საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს იქთიოფაუნის ბიოლოგიური მრავალფეროვნების მონიტორინგსა და თევზების მარაგს გარემოს ეროვნული სააგენტო, 12 წლის შემდეგ პირველად აფასებს. კვლევების პირველ ეტაპს ბათუმში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი დაესწრო. კვლევა მოიცავს, საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს ყველა უბანზე თევზმჭერი გემის მეშვეობით სამეცნიერო ჭერების წარმოებას.

როგორც Dalma News-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურში განუმარტეს, იქთიოფაუნა არის საზღვაო ბიომრავალფეროვნების ერთადერთი კომპონენტი, რომლის რაოდენობრივ-ხარისხობრივი მონიტორინგიც ზღვის გარემოში მიმდინარე ცვლილებებზე დაკვირვების საშუალებას იძლევა.

მათივე ინფორმაციით, საქართველოში საზღვაო კვლევებზე დაფუძნებული იქთიოფაუნის ბიოლოგიური მრავალფეროვნების სისტემური მონიტორინგი 12 წელზე მეტია არ ჩატარებულა. ასევე, 12 წელია სახელმწიფოს არ შეუფასებია შავი ზღვის სანაპიროს თევზების მარაგიც და მონიტორინგი, მხოლოდ თევზის გადმოცლის ადგილებსა და სარეალიზაციო პუნქტებში წარმოებდა.

გარემოს ეროვნული სააგენტო შავ ზღვაში კვლევის მომდევნო ეტაპებს ოქტომბერსა და დეკემბერში განახორციელებს.