მართალია არავის დაუწერია წესი, რომ მთავრობის წევრებმა აუცილებლად შავი ჯიპებით უნდა იმგზავრონო, მაგრამ ამ დაუწერელ წესს საქართველოში დიდი ხანია ერთგულად იცავენ. შავი ავტომობილი და მით უმეტეს ჯიპი, ადამიანს თვითდაჯერებულობას ჰმატებს, თავს პრივილეგირებულად გრძნობს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გადაწყვიტა, ეს დაუწერელი კანონი დაარღვიოს და საქართველოში კიდევ ერთ მანკიერ ჩვევას დაესვას წერტილი, ანუ დასრულდეს შავი ჯიპების ეპოქა.

ავტომობილის მარკას რას ვერჩით, მაგრამ დედაქალაქის ქუჩები რომ გაივსო დიდგაბარიტიანი ავტომობილებით, ფაქტია. არც მოძრაობის წესებს დაგიდევენ, არც დათმობის ვალდებულებას, მედიდურად გადმოიხედავს შავი ჯიპის მძღოლი ზემოდან და გაიძულებს გზა დაუთმო.

საგზაო მოძრაობის წესების დაცვა იქით იყოს და საქართველოს პრემიერს შეუნიშნავს, რომ შავი ჯიპები, მოსახლეობას აღიზიანებს. გაღიზიანების საფუძველი კი ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალური ფონია. გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის წევრებს მოუწოდა უარი თქვან შავ ფერზეც, ჯიპზეც და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე გადასხდნენ. ავტოპარკის განახლება ძალოვანი უწყებებიდან დაიწყო.

იაპონურმა კორპორაცია “მიცუბიშმა” საქართველოს მინისტრთა კაბინეტისთვის, ქართულ მხარეს 96 ელექტრომობილი და ჰიბრიდული ავტომობილი გადასცა. მინისტრთა კაბინეტმა კი ეს მცირაგაბარიტიანი ავტომობილები საპატრულო პოლიციას გადაულოცა: “ქვეყანაში სიახლეების დანერგვაში სწორედ საპატრულო პოლიცია უნდა იყოს პიონერი, რადგან პოლიციის წარმატებაზეა დამოკიდებული ქვეყნის წარმატებაო”.

მთელი მინისტრთა კაბინეტისთვის ავტომობილების ერთბაშად შეცვლა დიდ ფინანსებს საჭიროებს, ამიტომ ცვლილებების ეტაპობრივად განხორციელება გადაწყდა. დაიწყებენ მინისტრები და მიბაძავენ სხვებიც. უცხოეთის დელეგაციების დახვედრისას კი, თუ ეტიკეტი აუცილებლად შავი ფერის ავტომობილის გამოყენებას მოითხოვს, გამონაკლისს დაუშვებენ.

ამგვარად, სახელმწიფო უწყებები შავი ფერის ავტომობილებს ვეღარ შეიძენენ. როგორც 30 მარტით დათარიღებულ, საქართველოს პრემიერის მიერ ხელმოწერილ დადგენილებაშია აღნიშნული, შესასყიდი ყველა კლასის ავტომობილი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა. დადგენილება ვრცელდება ყველა სახელმწიფო უწყებაზე, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზე. სამინისტროებს ავტოპარკის განახლების გეგმის მომზადება დაევალათ, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 15 მაისამდე უნდა გადასცენ ის მანქანები, რომლებიც შეკეთებას არ ექვემდებარებიან.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივას გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე და განაცხადა, რომ დედაქალაქის მერია, ტენდერის საფუძველზე დამატებით თეთრი ფერის ავტომობილებს შეიძენს. ეს შენაძენი კი ზედამხედველობის სამსახურის რეფორმის ფარგლებში ჯდებაო.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ავტომობილის ფერის განსაზღვრა ყველანაირ ეკონომიკურ და პოლიტიკურ საფუძველს მოკლებულია. შესაბამისად, ეს კიდევ ერთი პატარა ტრაგი-კომიკური გადაწყვეტილებაა. როგორც მან Dalma News-სთან საუბრისას განაცხადა, მთელს ამ გადაწყვეტილებაში ერთადერთი აზრი დევს, კერძოდ ის, ხელისუფლებამ ავტოპარკის განახლების ისეთი საფუძველი ვერ მოძებნა, რაც საზოგადოების პროტესტს არ გამოიწვევდა და “ამ ოდიოზური ფორმით გაიპრავეს ახალი პიპიები”.

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მხრიდან, შავ ჯიპებზე “გალაშქრებისთანავე” საზოგადოებაში გამოითქვა მოსაზრება, რომ ფერის მოტივით მთელი ავტოპარკის განახლება ზედმეტი ხარჯია ბიუჯეტისათვის, თუმცა თითქმის ყველა თანხმდება იმაზე, რომ შემაწუხებელია ქალაქის ქუჩებში მომრავლებული ჯიპები, რომელსაც სულ სხვა ფუნქცია და დანიშნულება აქვთ.

“ზოგადად, შავი ფერი უყვართ ქართველებს. კონცერტზე მიღებულია, რომ შავი კოსტიუმი უნდა გეცვას და არა ჭრელი. შეიძლება იგივე ანალოგია. ყოველ შემთხვევაში რაიმე პოლიტიკური შინაარსი ამაში არ არის. ჯიპის შენახვა ძვირია და ქალაქის ქუჩებში მოძრაობისას სირთულეებს ქმნის. ამ მარკის ავტომანქანები ქალაქგარეთ, ისიც გრუნტზე სასიარულოდ არის შექმნილი. ჯიპის ყოლის სურვილი დღეს, საკუთარი თავის მიმართ კმაყოფილებაში უფრო მდგომარეობს, ვიდრე საჭიროებაში. საჭიროებისკენ თუ გადაიდგმება ნაბიჯები და გადავწყვეტთ, რომ ქალაქში მოძრაობისას უპირატესობა მივანიჭოთ უფრო იაფ და სწრაფ ტრანსპორტს, ძალიან კარგი იქნება”, – მიაჩნია ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძეს.

მისივე თქმით, მხოლოდ ფერის გამო სამთავრობო ავტოპარკის შეცვლა, როდესაც თითო ავტომობილი ათეულობით ათასი აშშ დოლარი ჯდება აბსურდულია. მაგრამ თუ იდეა მდგომარეობს, უფრო მსუბუქ ავტომანქანებზე გადასვლაში, მისასალმებელია, რადგან უფრო იაფი დაუჯდებათ ბიუჯეტს მათი შენახვა.

ევროპის თანამედროვე ქალაქებში ხშირად ნახავთ სამსახურში ველოსიპედით მიმავალ, რომელიმე სახელმწიფო მოხელეს, თუ ქალაქის მერს. რამაზ საყვარელიძეს მსგავსი მოლოდინი არ აქვს ქართველი სახელმწიფო მოხელეების მიმართ.

საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი, თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი შალვა ოგბაიძე, ერთ-ერთი პირველია, ვინც საქართველოში ეკოლოგიურად სუფთა სატრანსპორტო საშუალების პოპულარიზაცია დაიწყო. მიაჩნია, რომ შავ ჯიპებზე მითითება ძალიან დროული იყო და მიესალმება პრემიერის ინიციატივას. შალვა ოგბაიძის თქმით, სახელმწიფო ორგანოებსა და თვითმმართველობას, თავიანთი ფუნქციის განსახორციელებლად სატრანსპორტო საშუალება სჭირდებათ, მაგრამ ავტომობილი, უნდა იყოს იაფი შესანახი და ეკოლოგიურად ნაკლები ზიანის მომტანი.

“არ ვარ მორალისტი. მე თვითონ დავდივარ ავტომობილით, რომელიც “ჟილეტივით” მაცვია. პატარა ელექტრომობილით. პატარა ადგილს იკავებს, გამონაბოლქვი საერთოდ არ აქვს, კომპაქტურია და მოკლე მანძილზე გადასაადგილებლად ვიყენებ. ჯიპს, ციხესიმაგრეს ვუწოდებ, მიშენებული ლოჯითა და დაშენებული მანსარდით. დღეში 35 ლ ბენზინს წვავს, დედაქალაქის საცობებში კიდევ უფრო მეტს. ეს კატასტროფული მაჩვენებელია. ამას ემატება ავტომობილის შენახვის ხარჯიც, მაშინ, როდესაც, მთელი ექსპლუატაციის განმავლობაში, ჯიპის შესაძლებლობების 5 %-ზე მეტს არ იყენებენ, ის არის მხოლოდ უმაქნისი სამკაული, ისევე როგორ ძვირადღირებული მობილური ტელეფონით “მარიაჟობა”, – აცხადებს შალვა ოგბაიძე.

დეპუტატის აზრით, საქართველომ უნდა გადალახოს შავი ჯიპების ეტაპი და კარგია, რომ ამის მაგალითის მიმცემი სამთავრობო სტრუქტურები იქნებიან.

როგორც Dalma News-ს შალვა ოგბაიძემ განუცხადა, საქართველოში შავი ჯიპის დამკიდრება საბჭოთა მენტალობის გაგრძელებაა. საბჭოთა კავშირის დროს, საქართველო ითვლებოდა შავი “ვოლგების” ქვეყნად.

“მის სალონში ფარდებიც თუ ეკიდა, იყო ადამიანის სოციალური სტატუსის განმსაზღვრელი. საბჭოთა კავშირი დაინგრა, დამოუკიდებლები ვართ, მაგრამ ეს მენტალიტეტი სამწუხაროდ დღესაც მუშაობს. შავი “ვოლგა” შავმა ჯიპმა ჩაანაცვლა. საქართველო მთაგორიანი ქვეყანაა და ჩვენი რელიეფისთვის ჯიპი გადაადგილების კარგი საშუალებაა, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც თბილისს არ გასცდენიან და ჯიპი ჰყავთ, რადგან ეს გარკვეულწილად ხაზს უსვამს მათ სოციალურ სტატუსს, რაც ძალიან ცუდია. ადამიანმა თავისი უკეთესი სოციალური მდგომარეობით არ უნდა შეაწუხოს სხვა ადამიანი”, – აცხადებს შალვა ოგბაიძე.

რაც შეეხება საკუთრივ ავტომობილის ფერს, შალვა ოგბაიძის აზრით, ღია ფერის ავტომობილი უფრო უსაფრთხოა აღსაქმელად ღამით, ვიდრე შავი ავტომობილი.

“გასული საუკუნის 60-80-იანი წლების თბილისის ფოტოებში ძალიან ხშირად იქცევს ყურადღებას ავტომობილების ფერთა პალიტრა. დღეს კი შავი და ნაცრისფერი ავტომობილები ჭარბობს. თითქოს ამაზე მეტი ფერი ბუნებაში არ არსებობდეს. გემოვნებაზე არ დაობენო, მაგრამ მიმაჩნია, რომ შავი ფერით გატაცება ძალიან ცუდია და სადღაც წერტილი უნდა დავსვათ”, – აცხადებს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი.

როგორც “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” აცხადებენ, საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს წესი, რომელიც განსაზღვრავს, რა რაოდენობის ავტომობილი უნდა შეიძინოს ამა თუ იმ უწყებამ, როგორ უნდა განახლდეს ავტოპარკი და რომელ ჩინოვნიკს უნდა ემსახურებოდეს ავტომობილი. ქართველი მოხელეები ძვირადღირებული “ჯიპებით” დადიან, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტით იძენენ.

2011-2013 წლებში ჩატარებული კვლევის თანახმად (ახალი კვლევა ამ დრომდე არ ჩატარებულა), სამთავრობო უწყებების განკარგულებაში 2121-ზე ავტომობილი ირიცხება, მათ შორის არის როგორც ძვირადღირებული ჯიპები, ასევე, მცირე გაბარიტების მქონე ავტომობილები. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტმა, უცხოური დელეგაციების მისაღებად 2012 წელს, “ფოლკსვაგენ პასატის” მარკის 3 ავტომობილი შეისყიდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, 2011 -2013 წლებში 23, ხოლო მთავრობის კანცელარიამ – 19 ავტოსატრანსპორტო საშუალება შეიძინა და ჩუქების სახით, 54 ავტოსატრანსპორტო საშუალება მიიღო. მთავრობის მიერ შეძენილ ავტომობილებს შორის ყველაზე ძვირადღირებული “ლექსუსი LX570” იყო, რომელიც ბიუჯეტს 169 014 ლარი დაუჯდა.

შორენა პაპაშვილი