2022 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს ჯგუფი “ცირკუს მირკუსი” წარადგენს. გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის არხმა შიდა შერჩევის საფუძველზე მიიღო. ევროვიზიის სიმღერის რიგით 66-ე კონკურსი 2022 წლის 10, 12 და 14 მაისს გაიმართება იტალიის ქალაქ ტურინში. იტალიამ კონკურსის მასპინძლობის უფლება წელს მოიპოვა, როცა როკჯგუფმა Måneskin ქვეყანას მესამე გამარჯვება მოუტანა. ქართული ჯგუფი მსოფლიო მაყურებლის წინაშე მეორე ნახევარფინალში, 12 მაისს წარდგება.​

კითხვაზე, თუ რა არის “ცირკუს მირკუსი” ჯგუფის წევრები გიპასუხებენ: “ეს არის მოძრაობა, რომელიც აერთიანებს ათობით სხვადასხვა დარგის პროფესიონალს”. მათი მიზანია, შექმნან აქამდე არნახული აუდიო-ვიზუალური გამოცდილება. მათი ფილოსოფიის ქვაკუთხედი კი მდგომარეობს მუსიკალური ჩარჩოების სრულ უგულებელყოფაში”.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, 2022 წლის ევროვიზიისთვის ორიგინალური კონცეფცია შეიქმნა, ამ კონცეფციის ერთ-ერთი ნაწილი კი ისაა, რომ ჯგუფის წევრების ვინაობა ეტაპობრივად გახდება ცნობილი. მანამდე კი, შეგიძლიათ მათ ამ სახელებით იცნობდეთ: იგორ ფონ ლიხტენშტეინი, დამოკლე სტავრიადისი, იაგო ვაიცმანი და ბავონგ გევორქიანი.

ჯგუფის წევრების ვინაობასთან დაკავშირებით ინტერნეტში რამდენიმე ვერსია გავრცელდა. უმეტესობა იზიარებს მოსაზრებას, რომ ეს არის იგივე ჯგუფი, რომელიც ევროვიზიაზე 6 წლის წინ უკვე გამოვიდა სახელწოდებით “ახალგაზრდა ქართველი ლოლიტები” (Young Georgian Lolitaz) სტოკჰოლმში, (შვედეთში) სიმღერით Midnight Gold… ეს ევროვიზიაზე გასული ბოლო ქართველი შემსრულებლები იყვნენ, რომლებიც ფინალში მოხვდნენ. ამ ჯგუფში შედის როკ-მომღერალი, ნიკა კოჩაროვი.

კარგ საიდუმლოს სჭირდება კარგი შეფუთვა. როგორც “ცირკუს მირკუსის” ოფიციალური ფეისბუქგვერდიდან შეგიძლიათ შეიტყოთ, ჯგუფი შედგება საცირკო აკადემიის 3 კურსდამთავრებულისგან. ეს ძალიან კარგი წინაისტორია იქნებოდა თბილისში მართლაც რომ არსებობდეს საცირკო აკადემია ან სკოლა, სადაც საცირკო ხელოვნებას ასწავლიან. ჯგუფის წევრები Instagram-გვერდზე წერენ, რომ ისინი თბილისის საცირკო აკადემიიდან დაითხოვეს, შემდეგ კი, რამდენიმე წლის განმავლობაში ვინმე ბატონი კაიტას მოხეტიალე ცირკში იყვნენ, სანამ არ გაერთიანდებოდნენ.

ჯგუფი თავდაპირველად შედგებოდა 3 წევრისგან: სომეხი ბავონკ გევორქიანი – დრამერი, ბელგიელი მომღერალი და გიტარისტი იგორ ფონ ლინხტენშტეინი, ბერძენი ბასისტი და ვოკალისტი დამოკლ სტავრიადისი. ეს სახელები ფსევდონიმს ჰგავს და მოფიქრებულია, იმისთვის, რომ ჯგუფის წევრებმა თავიანთი ნამდვილი ვინაობა დამალონ. ფეისბუქზე მათი პროფილები 2020 წლის ნოემბერში შეიქმნა.

“იგორს, ბავონკს და დამოკლეს პროფილებზე საკუთარი სურათები არ აქვთ. ისინი არც სხვა სოციალურ მედიაში იძებნებიან. მათზე ვერც საგაზეთო სტატიებს ნახავთ”, – ვკითხულობთ wiwibloggs.com-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

…და მაინც, ვინ არიან სინამდვილეში ჯგუფ „ცირკუს მირკუსის“ წევრები: ნიკა კოჩაროვი — ვოკალისტი და გიტარისტი, გია იაშვილი — ვოკალისტი და ბასისტი, ნიკა დავითაშვილი — გიტარისტი და კლავიშებიანი საკრავი, დიმა ოგანესიანი — დრამერი.

ჯგუფ „ცირკუს მირკუსამდე“ იყო ჯგუფი „ახალგაზრდა ქართველი ლოლიტები“ (Young Georgian Lolitaz), რომელიც 2000 წელს შეიქმნა, ჯგუფი აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფესტივალებში, 2004 წელი Az Rock ბაქო, 2005 წელი Local Music Zone ბათუმი, Rock and The People. სახელწოდება კი, როგორც თითონ წევრები აცხადებენ, სპონტანურად შეარჩიეს. შემდეგ წლებში კი უკვე პოპულარობაც მოიპოვეს ამ სახელით და საბოლოოდ დარჩა მათ განუყრელ ნაწილად – “ახალგაზრდა ლოლიტები”, ან “ქართველი ლოლიტები”.

“კონცერტზე უნდა გამოვსულიყავით და სახელი არ ჰქონდა ბენდს. მაშინ იყო ასეთი პორნოსაიტები: „იანგ რაშენ ლოლიტაზ“, „იანგ ჯაპანიზ ლოლიტაზ“… ჰოდა, ავდექით და, უცებ რაც მოგვაფიქრდა, ჯგუფს ის დავარქვით. „ლოლიტებამდე“ მე კიდევ ბევრი სხვადასხვა ჯგუფი მყავდა… – „ლოლიტაზში“ მე, ლევან შანშიაშვილი, გიორგი გობეჯიშვილი და გურამ მაკალათია ვუკრავდით. პირველი შემადგენლობიდან ბოლოს აღარავინ დარჩა ჩემ გარდა. ამ ჯგუფმა, საქართველოს დონეზე, როგორც შეეძლო, „გაქაჩა“ და თავისი გასაკეთებელი გააკეთა. აქ როკ-ენ-როლის ბაზარი არ არის! არ მინდა, დამატებით ვიმუშაო სადმე და მუსიკის გარდა რამე ვაკეთ. მაგის გამო წავედი ინგლისში, რომ მეკეთებინა მარტო ის, რაც არანორმალურად მიყვარს”, – ამბობს ნიკა კოჩაროვი წლების წინანდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში.

როგორც Dalma News-ს “ევროვიზიის” დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნათია მშვენიერაძემ განუცხადა, ევროპის მაუწყებელთა კავშირმა უკვე ოფიციალურად გამოაქვეყნა “ცირკუს მირკუსის” სიმღერა Lock Me In -ის კლიპი, რომელსაც ბევრი ნახვა და პოზიტიური კომენტარები მოჰყვა.

აღსანიშნავია, რომ “ცირკუს მირკუსის” სიმღერის ვიდეორგოლის პრეზენტაცია, ჯგუფის წევრების გადაწყვეტილებით, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო გადაიდო და იუთუბზე მხოლოდ სიმღერის აუდიო ვერსია აიტყვირთა შავ ფონზე.

“ვთვლით რომ ჩვენი მხიარული მუსიკალური ვიდეოს პრეზენტაცია ამ მომენტში უადგილოა. ევროვიზიის წესების თანახმად, ახლოვდება სიმღერის გაგზავნის დღე, ამიტომ გადავწვყვიტეთ, ჩვენი ნამუშევარი მხოლოდ აუდიო ფორმატში გავგზავნოთ, ხოლო ამ სიმღერაზე გადაღებული კლიპის ნაცვლად გამოვიყენოთ შავი ფონი, რათა გამოვხატოთ ჩვენი წილი სოლიდარობა უკრაინელი დების და ძმების მიმართ”, – აცხადებდნენ ჯგუფის წევრები.

სიმღერა არის ძალიან მხიარული, შესაბამისად ვიდეო რგოლიც.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსს ახლავს პრომოტურები, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. წლეულს ასეთი ტურები გაიმართება ისრაელსა და ესპანეთში, სადაც ჯგუფი „ცირკუს მირკუსი“ საზოგადოებრივი მაუწყებლის დელეგაცია მიემგზავრება. კონკურსის მონაწილეები იქ ერთმანეთს შეხვდებიან და იმ სიმღერებს იმღერებენ, რომელსაც შემდგომ უკვე ევროვიზიის დიდ სცენაზე შეასრულებენ. ისრაელში გამგზავრება იგეგმება 5-8 აპრილს, ხოლო მადრიდში კონცერტი 16 აპრილს გაიმართება.

Dalma News-ი ჯგუფ “ცირკუს მირკუსის” პროდიუსერს, კოკა გოგოხიას ესაუბრა:

– ჩვენი თანამშრომლობა როცა შედგა საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ყველაზე საინტერესო იყო ის, რომ პირველ არხს აინტერესებდა ზუსტად ის კონცეფცია, რომელიც ჩვენს ბენდს აქვს. ჩავთვალეთ, რომ ეს თანამშრომლობის საკმაოდ კომფორტული მოდელი იყო და მოვამზადეთ ისეთი სიმღერა, რომელიც იდეურად გამოხატავს, როგორც ბენდის კონცეფციას, ასევე, მიგვაჩნია, რომ მიესადაგება ისეთ საერთაშორისო პროექტს, როგორიც არის ევროვიზია.

რაში მდგომარეობს ბენდის კონცეფცია?

– ბენდის კონცეფცია არის პირველ რიგში ის, რომ ბენდს არ გააჩნია არანაირი მუსიკალური ჩარჩოები. ჩვენ შეჩვეულები ვართ, რომ სხვადასხვა მუსიკალური ჯგუფები ან არტისტები მუშაობენ კონკრეტული მიმართულებით. არის პატარა გადახრები, მაგრამ ძირითადი მიმართულება არის ერთი და ვერ აძლევენ თავს იმის უფლებას, რომ სხვადასხვა ჟანრში იმოღვაწეონ. ჩვენთვის ეს ჩარჩოები არ არსებობს და ყველანაირ მუსიკალურ მიმდინარეობაში ვსინჯავთ ძალებს, რაც საკმაოდ კომფორტული და მრავლისმომცემია იმ კუთხით, რომ ექსპერიმენტები გვაქვს ხშირად. ამ ექსპერიმენტებისგან ძალიან საინტერესო პროდუქტი გამოგვდის.

რამდენია ხანია რაცცირკუს მირკუსისსახელწოდებით არსებობს ჯგუფი?

– ჯგუფი შეიქმნა 2020 წლის ბოლოს. თავდაპირველად ყველაფერი დაიწყო სამი ადამიანით, თუმცა ამ ეტაპზე ჯგუფი 4 წევრისგან შედგება. მუსიკის გარდა “ცირკუს მირკუსი” მიმდინარეობად იქცა, რომელშიც ერთიანდებიან სხვადასხვა დარგის პროფესიონალები: ოპერატორები, რეჟისორები, დიზაინერები და ა.შ. და ყველა ერთობლივად ვმუშაობთ იმ პროდუქტებზე, რაც საზოგადოებას ნანახი აქვს ჩვენს youtube-არხებზე თუ სხვა საკომუნიკაციო საშუალებებით.

რა არის პროგრამა მაქსიმუმი, რითაც გადის საქართველოევროვიზია 2022“-ზე?

– მაქსიმალური სიამოვნების მიღება, როგორც ჩვენთვის, ასევე აუდიტორიისთვის.

აღსანიშნავია, რომ ევროვიზიის კონკურსზე უკვე 13-ჯერ მონაწილეობის შემდეგ, საქართველოსთვის საუკეთესო შედეგად მე-9 ადგილი რჩება, რომელიც 2010 წელს სოფო ნიჟარაძემ, 2011 წელს კი ჯგუფმა Eldrine აიღო. უკანასკნელი 4 წელია საქართველოდან გაგზავნილი სიმღერა ნახევარფინალური ტურიდან ფინალში ვერ გადადის.

შორენა პაპაშვილი