცარი მუსიკაც მატებს. ეს არის ძალიან ქალური ჰოლივუდური ისტორია, მაგრამ არა იმდენად პროფესიაზე, არამედ მის სიყვარულსა და ერთგულებაზე, მის მიმართ თავდაუზოგავ მსახურებაზე და … ღალატზე.

– თქვენ ახსენეთ სიტყვა – ინტერნაციონალური, რომელიც, ალბათ, თქვენთვის ბავშვობიდან ნაცნობია: საერთაშორისო ოჯახი, საერთაშორისო ქართული ეზო?

– მართლაც ასეა. გავიზარდე ინტერნაციონალურ ოჯახში და ინტერნაციონალურ ეზოში, სადაც ცხოვრობდნენ: ქართველები, სომხები, რუსები, ებრაელები, ბერძნები, ასირიელები, გერმანელები, ოსები. ქორწილებს რუსული, სომხური, ებრაული წეს-ჩვეულებებით აღნიშნავდნენ – იმის მიხედვით, თუ როგორი ოჯახი იყო. მაგრამ სადღეგრძელოებს ყოველთვის ქართული ტრადიციის მიხედვით ამბობდნენ. ჩვენს საუბრებში სხვა ენიდან შემოსული სიტყვები იყო, დიასახლისები ერთმანეთს ეროვნული სამზარეულოს საიდუმლოებებს უზიარებდნენ და ჩვენს მრავალეროვნულ ეზოში სუფრული სიმღერებიც სხვადასხვა ენაზე ჟღერდა. სხვათა შორის, დღესაც ძალიან მიყვარს იმ წლების საბჭოთა ქართული, სომხური, უზბეკური, ლატვიური საესტრადო სიმღერების მოსმენა. ძალიან მომწონდა რობერტ ამირხანიანის შემოქმედება. დიდ პატივს ვცემ მომღერალს და ჩემს კოლეგას ერნე იუზბაშიანს.

– მაგრამ სომეხ შემოქმედებით ინტელიგენციასთან ეს შეხვედრები ერთადერთი არ არის…

– Რა თქმა უნდა არა. ჩემს ცხოვრებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა ანსამბლ „მზიურის“ დამფუძნებლების გურამ ჯაიანსა და რაფაელ კაზარიანთან შეხვედრა. 10 წლის ვიყავი, როდესაც თავიანთ ანსამბლში მიმიწვიეს და მალევე ჯგუფის სოლისტი გავხდი. სხვათა შორის, სწორედ რაფაელ კაზარიანმა მიწინასწარმეტყველა საკავშირო დიდება. 20 წლის ასაკში, როგორც დამწყებმა მომღერალმა, გამიმართლა და არნო ბაბაჯანიანი გავიცანი, რომელმაც მოგვიანებით სიმღერა “მონანიება” დამიწერა. სერგეი ფარაჯანოვი, მიხეილ ტარივერდიევი… დღეს ხშირად ვუსმენ მსოფლიოში ცნობილი მედუდუკის ჯივან გასპარიანის ჩანაწერებს. მასთან მხოლოდ ერთი შეხვედრა მქონდა და, ვაღიარებ, უბრალოდ მოხიბლული ვიყავი ამ ლეგენდარული კაცით.

ასევე მინდოდა შარლ აზნავურთან შეხვედრა და გაცნობა, რომელიც მოსკოვში უნდა ჩამოსულიყო. მაგრამ, სამწუხაროდ, არ გამოვიდა. არ ჩამოსულა…

თამარ გვერდწითელი

– თქვენს შემოქმედებით ბიოგრაფიაში იყო შეხვედრა სხვა ლეგენდასთან – მიშელ ლეგრანთან, რომელმაც თქვენი გვარი ვერ წარმოთქვა . სხვათა შორის, მისი გამოთქმა მართლაც რთულია. რამეს ხომ არ ნიშნავს თქვენი გვარი?

– იყო რამდენიმე სასაცილო ეპიზოდი. ლეგრანს ძალიან გაუჭირდა ჩემი გვარის წარმოთქმა და წინასწარ გამოთქმაზე ვარჯიშობდა. მოგვიანებით იგი ჩემი მასწავლებელი, მრჩეველი და დამრიგებელი გახდა. სამწუხაროდ ის ჩვენს გვერდით აღარ არის, მაგრამ თითქოს, დღემდე ვეკითხები ახალი სიმღერის, ან რაიმე შესრულების შესახებ.

რაც შეეხება ჩემს გვარს, ოჯახური ტრადიციის მიხედვით, XIV საუკუნეში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის თურქების წინააღმდეგ ბრძოლაში, ერთ-ერთი შერკინებისას, ჩვენი გვარის დამაარსებელი გენერალი ბოლომდე გმირულად იბრძოდა. დასისხლიანებულსაც კი არ მიუტოვებია ბრძოლის ველი. ბოლოს თანამებრძოლებმა უსაფრთხო ადგილზე რომ გადაიყვანეს, მისი ჭრილობის დანახვისას ამბობდნენ: “სისხლიანი აქვს გვერდი”, ანუ “გვერდი წითელი”- ო. ასე შემოვიდა ჩვენს გვარში ეს შორეული გმირობა.

– თქვენი სიმღერა “Виват, король, виват!” მრავალი წლის განმავლობაში გამარჯვებულთა ჰიმნად ისმის. ლირიკული სიმღერა “Мамины глаза“ საკუთარ დედას მიუძღვენით?

– არა, ეს სიმღერა სხვა ადამიანის დედისთვის დაიწერა, თუმცა ის ყველა დედას ეძღვნება და, რა თქმა უნდა, ჩემსასაც. ადრე ყველა კონცერტზე ლოცვასავით ვასრულებდი და ჩემი მსმენელები, თითქოს ამ სიმღერის მეშვეობით საკუთარი დედების წინაშე ქედს იხრიდნენ. ბევრი მწერდა კიდევაც, რომ თავიანთი ყველაზე ძვირფასი და ახლობელი მშობლის სანახავად მიდიოდნენ. დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ ამ სიმღერის შესრულება შევწყვიტე. სამყარო შეიცვალა, ბევრი რამ აღარც მე მაინტერესებს. დედაჩემის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, თბილისში ანტონ მუზიკანტსკი ჩამოვიდა და, შეიძლება ითქვას, საუბრისას რეალობაში დამაბრუნა. რამდენიმე დღის შემდეგ ჩვენი ვირტუალური რეპეტიციები დაიწყო. საოცარია, ღამით სიზმარში დედაჩემი ვნახე, რომელმაც ამ როლისთვის დალოცა. გამეღვიძა და მივხვდი, რომ ეს მისგან ნიშანი იყო და ბედნიერი იქნებოდა, თუ მუშაობას განვაგრძობთ და ახალ მიუზიკლში წარმატებას მივაღწევ.

– თქვენ ერთხელ თქვით, რომ სცენაზე უფრო ბედნიერად გრძნობთ თავს, ვიდრე რეალურ ცხოვრებაში. პარადოქსულად ჟღერს. და მაინც, რა გჭირდებათ წონასწორობისთვის ცხოვრებასა და სცენაზე?

– იმისთვის, რომ ცხოვრებაში ბედნიერი იყო, იღბალი გჭირდება. სცენაზე ბედნიერებისთვის ნიჭია საჭირო. ამიტომ, მსახიობი ქალისთვის ყოველთვის რთულია. თუ ღმერთმა მას სცენის დედოფლობა უბოძა, უფრო სწორად, თავს დედოფლად გრძნობს, ეს ბედნიერებაა. მაგრამ ვფიქრობ, იდეალური ბალანსის რეცეპტი არ არსებობს.

– რას იტყვით თქვენს გმირ – ნორმაზე?

– მასზე საუბრის საშუალებას ჩვენს მაყურებელს დავუტოვებ. იმედი მაქვს, ჩვენი მიუზიკლიდან მაყურებელს საკუთარი ხედვა განუვითარდება.

– დღევანდელ რეპეტიციებზე ჟურნალისტებმა თქვენს ახალ იმიჯზე გაამახვილეს ყურადღება…

– დიახ, სპექტაკლის გამო ასე ცეცხლოვანი ვარცხნილობით უნდა ვიარო. ასე გამოიყურებოდა ნორმა. ყველაფერი ორგანულად უნდა იყოს.

– სომხეთში ქალთა დღეს მთელი თვის განმავლობაში – 8 მარტიდან 7 აპრილამდე აღნიშნავენ და მას დედობისა და სილამაზის დღეს უწოდებენ. თქვენი პრემიერა 6 აპრილს გაიმართება. რას უსურვებთ ქალებს ამ დღეს?

რა თქმა უნდა, სიყვარულს, ბედნიერებას და მშვიდობას.

ნათელა ოგანიანი