როგორც ამბობენ, თუ Facebook-ზე  საკუთარი აქაუნტი გაქვს გახსნილი, მაშინ კალენდარი აღარ გჭირდება – ყველა დღესასწაულს სოციალური ქსელით გაგახსენებენ. მაგალითად, ყურბან ბაირამის დღესასწაული, რომელიც აზერბაიჯანში 24-25 სექტემბერს აღინიშნება.

ყურბან ბაირამი მუსულმანური დღესასწაულია, რომელზედაც ცხოველის მსხვერპლშეწირვა ხდება. ამბობენ, რომ  წესს საფუძვლად უდევს აბრაამისა და მისი ვაჟის შესახებ ბიბლიური ისტორია. ბიბლიაში მოთხრობილია, რომ აბრაამს ერთადერთი შვილის შეწირვა თავად ღმერთმა მოსთხოვა,  მაგრამ ბოლო მომენტში, როდესაც ღმერთი დარწმუნდა აბრაამის ერთგულებასა და მისადმი სიყვარულში, შვილის ნაცვლად შესაწირად ცხვარი მისცა. ეს ისტორია ყურანშიც არის მოხსენიებული, თუმცა გარკვეული ცვლილებებით.  მუსულმანები  მთელს მსოფლიოში  ყურანისეული ვერსიის მიხედვით ყოველწლიურად ასრულებენ მსხვერპლთშეწირვას. სწირავენ ცხვარს, ძროხას საკუთარი სურვილების შესრულების თხოვნით, ან უკვე შესრულებული სურვილების  მადლიერების ნიშნად, ან უბრალოდ წესია და იმიტომ. დაკლული ცხოველის ხორცს ღარიბებს, მეზობლებს, ან ნათესავებს ურიგებენ.

აზერბაიჯანი საერო ქვეყანაა. სახელმწიფო პატივს სცემს რელიგიას, მაგრამ ცდილობს რელიგიამ გავლენა არ მოახდინოს ქვეყნის კონსტიტუციაზე. ამის ნათელი მაგალითია ის, რომ ცოტა ხნის წინათ საშუალო სკოლაში კონფლიქტი წარმოიშვა მასწავლებებლებსა და ერთ-ერთი მოსწავლე გოგონას მშობლებს შორის.  მშობლები მოითხოვდნენ, რომ მათ შვილს სკოლაში ჰიჯაბით (ისლამური წესის შესაბამისი თავსაფარი) ევლო. ეს არც პირველი შემთხვევაა და არც უკანასკნელი, თუმცა ეს სხვა ისტორიაა.

ბაქოელების უმრავლესობისთვის ყურბან ბაირამი დამატებითი დასვენების დღეებია და ამ მინი-არდადეგებს, როგორც წესი, თბილისში ატარებენ. თბილისში იმიტომ, რომ ახლოს არის და თან იაფია. ბაქოში იმაზეც კი ხუმრობენ-ხოლმე, რომ მუსულმანები მუსულმანური დღესასწაულის აღსანიშნავად ქრისტიანულ ქვეყანაში მიდიან და  იქ სვამენ საცოდავი ცხვრების შესანდობარსო…  რუსთაველის გამზირზე მოსეირნე ბაქოელები მართლაც რომ შესაშურ ვითარებაში არიან, რადგანაც ამ დროს ბაქოში გაცხარებით კამათობენ იმაზე, თუ რამდენად ჰუმანური, გონივრული, ან მიზანშეწონილია ყურბან ბაირამის აღნიშვნა.

ცხოველთა დამცველები ამ დღესასწაულს გენოციდს უწოდებენ.

ათეისტებსა და აგნოსტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ეს დღესასწაული  უაზრობა და უმოწყალობაა, როგორც რუსული ბუნტი. ხოლო ისინი, ვინც  ცხოველებს სწირავს – ფარისევლები არიან, რომლებსაც საკუთარი ცოდვების ჩამორეცხვა საწყალი ცხვრის სისხლით სურთ.

რელიგიური ადამიანები ერთმანეთს ყოველთვის ულოცავენ ამ დღესასწაულს, უსურვებენ სიკეთეს, კარგ განწყობას და ქედმაღლურად უყურებენ სხვებს. ისინი კი, ვისთვისაც სულერთია რელიგიაც და ცხვრების ფარაც, უბრალოდ წინასწარ აფრთხილებენ ყველას, რომ ამ დღეებში მილოცვებით არავინ შეაწუხონ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: მოკლე ტექსტური შეტყობინებებით ყურბან ბაირამის დღესასწაულს  თავის თანამშრომლებს ბევრი ფირმა ულოცავს, ისინიც კი, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო ისლამთან. მაგალითად, ასეთია მომსახურება „ფხიზელი მძღოლი“.  ცნობისთვის, ისლამი კრძალავს ალკოჰოლური სასმელის გამოყენებას.  ასე, რომ „ფხიზელი მძღოლის“ მუდმივი კლიენტი საეჭვოა ნამდვილი მუსულმანი იყოს.

თანამედროვე აზერბაიჯანში ყურბან ბაირამის აღნიშვნამ მსუბუქი, მაგრამ მკაფიო ფარსის სახე მიიღო.  მაგალითად, შესაწირი ცხოველებისთვის სპეციალური, ინდოელი საპატარძლოების სამოსის მსგავსი ტანსაცმელი იყიდება. შეღებილი ცხვრები საშინელი დასანახია და ეს კიდევ ერთი მიზეზია მათთვის, ვინც ამ ტრადიციას ეწინააღმდეგება.  მაგრამ საინტერესოა, რა დონით შეიძება შეეწინაღმდეგო ტრადიციულ რელიგიურ დღესასწაულს, რომელიც საუკენეების განმავლობაში აღინიშნება? სინამდვილეში დავა და კამათი ამ და არა მხოლოდ ამ საკითხზე, მხოლოდ თეორიული ხასიათისაა – არავინ  ითხოვს აზერბაიჯანში ყურბან ბაირამის აკრძალვას, თუნცად ეს ქვეყანა სამჯერ საერო იყოს. თუმცა, ამ ტრადიციის უარყოფა საზოგადოებაში საკმაოდ დიდია.

ვეტერინარებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებისთვის ეს დღესასწაული, სხვებთან ერთად, ნამდვილი თავსატეხია. წელს, ისევე, როგორც ყოველთვის, შესაბამისმა სტრუქტურებმა მსხვერპლთშეწირვის პროცესზე მკაცრი სანიტარული კონტროლი დააწესეს.  სახელმწიფოს ვეტერინარულმა სამსახურმა განსაკუთრებული  წესით შეამოწმა არა მხოლოდ ბაზარზე, არამედ ყველა გასაყიდ ობიექტზე  გამოტანილი ცხოველები. სახელმწიფოს ვეტერინარულ სამსახურში განაცხადეს, რომ გამყიდველებმა აუცილებლად უნდა წარადგინონ ვეტერინარული დოკუმენტები იმის შესახებ, რომ მათი პროდუქცია გასაყიდად დაშვებულია. გარდა ამისა, სახელმწიფოს ვეტერინარული სამსახურის წარმომადგენლები წინასადღესასწაულო და დღესასწუალის დღეებში უნდა დაესწრონ  ფარაში ცხვრების შერჩევასა და ხორცის გაყიდვის პროცესს.

შემოწმებების შედეგად ბაქოს რამოდენიმე რაიონში მთელი რიგი დარღვევა დაფიქსირდა. კერძოდ,  პრობლემად იქცა ცხოველების ქალაქის ქუჩებში თვითნებური  დაკვლა. სახელმწიფოს ვეტერინარული სამსახურის წარმომადგენლებმა აღკვეთეს თვითნებობები, დააჯარიმეს კანონდამრღვევები და ქუჩების დეზინფექცია ჩაატარეს.

დღესასწაული დასრულდა. მასთან ერთად დავა და კამათიც დამთავრდა, მაგრამ დარჩა კონფლიქტი ძველ ტრადიციასა და თანამედროვეობას,  საზოგადოების ერთ რელიგიურ ნაწილსა და ევროპული ცოხვრების წესის მომხრე ნაწილს შორის… მადლობა ღმერთს, რომ ეს კონფლიქტი მწვავე არ არის.