2009 წელს დაწყებული სომხურ-თურქული ურთიერთობების პროცესი, რომლის აპოგეად ციურიხში, საზღვრების გახსნის და დიპლომატიური ურთიერთობების დაწესების თაობაზე პროტოკოლის გაფორმება იქცა, რეგიონალური პოლიტიკის მიღმა დარჩა. პროცესი ჩიხში მას შემდეგ შევიდა, როდესაც თურქეთმა ის ყარაბაღის კონფლიქტს მიაბა, რაც სომხური მხარისთვის კატეგორიულად მიუღებელია. რამდენიმე წლის შემდეგ, სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა ციურიხის პროტოკოლი ჯერ პარლამენტიდან გამოითხოვა, შემდეგ კი, გაეროს ტრიბუნიდან განაცხადა, რომ დოკუმენტი გაუქმდება, თუ 2018 წლიდან რაიმე დადებით ძვრები არ მოხდება. იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მოგვარება, როგორ აღიქვამენ თურქეთში სომხეთს და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს, რა მდგომარეობაშია სომხური სათვისტომო თურქეთში გაძლიერებული ნაციონალისტების ფონზე?

ამ და სომხურ-თურქული ურთიერთობების სხვა საკითხებზე Dalma News-ის კორესპონდენტი სომხური წარმოშობის თურქ დეპუტატს, სახალხო-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელ კარო პაილანს ესაუბრა, რომელიც ცოტა ხნის წინათ სომხეთს ფორუმ “სომხეთი-დიასპორას” ფარგლებში ესტუმრა.

– ბატონო კარო, თქვენ სომხეთში ოფიციალურ პირებს შეხვდით და ფორუმში “სომხეთი-დიასპორა” მიიღეთ მონაწილეობა. პირველად ხართ სომხეთში? გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები ფორუმთან და ამ ქვეყანასთან დაკავშირებით.

– სომხეთში ჩამოსვლამდე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 10-12 სომხურ დიასპორას ვესტუმრე. ისინი დიდი სითბოთი მახსენდება. თუმცა, დიასპორის და დიასპორული კულტურის ძალიან ბევრმა წარმომადგენელმა მოიყარა თავი ერევანში, ფორუმის “ერევანი-დიასპორა” ფარგლებში. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი მოვლენაა, თუმცა, იგი რეგიონალური და მსოფლიო პროცესებისგან დამოუკიდებლად ვერ განვითარდება. მეზობელ ქვეყნებსა და რეგიონში არც ისე მშვიდი ვითარებაა. თურქეთში, ერაყში, ირანში და სირიაში ტურბულენტური პოლიტიკური პროცესებია და ზოგიერთ მათგანში ქაოსიც კი გამეფებულა. მეზობელ აზერბაიჯანში ნაციონალისტური ტენდენციები ძლიერდება. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, სომხეთი ძლიერი უნდა იყოს, მაგრამ, როდესაც შენს გარშემო ნაციონალისტები პოზიციებს იმყარებენ, მშვიდად ცხოვრებაზე საუბარი რთულია.

Каро Пайлан и премьер-министр Армении Карен Карапетян
კარო პაილანი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი კარენ კარაპეტიან

თურქეთში, სომხეთში და აზერბაიჯანში ნაციონალისტური მოძრაობები ერთმანეთს აძლიერებენ. მე, რა თქმა უნდა, სომეხი ვარ, თუმცა, თანაბრად ცუდად ვარ განწყობილი, როგორც თურქი, ისე სომეხი ნაციონალისტების მიმართ. ერთთანაც და მეორესთანაც ცუდი ურთიერთობები მაქვს, იმიტომ რომ თურქეთში მშვიდობის და დემოკრატიისთვის ვიბრძვი. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ერთადერთი მნიშვნელოვანი გზაა რეგიონში ქვეყნების მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის.

– თქვენ თურქეთში მცხოვრები ერთ-ერთი ადამიანი ხართ, რომელიც ხმამაღლა საუბრობს ამ ქვეყნის პრობლემებზე. როგორიცაა მაგალითად, ოსმალური იმპერიის დროს სომხების გენოციდი. როგორც დეპუტატი ამის შესახებ პარლამენტის ტრიბუნიდან საუბრობდით. რა სირთულეებს ხვდებით ამ გზაზე, განსაკუთრებით ახლა, როდესაც პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის უფლებამოსილებების გაფართოვების შემდეგ, თურქეთში ნაციონალისტების და პოლიტიკური ისლამის პოზიციები მყარდება? როგორ ფიქრობთ, შეძლებთ “კედლის დანგრევას”?

– ამის გაკეთება სულ უფრო მეტად რთულდება. ბოლო ათწლეული ამ თვალსაზრისით ეპოქალური იყო. ცხადია, პრობლემები მაშინაც იყო, მაგრამ ვიცოდით, რომ თურქეთი სწორი და დემოკრატიული გზით მიდიოდა. ბოლო ორ წელიწადში ვითარება მკვეთრად შეიცვალა. თურქეთი “უკუნეთ სიბნელეში” ეშვება და ვითარება, სამწუხაროდ, უარესდება. სომხების გენოციდზე საუბარი და სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნა, ჯერ კიდევ 10-15 წლის წინათ დავიწყეთ. ცხადია, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ დისკუსიაში ტერმინ “გენოციდის” გამოყენება რთული იყო, მაგრამ ამან გამოიწვია ის, რომ ხალხი თავის წარსულზე, თავის იდენტურობაზე და იმაზე დაფიქრდა რაც მათ წინაპრებს 100 წლის წინათ გადახდათ თავს. თანდათანობით, მათ შორის თურქეთის პარლამენტშიც ტერმინ “გენოციდს” ხშირად ვიყენებდით და პრობლემა არასოდეს შეგვქმნია.

სამწუხაროდ წელს, როდესაც თურქეთის საკონსტიტუციო რეფორმების (პრეზიდენტ ერდოღანის ძალაუფლების გაძლიერებისკენ მიმართული – რედ.) დროს გენოციდის შესახებ დავიწყე საუბარი, პრობლემები წარმოიშვა და თავდასხმები დაიწყო. ამ დროისთვის უკვე მიღებულია კანონი, რომელიც თურქეთის პარლამენტის ტრიბუნიდან ტერმინ “გენოციდის” გამოყენებას კრძალავს. ეს ერდოღანის და ნაციონალისტური ძალების კავშირის პირდაპირი შედეგია. მმართველ “სამართლიანობის და განვითარების პარტიაში” ბევრი მეგობარი მყავს, რომლებიც, ასევე, უკმაყოფილონი არიან თურქეთში შექმნილი ვითარებით, მაგრამ ამაზე საუბრის ეშინიათ.

Каро Пайлан в турецком парламенте
კარო პაილან თურქეთის პარლამენტში

იცით, მმართველი ელიტის პოლიტიკა დიდწილად საზოგადოებრივი დისკუსიის მიმართულებასაც განაპირობებს. ერდოღანი პრესას, პარლამენტს და სასამართლო სისტემას დუმილს აიძულებს. სასამართლო სისტემა არ მუშაობს, მოქმედებს მხოლოდ ერდოღანის ძალაუფლება. თუ ეს ინსტიტუტები არ მუშაობენ, პრესა კი ტყუილის გავრცელებას უწყობს ხელს, საზოგადოების შეგნებაც ნაციონალისტური იდეოლოგიით ივსება. ახლა საზოგადოება, განსაკუთრებით ნაციონალური უმცირესობა, მათ შორის სომხები, იძულებულია ამ ტყუილის ატმოსფეროში იცხოვროს.

– სომხურ-თურქული ურთიერთობები სავსეა სტერეოტიპებით და ფობიებით. სომხეთში ხშირად მოისმენ გამოთქმას: “თურქი თურქად რჩება”, რაც თურქებისადმი ღრმა უნდობლობას გულისხმობს. რა ადგილი უკავიათ სომხეთს და სომეხ ხალხს თურქეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, რა სტერეოტიპები არსებობს?

– თურქეთშიც მოისმენ მსგავს გამონათქვამს სომხების და ქურთების შესახებ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს არასწორია. თითოეულ საზოგადოებაშია როგორც კარგი, ისე ცუდი, პოზიტიური და ნეგატიური პოლიტიკური პროცესები. ამჟამად, თურქეთში ნაციონალისტური ტენდენციები დომინირებს, თუმცა პრობლემა ის არის, რომ ეს პროცესი ამ ქვეყნის საზღვრებს ცდება, რაც იწვევს ქურთი და სომეხი ნაციონალისტების გაძლიერებას. ანუ, თურქეთსა და სომხეთში ერთმანეთის წინააღმდეგ მებრძოლი ქურთი ნაციონალისტები სინამდვილეში ერთმანეთს საკუთარ საზოგადოებებში აძლიერებენ.

ამასთან დაკავშირებით აუცილებელია, რომ თურქეთსა და სომხეთში არსებული ვითარებიდან გამოსავალი მოიძებნოს. თურქეთში, მაგალითად, მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად სახალხო-დემოკრატიული პარტია დავაფუძნეთ. ამ პოლიტიკურ ძალას თურქეთში მცხოვრები, თითქმის ყველა ეროვნების ადამიანი შეუერთდა.

ტოტალური და ერთი ცენტრის მიერ მართული თურქეთი საშიშროებას წარმოადგენს. სამწუხაროდ, ადვილი შესაძლებელია პროვოკაციებსაც ჰქონდეს ადგილი. სხვადასხვა სახის ნაციონალისტური განწყობები ამჟამად, არა მხოლოდ ქვეყნის შიდა, არამედ რეგიონალურ პოლიტიკაშიც დომინირებს. ამასთან დაკავშირებით, სირიელ, თურქ, ერაყელ და სომეხ მეგობრებთან ერთად ურთიერთობების და მშვიდობიანი თანაცხოვრების მექანიზმები უნდა შევიმუშაოთ.

– თქვენ არაერთხელ განაცხადეთ, რომ სომხეთში ამ ქვეყანას და თურქეთს შორის თანამშრომლობის მოწესრიგების მიზნით ჩამოხვედით. თუმცა, საეჭვოა თურქეთის მმართველი წრეების სურვილიც ეს იყოს და წინაპირობის სახით ყარაბაღის კონფლიქტის აზერბაიჯანის ინტერესების სასარგებლოდ გადაწყვეტას ემყარება. სომხეთი, სომხურ-თურქული ურთიერთობის ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირების კატეგორიული წინააღმდეგია. ასეთ ვითარებაში რამდენად შესაძლებელია ამ ქვეყნების თანამშრომლობაზე საუბარი? შეძლებს თქვენი პარტია დიალოგის ერთგვარ მოედნად იქცეს?

– 2009 წელს სომხურ-თურქული დიალოგის გასააქტიურებლად მუშაობა შედარებით იოლი იყო. მაშინ, ახალი გაფორმებული იყო პროტოკოლები დიპლომატიური ურთიერთობების და საზღვრების გახსნის თაობაზე. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. მას შემდეგ სომხეთიც შეიცვალა, ეს აქ ჩამოსვლის შემდეგ ვიგრძენი. ბოლო 25 წელიწადში სომხეთმა თურქეთის გარეშე ცხოვრება ისწავლა. ამას თურქეთში ჩემს კოლეგებსაც ვეუბნები. ეს ჩვენთვის ცუდია, ამიტომაც მოვითხოვ საზღვრების გახსნას. დიპლომატიური ურთიერთობების მოგვარება, როგორც თურქეთს, ისე სომხეთს ერთმანეთზე ზეგავლენის მოხდენის და მოწინააღმდეგე მხარისთვის თავიანთი გზავნილების, მოთხოვნების და ინტერესების სწრაფად მიწვდენის საშუალებას მისცემს. მაგრამ სამწუხაროდ, ნაციონალისტები არარაციონალურები არიან. ისინი მხოლოდ საზღვრების დადგენასა და ჩაკეტვაზე საუბრობენ. იცით, რომ თურქეთი სირიისგან გამყოფ კედელს აგებს. 5-6 წლის წინათ ერდოღანი ირწმუნებოდა, რომ ასადი (სირიის პრეზიდენტი ბაშარი – რედ.) მისი მეგობარი იყო და საზღვრების გაუქმების შესაძლებლობებზე საუბრობდნენ. ახლა ყველაფერი პირიქითაა. სირიის საზღვარზე კედელი შენდება, ერაყის საზღვარზე თურქული ჯარებია დისლოცირებული, ირანთან პრობლემები არსებობს, ხოლო სომხურ-თურქული საზღვარი დაკეტილია. თურქეთს პრობლემები პრაქტიკულად ყოველი მხრიდან აქვს. ეს ყველაფერი თურქეთში დომინანტი ნაციონალისტური პოლიტიკური კურსის შედეგია.

– თქვენ პრობლემებზე საუბრობთ, მაგრამ არსებულ პირობებში თანამშრომლობის ხიდი, როგორ უნდა გაივლოს? თქვენ ხომ ამ გზავნილით ჩამოხვედით სომხეთში?

– სამოქალაქო სექტორის დონეზე უკვე ვცადეთ. თურქეთის და სომხეთის ზოგიერთმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ ერთობლივი პროექტი განახორციელა. ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მიდგომები სახელმწიფო დონეზე შეიცვალოს. ერდოღანი ბუნებით ოპორტუნისტია. ის მხოლოდ პირადად მისთვის მომგებიანი გზით მიდის. ჯერ კიდევ სამი წლის წინათ იგი განვითარების დემოკრატიულ გზას ადგა, მაგრამ არჩევნებზე ცოტა ხმა დააგროვა და გადაწყვიტა იოლი გზა აერჩია. როდესაც ქურთული საკითხი ჩიხში შევიდა, ომი წამოიწყო და ხმებიც დააგროვა – 40%-დან 50%-მდე. მაგრამ, უნდა გვესმოდეს, რომ ეს დროებითია. ურთიერთობებში ცვლილებების მოსახდენად მზად უნდა ვიყოთ, საკუთარ თავზე უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობები და საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები და ტაბუ უნდა დავძლიოთ.

Пайлан в центре потасовки во время обсуждения вопроса о депутатской неприкосновенности
დეპუტატის ხელშეუხებლობის შესახებ საკითხის განხილვისას პაილანი შეხლა-შემოხლაში

დიალოგის მოსაწესრიგებლად საჭიროა ორივე მხარის პრესა, დეპუტატები და ხალხი ერთმანეთთან ურთიერთობდეს. ცხადია, სომხეთის ხელმძღვანელობის დონეზე აცხადებენ, რომ სომხეთი ღიაა და მზად არის დიალოგისთვის, მაგრამ საზოგადოებაში არსებობს სტერეოტიპი “თურქი თურქად რჩება”. იგივე მდგომარეობაა თურქეთშიც. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ქვეყნებს, ხალხს და ოფიციალურ პირებს შორის კონტაქტები არ არსებობს. მე და ჩემი მეგობრები თურქეთში ვეცდებით სომხური და ქურთული საკითხებისადმი ხედვა შევიმუშაოთ. მიზანი – ნაციონალისტური განწყობიდან გამოსავლის მოძებნა და სომხეთთან თანდათანობით დიალოგზე გადასვლაა. მინდა, რომ თურქეთთან თანამშრომლობის ხიდის შენებისთვის სომხეთიც მზად იყოს.

– როგორ აღიქვამენ სომხეთს თურქეთში? თურქული პოლიტიკური წრეებისთვის სომხეთის თემა რამდენად მნიშვნელოვანია?

– ეს თემა მნიშვნელოვანია ნაციონალისტებისთვის, რადგანაც ამას თავიანთი ინტერესებისთვის იყენებენ. სიტყვა “სომეხი” ხშირად გამოიყენება, როგორც შეურაცხყოფა. ისინი სომხეთს არ იცნობენ და მხოლოდ ზოგიერთ შტამპს ატრიალებენ – თითქოს და სადღაც არსებობს სომხეთი და ის ცუდია. ამას აქტიურად ატრიალებენ თურქეთის ნაციონალისტურ წრეებში, რათა შემდეგ მედიის საშუალებით საზოგადოებაშიც გაავრცელონ. მათ რესურსები აქვთ და სახელმწიფო სისტემაში ძლიერები არიან. ამასთან დაკავშირებით, შემიძლია ვთქვა, რომ თურქეთისთვის სომეხთან ურთიერთობა, სამწუხაროდ, მნიშვნელოვანი არ არის. მაგრამ ეს დროებითია. როდესაც თურქეთში დემოკრატია დამყარდება, მაშინ სომხეთთან ურთიერთობაც მკვეთრად შეიცვლება. თურქეთმა თავის ისტორიას თვალებში უნდა ჩახედოს, მიიღოს გენოციდის ფაქტი და სომხეთთან საზღვარი გახსნას. თურქეთის ყველა დემოკრატიულმა ძალამ, ამის შესახებ კარგად იცის. ეს იციან ალავიტებმაც და ქურთებმაც.

– როგორ მოქმედებს თურქეთში ეროვნულ უმცირესობაზე, ძირითადად სომხებზე, თურქულ პოლიტიკაში ნაციონალისტების და პოლიტიკური ისლამის ძალისხმევა?

– თურქეთში სომხები ეროვნულ უმცირესობას წარმოადგენენ. თურქეთი 80 მილიონიანი ქვეყანაა, სადაც 60 ათასი სომეხი ცხოვრობს. ნაციონალისტების გაძლიერებამ ის გამოიწვია, რომ ეროვნული უმცირესობა, განსაკუთრებით სომხური სათვისტომო, შიშში ცხოვრობს. აქ საქმე მხოლოდ 100 წლის წინანდელ მოვლენებს არ ეხება. ანალოგიური დანაშაულების ჩადენა შემდგომშიც ხდებოდა და ბოლო მსხვერპლი გრანდ დინკია (სტამბულში გამომავალი სომხური გაზეთის “აკოს” რედაქტორი, რომელიც რედაქციის შენობის წინ დახვრიტეს – რედ.). ამასთან დაკავშირებით, სომხური მხარე არჩევს ხმა არ ამოიღოს, მაგრამ ეს გამოსავალი არ არის და ეს ვერ დაიცავს მათ ნაციონალისტების თავდასხმებისგან. დუმილი – თავდასხმებისგან დაცვას არ ნიშნავს. თუ შენ თურქეთში ცხოვრობ უფლება გაქვს, დაცული იყო და აუცილებლობის შემთხვევაში თავდამსხმელს პასუხიც უნდა გასცე – იქნება ეს პარლამენტში, თუ მის ფარგლებს გარეთ. ეს სომხეთსაც უნდა აღელვებდეს. სომხები თურქეთში დიასპორა არ არის. თურქეთი ჩვენი ქვეყანაა, სომხეთს ამ საკითხთან დაკავშირებით სწორი ხედვა უნდა ჰქონდეს.

Каро Пайлан
კარო პაილანი

გარდა ამისა, თურქეთში არც ისე ცოტა, ისლამის მიმდევარი დაახლოებით მილიონი სომეხია. უნდა გვესმოდეს, რომ გენოციდის შემდეგ უკვე მეოთხე თაობა იზრდება და ეს რთული პრობლემა იდენტურობას უკავშირდება. იცით, 1990-იანი წლების დასაწყისში აღორძინების პროცესი დაიწყო, ადამიანებმა თავიანთ სომხურ ფესვებზე ფიქრი და საუბარი დაიწყეს. მაგრამ ქვეყანაში ერდოღანის ხელისუფლების და ნაციონალისტური განწყობილებების გაძლიერების გამო, ეროვნული იდენტურობის აღორძინების “შუქურა” ნელ-ნელა ქრება. ისლამისტი სომხები თავიანთ თავში იკეტებიან დ სულ უფრო ნაკლებად საუბრობენ თავიანთი ფესვებზე. ეს ძალზედ სამწუხაროა.

ესაუბრა არშალუის მგდესიანი